ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ გარეშე დარჩენილები

მშობლის და სამშობლოს სიყვარულს არც ლაპარაკი სჭირდება და არც სწავლა, მაგრამ თუკი სამშობლო ღარიბია, არეულ-დარეული და შენთვის არ სცალია, შვილებს ის ხომ მაინც უნდა ვასწავლოთ, რაც მაგარი გაკეთებულა, როგორ აღიქვან, როგორ გაითავისონ და როგორ მიიღონ სიამოვნება.

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა საქართველოზე დალაგებული, მდიდარი, წინ წასული. რადგან ესაა ჩვენი სამშობლო, ჩვენ ეს გვიყვარს, ეს გვეძვირფასება, მაგრამ მოდიან თაობები და მათთვის ჩვენი, საბჭოთა მონობაში დაბადებულიების „ტყვე სამშობლოს” მიმართ ნათქვამი გაცვეთილი ფრაზები უკვე ყალბი და უსუსურია. ისინი რაციონალურ კითხვებს სვამენ, ყველა შეგრძნებას მხოლოდ საკუთარ ტყავზე ცდიან და გიჩნდება სურვილი, თავი გაიმართლო, აქ რომ გააჩინე და მძიმე პასუხიმგებლობასთან ერთად, ამ პატარა ქვეყნის შვილობამ რომ არგუნათ, რაღაც სიტკბოებაც შესთავაზო, რაღაც საამაყო, რაღაც ისეთი, მსოფლიო ღირებულებაც რომ აქვს და თან  ქართულია.

თხუთმეტიდან ოც წლამდე ასაკისას მეგობრებთან ერთად ხმამაღლა მცირედი შესვენებებით „ვეფხისტყაოსანი” ალბათ 5-6 ჯერ მაინც წამიკითხავს. მახსოვს  სიხარული, აღფრთოვანება და ყველაზე მთავარი, სიამოვნების განცდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გვესმოდა, ამას, რაღა თქმა უნდა, ვერც დღეს დავიჩემებ, ვერც იმას ვიტყვი, იმ 90-იანებში ჩვენ ირგვლივ ყველა ამით იყო დაკავებული-მეთქი, მაგრამ ჩვენ რა გზითაც მივედით ამ სიამოვნებამდე, თანამედროვე ბავშვებისთვის ეს გზაც ნაკლებად არსებობს. ვისაც ცოტა მაინც გვიყვარდა ლიტერატურა, ბევრს ვკითხულობდით, მაშინ მეტი გასართობი არც იყო, თანაც რომ გვეტყოდნენ, მაგარიაო, გვჯეროდა და მანამ ვუკირკიტებდით, სანამ რამეს თუ ვერ გავიგებდით,  რაღაცას ვიგრძნობდით მაინც.

ახლა  უფრო ძნელია „ვეფხიტყაოსნამდე” მისვლა. დღევანდელი ბავშვი გაცილებით კრიტიკულია, დროც ნაკლები აქვს (ამ ტექსტის მეცხრე კლასში სწავლებაც ძალიან საკამათოა, იქნებ სჯობს, უარი ვთქვათ ქართული ლიტერატურის სწავლების ქრონოლოგიურ პრინციპზე), ხშირად ქართულის მასწავლებელიც სცოდავს, ცუდად ხსნის, ბევრ საზეპიროს აძლევს, ის კი – ერთს რომ შეიძულებს, მერე  ვეღარ ხვდება, რატომ უნდა მოიწონოს პოემა ვიღაც მტირალა კაცზე.

და ვაყრუებთ ბავშვებს, ყურებში ბამბას ვუცობთ და მერე ვუყვირით, – გაიგეთ, რა მაგარიაო! კიდევ კარგი, ხშირად ყოფნით გამბედაობა, დაგვცინონ. თორემ სიამოვნებით მოვიტყუებდით თავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

არადა, რუსთაველის პოემის სწავლებისას თავისუფლად შეიძლება თანამედროვე ადამიანის, მოქალაქის აღზრდა, თუკი ჩვენ თვითონ შევეცდებით დავინახოთ და მოვისმინოთ 21-ე საუკუნის „ვეფხისტყაოსანი”.

ავთანდილი და ტარიელი რომ ერთმანეთს „უცხოობით არ დაჰრიდებენ” და პირველივე ნახვაზე გადაეხვევიან, თანამედროვე ადამიანისთვის  გადარჩენის ნათელი მაგალითია, რადგან დღეს ის გაცილებით მარტოა.

გვახსოვს როგორი მარტოები ვიყავით 14 წლისანი? მთელი სამყარო ჩვენი მტერი გვეგონა. ვჯანყდებოდით, მაგრამ მაინც უფრო ვგავდით ჩვენს მასწავლებლებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებსაც კი, ვიდე ჩვენი შვილები – ჩვენ. 

ესენი ჩვენზე მარტონი არიან. სწრაფად ვითარდება სამყარო, ჩვენ სულ სხვა ბავშვობა გვაქვს გამოვლილი, ესენი სულ სხვას ცხოვრობენ. თანავუგრძნობთ მათ ამ მარტოობაში?
დღეს ადამიანი შეძლებისდაგვარად თავისუფლდება და ნაკლებად ცხოვრობს მშობლების, მასწავლებლების, მეზობლების, ნათესავების  კარნახით, მაგრამ გასაჭირშიც რომ აღარ დაუდგნენ გვერდში, სხვანაირი ხარო?! სოლიდარობა უცხოს მიმართ, –  „ვეფხისტყაოსანში” ბევრი რამაა ამგვარ თემებზე სასაუბროდ. თუ მივეცით საშუალება, თვითონ იმსჯელონ საკუთარ მარტოობაზე, უცხოობაზე ილაპარაკონ, საკუთარი გასაჭირი მოყვნენ, თუ დავანახეთ, რომ მათი პრობლემები ჩვენთვის, თუნდაც ასაკით განსხვავებულებისთვის, მნიშვნელოვანია, იქნებ გვენდონ და ერთი ფარდა მაინც ჩამოვხსნათ „ვეფხისტყაოსანს”.

ქართულ ლიტერატურას ქმედითი ქალები აკლია. გენდერული პრობლემები ახალ თაობას ძალიან აინტერესებს. ვესაუბროთ მოსწავლეებს იმაზე, თუ ვისი ცნობისმოყვარეობითა და უკომპრომისობით იწყება ქმედება „ვეფხისტყაოსანში”.ეჭვი მაქვს, რუსთაველის სწავლებისას თინათინის როლი დიდწილად იჩქმალება.

როსტევანს თავისი მეფური ღირსების აღდგენა ტყუილის ფასად უწევს, როცა საკუთარ თავს და ქვეშემდრომებს აჯერებს, რომ უცხო მოყმე მოჩვენებაა. ვალაპარაკოთ ბავშვები ადამიანებზე, რომლებიც თავს იტყუებენ. მივცეთ იმაზე მსჯელობის საშუალება, რაც თვითონ იციან. ტყუილს ხომ ჯერ კიდევ ჩვენზე  მეტად გრძნობენ.

ერთ-ერთი ძლიერი გენდერული სტერეოტიპია, კაცი რომ არ უნდა ტიროდეს. თანამედროვე ფსიქოლოგია კარგად გვიხსნის, როგორ იქცევა აგრესიად შეკავებული გრძნობები. საზოგადოებაში, სადაც ქალი უფრო ჩაგრულია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ბიჭებს უხარიათ, თუკი ეტყვი, რომ კულტურა მათზეც ძალადობს. რამდენი აღიარებს, რომ ტირილის უფლება მასაც აქვს? შეიძლება იმაზეც იმსჯელონ, ადრე სად და რისთვის იხარჯებოდა ეს აგრესია. თუ სწორედ დავგეგმავთ, იქნებ ტარიელის ცრემლები, რომლებიც ხელს უშლით ხოლმე სიუჟეტის მიღებაში, პირიქით, მათთვის ყველაზე თანამედროვე, გასაგებ აქტად იქცეს. ცოტა ჰიპერბოლას დავიხმარებთ, ცოტა ენის ესთეტიკის ცვლილებებზე ვესაუბრებით და მათ კეთილგანწყობას მაინც მივაღწევთ, რომ არ შეეშინდეთ იმ ერთი შეხედვით განსხვავებული სამყაროსი, რომელიც „ვეფხისტყაოსანშია” და რომელიც, თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია  თანამედროვე საკითხავად ვაქციოთ.

თუკი მოსწავლეებს  დისკუსიას ვთავაზობთ, თუკი ვეკითხებით, როგორია მათი თვალით დანახული  სამყარო და მათი ჩამონათვალი ბუნების მრავალფეროვნებიდან ადამიანებზე ვერ გადადის, ე. ი. მანამდე ძალიან დავაშავეთ, ძალიან დავაშინეთ და იქნებ „ვეფხისტყაოსნით” მაინც ვასწავლოთ, რომ „ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა” თითოეული ადამიანის განსხვავებულობასა და თავისუფლებას ნიშნავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი