შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გულო, სანამ გული გქვია…

„ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა. წურავდა ნელა, დიდი მონდომებით: ერთი და ორი, ორი და სამი, სამი და ოთხი… ბოლოს ისე მოუჭირა ხელი, ისე დაწურა, სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭყლეტილი მიაგდო სადღაც კუთხეში, – გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა, მაგრამ გულის გაჩერება სიკვდილი არ ყოფილა, ეს ყოფილა უზომო შიშისაგან ფართოდ გახელილი თვალები და დაუსრულებელი მოლოდინი იმისა, ამუშავდება თუ არა ისევ წყეული გული, ამუშავდება თუ არა?!

გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა ცეცხლზე შემდგარ რძესავით…”
ნოდარ დუმბაძემ ასე თავისი ინფარქტი აღწერა თავისივე ნაწარმოებში. ოღონდ ეს მაინც მხატვრული წარმოსახვაა. მე კი, მოდი, ისე დავწერ, როგორც ქიმიკოსს მოეთხოვება – რა არის ინფარქტი და რამდენი ხანია ჩვენს განკარგულებაში.

ინფარქტის დროს ზუსტად 90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ან სხვისი გული გადავარჩინოთ.

მიოკარდის ინფარქტი დაავადებაა, როცა გულის კუნთს აღარ მიეწოდება სისხლი, რადგან სისხლძარღვის სანათური იჭედება. ეს უმთავრესად ათეროსკლეროზის გამო ხდება, თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზებიც ჩაერთოს საქმეში. მაგალითად, ბაქტერია სტაფილოკოკს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეუძლია გამოყოს ფერმენტი კოაგულაზა, რომელიც გულს უტევს. შედეგად სისხლი ვეღარ მოძრაობს, ადამიანი ტკივილს გრძნობს და სიმწრის ოფლი ასხამს. 20 წუთის შემდეგ გულის კუნთი სიკვდილს იწყებს. თუმცა წინ მთელი 90 წუთი გვაქვს, რომ კუნთი გადავარჩინოთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ შინ მარტო ვართ და ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება ან ოჯახის წევრის ინფარქტის უნებლიე მოწმე გავხდით?

რა თქმა უნდა, მაშინვე სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ მის მოსვლამდე გულხელდაკრეფილი ლოდინი არ შეიძლება. პირველი, რაც უნდა მივაშველოთ გულს, ნიტროგლიცერინია – „მკვლელი და მკურნალი” (ნობელსა და ნიტროგლიცერინზე უკვე დავწერე სტატიაში „წერილები ბიძას”). ის აფართოებს სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევაც უმჯობესდება. მერე კი ასპირინი უნდა დავღეჭოთ, რათა თრომბოციტების შეწებება შევაჩეროთ. ათეროსკლეროზულ ფოლაქებზე, რომლებითაც შევიწროებული სისხლძარღვის კედელია ამოფენილი, სწორედ თრომბოციტების შეწებება ხდება და საბოლოოდ თრომბად ყალიბდება. 

წამლების მიღების დროს ავადმყოფი უნდა იჯდეს ან იწვეს.

ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, პირველად შარლ ჟერარმა მიიღო სინთეზურად 1853 წელს.

1897 წლის 10 აგვისტოს ფელიქს ჰოფმანმა, რომელიც ბაიერის ლაბორატორიაში მუშაობდა, აცეტილსალიცილის მჟავა პირველად მიიღო მედიცინაში გამოსაყენებელი ფორმით. ის რევმატიზმის საწინააღმდეგო წამალს ეძებდა, რადგან ამ დაავადებით იტანჯებოდა მამამისი.

ბაიერმა ახალი წამალი ასპირინის სახელით დაარეგისტრირა.

1899 წელს ასპირინის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად ის სიცხის დამწევ პრეპარატად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც ჰქონდა. 1904 წლიდან მას აბების ფორმა მისცეს.

1983 წელს სამედიცინო ჟურნალ “New England Journal of Medicine”-ში დაიბეჭდა პუბლიკაცია, სადაც აღწერილი კვლევის თანახმად, ასპირინი მიოკარდის ინფარქტის დროს გადარჩენის შანსს ორჯერ ზრდიდა.

კიდევ ერთი – თუ შინ მარტო ვართ, კარი უნდა გავაღოთ. გონების დაკარგვა ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი და სასწრაფოს ექიმები ღია კარში ადვილად შემოვლენ.

„ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ”, – ერთ დღესაც ასე ბრძანა ლუდვიგ ფოიერბახმა. ისღა დამრჩენია, დავეთანხმო ლუდვიგს და იმ საკვების ჩამოთვლაზე გადავიდე, რომელიც ინფარქტგადატანილი ადამიანისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:

* ცხიმი;
* ნახშირწყლები, განსაკუთრებით – შაქარი;
* მარილი (ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმში წყალს აკავებს და ქსოვილთა შეშუპებას იწვევს, წნევასაც სწევს მაღლა და სისხლძარღვის სანათურის შეკუმშვასაც უწყობს ხელს).

სამაგიეროდ, კარგია პარკოსნები, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო – ეს ბოსტნეული შეიცავს უხეშ ბოჭკოს, რომელიც არ გადამუშავდება, არ შეიწოვება, წყლით გაჯირჯვებისას კი (ხომ გახსოვთ, დღეში ორი ლიტრი წყალი გვჭირდება) ფუვდება და ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას. უფრო სწორად, ქოლესტერინისა და ტოქსიკური ნივთიერებების 15%-ს თვითონვე იწოვს და ორგანიზმიდან გამოაქვს. გამოდის, რომ უხეში ბოჭკოს შემცველი საკვები აუცილებელია.

კიდევ რა არ შეიძლება? 

სიმძიმეების აწევა, ავად სახსენებელი სიგარეტი და ბევრი ყავა.

უბიქინონზეც უნდა დავწერო – „ყველგან მყოფზე”. დიახ, სწორედ ასე ითარგმნება მისი სახელწოდება ლათინურიდან. საქმე ის არის, რომ ეს დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერება თავისუფლად „დაეხეტება” მიტოქონდრიაში არსებულ სუნთქვით ჯაჭვში, – იქ, სადაც ATP-ის სინთეზი ხდება, – და თავისუფალ რადიკალებს უვნებელყოფს. ამიტომაც შეარქვეს „ყველგან მყოფი”.

მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაში უბიქინონის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება სუნთქვითი ჯაჭვის სხვა კომპონენტების რაოდენობას. ის ადვილად დაცურავს მემბრანის ლიპიდურ შრეში, მონაწილეობს პროტონებისა და ელექტრონების „შეგროვებაში” და ელექტრონების ციტოქრომული სისტემისთვის გადაცემაში.
წყალბადის ატომების მიერთებისას უბიქინონი აღდგება უბიქინოლად ანუ უბიჰიდროქინონად, ხოლო უბიჰიდროქინონის მიერ პროტონებისა და ელექტრონების გაცემის შედეგად დაჟანგული ფორმა უბიქინონი მიიღება:

CoQ+2H=CoQH2

უბიქინონი როგორც მცენარეების, ისე ცხოველების უჯრედებში გვხვდება. ქიმიურად ის 2,3-დიმეთოქსი-5-მეთილ-1,4-ბენზოქინონია, რომელთანაც მეექვსე მდგომარეობაში 6-დან 10-მდე იზოპრენის ნაშთია დაკავშირებული. ადამიანის უჯრედების მიტოქონდრიების CoQ იზოპრენის 10 ნაშთს შეიცავს და ასეც გამოსახავენ – CoQ10. დიახ, სწორედ ასეთ სიმბოლოს წააწყდებით იმ დამატებითი მედიკამენტის შეფუთვაზე, რომელსაც ექიმი ინფარქტგადატანილ ადამიანს გულის კუნთის საკვებად დაუნიშნავს. ბუნებრივია, ინიციატივა ჩვენ თვითონ არ უნდა ავიღოთ ხელში და თუნდაც ისეთი დანამატი, როგორიც უბიქინონია, ექიმის უნებართვოდ არ უნდა დავლიოთ.

ინფარქტზე ვწერ…

იცით, რომ მათ, ვინც ველოსიპედით დადის, გული უფრო ჯანმრთელი აქვთ და 6 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ავტომანქანით მოსეირნენი? არც ფეხით სიარულის მოყვარულებს აქვთ საქმე ურიგოდ – მათი უპირატესობა გულის მხრივ 4 წლით მეტი სიცოცხლეა.

იცით, რომ 36 წლამდე ინფარქტის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ფაქტორი სიგარეტია?

იცით, რომ არასწორი ცხოვრებისა და კვების რეჟიმის შედეგად ადამიანის სისხლძარღვებში გაჩენილი ათეროსკლეროზული ფოლაქების სისქე 35-40 წლისთვის უკვე სარისკოა?

იცით, რომ ყველაფრის გულთან მიტანა არ შეიძლება?

იცით, რომ მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად აღმოჩნდა, რომ გულით ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იხოცებოდნენ? ისინი რაღაზე დარდობდნენ ნეტავ?..

გული ოხერია, შეუძლია, უამრავი გულისტკენა, იმედგაცრუება, აღშფოთება, უსამართლობა მოითმინოს, წლობით არაფერი შეიმჩნიოს და თავისი საქმე აკეთოს, მერე ერთ დღესაც ყველაფერი ერთბაშად გაუხსენოს პატრონს, უსაყვედუროს, ამდენ უსამართლობას რატომ ითმენდიო და გაჩერდეს…

ერთმა ნაცნობმა მითხრა, ისეთი უგრძნობი გავხდი, არც არაფერზე ვღელავ, არც არაფერი მადარდებს, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა ამქვეყნადო. 

ჰო, ასეთს გული არ ეტკინება. 

მე კიდევ…

„გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე” (შოთა ნიშნიანიძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი