პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ქრომის“ ჩექმებიანი ჯუჯები…

პატარა ბიჭი სახლიდან გაიპარა. ჯერ ჩაძინებულ ბებიას ჩაუარა ფეხაკრეფით, სავარძლის კუთხეში მოკეცილ ფისოს გადაახტა, კარების სახელური ჩამოწია და გარეთ გახტა.  ეზოდანაც შეუმჩნევლად გავიდა და იქვე ტყისკენ მიმავალ ბილიკს შეუყვა. პატარა და სუსტია, ოქროსფერი ქოჩორი და თხელი ცხვირი აქვს. ტყეში სამ ჯუჯას შეხვდება, ჯუჯებს “ქრომის” ჩექმები და ფერადი მაისურები აცვიათ – ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი. ბიჭს არც კი ეშინია, არც კი უკვირს მათი ნახვა. ჯუჯები კიდევ სამ პრიალა გასაღებს მისცემენ, ცხოვრებაში გამოგადგებაო.

ეს ბიჭი თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. რამდენჯერ მინახავს, ოღონდ აზრს ვერ ვხვდებოდი. ისიც არ მესმოდა, რატომ იყო თოჯინური ფილმი უფროსებისთვის, როცა მეც მშვენივრად ვირთობდი თავს.

ჰო, ისევ ბიჭს დავუბრუნდეთ… უკვე გაზრდილა, ჭაბუკია. ტყეში შედის, ოდნავ გაივლის და მის წინ დიდი საკეტით ჩარაზული კარი ჩნდება, კარი მინისაა და შიგნით მზეთუნახავი დგას. დგას და შველას სთხოვს, ჯუჯების მიცემული ერთი გასაღები კარს გააღებდა და მზეთუნახავიც მისი გახდებოდა, თუმცა ჭაბუკმა მდიდრულად მორთული სკივრის გახსნა უფრო ისურვა და… კარიც და მზეთუნახავიც გაქრნენ, სკივრიდან კი პეპლები ამოფრინდა… 

ეს ჭაბუკი თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. რამდენჯერაც ვნახე სულ ერთნაირად იქცეოდა… თუმცა კვლავ ჭაბუკს დავუბრუნდეთ…

შუა ასაკის გამხდარა უკვე. ოჯახი არ უჩანს. კვლავ ტყისკენ მიდის. იქ თავის მეგობარს წააწყდება და რაღაც საკეტის  გახსნას სთხოვს, თუმცა კაცი თავისი მეორე გასაღებით ისევ სკივრს ხსნის. სკივრიდან კალიები ამოხტებიან, მეგობარი აღარსადაა.

  ეს კაცი   თოჯინური ფილმის გმირია. მე ბავშვობიდან ვიცნობ. სულ ასე იქცევა…

უკვე ჭაღარა და ბეჭებში მოხრილია. ძველი იერიდან სიფრიფანა ცხვირი და  დიდი თვალებიღა შერჩენია. ტყისკენ მიდის. იქ პატარა ბავშვია. რაღაც ყუთის გახსნას სთხოვს. ყუთში საჭმელია. მოხუცს მესამე გასაღები ჯერ კიდევ აქვს, ოღონდ ისევ მდიდრულ სკივრს აღებს. იქიდან ბაყაყები ხტებიან… ბავშვი აღარსად ჩანს…

ფილმი კი კვლავ სამი ჯუჯის გამოჩენით სრულდება. ასაკი სულ არ დასტყობიათ, “ქრომიანი ჩექმები” და მაისურები კი არ გამოუცვლიათ, ისევ ფერადი- ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი აცვიათ. 
იცინიანნნ…
რას გადავეკიდე ჯუჯების ფერად მაისურებს. ერთი ცდა გამახსენდა, ზუსტად ამ ფერებით.

კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის მცირე ნაწილი სინჯარაში ჩაასხით. დაამატეთ დიეთილის ეთერის ოდნავ მეტი რაოდენობა. რადგან ეთერს უფრო ნაკლები სიმკვრივე აქვს. ის კალიუმის ბიქრომატის ხსნარის ზედაპირზე განთავსდება და ორი შრე წარმოიქმნება. მიღებული ნარევი გოგირდმჟავით უნდა შევამჟაოთ (0,1M – 0,2 M აიღეთ) და რეაქციის დასაწყებად 10%-იანი  წყალბადის პეროქსიდი დავამატოთ. კალიუმის ბიქრომატსა და დიეთილის ეთერს შორის მუქი მწვანე, შავში გადასული შრე წარმოიქმნება, გამოიყოფა ჟანგბადი. ხოლო თვით სინჯარაში სამფეროვანი შრე გვექნება – ქვედა ნარინჯისფერი, შუაში შავი და ზედა მუქი ლურჯი. 

მიხვდით ალბათ – ქრომზე მსურს მოგიყვეთ. 

დედამიწის ქერქში ქრომი მცირე რაოდენობით არის, სულ  0,02%. 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა  ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და  ქრომი უწოდა.  ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს.  თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან.  ქრომის მთავარი ღირსება  მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს.  ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას  ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია. 

იმ დღეს სამსახურისკენ მიმავალს ჩემი პატარა მეზობელი შემხვდა. გარეგნობით სულ იმ თოჯინური ფილმის გმირ ბიჭს წააგავს, თუმცა ვუსურვებ, რომ ცხოვრება სხვანაირი ჰქონდეს. ჰოდა,  კაბაზე ჩამომქაჩა, კითხვა მაქვს თქვენთანო. გუშინწინ მე და დედა დიდ სავაჭრო ცენტრში ახალი ქვაბების საყიდლად წავედით და გამყიდველმა გვითხრა, კარგ ქვაბს უნდა ეწეროს 18 10-იო. ზუსტად მასეთები ვიყიდეთ, ოღონდ რას ნიშნავს არ ვიციო. აქ ცოტა კოპები შეიკრა და მკითხა, თქვენ უნდა იცოდეთ, ხომ ხართ ქიმიკოსიო? ჰმ, 18 10…

ბოლო ათი წლის განმავლობაში უჟანგავმა ჭურჭელმა თითქმის  მთლიანად ჩაანაცვლა ალუმინის ჭურჭელი. ეს ახალი უჟანგავი ჭურჭელი ცოტა ძვირი კი არის, მაგრამ უფრო დიდხანს ძლებს. მეც მაქვს ქვაბები, რომლებსაც 18 10 აწერია. კარგი, მოდით გავხსნათ ეს „დიდი” საიდუმლო. ქვაბები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ასეთი ფოლადი 18% ქრომს შეიცავს და 10% ნიკელს. საერთოდ, ეს ორნი მეგობრობენ და ძალიან ბევრი შენადნობის შემადგენლობაში ნახავთ ერთად.  იმ შენადნობს კი, რომელიც მხოლოდ ამ ორ მეტალს შეიცავს, ნიქრომი ეწოდება და დენის საშუალებით გახურება შეუძლია. ამიტომ, ნიქრომის სპირალებს სად აღარ ნახავთ, უთოებში, ელექტროქურებში.

ქიმიურ ლაბორატორიებში მუქი სითხე გვაქვს, რომლითაც ქიმიურ ჭურჭელს ვრეცხავთ. უფრო რომ დავაზუსტო, საგულდაგულოდ გარეცხილი ჭურჭელი შემდეგ ამ სითხით სავსე რეზერვუარში უნდა მოვათავსოთ, გამოხდილი წყალი გავავლოთ და გავაშროთ. რა სითხეზე ვსაუბრობ?  ეს კალიუმის ბიქრომატის ნაჯერი ხსნარის და  კონცენტრირებული გოგირდმჟავას ნარევია. ამ სითხესთან სიფრთხილეა საჭირო, ორ უძლიერეს მჟანგავს შეიცავს და აბსოლუტურად ყველაფრის „შეჭმა” შეუძლია, მათ შორის ჩვენი კანისაც, თუ ზედ მოგვხვდა, რა თქმა უნდა.
სიტყვამ მოიტანა და იცით რა არის მჟანგავი?

ეს ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ატომებს ან იონებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ატომებს ან იონებს ელექტრონები წაართვან. მაგალითად, რატომ არის ძლიერი მჟანგავი  კალიუმის ბიქრომატი? მის შემადგენლობაში მყოფ  რომელ  ელემენტს აქვს მჟანგავის  თვისება? კალიუმი ყველა ნაერთში კარგავს თავის ერთადერთ ელექტრონს და დადებითად არის დამუხტული. აქაც მისი დაჟანგულობის რიცხვი +1-ია.  ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხი ყველა ნაერთში -2-ია. ქრომის დაჟანგულობის რიცხვი კი +6, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სწორედ ქრომია მჟანგავი. სწორედ +6 დაჟანგულობის ხარისხი აქვს ქრომს მინერალ კროკოიტშიც, საიდანაც ის პირველად გამოყვეს. ამ მინერალის ფორმულაა PbCrO4-ტყვიის ქრომატი. 

ზოგჯერ დამჟანგავი და აღმდგენი  ერთ მოლეკულაშია და ისინი ერთმანეთზე რეაგირებენ. ასეთ რეაქციებს თვით აღდგენის ან დაჟანგვის რეაქციებს უწოდებენ. მაგ. ამონიუმის ბიქრომატი. გარეგნულად კალიუმის ბიქრომატისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა ალბათ გახსოვთ,  როგორ აქტიურად იშლება და ამ რეაქციას ხუმრობით „ვულკანს” უწოდებთ. ეს და სხვა „ვულკანები” მე ადრე აღვწერე წერილში, სადაც ყორანთან ერთად ცეცხლოვან მთაზე ვიჯექი. მართალია, ეს ყველაფერში სიმზრად იყო, მაგრამ მერე რა. თუმცა მაშინ არაფერი მითქვამს იმაზე, თუ რა ხდება ამ რეაქციის დროს, ახლა კი გეტყვით.

ამონიუმის ბიქრომატი შემდეგი რეაქციის შესაბამისად იშლება- (NH4)2Cr2O7=Cr2O3+N2+H2O. რა ხდება ბიქრომატის მოლეკულის შიგნით?  ქრომის ჟანგვის რიცხვი იყო +6 და Cr2O3-ში გახდა +3. ანუ ქრომმა სამი ელექტრონი მიიღო, მაგრამ ვისგან მიიღო? აზოტისგან, რადგან აზოტის ჟანგვის რიცხვი იყო -3 (სამი ზედმეტი ელექტრონი ჰქონდა წყალბადისგან) და რეაქციის შედეგად ელექტრონეიტრალური გახდა. ეს ნიშნავს, რომ სამი ელექტრონი დაკარგა და დაიჟანგა. 

ახლა ქრომის სხვა ნაერთებს მივხედოთ, ერთი იისფერია, ქრომ (III) კალიუმის ორმაგი სულფატი KCr(SO4)2 და ნარინჯისფერი კალიუმის ბიქრომატი K2Cr2O7.  ამ ნივთიერებებით ტყავს თრთიმლავენ, ტყავი ბრწყინავს, მდგრადი და მოხერხებულია. სწორედ აქედან არის სახელი – „ქრომირებული (ქრომის) ჩექმები”. 

ასეთი ჩექმები ტყეში ჯუჯებს ეცვათ. ზემოთ „ვულკანი” რომ გავარჩიე გახსოვთ? ახლა ამ თოჯინურ ფილმსაც გავარჩევ. ტყე ცხოვრებაა, დაბურული, ზოგჯერ ნათელი, სწორი ან ხვეული ბილიკებით, მოკლედ გამოუცნობი. სამი გასაღები ალბათ ის გამოცდაა, რაც ცხოვრებაში უნდა ჩავაბაროთ. თუ ადამიანობაზე უარს ვიტყვით და განძს გამოვედევნებით, შეიძლება ხელში ოქრო კი შეგვრჩეს, მაგრამ მას პეპლის, კალიის ან ბაყაყის ფასი ქონდეს ჩვენს ცხოვრებაში. 

მოკლედ, არ ვიცი, ყველა თავის გზას ირჩევს და ბოლოს ვინ რის ამარა დარჩება, ამის განსაზღვრა წინასწარ ძნელია.

ის კი კარგი იქნება „ქრომის” ჩექმებში გამოწყობილი ჯუჯები ცხოვრების მიწურულს  ჩვენსავე თავზე არ ვაქირქილოთ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი