შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჯამბატისტა ვიკო

ჯამბატისტა ვიკო (1668 – 1744) ახალი ეპოქის ერთ-ერთ უდიდესი და ორიგინალური მოაზროვნეა. ის იყო პიონერი ზოგადთეორიული ისტორიული პრინციპებისა და თანამდროვე ისტორიის ფილოსოფიის შემუშავებაში.

ჯამბატისტა ვიკო დაიბადა ნეაპოლის სამეფოში, წიგნებით ვაჭრის ოჯახში. სწავლა დაიწყო იეზუიტურ სკოლაში, თუმცა მალე სასწავლებლიდან გამოვიდა (სასწავლებლის დატოვების მიზეზად ვიკო ასახელებს მის მიმართ პედაგოგთა ცუდ დამოკიდებულებას, რაც შურით იყო გამოწვეული). 16 წლის ასაკში ვიკომ  ხელი მიჰყო საადვოკატო პრაქტიკას და კერძო მასწავლებლობას ნეაპოლელ არისტოკრატთა ოჯახებში, ასევე თხზავდა ოდებს,  საქორწინო მილოცვებსა და საქებარ ბიოგრაფიებს, რაც მისი დიდი ოჯახისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენდა. XVII საუკუნის 90-იან წლებში  ვიკომ ნეაპოლის უნივერსიტეტში რიტორიკის პროფესორის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ცხოვრების ბოლო წლებში  ნეაპოლის მეფე – კარლოს ბურბონმა მას სამეფო კარის ისტორიოგრაფის ტიტულიც კი უბოძა.

ჯამბატისტა ვიკოს კალამს რამდენიმე ნაშრომი ეკუთვნის, თუმცა მათ შორის გამორჩეულია „ახალი მეცნიერების საფუძვლები ერების ზოგადი ბუნების შესახებ”. როდესაც ვიკო ამ თხზულებას წერდა ევროპაში ძირითადად გაბატონებული იყო დეკარტის, ბეკონისა და ლაიბნიცის ფილოსოფიური იდეები მეცნიერების განვითარებისა და სამყაროს შემეცნების შესახებ. ამ ფილოსოფოსებმა ძირითადი აქცენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებაზე გადაიტანეს და გვერდი აუარეს ისტორიას. რენე დეკარტის აზრით, რაც არ უნდა საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ისტორია, ის მაინც ვერასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე, რადგანაც თითოეული მოვლენა, რომელსაც ეს დარგი აღწერდა არასოდეს  იყო ზუსტად იმგვარი, როგორადაც  ის  ჩვენამდეა მოღწეული. ერთ-ერთ ნაშრომში ის ამბობდა: „მე ვფიქრობ, რომ უკვე ბევრი დრო დავუთმე ენების შესწავლასა და ძველი ავტორების წიგნების კითხვას, რომლებიც სავსეა სხვადასხვა ისტორიებითა და ფანტასტიკური, გამოგონილი ამბებით. საუბარი ძველი საუკუნეების მწერლებთან თითქმის იგივეა, რაც მოგზაურობა….  სასარგებლოა გაეცნო უცხო ხალხების წეს-ჩვეულებებს, რათა უფრო საღად განსაჯო საკუთარი და არ ჩათვალო, რომ ყველაფერი, რაც არ არის მსგავსი ჩვენი ტრადიციებისა სასაცილო ან საძაგელია. ასე ფიქრობს ის, ვისაც არაფერი უნახავს. მაგრამ ის, ვინც ძალიან ბევრ დროს ხარჯავს მოგზაურობაზე ბოლოს და ბოლოს საკუთარ ქვეყანაში უცხო ხდება…..  დიდ ცნობისმოყვარეობას გასული საუკუნეების ამბების მიმართ მივყავართ საკუთარი ეპოქის არცოდნისკენ. ძველ ავტორთა მიერ გამოგონილი ამბები აღვივებს რწმენას მათი რეალურობის შესახებ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია; თუნდაც ყველაზე ჭეშმარიტი გადმოცემები, რომლებიც არ ამახინჯებენ მოვლენის მნიშვნელობას, რათა გახადონ კითხვა უფრო საინტერესო, თითქმის ყოველთვის ტოვებენ ყურადღების მიღმა ყველაზე მდაბალ და მნიშვნელოვან დეტალებს, რის გამოც ყველაფერი დანარჩენი უკვე აღარ გამოიყურება ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო”. დეკარტის  ინტელექტუალური ინტერესები ორიენტირებულნი იყვნენ ფიზიკასა და მათემატიკაზე. ის ფიქრობდა, რომ ისტორიული მეთოდის სრულად დახვეწა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფილოსოფოსი სკეპტიკურად უყურებდა ისტორიის, როგორც მეცნიერების არსებობას.

დეკარტის შეხედულებას ისტორიის შესახებ  ჯამბატისტა ვიკომ დაუპირისპირა მეტად ორიგინალური თეორია. მისი აზრით, კარტეზიანელები ღრმად ცდებოდნენ, როდესაც მათემატიკას მეცნიერებათა მეცნიერებას უწოდებდნენ, რადგანაც ეს დარგი იმდენად სანდოა, რამდენადაც სანდოა ადამიანთა სხვადასხვა გამოგონებები. ის არ პასუხობს რეალობის ობიექტურ სტრუქტურას. მათემატიკა მეთოდია და არა ჭეშმარიტებათა ერთობლიობა. მისი წყალობით ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ რეგულარული მოვლენები, რომლებიც სამყაროში მიმდინარეობს, მაგრამ ახსნა იმისა, თუ რატომ და როგორ წარმოიშვნენ ეს მოვლენები – შეუძლებელია. ეს იცის მხოლოდ ღმერთმა, რადგანაც ის, ვინც ქმნის მხოლოდ მან იცის საკუთარი ქმნილება, მხოლოდ მან იცის მიზანი და აზრი ამ ქმნილებისა. ვიკოს სიტყვებით: „მხოლოდ  იმის შემეცნებაა შესაძლებელი, რაც თვით  შემმეცნებლის მიერაა შექმნილი”. სწორედ ამ პოსტულატიდან გამომდინარე, ჯამბატისტა ვიკომ ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა ისტორიის, როგორც მეცნიერების შესახებ.

ფილოსოფოსის აზრით, ისევე როგორც ბუნება,  კაცობრიობაც  ღმერთის შემოქმედების ნაყოფია, თუმცა  ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ადამიანი თვითონ არის საკუთარი ისტორიის შემოქმედი. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს შემდეგი დებულება: ადამიანს არ შეუძლია ბუნების არსში წვდომა, მაგრამ მას ძალუძს საკუთარი შემოქმედების  – ისტორიის შემეცნება.

ვიკომ ისტორიის შემეცნების სტატიკური მოდელი დინამიკურით შეცვალა. მისი აზრით, საზოგადოებისა და პოლიტიკის შესწავლაში პროგრესის მიღწევა იმ დრომდეა შეუძლებელი, სანამ მეცნიერები არ დაიწყებენ ისტორიული ცვლილებების კვლევას, სანამ არ დასვამენ შეკითხვას – რატომ? რა მიზეზით? 

ჯამბატისტა ვიკომ ჩამოაყალიბა ზოგიერთი წესი, რომლებიც ისტორიული შემეცნების მეთოდს წარმოადგენენ: პირველ ყოვლისა, ისტორიის გარკვეულ პერიოდებს გააჩნიათ მსგავსი ნიშნები, ამიტომ შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ანალოგიის მიხედვით. მეორე მხრივ, მსგავსი ეპოქები ერთმანეთს გარკვეული რიგითობის მიხედვით ენაცვლებიან. მესამე,  ციკლური მოძრაობა წარმოადგენს ისტორიის სპირალისებურ მოძრაობას. მაგალითად, კაცობრიობის ბუნება საწყის ეტაპზე იყო უხეში, შემდეგ მკაცრი, მას მოჰყვა სინაზე და მოკრძალება და ბოლოს გახდა გარყვნილი. ვიკოს იდეა მდგომარეობს არა იმაში, რომ  კაცობრიობის ისტორია განმეორებადია, არამედ იმაში, რომ ყოველი განმეორებადობა განსხვავებულ ნიშნებს შეიცავს.  

თუ ჩვენ მიერ მოყვანილი ვიკოს თეორია წარსული საუკუნეების ფილოსოფოსების ნაშრომებში მეტ-ნაკლებად დოზით არსებობდა: მაგ. ისტორიის ციკლურობის თეორია (ბერძენი ფილოსოფოსები, იბნ ხალდუნი და სხვა), იტალიელი მოაზროვნის მოსაზრება საისტორიო წყაროების შესახებ ნამდვილ ნოვაციას წარმოადგენდა. 

ვიკოს თქმით: პოეტური სიბრძნე წარმართული სიბრძნის უადრესი ფორმაა. ის უძველესი ადამიანების გამოხატვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა; ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ პრიმიტიული ადამიანი მგრძნობელობისა და ემოციების ტყვეობაში იმყოფებოდა და მისთვის რაციონალური განსჯა უცხო იყო. ამიტომ,  ამბობს ვიკო,  ადამიანის გამოხატვის უძველესს ფორმას პოეზია წარმოადგენს. საზოგადოების განვითარებასთან ერთად გონება იწყებს დომინირებას წარმოსახვასა და ვნებებზე, რაც პოეზიის პროზით შეცვლას უწყობს ხელს. (ამ იდეას მოგვიანებით იზიარებდა გერმანელი ფილოსოფოსი ჰერდერი). 

პოეზიასთან ერთად, თვითგამოხატვის უძველეს ფორმად ფილოსოფოსი მითებს ასახელებს.  მითების არსებობა დამახასიათებელია ბარბაროსობის ეპოქის ყველა საზოგადოებისთვის. მითები წარმოადგენდნენ წარმართული ერების პირველ ისტორიებს. მათში აისახებოდა იმდროინდელი წეს-ჩვეულებები და საზოგადოებრივი ურთიერთობები. ამიტომ სხვადასხვა ერის ისტორიის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მითების ანალიზს.
ინსტრუმენტების ძიებაში, რომლებიც ჩვეულებრივ „ფაქტების გროვას” მწყობრ ისტორიულ სისტემად აქცევდა, ვიკომ ფილოსოფიასა და ფილოლოგიას მიმართა. ფილოსოფია თავისი განზოგადებების წყალობით გვაძლევს ცოდნის უნივერსალურ პრინციპებს, თუმცა ისტორიულ კონკრეტიკას აზავებს უსიცოცხლო აბსტრაქტულ კატეგორიებში. ამიტომ ფილოსოფია უნდა შევაიარაღოთ ზუსტი ფილოლოგიური ცოდნით, რომელსაც საქმე აქვს ენის ანალიზთან. „ენა ყველაზე კარგი მოწმეა წარსულისა”. ლინგვისტური თვალსაზრისით,  ცხოვრების შესწავლა საშუალებას იძლევა თვალი მივადევნოთ იმ  ცვლილებებს, რომლებიც სამოქალაქო და რელიგიურ ინსტიტუტებში ხდება. ასევე, აღვადგინოთ სურათი ძველი ტრადიციებისა და სოციალური ურთიერთობებისა. ენის სპეციფიკის ანალიზისას, ვიკო აღნიშნავს მისი თავდაპირველი კომუნიკაციური ბუნების შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის ისტორია. მხოლოდ  ლოგიკის, დიალექტიკისა და კონკრეტულ- ისტორიული ფაქტების ანალიზის შერწყმითაა შესაძლებელი ჭეშმარიტი ცოდნის მიღება, რომელშიც „იდეათა ლოგიკა” „საგანთა ლოგიკის” შესატყვისი იქნება. ისტორიულ მეცნიერებაში, ვიკოს აზრით, ლოგიკური ემთხვევა ისტორიულს. თუ ფილოსოფია ამოდის იდეალური სამყაროდან, მაშინ გააზრებულ ისტორიულ მასალას შეუძლია დაგვანახოს არა ცალმხრივი პროგრესი, არამედ ისტორია მთელი თავისი ადამიანური შეცდომებით, ბოროტი ზრახვებით, ძალადობითა და რეგრესით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვიკომ ისტორიის შესწავლაში პოეზიის, ენისა და მითოლოგიის ჩართვით აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა ისტორია როგორც მეცნიერება.

ვიკოსეული ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის განხილვის შემდეგ, საინტერესო იქნებოდა ყურადღება გაგვემახვილებინა მის წარმოდგენაზე ზოგადად კაცობრიობის ისტორიის შესახებ. ვიკოს აზრით, ღმერთი მართავს სამყაროს და საკუთარი ჩანაფიქრისა და ნების მეშვეობით განსაზღვრავს კაცობრიობის ისტორიას.  მან უარყო მოსაზრება, რომ შემოქმედის რისხვას ან მოწყალებას შეუძლია გავლენა იქონიოს ხალხების ბედნიერებასა თუ უბედობაზე. ჯამბატისტა ვიკო ფიქრობდა, რომ ღმერთი ისტორიაში ვლინდება მხოლოდ მის მიერ შექმნილი ადამიანური ბუნების მეშვეობით. ღვთაებრივი სული მიწიერ ვნებებს აძლევს თავისუფალი მოქმედების უფლებას, რადგანაც ადამიანი თავისუფალი ნებითაა დაჯილდოებული, მაგრამ, ამასთანავე ის აიძულებს კაცობრიობას განსაჯოს და ბრძნულად აკონტროლოს საკუთარი თავისუფალი ქმედება. მხოლოდ ასეთი ქმედების შედეგადაა შესაძლებელი საზოგადოებრივი სისტემის განვითარება, ბარბაროსობის დაძლევა და ბოლოს და ბოლოს ჰუმანურობის გამარჯვება. ვიკოს თქმით, ღმერთმა კაცობრიობის ეს შეზღუდული მიზნები საკუთარი, უფრო მაღალი მიზნის სამსახურში ჩააყენა, რაც  დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის შენარჩუნებას გულისხმობდა. 

ძალიან საინტერესოა ვიკოს იდეები, რომლებიც ისტორიული პროცესის განვითარებას ეხება. ამ კონტექსტში, მისი ყურადღება ძირითადად სოციუმებისა და ერების სულიერი პრობლემების გააზრებაზე იყო გამახვილებული. 

როგორც ზემოთ ვთქვით, ჯამბატისტა ვიკოს აზრით, ისტორიული პროცესისთვის დამახასიათებელია ციკლური და ამავდროულად სპირალისებრი განვითარება. სწავლულის ეს თეორია ეყრდნობოდა იმ დებულებას, რომ საზოგადოება ვითარდებოდა შინაგანი პროცესების ზეგავლენით. ისტორიული მოვლენები კანონზომიერი და განმეორებადია. კაცობრიობა შესაძლებელია მოვიაზროთ ისტორიული პროცესის ერთ იდეალურ სქემაში, რომლის მიხედვითაც  შეგვიძლია ავაგოთ ცალკეული ერების ისტორია. ვიკო გამოყოფს ნებისმიერი ისტორიული ციკლის სამ სტადიას: ღვთაებრივს, გმირულსა  და ადამიანურს. მისი აზრით, ევროპამ უკვე გაირა პირველი ორი სტადია – ღმერთების ეპოქა – ბარბაროსული სამეფოების პერიოდი და გმირების ეპოქა – ფეოდალიზმის ეპოქა. ფილოსოფოსის აზრით, XVII – XVIII  საუკუნეები უკვე მესამე ეპოქას, ადამიანების ეპოქას წარმოადგენს. ასე, რომ ციკლური განვითარების ვიკოსეულ თეორიაში ისტორიული პროცესები სპირალისებრად მეორდებიან, თუმცა ყოველი შემდგომი ციკლი წინა ციკლისგან ითვისებს ყველაფერს ახალსა და სასარგებლოს.

ამ ციკლების თითოეული ეტაპი შესაძლებელია გამოვყოთ ოთხი სოციალური პარამეტრის მიხედვით: ადამიანთა შინაგანი ბუნება, ეპოქის წეს-ჩვეულებები, ბუნებითი სამართალი და სახელმწიფოს ფორმა.

მეცნიერის აზრით, თითოეული ერის ან სოციუმის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპი. ამგვარი ურთიერთობების ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო. ციკლების ცვლილება ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით არსებული დაპირისპირებით. 

ვიკო ევროპის მაგალითზე დეტალურად აღწერს თითოეულ ისტორიულ ეტაპს, რათა კაცობრიობის განვითარების ერთიანი ხედვა დაგვანახოს.

პირველ, ღმერთების ეტაპზე, როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, სწავლული მოიაზრებს ბარბაროსულ სამეფოებს, ხოლო საბერძნეთისა და რომისთვის – „ლეგენდარულ”, „პატრიარქ-დამფუძნებელთა” საუკუნეებს. ამ პერიოდის ადამიანთა შინაგანი ბუნება ეყრდნობოდა პირადი დამსახურებების აღიარებას, რაც „ღმერთის რჩეულობის” დადასტურებას წარმოადგენდა. ვიკოს აზრით, პირველი ადამიანები ღმერთმა შექმნა, თუმცა წარღვნის შემდეგ ცოტა თუ გადარჩა. ისინი შიშითა და გაკვირვებით იყვნენ მოცულნი. სწორედ ამ შიშმა აიძულა გადარჩენილთა ნაწილი მიემართათ ღმერთებისთვის (რელიგიის წარმოშობის თეორია – შიში, როგორც რელიგიის წარმოშობის მიზეზი). პირველი ადამიანები, რომლებმაც „დაინახეს” („გამოიგონეს”) ღმერთები, სხვათათვის „რჩეულნი” გახდნენ. ღმერთების ეტაპის ადამიანთა ჩვეულებები ზებუნებრივის მიმართ შიშს ეფუძნებოდა, ხოლო ამ ზებუნებრივის პერსონიფიცირება მითებისა და ლეგენდების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. პირველ ადამიანებს  ჯერ კიდევ არ ძალუძდათ გარე სამყაროს რაციონალური ახსნა, ამიტომ მათი აზროვნება პოეტური იყო. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ „პირველი ინტექტუალები პოეტი – თეოლოგები იყვნენ”, რომლებიც „ქმნიდნენ” გარე სამყაროს, იგონებდნენ რა ღმერთებს საკუთარი წარმოდგენების მიხედვით. 

ბუნებითი სამართალი ეფუძნებოდა პირადი ავტორიტეტის იდეას, რომლის მიხედვითაც ინდივიდებს, რომლებმაც პირველად მიმართეს ღმერთებს, საზოგადოებაში პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ და ჰქონდათ სხვების მართვის უფლება.

ღმერთების ეტაპის მმართველობის ფორმაა ქურუმთა ძალაუფლება – თეოკრატია. დროთა განმავლობაში გვარის მეთაურები გაერთიანდნენ ქალაქების მმართველთა ელიტაში, ამიტომ პირველ ქალაქებს ქურუმები განაგებდნენ.
ვიკოს მიხედვით, ისტორიის მეორე ეტაპს გმირების ეპოქა წარმოადგენს. პირობითად, ევროპისთვის ეს კლასიკური შუა საუკუნეებია, ხოლო საბერძნეთისთვის ჰომეროსის, ხოლო რომისთვის – მეფეების ეპოქები. ამ პერიოდის ადამიანთა შინაგანი ბუნება ეფუძნებოდა კეთილშობილური წარმომავლობის აღქმას. უძველესი გვარების მეთაურები და პირველი ქალაქების ქურუმთა შთამომავლები მემკვიდრეობით ფლობდნენ რჩეულთა სტატუსს. 

ამ ეპოქის ადამიანთა ბუნება იყო „მრისხანე და პრეტენზიული”. ძირითად მორალურ კატეგორიად ითვლებოდა ღირსება. ყველაფერი ეყრდნობოდა ქცევის ტრადიციულ კოდექსს. 

ბუნებითი სამართალი ეფუძნებოდა ძალის გამოყენების უფლებას, თუმცა იზღუდებოდა ღირსებითა და კეთილშობილური წარმომავლობით. გმირთა ეპოქა წარმოადგენდა განუწყვეტელი ომების ეპოქას, რომლის მიზანიც საკუთარი სიქველის დემონსტრაცია იყო.

მმართველობის ფორმა არისტოკრატიული იყო, რომელიც წოდებრივ შეზღუდვებს ეფუძნებოდა. არისტოკრატია თავის წარმოშობას ღვთაებრივად თვლიდა, ხოლო პლებეები უფრო დაბალ კატეგორიად მოიაზრებოდნენ. 

მესამე – ერის განვითარების დამასრულებელი ეტაპი „ადამიანთა ეპოქას” წარმოადგენდა. პირობითად, ეს ეპოქა ევროპისთვის ახალი დროა, საბერძნეთისთვის პოლისური სისტემა და ბერძნულ-მაკედონური მონარქია, ხოლო რომისთვის რესპუბლიკა და იმპერია. 

დასახელებულ ეპოქაში ინდივიდთა შინაგანი ბუნება ემყარებოდა გონებასა და განსჯას, ასევე ადამიანთა თანასწორობის გაგებას. არისტოკრატიული კოდექსის დეგრადირებამ და დემოგრაფიულმა პროცესებმა გამოიწვიეს ადამიანთა განსხვავებულობის ნიველირება. პირველ პლანზე გამოდის ქონებრივი უთანასწორობა.

ზნე-ჩვეულებანი დაეფუძნა ფორმალურ-იურიდიულ პრინციპებს. მოქალაქის ქცევის კოდექსს ფორმალურ-იურიდიული ელფერი დაჰკრავდა და ფაქტიურად არ ითვალისწინებდა მორალსა და ეთიკურ ასპექტებს.  

ბუნებითი სამართალი  მოქალაქეობრივ შეგნებას ეყრდნობოდა და ადამიანთა თანასწორობის პრინციპს ეფუძნებოდა.  რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვიკოს აზრით, მმართველობის ფორმა ამ ეპოქაში მონარქიულია. საკუთარ მოსაზრებას სწავლული შემდეგნაირად ასაბუთებს: როგორც კი გმირულ ეპოქაში ქალაქების პლებეური მოსახლეობა გაიზარდა, მათ დაიწყეს არისტოკრატიასთან შეუთანხმებლად კანონების გამოცემა. საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ გამოიწვია სახელმწიფო წყობილების ცვლილება. ახლადშექმნილ სახალხო რესპუბლიკებში გაჩნდნენ პარტიები, რამაც  საზოგადოებაში კონფლიქტები, აჯანყებები და სამოქალაქო ომები წარმოშვა. ამ ქაოსის თავიდან აცილება მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების პირობებში იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, თვლის ვიკო, რომ მონარქიული სისტემა ახალი ეპოქის ოპტიმალური სახელმწიფო წყობაა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ჯამბატისტა ვიკო ახალი ეპოქის ერთ-ერთ უდიდესს მოაზროვნეს წარმოადგენს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისტორიას, როგორც მეცნიერებას. ვიკოს დამსახურებაა ისტორიული კვლევის ახალი მეთოდების შემოტანა. ვიკოს იდეებით მომდევნო საუკუნეების უამრავი ფილოსოფოსი საზრდოობდა. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ჰერდერი, ჰეგელი და კროჩე და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი