პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კოჯაელი, იზმითი, ნიკომედია და…

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქეთში, ბედნიერ დღეს გისურვებთ, – მებაჟე დაყენებული ღიმილით მიწვდის უკან ჩემსავე პასპორტს და ქვეყანაში შესასვლელ კარს მიღებს.

– გმადლობთ, თქვენც იმავეს გისურვებთ, – ასეთივე ღიმილით ვპასუხობ.

ბედნიერი დღისა რა მოგახსენოთ, გარეთ თავსხმაა. ვეძებ ადამიანს, რომელსაც დიდ ფურცელზე ჩემი სახელი უწერია, სტამბულიდან კოჯაელიში რომ წამიყვანოს. კოჯაელი იზმითთანაა. ეს ძველი ნიკომედიაა, რომელიც კონსტანტინოპოლთან (ახლანდელ სტამბულთან) მდებარეობს და რომლის ნაპირებიც მარმარილოს ზღვაში ლივლივებს. ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 712 წელს დაარსდა და ასტაკოსი ერქვა. დანგრევის შემდეგ მეფე ბითვინიუს ნიკომედიუს პირველმა აღადგინა და მისივე პატივსაცემად ნიკომედია ეწოდა. პლინიუს უმცროსი თავის წერილებში ნიკომედიის ღირშესანიშნაობებზე ჰყვებოდა და იმასაც წერდა, რა კარგი იქნებოდა აქ წყალსადენის გაყვანა, შიდა ტბებსა და ნიკომედიის ყურეს შორის არხის გაჭრაო.

ჰოდა, თუ ამ ყურეს გაუყვებით, კოჯაელიც იქვეა. იზმითიდან მანქანით ნახევარი საათია საჭირო, სტამბულიდან – ასე საათ-ნახევარი.

კოჯაელის მკვიდრნი ამაყობენ, ჩვენთან ონკანის წყალიც ისმებაო. სასმელ წყალს ჩენესუიუს მთიდან იღებენ და მთელ რეგიონშია განთქმული ხარისხითა და სისუფთავით. იმითაც ამაყობენ, რომ ბუნებრივი გამწმენდი სისტემების მთელი ქსელი აქვთ და წყლის სისუფთავეს განსაკუთრებით უფრთხილდებიან

.

დღეს კვლავ წყალზე ვილაპარაკებ, უკვე მესამედ, ოღონდ ამჯერად – მის დაბინძურებასა და გაწმენდაზე.

საოცარი არსებაა ადამიანი – ყველაფერი უნდა და არაფერზე ფიქრობს. უპირველესად კი იმ გარემოზე არ სურს ფიქრი, სადაც ცხოვრობს. სულაც არ ანაღვლებს, რომ მისი საქმიანობის შედეგად დაბინძურებული წყალი ხვალ მას თუ არა, მის შვილებს ავნებს. მრეწველობაც გვინდა, სოფლის მეურნეობაც, გათბობის სისტემებიც და… სუფთა წყალიც. ოღონდ ასე არ გამოდის, წყალზე ზრუნვაა საჭირო. საქართველოს მაგალითს თუ მოვიყვან, წყლის დაბინძურების წყაროები სექტორების მიხედვით ასე განაწილდება:

* წყალსადენი და კანალიზაცია – 67%;
* გამათბობლები – 31%;
* მრეწველობა – 2%;
დაბინძურებული წყლები მდინარეებში ჩაედინება.

სასოფლო-სამეურნეო სექტორიდან ძირითადი დამაბინძურებლებია ამიაკი და ნიტრატები. სიბინძურის მნიშვნელოვანი წყაროა ნაგავსაყრელები, რომლებიც ხშირად მდინარის ნაპირთან მდებარეობს. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც ჩამდინარე წყლების დეგრადაციისას წარმოიქმნება, წყლისთვის ძალზე ტოქსიკურია. ასეთი წყალი, სხვა მომწამლავ ნივთიერებებთან ერთად, მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მძიმე ლითონებსაც.

სუფთა წყალი გამჭირვალე და უფეროა, არც სუნი აქვს და არც გემო. დაბინძურებული წყალი მღვრიეა და არასასიამოვნო სუნით გამოირჩევა. არც სასმელად ვარგა, არც წყალმცენარეებისა და თევზების საცხოვრებლად. სამაგიეროდ, ბაქტერიებით, ვირუსებითა და ქიმიური რეაგენტებით არის სავსე. მათი უმრავლესობა ორგანული ნივთიერებაა, რომლებიც აერობული ბაქტერიების ფერმენტების მეშვეობით იშლება, შთანთქავს წყალში გახსნილ ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ასეთივე წარმატებით გამოიყოფა ამიაკი, რომელიც შესაძლოა რეაქციაში შევიდეს მეტალებთან და მარილები წარმოქმნას. გოგირდი წარმოქმნის ნაერთებს, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრულ რადიკალს – SH-ს ან სულაც გოგირდწყალბადი – H2S გამოიყოფა. ეს ნივთიერებები ნელ-ნელა სულფატ იონებში გადადის და ასევე წარმოქმნის მარილებს. აქვეა მცენარეული და ცხოველური ნარჩენები, ცელულოზის ნაწილაკები და სხვა.

მოკლედ, აერობულ ბაქტერიებს ნივთიერებათა დასაშლელად ჟანგბადი სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბინძურებულ წყალში ჟანგბადის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ამ პროცესთა სიჩქარე ტემპერატურასა და pH-ზეა დამოკიდებული. ნორმატივების მიხედვით, ორგანულ ნაერთთა დასაშლელად 20 გრადუსზე ხუთი დღის განმავლობაში 200 მგ ჟანგბადია საჭირო. ამ რაოდენობას ჟანგბადის ბიოქიმიურ მაჩვენებელს უწოდებენ და ჟანგბადის რაოდენობის განსაზღვრისას სტანდარტად მოიაზრებენ.

ჟანგბადის რაოდენობა სითბური დაბინძურების შედეგადაც მცირდება, მასზე მოთხოვნა კი მკვეთრად იმატებს, რადგან ასეთ პირობებში თევზებსა და აერობულ ბაქტერიებს ის მეტი რაოდენობით სჭირდებათ. ხელოვნური მასალები, რომლებიც ბიოლოგიური გზით იშლება, ასევე ახდენს გავლენას ჟანგბადის რაოდენობაზე.

ამიაკი ცხოველური წარმოშობის ნივთიერებათა მიკრობიოლოგიური დაშლის ძირითადი პროდუქტია. ამიაკი და ამინები წარმოიქმნება როგორც ჟანგბადიან, ისე უჟანგბადო გარემოში. პირველ შემთხვევაში ამიაკი იჟანგება ბაქტერიებით და ნიტრატებსა და ნიტრიტებს წარმოქმნის. უჟანგბადო გარემოში ამიაკი არ იჟანგება და წყალში მისი რაოდენობა სტაბილურია. ჟანგბადის შემცირებისას ნიტრიტები და ნიტრატები გარდაიქმნება და აზოტს გამოყოფს.

ახლა მძიმე მეტალებზეც ვთქვათ ცოტა რამ. ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ტყვია ის მეტალებია, რომლებიც დაბინძურებულ წყლებში ყველაზე ხშირად გვხვდება. მდინარეში მოხვედრილი ვერცხლისწყალი ბაქტერიებისა და პლანქტონის მეშვეობით მეთილის ჯგუფს იკავშირებს და მეთილჰიდრარგირუმად გარდაიქმნება, რომელიც პლანქტონთან ერთად, კვებითი ჯაჭვის მეშვეობით, მცირე ზომის თევზებში ხვდება, იქიდან – დიდი ზომის თევზებში, საბოლოოდ კი – ადამიანის ორგანიზმში. ის თიოლური შხამია, ანუ ცილებში თიო ჯგუფებს უკავშირდება და შეუძლია, საკმაოდ დიდხანს დარჩეს ორგანიზმში.

წყალმიმღებ აუზებში ზოგიერთი მეტალი, მაგალითად, რკინა და მანგანუმი, ქიმიური ან ბიოლოგიური პროცესების შედეგად იჟანგება. ამ მეტალთა წყალში ხსნადი ფორმები მრავლადაა ჩამდინარე წყლებში. წყარო სხვადასხვაა, უმთავრესად – მადნეულის მომპოვებელი მაღაროები. ამ მეტალთა მარილები წყალში იჟანგება, მათი ხსნადობა მცირდება და შედეგად მდგრადი შეფერილი ნალექი წარმოიქმნება, ამიტომ წყალი მღვრიე მოწითალო ან მღვრიე ნარინჯისფერ შეფერილობას იძენს.

ადამიანებმა, რომლებსაც ხვალინდელი დღე აღელვებთ, წყლის გაწმენდის ტრადიციული სისტემების ალტერნატივად ბუნებრივი გამწმენდი სისტემები შექმნეს. მეგაპოლისებში ისინი, რა თქმა უნდა, არ გამოდგება, მაგრამ, აი, მცირე ქალაქებისა და დასახლებებისთვის, რომ იტყვიან, მისწრებაა. მაგალითად, ჩამდინარე წყლების მდგრადი აუზები, წყალმცენარეებიანი ხელოვნური სისტემები, ხელოვნური ჭაობები… ასეთი სისტემები ღია ტიპის აუზებს წარმოადგენს. მათი გამწმენდი ფუნქცია დამოკიდებულია მზის სინათლეზე, მიკრობთა ცხოველქმედებაზე, ცხოველებისა და მცენარეების უმდაბლეს ფორმებზე. ორგანული ნივთიერებები ბუნებრივად ანუ ბიოლოგიურად იშლება. ბაქტერიებისა და წყალმცენარეების მოქმედების შედეგად ჩამდინარე წყლები სტაბილიზდება და მათი პათოგენურობა მცირდება. საზოგადოდ, ნარჩენების ორგანული ნაწილი უფრო სტაბილურ ფორმად გარდაიქმნება ხოლმე.

მდგრადი აუზი რამდენიმე სახისაა: საკანალიზაციო, ჟანგვა-აღდგენითი, მომწიფებადი, ანაერობული, აერობული, აერირებადი. სახეობის კვალობაზე, აუზის ფართოდ გამოყენებაა შესაძლებელი. მათი გამოყენება ჩამდინარე წყლების გაწმენდის სხვა მეთოდებთან ერთადაც შეიძლება.

არსებობს ხელოვნური ჭაობის სამი ყველაზე გავრცელებული ტიპი: თავისუფალი წყლის ზედაპირის სისტემები, ჰორიზონტალური მიწისქვეშა ნაკადის სისტემები და ვერტიკალური ნაკადის სისტემები. თითოეული მათგანი რამდენიმე ტიპის დაბინძურებისგან წმენდს წყალს. თუმცა ბოლო ხანს სულ უფრო მეტად ვრცელდება ჰიბრიდული სისტემები ანუ შერეული ჭაობი, რომელსაც იმის მიხედვით ქმნიან, რა ტიპის დაბინძურებისგან არის გასაწმენდი წყალი.
კოჯაელიდან თბილისისკენ მომავალი, გზად ერთი დღით სტამბულში ვჩერდები. დროს თოფქაფის სასახლეში ხეტიალით ვკლავ და იქიდან გამოსული ვგრძნობ, გვარიანად მომშივებია.

ზემოთ რესტორანია, ვფიქრობ, ავიდე და რამე შევჭამო. დარბაზში არავინ არის, ამიტომ ოფიციანტი განსაკუთრებული სიხარულით მეგებება. სუფთა ინგლისურით დარბაზის სიღრმეში მეპატიჟება, აქედან კარგი ხედიაო. სანამ შეკვეთას მოიტანს, თბილისში, დედასთან ვრეკავ. ეტყობა საუბარს ყური მოჰკრა – როგორც კი ტელეფონს ვინახავ, ჩემკენ მოდის:

სადვაური ხარ? სიდან ხარ? – მეკითხება.
ვხვდები – ჩემ წინ თურქი ქართველია.
– ტიფლისიდან, – ვუღიმი, – შენ საიდან?

– ბათუმლები ყოფვილან ჩემები, აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ქართულ მაინც ვიცი. აი, ბაღნებმა არ იციან.

– შენმა ბაღნებმა? – ვეკითხები.

– სად მყავს მე ბაღნები, ჩემი დის ბაღნებმა და კიდევ ნენე გვყვავს.

– რა გქვია?

– მურატი, თურქული სახელი მქვია, ისე, მე და ჩემს ძამიას რეშიტას ბიჭებს გვეძახიან, – და იქვე სინანულით თქვა, გავთურქდით ნელ-ნელაო.

– გამიხარდა, მურატ, შენი აქ ნახვა,

– მეც გამიხარდა, ქართულად რომ დეიწყე ლაპარაკობა, გული ამიჟუჟუნდა.
დიდი ხანია, სენტიმენტალურობა აღარ შემიტყვია თავისთვის, აღარც უცხოეთში მაკვირვებს ქართველის ნახვა, მაგრამ „ამნაირ” ქართულის გაგონებაზე გული მეც ამიჟუჟუნდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი