პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მელანი ….

ჰიპერმარკეტის თაროებს შევავლოთ თვალი… ათასი ჯურის, წარმოშობის, დანიშნულების პროდუქტი თავმომწონედ შემოსკუპებულა და ელის მყიდველს… თითოეული მათგანი ქიმიური ინდუსტრიის ტექნოლოგთა თავებშია ჩასახული, ქიმიურ საწარმოებში დაბადებული და საერთაშორისო დისტრიბიუციის საშუალებით ფეხადგმული. ბევრ მათგანს საბოლოო ჩამოყალიბებამდე ურთულესი პროცესები აქვს გავლილი, ზოგი შედარებით „ადვილი” შრომის ნაყოფია… ზოგი სულ ახალი პროდუქტია, ზოგი – სტაჟიანი, რამდენიმე კი  – უხუცესი, რომელთა ტექნოლოგია საუკუნეებს ითვლის.  მათ რიცხვშია ქაღალდი და მელანი.

დღეს ამ უკანასკნელზე მინდა ვისაუბროთ.

მელანი აზიური წარმოშობისაა. ჩვენამდის მოღწეული ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ მისი დამზადება ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ.-მდე  23-ე საუკენეში სცოდნიათ ჩინეთში. აქედან გავრცელდა იგი მომიჯნავე რეგიონებში – იაპონიასა და ინდოეთში, სადაც ასევე უძველესი მელნებია (მელნით შესრულებული ნახატები და ტექსტები) აღმოჩენილი.

მას შემდეგ მელნის ტექნოლოგიამ სრულყოფისაკენ დიდი გზა განვლო – უფრო მრავალფეროვანი გახდა შედგენილობის, კონსისტენციისა და დანიშნულება/გამოყენების  თვალსაზრისით.

რას წარმოადგენს მელანი? ერთი შეხედვით იგი წყალში გახსნილი საღებარია (და არა საღებავი, როგორც ამას ხშირად იხსენიებენ). მაგრამ ასეთი პრიმიტიული „მელანი” საუკუნეების წინაც არ მზადდებოდა.

ყველაზე უმარტივესი მელანიც კი  მრავალკომპონენტიანი სისტემაა. მასში საღებრისა (პიგმენტის) და გამხსნელის გარდა კიდევ არაერთი კომპონენტი შედის და სწორედ მათ შერჩევაზე არის დამოკიდებული მელნის ხარისხი და გამოყენების არეალი.

პირველი მელანი, რომელიც ჩინელმა ტექნოლოგებმა შექნეს იყო პიგმენტური მელანი, რომელსაც „ტუში”-ს სახელით მოიხსენიებენ ჯერ კიდევ. პიგმენტური მელნის ძირითადი თავისებურებაა შემღებავ მასალად პიგმენტის და არა საღებრის გამოყენება. ამ უკანასკნელთა შორის კი ის განსხვავებაა, რომ პირველი მეორისაგან განსხვავებით „არაფერში” არ იხსნება. პირველ მელნებში პიგმენტის სახით იყენებდნენ მურს, რომელსაც სხვადასხვა წყაროებიდან იღებდნენ – აგროვებდნენ სანათებიდან, იღებდნენ ძვლის დაწვით და ა.შ. ამ ტიპის მელნების თავისებურება მათ მდგრადობაა.  მურზე (ნახშირბადოვან პიგმენტზე) დამზადებული მელნები საუკუნეებს უძლებს და არ ხუნდება. სწორედ ამ თვისების გამო მოაღწიეს ჩვენამდე მათ შორეული ათასწლეულებიდან. ისე, ვინ იცის, შესაძლებელია, მაშინ საღებრებზე დამზადებული მელნებიც იყო ცნობილი, მაგრამ მათ ჟამთა-ცვლას (მზის სხივებს) ვერ გაუძლებს და გახუნდნენ.

კიდევ რა კომპონენტებს შეიცავს მელანი? ყველაზე უმარტივესი კალმის მელანი გამხსნელისა და პიგმენტის გარდა შეიცავენ ფისებს, საპოხ მასალებს, დისპერგატორებს, ზედაპირულად აქტიურ ნაერთებს, ფლუორესცენტულ და არომატულ დანამატებს, შემასქელებლებს,  კონსერვანტებს და ა.შ.

ფისების დანიშნულებაა პიგმენტი ან საღებრის მოლეკულა ზედაპირზე დაამაგროს. ისინი ერთგვარ „წებოებს” წარმოადგენენ. ბუნებრივი წარმოშობის ფისებს  ჯერ კიდევ ჩინელები იყენებდნენ. მათ ცხოველური ან მცენარეული მასებიდან გამოყოფდნენ. ერთ-ერთი ცნობილი ასეთი ფისს წარმოადგენს აგარ-აგარი, რომელიც დღესაც გამოიყენება ზოგიერთო მელნების წარმოებაში.

მელნებში მნიშვნელოვანი დანამატია საპოხი საშუალებები. მატი დანიშნულებაა მელანი რაც შეიძლება თანაბრად და „რბილად”  ჩამოცურდეს კალმის წვერიდან. მის გარეშე კალმის წვერი ფურცელზე უსიამოვნოდ „ფხაჭუნობს”, ადვილად კაწრავს ფურცელს, რადგან წვრილი კალმის წვერის დაწნევა ფურცელზე ძალიან დიდია.

ზედაპირზე მელნის დატანისას აუცილებელი პირობაა მისი თანაბრად განაწილება. მელნის კვალი უნდა იყოს აუცილებლად თანაბარი. მელანში არსებული საღებრის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს ზედაპირულად აქტიური ნაერთები, რომლებიც საპნის ან გამრეცხი საშუალებების იდენტური ან მსგავსი ნაერთები არიან.

მელნების წარმოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ ფერის მატარებელ კომპონენტს. როგორც აღვნიშნეთ მათ პიგმენტები ან საღებრები წარმოადგენენ. მური მხოლოდ შავი ფერის მელნის დამზადების საშუალებას იძლება. ფერადი მელნების დასამზადებლად საღებრები გამოიყენება. ვინაიდან მელნის ძირითადი ბაზა წყალია, ამიტომ ადრეულ პერიოდში იყენებდნენ წყალში ხსნად საღებრებს. მაგრამ ასეთი მელნებით შესრულებული ნაწერები ფურცლის ბოჭკოებში ადვილად გაიწოვება და ნაწერი მკაფიო მოხაზულობას კარგავს („იდღაბნება”). გამოსავალი ან ფურცლის  შერჩევაა, ან საღებრის შეცვლა. ცხადია, უკანასკნელი უფრო სწორი გადაწყვეტილებაა. ამიტომ წყალში ხსნადი საღებრები შეცვალა დისპერსულმა (უხსნადმა) საღებრებმა. მაგრამ ეს ჩანაცვლება  დამატებით კომპონენტების გამოყენების აუცილებლობას წარმოშობს. წყალში უხსნადი საღებარი თანაბრად უნდა განაწილდეს – ამისათვის კი დისპერგატორების გამოყენებაა საჭირო. დისპერსულ საღებრებს წყალში ხსნადისაგან კიდევ ერთი  დადებითი თვისება აქვს – ნაწერი წყლის (დასველების) მიმართ უფრო მდგრადია და ადვილად არ ირეცხება.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობა საკანცელარიო (ფურცელზე საწერ) მელანს ეხებოდა. თუმცა დღეისათვის მელნის უამრავი სხვა სახეობა არსებობს, რაც ტექნოლოგიური პროცესის დამსახურებაა.  ბურთულიანი კალმები სულ სხვა სახის მელანს „მოიხმარენ”. ეს მელნები ძირითადად ორგანულ გამხსნელებზეა (სპირტები) დამზადებული და  შესასქელებელი კომპონენტების გამოყენებით უფრო ბლანტები არიან. ამიტომ ხშირად ცივ გარემოში, სადაც მათი სიბლანტე კიდევ უფრო იზრდება, უჭირთ წერა. აღნიშნული ხაზის მელნების შემდგომი პროგრესის შედეგად გაჩნდა ე.წ. მელან-გელები. მათი სიბლანტე ნაკლებად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე, თუმცა კონსისტენციის ფორმის გამო ტევადობა ნაკლები აქვთ და შედარებით „ნაკლებს წერენ”.

ამავე კატეგორიის მელნებს შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. „შტამპელის” ბეჭდის მელნები.  ბეჭდის მელანი უფრო მკაფიო ანაბეჭდს უნდა ტოვებდეს და მალე შრებოდეს. მკაფიო ანაბეჭდისათვის კი იგი ბეჭდის რეზინს (ან სხვა პოლიმერს) ადვილად უნდა ასველებდეს – ამიტომ ასეთ მელნებში დამატებით შეჰყავთ დამატენიანებელი მასალები, როგორიცაა მაგალითად პროპილენ გლიკოლი ან გლიცერინი.

საკანცელარიო მელნების სერიაში არსებობს კიდევ ერთი სახის სპეციალური საოფისე მელანი, რომელიც შედარებით დიდი მდგრადობით გამოირჩევა გარეშე ფაქტორებისა (კლიმატი, ტენიანობა, მზის სხივები და ა.შ.) თუ ქიმიურ/მექანიკური ზემოქმედების მიმართ. ასეთი სახის მელნებით სრულდება სპეცილური სახელმწიფოებრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

მელნების გამოყენების არეალი დიდი ხანია გასცდა უკვე საკანცელარიო დანიშნულებას. გარდა ქაღალდისა, წარწერის გაკეთება შესაძლებელია ისეთ მასალებზე, როგორიცაა მეტალი, პოლიმერი, მინა, ფაიფური და სხვა. ასეთ მელნებში აგარ-აგარის ნაცვლად სხვა სინთეზური ადგეზიური საშუალებები გამოიყენება. მინაზე საწერი მელანი თხევად მინაზე მზადებოდა წლების წინ. მაგრამ თუ წარწერა გვინდა რომ მალე გაშრეს, მაშინ იგი ადვილად აქროლად გამხსენლზე უნდა დამზადდეს. ამიტომ თანამედროვე მარკერები პრონანოლ-2-ისა და  ლითონის ან პოლიმერის ზედაპირზე ჩაჭიდების უნარის მქონე ფისის  ბაზაზე მზადდება. გამშრალი მარკერების „აღსადგენად” ამიტომ იზოპრიპილის სპირტის წყალხსნარი ჯობია, ვიდრე ეთანოლის. ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებ აქროლადია.

 ცოტა განსხვავებული შედგენილობა აქვს დაფის მარკერებს. მათში ადგეზიურ მასალად კარბოქსიცელულოზები გამოიყენებიან.  ისინი სუსტად ეჭიდებიან ლითონის ზედაპირს, მაგრამ ადვილად იღებებიან მელნით. ამიტომ როდესაც ასეთი მარკერით დაფაზე ვწერთ, სინამდვილეში წარწერას კარბოქსიცელულოზის ფენაზე ვაკეთებთ და არა მეტალზე (დაფაზე). სწორედ ამიტომ გაშრობის შემდეგ დაფა ადვილად იწმინდება.

მელნების ტექნოლოგიის დახვეწას უნდა ვუმადლოდეთ პირველი ფერადი პრინტერების (ჭავლური პრინტერები) შექმნას.  დღეისათვის, მიუხედავად ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგიის შემუშავებისა, მელნებით ჭავლური ბეჭდვა ისევ ფართოდ გამოიყენება და აქტუალობას არ კარგავს. ჭავლური მელნები მთლინად ორგანულ არაპოლარულ გამხსნელებზეა დამზადებული და წყლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ამიტომ ფერადი ჭავლური პრინტერის კარტრიჯის შევსებისას დაუშვებელია წყლიანი ინსტრუმენტების გამოყენება. წყლის ერთმა წვეთმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს მთელი მოწყობილობა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა, მელნები გამოიყენება სხვა უამრავ სფეროში, როგორიცაა ფლოურესცენტული მიკროსკოპია, ფლუორესენტული ასახვა და ა.შ.

… მრავალი ტექსტი შესრულებულა ამათუ იმ სახის მელნით. ოდითგანვე იწერებოდა და კიდევაც მრავალჯერ დაიწერება შედევრები თუ პასკვილები, რომანები თუ განჩინებები, პოემები თუ საჩივრები… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ოდესმე რამე დაწერილა ან ოდესმე დაიწერება არის „აი ია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი