პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მიფრინავენ წეროები…

ცხელა… სუნთქვა ჭირს… თუმცა ავტობუსში კონდიციონერი მუშაობს და თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. ფანჯარასთან ვარ მოკალათებული და ვცდილობ, გარემოს თვალიერებით გავირთო თავი. გარშემო ზუზუნია. ყველა თავის ენაზე საუბრობს – სომხურად, ბერძნულად, რუმინულად, თურქულად, მოლდავურად… მხოლოდ ქართული ლაპარაკი არ ისმის – მარტო ვარ და ვის რა უთხრა. თუმცა ინგლისური ყველას გვაერთიანებს და სომეხი მასპინძელიც სიმწრის ღიმილით გვიცხადებს მიკროფონში, თქვენ კი არ შეშინდეთ, მაგრამ ბოლო ერთი საათი სულ სხვა მხარეს გვივლია და ახლა ერთი ამდენი უკან დასაბრუნებლად გვჭირდება, რომ საჭირო გადასახვევთან მოვხვდეთო. ავტობუსში სიცილი ისმის, ვერ გეტყვით ოღონდ, მხიარული თუ ნერვული.

 

ჩვენ პარაკარის ჭაობისკენ მივდივართ. რა გვინდა ამ სიცხეში ჭაობში? კარგი შეკითხვაა. პასუხი მარტივია – ჭაობი უნდა ვნახოთ იქ მზარდი მცენარეებითურთ. იქვე სპეციალისტები გველოდებიან და ყველაფერს აგვიხსნიან – რა ტიპის ნიადაგია, რა ტიპის დაბინძურებისგან წმენდს წყალს ამგვარი ჭაობი… მოკლედ, უინტერესო სულაც არ არის. მით უმეტეს, მთელ ამ ერთ ავტობუს ხალხს სწორედ ჭაობისადმი მიძღვნილი პროექტი გვაერთიანებს და ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავ-საწუხარიც ეს არის.

ეს რაღაა?! წეროებიიი… აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?! ასე ახლოს ასე ბევრი არასდროს მინახავს, თორემ კახეთში შორიდან ერთი-ორისთვის თვალი როგორ არ მომიკრავს. ამბობენ, კარგის ნიშანიაო, ანუ ბოლოს და ბოლოს ჭაობის გზას ვიპოვით. დინჯად სხედან, გარემოს ზვერავენ, აი, იმ ბუდეში პატარაც უზით.

თურქი კოლეგა, სახელად ბურაკი, გვერდით მიჯდება. მეორე დღეა, ჩემთვის ქართული სიტყვების გამოძალვას ცდილობს. გამოთქმა ეძნელება და მერე მთელი დღე ბუტბუტით დადის, – ეტყობა, იმეორებს.

– წეროებს ათვალიერებ?

– დიახ.

-რა ჰქვი წეროს ქართულად?

– წერო. წე-რო… ოღონდ ეს მხოლობითია. როცა ბევრია – წე-რო-ები.

– რა რთული ენა გაქვთ, – უკმაყოფილოა თურქი კოლეგა.

მე კი, მისი შემხედვარე, სახუმარო განწყობაზე ვდგები და ვთავაზობ:

– გინდა ლექსი გასწავლო? წეროებზე…

და მის თანხმობას არ ველოდები, ისე ვუმარცვლავ:

„მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს,

აღარ დაბრუნდებიანო, უვრცელებენ ჭორს…”

– მოიცა, მოიცა, ლათინური ასოებით დამიწერე.

ვუწერ და ბურაკიც უკან გადადის – დავალება აქვს სასწავლი.

არა, მაინც როგორ ცხელა… ვითომ გლობალური დათბობის ბრალია? და რა არის ეს გლობალური დათბობა?

მეცნიერთა კვლევის თანახმად, 1860 წლიდან დღემდე ტემპერატურა იცვლება – იმატებს. მათივე აზრით, დათბობა ე.წ. სათბურის ეფექტის დამსახურებაა, რომლის მიზეზიც უმთავრესად ატმოსფეროში სათბურის გაზების დაგროვება გახლავთ.

ამ საკითხის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთი მათგანია სათბურის ეფექტი. ამ ეფექტის შესახებ მოსაზრება პირველად ფრანგმა ქიმიკოსმა ფურიემ გამოთქვა 1827 წელს. ატმოსფეროში არის მოლეკულები, რომლებიც ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავს. მზის სითბური გამოსხივების მთავარი მშთანთქმელი ატმოსფეროში ორთქლისა და ღრუბლების სახით არსებული წყალია, თუმცა აქ თავიანთ სიტყვას ორგანული ნაერთები და გაზებიც ამბობენ. სათბურის გაზების ატმოსფეროში დაგროვება წარმოქმნის ე.წ. ბუმბულის საფარს, რომელიც მზის სხივებს ატარებს, სითბოს კი – არა. მზის სითბო უკან, კოსმოსში, ვეღარ ბრუნდება.

დედამიწაზე სათბურის ეფექტის გავლენა შეიძლება ავტომანქანის მაგალითზე განვიხილოთ. ავტომობილი მზეზე დგომისას ხურდება (სალონში ფანჯრებიდან აღწევს სინათლე), სალონი ცხელდება. სინათლის ენერგია სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. სინათლისგან განსხვავებით, სითბური ენერგიის დიდი ნაწილი სალონში კავდება, რადგან ავტომობილის მინა მას უკანვე აღარ ატარებს. შედეგად სალონში ტემპერატურა იზრდება.

მომწამლავი სათბურის გაზები ხელს უშლიან სივრცეში სითბოს გაფანტვას. ამის შედეგად გაზებისა და წყლის ორთქლის ფენები სქელდება, რაც გლობალურ დათბობას იწვევს.

სათბურის გაზი ბევრია, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე დავწერ. რატომ გამოვარჩიე? ჭაობის გაზსაც უწოდებენ და იმიტომ, მე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე მთელი წელია ჭაობზე ვფიქრობ.

ეს მეთანი გახლავთ. ჰაერზე ორჯერ მსუბუქია და ჭაობის გაზს იმიტომ უწოდებენ, რომ ჰაერის მიწოდების გარეშე, მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ჭაობებიდან, ტბებიდან, გუბურებიდან გამოიყოფა. გვხვდება ქვანახშირის მაღაროებშიც. მას ნახშირორჟანგთან შედარებით 25-ჯერ მეტად შეუძლია ინფრაწითელი რადიაციის შთქნთქმა. ატმოსფეროში ის სამი გზით შეიძლება მოხვდეს: ბუნებრივით, ანთროპოგენურით, კვაზიბუნებრივით. ბუნებრივ პირობებში მეთანი ანაერობული მიკროორგანიზმების მეთანოგენების საშუალებით წარმოიქმნება. მათ სუბსტრატს ძმარმჟავა, მეთანოლი, მეთილამინი, მეთილმერკაპტანი და CO2+H2 ნარევი წარმოადგენს. ყველა ეს ნაერთი სხვა ანაერობული მიკროორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც, თავის მხრივ, მკვდარ ორგანიზმებს შლიან. მოკლედ, მეთანის წარმოქმნა შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ:

CH3COOH=CH4+CO2

CH3OH+H2=CH4+H2O

CH3SH+H2=CH4+H2S

CO2+4H2=CH4+2H2O

წარმოქმნილი მეთანის ნაწილს აერობული მეთანდამჟანგავი ბაქტერიები, მეთანოტროფები, შთანთქავენ.

მეთანის წარმოქმნის ანთროპოგენური წყარო, გასაგებია, რომ ადამიანის საქმიანობაა. რასაც ადამიანი არ იზამს… თან სულ ვერ ხვდება, რომ იმ ტოტს ჭრის, რომელზეც მყუდროდ (თავად ასე ჰგონია) მოკალათებულა.

გადაუმუშავებელი ყოფითი ნარჩენები, მეცხოველეობის ნარჩენები, სამრეწველო ნარჩენები – ეს ყველაფერი მეთანის წარმოქმნის წყაროა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩამდინარე წყლებსაც აბინძურებს, რომლებიც, თუ ასე დაბინძურებული ზედაპირულ წყლებში მოხვდა, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. ჰოდა, ზემოთ რომ ვწერდი, ერთი ავტობუსი ხალხი მეორე წელია ჭაობზე ვფიქრობთ-მეთქი, ხელოვნური ჭაობი სწორედ ამ ტიპის დაბინძურებული წყლების ბუნებრივი და იაფი გამწმენდი საშუალებაა, ოღონდ საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მას ჯერ არ იყენებენ.

მეთანის ანთროპოგენური ემისია ხშირად საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოპოვებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, თან ახლავს წიაღისეული საწვავისა და ბიომასის წვის პროცესებს. ეს უკანასკნელი ტყის ხანძრებს გულისხმობს, რომლებიც ბოლო ხანს ასე საეჭვოდ მრავლად იყო ჩვენს ქვეყანაში, უმეტესად კი ჩვენივე, ადამიანების დაუდევრობის გამო ჩნდებოდა. ენის წვერზე მიტრიალებს, იქნებ განზრახ აჩენდნენ-მეთქი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თუ შენი ქვეყანა და შთამომავლობა გიყვარს, ასეთი რამის ჩადენა შეგიძლია.

ანთროპოგენური ემისიით მეთანი გარემოში გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვიდანაც ხვდება, თუმცა ამ დროს გარემოში პარაფინური ნახშირწყალბადების C1-C8 მთელი თაიგული გამოდის.

ახლა მეთანის ემისიის კვაზიბუნებრივ, ანუ ბუნებრივთან მკვეთრად მიახლოებულ გზასაც მივხედოთ. ის უმთავრესად სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული. მისი წარმოქმნა ამ შემთხვევაშიც ნიადაგში მიკროორგანიზმების – მეთანოგენების საქმიანობას უკავშირდება. სხვათა შორის, ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურები მარცვლოვანთა ნათესებში ყოფილან, მათ შორის კი მეთანის გამოყოფის მხრივ თურმე პირველი ადგილი უჭირავს ბრინჯის ყანებს.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ნათელი გახდება, რომ ატმოსფეროში მეთანის გამოყოფა 70%-ით ადამიანის საქმიანობას უკავშირდება და სწორედ ჰომო საპიენსის გონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად დააბინძურებს თავისივე საცხოვრებელ გარემოს.

აქვე ერთი მინიშნებაც მინდა მოგცეთ: რაც მე აქ „სათბურის ერთ-ერთ გაზზე” დავწერე, ქიმიის მნიშვნელოვანი დარგის – ეკოლოგიური ქიმიის საქმეა. ასე რომ, თუ მასწავლებლები გაკვეთილზე ორგანული ქიმიის კვალდაკვალ მცირე ინფორმაციას ეკოლოგიური ქიმიიდანაც მიაწვდიან ბავშვებს, იქნებ ბოლოს და ბოლოს ქიმიის მცოდნე თუ არა, გარემოს დამფასებელი მომავლის ადამიანები გავზარდოთ.

უკვე საღამოა და სასიამოვნო სიგრილე იგრძნობა. სასტუმროს წინ ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ვფიქრობ, ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ, თანაც ასეთ სასიამოვნო სიგრილეში, ფეხით ხომ არ გამევლო-მეთქი. თურქი კოლეგა კვლავ ჩემკენ მოდის:

– შენი დაწერილი ლექსი კი ვისწავლე, მაგრამ რას ნიშნავს?

კარგ დროს მეკითხება – ჯერ ისწავლა და შინაარსი ახლაღა აინტერესებს. ვუხსნი.

– წეროებს ჭორს უყრიან? რატომ?..

ისე გულწრფელად უკვირს, რომ კვლავ სახუმარო განწყობაზე მაყენებს:

– შური ბურაკ, შური. ფეხები კისრიდან ეწყებათ და შურთ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი