შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

რომელ საიტს სტუმრობთ ყველაზე ხშირად ინტერნეტში? არა, არა, სწორედ ვერ  ვიკითხე. მოდით თავიდან… რომელ საიტს სტუმრობთ ყველაზე ხშირად ინტერნეტში თქვენი ელექტრონული ფოსტის, ჟურნალ „მასწავლებლისა” და ფეისბუქის შემდეგ? რა ბრძანეთ? ჯერ მე ვთქვა? ვიტყვი,  რა თქმა უნდა, ამინდის საიტს. ასეთი რამდენიმე ვიცი და ყველგან სხვადასხვა მონაცემები წერია. მეც  ყველაზე უკეთეს პროგნოზს შევარჩევ ხოლმე და იმედიანად ვარ, თუმცა უფრო ხშირად არ ამართლებს და  სუსხიანი ამინდის, გვალვის ან რა ვიცი კიდევ, რის ამარა ვრჩები. 

ამინდს ელია განაგებს, ღრუბელთა ბატონი. ელიას არ იცნობთ? ქართული ფოლკლორიდან გახლავთ.  ივანე ჯავახიშვილი წერდა: „წმინდა ელია, იმ ღვთაების მოადგილე უნდა იყოს, რომელიც ღრუბლების სამფლობელოს – წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო”.  ის ღვთაება კიდევ ტაროსი გახლდათ. 

კახეთსა და ქართლში  ფოლკლორია შემონახული, რომლებიც უთუოდ ამ ღრუბელთ ბატონის ღვთაების თაყვანისცემას უნდა წარმოადგენდეს.  ტაროსის ღვთაებას სადიდებელს უმღეროდნენ. სადიდებელი  „ლაზარეზე” იყო. ანუ ტაროსი  „ლაზარედ” მოიხსენებოდა.

„ახ, ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა.
ღმერთო, მოგვე ცის ნამი,
აღარ გვინდა მზის თვალი,
ღმერთო- მოგვე ტალახი,
აღარ გვინდა გორახი”.

ხანგრძლივი  წვიმის დროს შემოატრიალებდნენ ხოლმე და უმღეროდნენ, ტალახი ყელში ამოგვივიდა, გორახი მოგვეციო. ასრულებდა თუ არა ლაზარე თხოვნას, ეს არ ვიცი. თუ მომღერლებს გაუმართლებდათ და მზე გამოანათებდა, ეჭვი მაქვს, ლაზარეს დაბრალდებოდა. 

ამინდის ცოდნა ყველას სჭირდება, მეკობრეებსაც კი. მეკობრე ხომ გახსოვთ ვინ არის. ახოვანი კაცია, ერთ ხელში ბოთლი უჭირავს (რაიმე სასმელით), მეორეში დურბინდი. ერთი თვალით ბრმაა, ან სულაც ისე, მოდისთვის აქვს ახვეული. ცალ ყურში კონწიალა რგოლი აქვს გაყრილი. მოსვირინგებული  სხეული  მყვირალა ფერების უგემოვნოდ შეხამებული ტანსაცმლით აქვს შემოსილი (თუმცა, ეს „კაუჭა ჯეიმზს” არ ეხება, ის ყოველთვის ჯენტლმენივით იცვამდა). მხარზე მწვანე თუთიყუში უნდა ჰყავდეს. თუთიყუში სხვა ფერისაც შეიძლება იყოს, მაგრამ გამოცდილი მეკობრის თუთიყუში მწვანეა. ამ თუთიყუშმა ერთი-ორი ცუდი სიტყვა უნდა იცოდეს (მეკობრის ფრინველისთვის ეს აუცილებელია).  მეკობრეთა ჯგუფს თავისი კოდექსი აქვს. 

1.ეკიპაჟის თითოეულ წევრს თანაბარი უფლებები აქვს  მოპოვებულ ნადავლზე;
2.თითოეული წევრი ნადავლის მოპოვებაში თანაბრად მონაწილეობს;
3.ეკიპაჟს გადამეტებული ლოთობა ეკრძალება;
4.გემზე ჩხუბი და აყალმაყალი დაუშვებელია;
5.შიში მეკობრის საქმე არ არის;
6.ბავშვები და ქალები გემზე არ დაიშვებიან;
7.ერთ-ერთმა წევრმა თვალ-ყური უნდა ადევნოს ამინდის ცვლილებას და ეკიპაჟს ამცნოს.

და ა.შ. სულ 25 პუნქტია. თუმცა მე ამ ბოლომ დამაინტერესა. კოდექსში კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ქარის სტიქიას უნდა იცნობდნენ და მოპოვებული განძიდან ცოტა პოსეიდონსაც უნდა შესთავაზონ. აქ მთავარი მათი კეთილი ნებით შეთავაზებაა, თორემ პოსეიდონმა თუ მოინდომა, ერთს წამოუბერავს, გემს ამოაყირავებს და ყველაფერი მისი არ გახდება? პოსეიდონი ზევსის ძმა და  ზღვების მბრძანებელია. თუმცა პოსეიდონს დამხმარე ღვთაებებიც ყავს, ზეფირი, ბორეუსი და ნოტი. 
ბორეუსი ჩრდილოეთის ქარებს განაგებს, ზეფირი – დასავლეთის ქარს, ნოტი – სამხრეთის ქარებს მართავს და თან ნისლსაც მოიყოლებს ხოლმე. 

თუმცა ერთ დღესაც,  ერთ-ერთ  მეკობრეს, რომელსაც მწვანე და ცუდი სიტყვების მცოდნე თუთიყუში ჰყავდა, თვალი აკრული ჰქონდა და კოდექსის ყველა პუნქტს აკმაყოფილებდა, ეტყობა პოსეიდონის და მისი დაუდგრომელი ბიჭების იმედად ყოფნა მობეზრდა,  ადგა და მე-17 თუ მე-18 საუკუნეში, ე.წ. „Storm glass”, ანუ „შტორმის ჭურჭელი” გამოიგონა. 

მოგვიანებით ინგლისელმა  ჰიდროგრაფმა და მეტეოროლოგმა, ვიცეადმირალმა რობერტ ფიცროიმ აღწერა ბარომეტრ „Storm glass”-ის  თვისებები. ამიტომ ხელსაწყოს ფიცროის ბარომეტრსაც უწოდებენ. წარმოიდგინეთ მინის კოლბა, რომელიც სავსეა სპირტხსნარით, მასში  გარკვეული პროპორციით გახსნილია ქაფური, ამონიუმის ქლორიდი  და კალიუმის ნიტრატი. კოლბა ჰერმეტულადაა დახურული, საცობი მირჩილული აქვს. თუმცა, მასში მუდმივად რაღაც ხდება – კრისტალები ხან წარმოიქმნებიან, ხან ქრებიან. კარგ ამინდში კოლბაში ხსნარი სუფთა და გამჭვირვალეა, ნალექი ფსკერზეა. თუ წვიმაა მოსალოდნელი, ნალექი ზემოთ ამოდის და გამჭირვალე ხსნარში პატარა კრისტალები შეიმჩნევა. აციებისას კრისტალები ნემსისებურ ფორმას იღებენ.  ქარიშხლის დროს სითხე თითქოს დუღილს იწყებს და ქაფურის კრისტალები ზედაპირისკენ მიემართებიან. „Storm glass” იმდენად მგრძნობიარეა, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესება ნახევარი საათით ადრე შეუძლია იწინასწარმეტყველოს. ნახევარი საათით ადრე, ცნობა ამინდის შეცვლის შესახებ,  დღეს არ არის აქტუალური, თორემ მაშინ, მეკობრეების ეპოქაში ეს დიდი გამოგონება გახლდათ. 

რომში სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფნისას უნივერსიტეტის ქიმიის მუზეუმს ვეწვიე. გარეთ 40 გრადუსი სიცხე იდგა და თავი მაინც გადავდე. იმ მუზეუმში წიგნების განყოფილებაც იყო და სწორედ ერთ-ერთი  წიგნის  “Cooley’s Cyclopaedia of Practical Receipts” ასლში ამოვიკითხე  პროტოკოლი, როგორ დავამზადოთ „Storm glass” ლაბორატორიაში. აქვე უნდა დავწერო, რომ სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, სადაც შემადგენლობა ერთნაირია, რაოდენობაა განსხვავებული. ახლა ლაბორატორიაში გადავინაცვლებ და ერთად დავამზადოთ ეს საოცარი ხსნარი. 

აი, უკვე ლაბორატორიაში ვარ. ერთი წუთით, ხალათს ჩავიცვამ, დამცავ სათვალეს გავიკეთებ, გაშლილ თმას შევიკრავ და ხელთათმანსაც არ დავივიწყებ. 

რაო აბა, რა მჭირდება?

კალიუმის ნიტრატი, კი ბატონო მაქვს. ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი, 10 გ. ნატურალური ქაფური, რომელიც სპირტში უნდა გავხსნა.  ავიღებ რაიმე კოლბას და შიგნით 33 მლ გამოხდილ წყალს ჩავასხამ. ამ წყალში გავხსნი 2,5 გრამ კალიუმის ნიტრატს, 2,5 გრამ ამონიუმის ქლორიდს. ახლა მეორე ხსნარი მოვამზადო – 10 გრამი ქაფური და 40 მლ სპირტი. ორივე ხსნარს ოდნავ შევათბობ და ერთმანეთს შევურევ. ნალექში ქაფურის თეთრი კრისტალები გამოიყოფა. ახლა საცობს მოვარგებ და ცხელი პარაფინით ამოვლესავ, რომ ჰერმერტულად იყოს დახურული. ქიმიური ბარომეტრი მზად მაქვს – ფანჯარასთან დავკიდებ და ამინდიც მეცოდინება. მართალია ცვლილებას მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გავიგებ, მაგრამ მერე რა. 
მოკლედ, „Storm glass”-ის გამოგონების შემდეგ, მორიგე მეკობრე მუდმივად  კოლბას ჩასცქეროდა და ამინდის გამოცნობას ცდილობდა. ამ მეკობრესთან, რომ მივსულიყავი და მეკითხა, რა ხდებოდა  შუშის შიგნით და რა  პროცესებს  ჰქონდა ადგილი, ზუსტად ვიცი რასაც გააკეთებდა. თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა, დამტაცებდა ხელს და გემიდან მომისროდა. 
თუმცა, მე მეკობრესთან არავითარი საქმე არ მაქვს და არც მისთვის უხერხული შეკითხვების დასმას არ ვაპირებ. თქვენ კი შეგეკითხებით (კითხვა მოსწავლეებს ეხებათ და არავითარ შემთხვევაში მასწავლებლებს) – რა ხდება კოლბის შიგნით?  
ნარევში შემავალი კალიუმის ნიტრატი და ამონიუმის ქლორიდი ქაფურის სიმკვრივის სტაბილიზებისთვისაა საჭირო. სუფთა ქაფურის სიმკვრივე 0,99გ/სმ3-ია, 50%-იანი ეთანოლის სიმკვრივე 20 გრადუსზე დაახლოებით 0,91გ/სმ3-ია, ხოლო სამმაგი ნარევის სიმკვრივე სპირტხსნარში 0,96-0,98 გ/სმ3-ია. ასეთ ხსნარში ქაფური ფსკერზე დაილექება, მაგრამ ხსნარის სიმკვრივის ან ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ნალექი ზემოთ ამოვა, ან კვლავ ფსკერისკენ ჩავა, ან  შეტივტივებულ მდგომარეობაში დარჩება და აიმღვრევა.  

ქაფურის ხსნადობა ვერ შეიცვლება მუდმივი ტემპერატურის პირობებში. დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს, რაც ცვლილებებს იწვევს ქაფურის ხსნადობაში. „Storm glass”-ის ცვლილებები ოთახში და გარეთ, ღია სივრცეში სხვადასხვაა. ამიტომ, ბუნებრივია, მისი განთავსება  გარეთ ჯობია. 

მოკლედ, მე იმის თქმა მსურს, რომ სადაც კი წავალთ ქიმია ყველგან გვხვდება. მეკობრეებმაც კი გაუთვიცნობიერებლად, მაგრამ მაინც პოსეიდონსა და მის ბიჭებს ქიმია ამჯობინეს. ამინდის გამოცნობაც ქიმიის ცოდნას უკავშირდება. მე ნამდვილ ამინდს ვგულისხმობ, თორემ ჩვენი ცხოვრების ამინდზე რუსთაველმა უკვე თქვა:
„… საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე  ცა რისხვით მოუქუხდების…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი