ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მეორე მშობლიური ენა (ნაწილი III)

სუძუკის მიაჩნდა, რომ ვიოლინო პატარებისთვის მეტისმეტად დიდი იყო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ბავშვის შესაბამისი ზომის ინსტრუმენტის დამზადება?! ამ იდეით შთაგონებულმა მასწავლებელმა პატარა ვიოლინოების საკუთარი ხელით კეთება დაიწყო. 
 
როგორ ესწავლებინა პატარებისთვის მათზე დაკვრა, სუძუკის ინკუბატორის ტოროლას ბარტყებმა უკარნახეს. საიდუმლოს გასაღები მიბაძვა აღმოჩნდა. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა სხვა სათამაშოებთან ერთად მაგიდაზე ვიოლინოები და ხემებიც დააწყო. შემდეგ ბავშვებს ნება მისცა, ამ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი სათამაშოებით ეთამაშათ. თვითონ შუა ოთახში დაჯდა და დროდადრო სიმზე მხოლოდ ერთ ნოტს აჟღერებდა. როგორც ელოდა, ბავშვებმა რიგრიგობით დაიწყეს მისი მიბაძვა. შემდეგ მასწავლებელმა ორი ნოტი დაუკრა. ბარტყებივით, რომლებიც ჩიტ-მასწავლებლის მიბაძვით ითვისებდნენ ტრელებს, ბავშვებმაც მალე და ძალდაუტანებლად დაიწყეს ვიოლინოზე დაკვრა. ასე შექმნა იაპონელმა მევიოლინემ მეთოდიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
სუძუკის მიმდევრები გაუჩნდა. მისი ზოგიერთი მოსწავლე პირველი კლასის მუსიკოსი გახდა. პირველმა მოწაფემ, წინა წერილში მოხსენიებულმა 4 წლის ბიჭუნამ, მომავალში მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

„ბოლოს და ბოლოს მივხვდი – მეთოდი, რომლის საშუალებითაც ბავშვი მშობლიურ ენას ითვისებს, მუსიკის სწავლებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს მოიცავს. 30 წელია ვცდილობ ხალხის დარწმუნებას, რომ ყოველი ბავშვის სწავლებაა შესაძლებელი და რომ არ შეიძლება იმ ბავშვებზე ხელის ჩაქნევა, რომლებიც სწავლაში ჩამორჩებიან”, – ამბობდა სუძუკი, – „უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ბავშვი ლაპარაკს ან მუსიკას სწავლობს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციას, მოსმენას, გამეორებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომას, მეხსიერებას, მშობლების მონაწილეობასა და სიყვარულს. ხუთი წლის შემდეგ ეს მეთოდი უკვე სხვით უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ 7 წლიდან ყველა ბავშვი ჩვეულებრივ მუსიკალურ სკოლაში ისწავლის”.

რა გასაკვირია, რომ სუძუკის მეთოდს კრიტიკოსებიც გამოუჩნდა. მათი აზრით, პროფესიონალი მუსიკოსი ამ მეთოდით ვერ აღიზრდება. მეთოდს უმთავრესად იმას საყვედურობენ, რომ ის მასობრივად ვერ ამზადებს პროფესიონალებს. შენიშვნა, ცოტა არ იყოს, უცნაური მეჩვენება – თითქოს, ვინც კი მუსიკალურ სკოლაში განსხვავებული მეთოდით სწავლობს, ყველა პროფესიონალად ყალიბდება.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სუძუკის მეთოდი სხვა მეთოდებთან წინააღმდეგობაში სულაც არ მოდის, პირიქით, ის უნდა გამოვიყენოთ არსებულ მეთოდებთან ერთად. პრინციპიდან „დავუკრათ, როგორც ვლაპარაკობთ” გამომდინარეობს სწავლებისადმი შემდეგი მიდგომა: დაწყებითი ეტაპი ნოტების გარეშე. ბავშვი ხომ ჯერ ლაპარაკს სწავლობს, შემდეგ – კითხვას. ასევეა სუძუკის მეთოდშიც: პირველი ნაწარმოებები პედაგოგის დახმარებით სმენით ისწავლება, ხოლო შემდეგ აიხსნება ნოტები. ამასთან ერთად, პირველივე გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსტრუმენტთან სწორ ჯდომას და ბგერის ხარისხს (ხელის დაყენება) – არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის პირველი პიესა რთულია თუ მარტივი, თუ, უბრალოდ, ნოტ „დოს” უკრავს. დაწყებით ეტაპზე სპეციალობაში გაკვეთილი კოლექტიურია. ეს იმიტომ, რომ 3-4 წლის პატარები ვერ გაუძლებენ 40-წუთიან გაკვეთილს. ამ ეტაპზე ისინი მასწავლებლისა და სხვა ბავშვების დაკვრაზე დაკვირვებით სწავლობენ.

აქვე, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ისიც უნდა ვთქვა, რომ პატარების არათუ „გაკვეთილზე გაძლება”, არამედ მუსიკის საშუალებით სასიამოვნო სწავლა-გართობა მთლიანად დამოკიდებულია პედაგოგის პროფესიონალიზმზე, შემოქმედებით აზროვნებაზე, მოცემულ მომენტში გამოვლენილი ხარვეზის დასაძლევად შესაბამისი სავარჯიშოს უმალ მოფიქრებაზე, ყოველ გაკვეთილზე წინსვლით ბავშვისთვის თავდაჯერების გაღვივებაზე, მისი სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის მრავალფეროვნად დაგეგმილ დროზე, გაკვეთილის მსუბუქ, მხიარულ და დინამიკურ მსვლელობაზე და, რაღა თქმა უნდა, ბავშვებთან ურთიერთობის უნარზე, მათ გულწრფელ სიყვარულზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიაში განათლების სისტემა შესანიშნავია. გამართული სისტემისა და პედაგოგების დიდი ძალისხმევის წყალობით ხდება თითოეული ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება. იაპონიის ოჯახებსა და სასწავლებლებში ბავშვებს ლმობიერად ზრდიან, შეცდომისა თუ სიცელქისთვის არ საყვედურობენ. მათ არავინ უყვირის და ლანძღავს. უფროსები პატარებს ასე მიმართავენ: „შენ ძალიან შეგვაშფოთე”, „გული გვატკინე”. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებით ახლო კავშირი აქვთ მშობლებთან, ეს ფრაზები მათ დანაშაულის განცდას აღუძრავს, ამიტომ შემდეგ ცუდად მოქცევას ერიდებიან. კარგი იქნებოდა, ჩვენს პედაგოგებსაც გამოეჩინათ მოსწავლეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ესოდენ დელიკატური საკითხი ჩვენში ძალზე მწვავეს დგას და სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. 
***
პიროვნების მუსიკოსად ჩამოყალიბების პროცესის ილუსტრაციისთვის სინიტი სუძუკის ამგვარი მაგალითი მოჰყავს: „14 წლის წინ ქალაქ უეტაში „ტალანტების აღზრდის სკოლის” ორი მასწავლებელი ორი ბავშვითურთ ერთ ოჯახს ესტუმრა. ბავშვებს პატარა ვიოლინოები ჰქონდათ თან. ერთ-ერთმა სტუმარმა წარმოთქვა: „მოვუსმინოთ მუსიკას”, – და პატარებმა, ჩვეულებისამებრ, კონცერტი გამართეს. ჩემ პირდაპირ იჯდა ქალბატონი ჩვილით ხელში. ბავშვის ასაკით დავინტერესდი. მითხრეს, რომ ის 5 თვისა იყო. მისი 6 წლის და თურმე ყოველდღე ვარჯიშობდა ვიოლინოზე დაკვრაში – ვივალდის კონცერტ ლა მინორს უკრავდა, თან გამუდმებით უსმენდა ამ კონცერტის ჩანაწერს. ასე რომ, ჩვილი დაბადებიდანვე ვივალდის კონცერტის უნებლიე მსმენელად იქცა. დავინტერესდი, რა ეფექტს მოახდენდა მასზე ჩემ მიერ შესრულებული ბახის მენუეტი. ვუკრავდი და ჩვილის სახეს თვალს არ ვაშორებდი. ის ყურადღებით მაკვირდებოდა და მისთვის უცნობ მუსიკას უსმენდა. შემდეგ მენუეტიდან ვივალდის კონცერტზე გადავერთე – იმ ლა მინორზე, რომელსაც ჩვილი გამუდმებით ისმენდა შინ. პირველი ტაქტის დასრულება ვერც კი მოვასწარი, რომ საოცარი რამ მოხდა: ჩვილს გამომეტყველება შეეცვალა, გაიღიმა და, გახარებულმა, სახე დედისკენ მიაბრუნა, თითქოს უნდოდა ეთქვა: „გესმის, ეს ჩემი მუსიკაა!” მერე ისევ ჩემკენ შემობრუნდა და მუსიკის ტაქტში რწევა დაიწყო. ჩვილმა, რომელსაც მხოლოდ 5 თვე შეუსრულდა, იცოდა მელოდია ვივალდის კონცერტიდან. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ძუძუთა ბავშვი უნებლიე ინტერესს ამჟღავნებს ყველაფრის მიმართ, რასაც ხედავს და ისმენს. სწორედ ასე ეყრება საფუძველი პიროვნების ჩამოყალიბებას. ამ ყველაფერმა უნდა დაგვაფიქროს – ხომ შესაძლებელია, მან შეისრუტოს არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდიც… 

4 წლის შემდეგ ქალაქ მაცუმოტოში დიდი კონცერტი გაიმართა. სცენაზე 150 ბავშვი იდგა პატარა ვიოლინოებით ხელში. ისინი ვივალდის კონცერტ ლა მინორს ასრულებდნენ. „ვინ არის ის გოგონა, პირველი რიგის შუაში რომ დგას?” – ვიკითხე. პატარა მუსიკოსი მთელ სულსა და გულს დაკვრაში აქსოვდა და, მუსიკით მონუსხული, მის ტაქტში ირწეოდა. მიპასუხეს: „ჰირომი კიუტი უელიდან”. გამახსენდა! ეს ის გოგონა იყო, 5 თვის ჩვილი, სტუმრად ყოფნისას ამ მუსიკას მთელი გულით რომ უღიმოდა. მონაცემების სწორმა განვითარებამ ნაყოფი გამოიღო. დიახ, ბავშვი ვარჯიშისა და გარემოს საუკეთესო პროდუქტია! 

10 წლის შემდეგ ჰირომისგან წერილი მივიღე ნოტებთან ერთად. იმ დროს ის უკვე სკოლაში სწავლობდა. „ძვირფასო პროფესორო, მე ლექსები დავწერე და შემდეგ მათზე მუსიკა შევთხზე. აქ მოსწავლეებს შორის საუკეთესო სიმღერის ნაციონალური კონკურსი ჩატარდა. ჩემი სიმღერა გამოარჩიეს და პირველი ადგილი მოვიპოვე”. მცირე შემოქმედებითი ნიჭი საკმარისი არ არის ლექსისა და მის ტექსტზე მუსიკის შესაქმნელად… ვიხსენებ დედის მკლავებში მონებივრე პაწაწინა გოგონას, რომელიც ვივალდის კონცერტს უსმენდა და, მუსიკის ტაქტს აყოლილი, მთელი სხეულით მხიარულად ირწეოდა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ტალანტი მასში მშობლებმა აღზარდეს. აცუმი და ჰირომი ჩვეულებრივ ბავშვებად დაიბადნენ, მაგრამ მათ ძალზე გაუმართლათ მშობლებში”.

 
სუძუკის სახლში თანდათან იმატებდა პატარა მოსწავლეების რაოდენობა და სიცოცხლეც უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. მისი აღსაზრდელები მომავალში პატივსაცემ პიროვნებებად იქცნენ. ამით იაპონელი პედაგოგი ძალიან ამაყობდა და ხშირად იმეორებდა: „ტალანტი ადამიანს დაბადებისთანავე არ ეძლევა. ეს ბეჯითი მუშაობის შედეგია. გენიოსი ის არის, ვინც უდიდესი წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვა”. 

მუსიკოსმა სინიტი სუძუკიმ 99 წელი იცოცხლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი