პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მეორე მშობლიური ენა (ნაწილი I)

პატივცემულო მშობლებო, თუ თქვენს ოჯახში მუსიკალურ ინსტრუმენტზე არასოდეს არავის დაუკრავს, მაგრამ დიდი სურვილი გაქვთ, თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო მუსიკა იღვრებოდეს, გარწმუნებთ, ამაში ამომავალი მზის ქვეყნის შვილის – მუსიკოს სინიტი სუძუკის მეთოდიკა დაგეხმარებათ. 

მევიოლინე, პედაგოგი და ფილოსოფოსი სინიტი სუძუკი 1898 წელს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში, ვიოლინოს ხელოსნის ოჯახში. მთელი მისი ცხოვრება მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 22 წლისამ შეისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. 30 წლისამ ძმებთან ერთად სიმებიანი კვარტეტი შექმნა. 1946 წელს სუძუკი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ტალანტების კვლევის ინსტიტუტს აფუძნებს (სამ წელიწადში ამ ინსტიტუტში უკვე 1500 მოსწავლე ირიცხება), ექვსი წლის შემდეგ კი მართავს გრანდიოზულ კონცერტს, სადაც 1200 პატარა მევიოლინე უნისონში უკრავს. დღეს მთელ მსოფლიოში სუძუკის მეთოდით 8000 პედაგოგი მუშაობს, ხოლო 250 000 ბავშვი სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობს. 1997 წელს გაიხსნა სუძუკის მეთოდიკის საერთაშორისო აკადემია.

სინიტი სუძუკიმ დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალურ განათლებაზე როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. მისი მეთოდოლოგიური მიდგომა ეფუძნება პრინციპა: „მუსიკალურობა არ არის თანდაყოლილი ტალანტი”. სუძუკი ბრძანებს: „ნიჭი ისევე შეიძლება განვითარდეს, როგორც ყოველი სხვა სახის უნარი. სათანადოდ ნასწავლი ნებისმიერი მონდომებული ბავშვი შესაძლებელია გახდეს მუსიკოსი. ეს იმაზე რთული არ არის, ვიდრე მშობლიურ ენაზე ლაპარაკის სწავლა. ყოველი ბავშვის პოტენციალი განუსაზღვრელია”.

 
მეთოდი მაშინ დაიბადა, როდესაც სუძუკიმ ბავშვების მიერ მშობლიური ენის ადვილად შესწავლის უნიკალური უნარი დაუკავშირა ვიოლინოს ათვისების ანალოგიურ მეთოდს და მას „ტალანტის დაბადება” უწოდა. იაპონელი პედაგოგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მუშაობის მიზანი არ ყოფილა მუსიკის პრაქტიკული თვალსაზრისით გამოყენება – ეს იყო მხოლოდ გზა ბავშვის ღირსეულ და კეთილშობილ პიროვნებად აღზრდისთვის.

ყოველ ბავშვს შეუძლია მიაღწიოს მაღალ საგანმანათლებლო დონეს, თუ შესაბამისად ასწავლიან და თუ ეს სწავლება დაიწყება სიცოცხლის პირველივე დღიდან. სუძუკის აზრით, სწორედ ეს არის კაცობრიობის პოტენციალისა და ნიჭიერების განვითარების საფუძველი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც მის ნიჭს განვითარების საშუალება არ ეძლევა. მშობლები ამას ბავშვის უუნარობას აბრალებენ, მაგრამ ცდებიან. ადამიანი, რომელიც არაფრისკენ მიისწრაფვის და ცხოვრებისგან არაფერს ითხოვს, უბრალოდ არასწორადაა აღზრდილი. თუ ჩვენი ნიჭი არასათანადოდ განვითარდა, მოგვიანებით მის განვითარებას თვითონვე უნდა ვეცადოთ. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, არ გაგვიმართლაო, ჯობს ვიმოქმედოთ. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, ყოველ ადამიანს შესწევს უნარი, მეტს მიაღწიოს. 

ასე რომ, სუძუკი პირველ ადგილს ბავშვის პიროვნებას უთმობს, ხოლო ნიჭიერებას მეორე ადგილზე აყენებს. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუსიკისადმი სიყვარულით აღზრდისას ჩვენ ბავშვში, უპირველესად, პიროვნებას ვავითარებთ და შემდეგ – მუსიკალურ ნიჭს. იაპონელი პედაგოგი გვარწმუნებს, რომ მუსიკალური ტალანტი ბავშვების უმეტესობას აქვს. 3-4 წლიდან მათ თავისუფლად შეუძლიათ, სათამაშოსავით აღარ მოეპყრონ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ამ ასაკში მათზე დაკვრაც შესაძლებელია, და არათუ შესაძლებელი – სასურველიც. თუ მუსიკალურ განათლებას სათანადოდ მივუდგებით, მუსიკის წვდომასა და შესრულებას პრაქტიკულად ყველა პატარა შეძლებს. სუძუკის აზრით, მუსიკის სწავლება შესანიშნავად ავითარებს მგრძნობელობას, კონცენტრაციას, დისციპლინასა და სიბეჯითეს.

მასწავლებელმა მშობლის დახმარებით ბავშვისთვის მუსიკის სწავლებას იმ მომენტიდან უნდა მოჰკიდოს ხელი, როდესაც პატარა მოსწავლეს შეეძლება თუნდაც ხუთი წუთი ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა. არ არის აუცილებელი, სწავლება მაინცდამაინც ვიოლინოთი და ფორტეპიანოთი დავიწყოთ – ორი წლის ბავშვისთვის დაირა და ქსილოფონიც მისაღებია. თუ ბავშვს მოცემულ მომენტში არ სურს ინსტრუმენტთან ურთიერთობა, ნუ დავაძალებთ – შესაძლოა, მოგვიანებით მოისურვოს. მასწავლებელი ან მშობელი მელოდიის ნაწყვეტს დღეში რამდენჯერმე იმისთვის უკრავს, რომ ბავშვს ეს მელოდია კარგად დაამახსოვრდეს. ამავე დროს, პატარას აჩვენებს, რომელ კლავიშს დააჭიროს თითი, რომ მელოდია გამოვიდეს. მთავარია მოსმენა და გამეორება (როგორც ენის შესწავლისას – სიტყვებისა და ფრაზებისა). ბავშვი ჯერ ერთი ხელით იმეორებს, შემდეგ – მეორით… და ასე შეისწავლება ნაწარმოები ზეპირად. ბავშვი სმენით პირველ ნაწარმოებს მაშინ სწავლობს, როცა ჯერ კიდევ არ იცნობს სანოტო სისტემას. ამგვარი მეცადინეობა-გართობა 3-5-წუთიანი მინიგაკვეთილებისგან შედგება. ბუნებრივია, გაკვეთილის ხანგრძლივობა თანდათან გაიზრდება. მრავალჯერადი გამეორება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მელოდიის შესწავლას, არამედ მოსმენის განვითარებასაც.

  
თითქმის ყველა მშობელს სურს, მისი შვილები კარგად მღეროდნენ, კარგად უკრავდნენ, მაგრამ საინტერესოა, თუ ეს ნაწილობრივ მათზეც იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან. ჩემი აზრით, ამისთვის მათ დასჭირდებათ მუსიკაში იმ დონემდე გათვითცნობიერება, რომ დაწყებით ეტაპზე მაინც შეძლონ პატარების დახმარება. კარგია, როცა მშობლებსა და შვილებს მუსიკის სახით საერთო საქმე აკავშირებთ. ამ შემთხვევაში ისინი ეფექტურ შედეგთან ერთად მეგობრულ დამოკიდებულებასაც იღრმავებენ. ბავშვებს სკოლის გაკვეთილების მომზადებაში თუ ვეხმარებით, რატომ არ უნდა ვეხმარებოდეთ მუსიკაში? მათ ხომ ამ რთულ პროფესიასთან მარტო გამკლავება ძალიან უჭირთ. 

ნუთუ არასოდეს დავფიქრებულვართ იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში ბავშვები მშობლიურ ენას ძალდაუტანებლად ითვისებენ? ენის სწავლება ხომ დაბადებისთანავე იწყება. მშობლები, მშობლიური ენის „ექსპერტები”, ბავშვისთვის ენის სწავლებისას თავს მშვიდად ვგრძნობთ, ვინაიდან ამას ინტუიციით ვაკეთებთ. ყველამ ვიცით, რომ ბავშვს თავისუფლად შეუძლია, მშობლიურ ენაზე ალაპარაკდეს. მშობლები რატომღაც არ ვკითხულობთ, ახალშობილს აქვს თუ არა მეტყველების უნარი, უბრალოდ ვიწყებთ მასთან ლაპარაკს, როგორც კი ქვეყნიერებას მოევლინება. თავდაპირველად პატარა მხოლოდ გვაკვირდება და გვისმენს. მას ყოველდღე ერთი და იგივე სიტყვები ესმის, ხედავს ჩვენი ტუჩების მოძრაობას, ლაპარაკის თანმხლებ მიმიკას, განასხვავებს მოსაუბრეთა ინტონაციებს. თანდათან ის იწყებს მიბაძვას, ცდილობს ბგერების გამეორებას, რომლებსაც შემდეგ თავისებურად დაალაგებს მარცვლებად, სიტყვებად, ფრაზებად. დიახ, ასე სწავლობენ ბავშვები მშობლიურ ენას. ლაპარაკის შესწავლის შემდეგ კითხვასა და წერას შეისწავლიან. ეს უნარი შეძენილი კი არა, თანდაყოლილია.

როდესაც პატარა ლაპარაკს სწავლობს, ჩვენ ხომ ყოველი „აღუს” შემდეგ ვაქებთ სწორად თუ არასწორად გამოთქმული სიტყვისთვის. ამგვარი წახალისება ბავშვს კიდევ და კიდევ გამეორების სურვილს აღუძრავს. ასეთივე ძლიერმოქმედია ქება მუსიკაში მეცადინეობისას. „დამწყებ მუსიკოსს” მეცადინეობას თუ არ დავაძალებთ და, მით უმეტეს, შეცდომისთვის კი არ დავტუქსავთ, არამედ, პირიქით, შევაქებთ მიღწეული წარმატებისთვის, ის დიდი სიამოვნებით შეისწავლის ნოტების ენას ისევე, როგორც ასოების ენა შეისწავლა.
თუ ამ წერილის კითხვისას ბავშვთა მუსიკალური განათლების საკითხებმა დაგაინტერესათ, იაპონელი მასწავლებლის რეკომენდაციებს მის მეორე ნაწილში დაელოდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი