ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული განათლება

სპორტი ჩვენი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროა. ის ეფექტური საშუალებაა მოსახლეობის ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, თითოეული მოქალაქის სრულფასოვან პიროვნებად ფორმირებისთვის, პატრიოტული გრძნობების გასაძლიერებლად, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გასაზრდელად.

ქვეყნის ევროპული ორიენტაცია გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ დაახლოებას დასავლურ სამყაროსთან. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოვლენათა თანმიმდევრობის წინასწარ განსაზღვრა, მათ შორის – იმის დადგენაც, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფიზიკური განათლებისა და სპორტის სფეროში ინტეგრაციული პროცესების სამართავად, ამ მიმართულებით გეგმაზომიერი და წარმატებული რეფორმის ჩასატარებლად.

მიუხედავად უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სპორტსმენების მიღწევებისა, ამ საქმეში მწვრთნელებისა და სპორტის სპეციალისტების მიერ შეტანილი დიდი წვლილისა, რომლებმაც განსაზღვრულ წინააღმდეგობათა ფონზე მაღალი პროფესიონალიზმი და ერთგულება გამოამჟღავნეს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების დონე ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს.

საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის უპირატესობათა აქტიური პროპაგანდა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე ორგანიზებული არ არის. მოსახლეობაში ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებათა დაბალი დონე ხელს უშლის პიროვნების ფუნქციური აქტიურობის ზრდას, ეს კი დაავადებათა პრევენციის ძირითადი საფუძველია. ეკოლოგიური ვითარების გაუარესება, სოციალური უსაფრთხოების სისტემის არქონა, მედიცინის სფეროში არსებული პრობლემები და მოსახლეობაში ფიზიკური წვრთნის დაბალი დონე დემოგრაფიულ ვითარებას ამძიმებს.

სპორტის ექსპერტების აზრით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუარესება. მათ დიდ ნაწილს აღენიშნება ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის დარღვევები. მოზარდ თაობაში განსაკუთრებით პროგრესირებს გულის რევმატული დაავადებები, ჰიპერტონიული დაავადება, ნევროზი, ართრიტი, სკოლიოზი. ვითარებას ამძიმებს ბავშვებსა და ახალგაზრდებში სხვადასხვა არაფიზიკური გასართობის (ავტომატური და კომპიუტერული თამაშების, ტოტალიზატორის და სხვ.) მზარდი პოპულარობა.

პრობლემების სიმცირით ვერც მაღალი მიღწევების სპორტი დაკვეხნის. განსაკუთრებით საყურადღებოა და დროულ გადაჭრას მოითხოვს მსოფლიოსა და ევროპის ოფიციალური შეჯიბრებებისთვის ეროვნული გუნდების მზადებისა და ამ ტურნირებში მონაწილეობისთვის, სახელმწიფოში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის არასაკმარისი დაფინანსების საკითხი. იურიდიული თვალსაზრისით მოსაგვარებელია ბავშვთა სპორტის შემდგომი განვითარების პრობლემა. ფინანსური სირთულეების, სუსტი მატერიალური ბაზისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ხარისხი ყოველგვარი ტიპის სპორტულ სკოლებსა თუ სპორტულ კლუბებში დაქვეითებულია. არასაკმარისია ახალგაზრდა სპორტსმენთა საშეჯიბრებო გამოცდილებაც.

ექსპერტების აზრით, ქვეყანაში სპორტის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს შორის უმთავრესია:

1) არათავისუფალი, დაუცველი და არაკონკურენტული გარემო;

2) თანამედროვე სპორტული ბაზებისა და სპეციალური ინვენტარის უქონლობა; 

3) წვრთნისა და შეჯიბრების პროცესში უახლესი მეცნიერული ტექნოლოგიების, მიღწევების დანერგვის დაბალი დონე; 

4) მწვრთნელებისა და მომავალი სპორტსმენების სამედიცინო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის არასაკმარისი ხარისხი.

ამავე დროს, სპორტი როგორც სოციალური ფენომენი თანამედროვე საზოგადოების განვითარების უწყვეტი პროცესის აუცილებელი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას, სოციალურ აქტიურობას, ყოველდღიურ სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას, სწავლაში, შრომით საქმიანობაში, ოჯახსა და საზოგადოებაში თვითრეალიზაციას.

ჩვენ მიერ გამოკითხული თითქმის ყველა სპორტის მასწავლებელი და მწვრთნელი ამბობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის ბავშვებისა და სტუდენტებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, კვირაში არანაკლებ 8-10 საათის განმავლობაში მიზანდასახულ სპორტულ საქმიანობას ეწეოდნენ. ფიზიკური დატვირთვის ასეთი მოცულობა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტური გზაა. იგი ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების პოზიტიურ აქტიურობას, მათ ჩართვას რეგულარულ სპორტულ საქმიანობაში, წარმატებებს დიდ სპორტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი