ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვთა სპორტის მომავალი საქართველოში

გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა, სახელად პიეტრო რაპირი. ამ კაცის სახელი და გვარი ბუნებრივია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მისი საქმიანობა კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია. სენიორ პიეტრო მთელს აპენინებზე დადიოდა თავისი ძველი “ფიატით” და ნაცნობ თუ უცნობ მეწარმეებს არწმუნებდა, რომ მის საყვარელ საფეხბურთო კლუბ “ბოლონიაში” ფულის ჩადება ღირდა. ბიზნესმენების დიდი ნაწილი პიეტროს ნათქვამს არაფრად აგდებდა, ზოგი ალბათ დასცინოდა კიდეც, მაგრამ ამ ერთმა კაცმა იმდენი კი შეძლო, რომ საყვარელი კლუბისათვის რამდენიმე ფულიანი კაცი შეაამხანაგა და გუნდში ჩადებული ინვესტიციები შემდგომში “ბოლონიას” წარმატებების საწინდარი გახდა.
დღეს ქართულ სპორტს ყველაზე მეტად ალბათ სწორედ სენიორ პიეტრო და პიეტროსთანა ხალხი სჭირდება და ისიც ცხადია, რომ ერთი და ორი ასეთი კაცი ნამდვილად არ ეყოფა ამხელა საქმეს. განსაკუთრებით გამოსაყოფია ბავშვთა სპორტი, სადაც ინვესტიციების ჩადება ჭეშმარიტად საშური საქმეა და ეს ის კაპიტალდაბანდებაა, რომელიც შემდგომში აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. დიდ წარმატებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ მივიღებთ სპორტით დაკავებულ მთელს თაობას და განა ეს ცოტაა?
როდესაც ქართველ ბიზნესმენს ბავშვთა სპორტში ფულის ჩადებაზე ჩამოუგდებ სიტყვას, ის უმალ გეტყვით, რომ ეს მისთვის წამგებიანი საქმეა და არავის აქვს უფლება ფული იქ დააბანდებინოს, სადაც უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვერაფერს იხეირებს. საბაზრო ეკონომიკის ამბები კიდევ ყველამ კარგად ვიცით და რაც კაცს არ სურს, იმის დაძალებას რაც ქვია თანამედროვე ენაზე – ესეც კარგად მოგვეხსენება. მაშ, როგორ უნდა მოვიზიდოთ სპორტში ფული, რომ არც დაძალება გამოვიდეს და ბიზნესმენმაც (თუნდაც შორსმიმავალი გეგმებით) ხეირი ნახოს?
გამოსავლის ერთ-ერთ საინტერესო ვარიანტს გვთავაზობს მილანის “ინტერის” ოდიოზური, თუმცა უდავოდ ჭკვიანი ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი. მორატი ამბობს, რომ უმთავრესია, ბავშვთა სპორტში ჩადებული ფული სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენს ჩაეთვალოს როგორც სოციალური პროექტი და არა წმინდა წყლის ინვესტიცია და თუკი სახელმწიფო ასეთი ტიპის ინვესტიციებში ბიზნესმენს რაღაცწილად დაეხმარება, შესაძლებელია მეტად საინტერესო შედეგები მივიღოთ. იტალიაში ბავშვთა სპორტში ფულის მოზიდვა ისე, რა თქმა უნდა, არ ჭირს როგორც ჩვენთან, მაგრამ მორატის ამ იდეებს აპენინებზე ბევრი მიმდევარი ჰყავს და ერთი შეხედვით ნამდვილად არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
საქართველოში ბოლო დროს რატომღაც გაჩნდა არამართებული შეხედულება, რომ თითქოს ინვესტიციები ერთი პრივილეგირებული სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს. ეს მინიმუმ სხვა სახეობების არალოგიკური დისკრიმინაციაა. უმთავრესია გათვალისწინებულ იქნას რეგიონალური პრინციპი და ამა თუ იმ რეგიონში არსებული სპორტული ტრადიციები. მაგალითად, ქართლ-კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ან თუნდაც სვანეთში ბავშვთა ჭიდაობა – ძიუდო განსაკუთრებით რომ უნდა დაფინანსდეს, ეს ალბათ უდავო საკითხია. დიდ ქალაქებში, გუნდური სათამაშო სახეობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოიყოს ჭადრაკი. დასავლეთ საქართველოს ბარში კი ალბათ ფეხბურთი უნდა იყოს პრიორიტეტული და ა.შ… ეს მხოლოდ ვარაუდია. მსგავს საკითხებზე ყოველდღე უნდა მიდიოდეს მსჯელობა. ამაში თვითონ ბავშვები და მათი მშობლებიც თუ ჩაერთვებიან – გაცილებით უკეთესი იქნება.
ჩვენთან ბავშვს ხშირად იმასაც კი არ ეკითხებიან, სპორტის რომელი სახეობა მოსწონს ყველაზე მეტად. ამიტომ ხშირად ვიღებთ სპორტზე გულაცრუებულ ბავშვებს, რომლებისთვისაც სპორტზე სიარული მხოლოდ მძიმე რუტინაა და მეტი არაფერი.
საუბრით შორს რომ არ წავიდეთ, ალბათ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვთა სპორტის გასავითარებლად პირველ ყოვლისა ინვესტიციებია მოსაზიდი. ეს აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებელი საქმეა, თორემ მომავალი დიდი ჩემპიონები თვალსა და ხელს შუა გვეცლებიან. სენიორ პიეტრო რაპირიც, სამწუხაროდ, არსად ჩანს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი