პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პაპას მონაყოლი

ვის უნდოდა ომი და უბედურება, შვილო. გიჟები კი არა ვართ? აგე, ესენი არიან, რაც არიან, თორემ ჩვენ და ოსები სულ ერთად არ ვიყავით განა?! – ამბობს ქართლელი პაპა და ხელს მდინარის გაღმა იშვერს, სადაც რუსების საგუშაგოა მოწყობილი, –  ვინ იცოდა ადრე განსხვავება ოსისა და ქართველისა. მთელი ახალგაზრდობა სულ მაგათ სოფლებში გავატარე. კარგი საკლავი და თაფლი თუ გინდოდა, სხვაგან რატო წახვიდოდი? ერთი ჭიდაობის დროს თუ მოგვივიდოდა ხოლმე ჩხუბი და ეგეც ბოლოს სუფრით მთავრდებოდა.


კარგად მახსოვს, მაშინ ჰა, ჰა, 18 წლისა თუ ვიქნებოდი. დილაა და ჩემი ბიძაშვილი გოგია მაღვიძებს – ხო იცი, დღესა ჭიდაობაა, ოსები არიან ჩამოსულები და იმუქრებიან ძალიანაო. წინა წელს ჩვენმა ბიჭებმა მაგრად აჯობეს იმათა და გამწარებულები იყვნენ. განა სულ ასეთი დაბეჩავებული ვიყავ შვილო… მაშინ ჯანიც მომდევდა და კაი მოხერხებაცა მქონდა. ჩემზე დიდებს ვაგდებდი ჭიდაობაში ხოლმე. ჩემი ბიძაშვილიც კარგად ჭიდაობდა, მაგრამ ცოტა დონდლო იყო. ჩავიცვით, გავემზადეთ, არ დაველოდეთ, სანამ საწყალი ბაბოჩემი კერძს გაგვიცხელებდა, მოვიტეხეთ ყველი და პური და ჩავედით ჭალაში.


ერთი კაი ადგილი გვქონდა საჭიდაოდ. ჭალაში სამი დიდი წაბლი იდგა, იმათ ქვეშ მიწაში მრგვალად ამოჭრილ ადგილზე ვყრიდით ახალ ნახერხს და იქა ვჭიდაობდით. მერე კიდევ, გადავეშვებოდით ხოლმე მდინარეში და თუ რამ ოფლი და ჭუჭყი გვქონდა, მდინარე გვაცლიდა… ჰოდა, ჩავედით და უკვე მთელი ჩვენი სოფელი იქაა. “ისინიც” ჩამოსულან და დგანან დაბღვერილები. ჯერ დილაა კაცო, ბალახები სულ სველია და ცოტა ცივა კიდეცა, მაგრამ კვირა დღეა და სანამ საკვირაო ბაზარზე წავალთ, ჯობია დილითვე მოვასწროთ ჭიდაობა. ჯერ ჩვენი სოფლელი, საწყალი ალექსა ვაჭიდავეთ. ტანად პატარა კი იყო ეს ალექსა, მაგრამ ისეთი ჯეჯგვი რამე იყო, მაგის წაქცევას დიდი ამბავი უნდოდა. ოსებმა ხათირა გამოიყვანეს – კარგი, გულიანი ბიჭი. აღარც ისაა ცოცხალი ახლა. ხან აქედან მიუდგა ხათირა ჩვენს ალექსას და ხან იქიდან. ეჯაჯგურება, ებღლარძუნება, მაგრამ ძვრას ვერ უშვრება. ორივემ მაგრად იწვალა. ბოლოს ისევ ალექსას მოგვერდმა გაჭრა და ააყირავა საწყალი ხათირა. ძაან ეწყინა წაგებულს. ჩაჯდა იქვე ბალახებში და იღვრება ცრემლად. მერე ჩემი ბიძაშვილი გოგია გავიდა. იმათ ერთი ჯაველი ”რიჟა” ბიჭი ჰყავდათ წამოყვანილი. მანამდე ეგ ბიჭი არავის გვენახა და სახელიც არ ვიცოდით. არ ვიცი, რა დაემართა ამ გოგიასა და ერთ წუთში უკვე ბეჭებზე გააკრა იმ ”რიჟამ”. აი მაშინ კი ახმაურდნენ ოსები. ურტყამენ მხარზე ხელს გამარჯვებულს და არიან გნიასში. მერე კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი, სიმონას ძმა გაბო წაგვიქციეს და წაგვიხდა ნირი. ისინი კიდევ, იძახიან, “გამოდით აბა, შარშანდელივით კი, ვეღარ გვაჯობებთო…” მაშინ სულ ცხვარზე ვჭიდაობდით. ვინც გაიმარჯვებდა, იმას ცხვარს აძლევდა წაგებული. ტურნირები და ეგეთი რაღაცები ვინ იცოდა. ერთი მაგარი ბიჭი გვყავდა – როსტომაანთ გენადა. აი, ის იყო ნამდვილი ფალავანი, მაგრამ იმ დღეს რატომღაც არ იყო ჭალაში ჩამოსული საჭიდაოდ. მოვიკითხეთ და ყანაში წასულიყო ბიძამისის მისახმარებლად. გავაგზავნეთ პატარა ბიჭები თხოვნითა და ერთი ამბით. აბა, როგორი ამბავია შვილო, გვჯობნიან და ვერაფერს ვუშვრებით. თავიდან კი უთრევია წელი, მაგრამ ბოლოს მაინც გამოჰყვა ბიჭებს. მოვიდა და იქვე გაიხადა დახეული, ძეძვიანი შარვალი. თან ემჩნევა, რომ მაგრადაა დაღლილი და მზისაგან სახე და ტანი სულ დაწითლებული აქვს. მოკლედ, გაიძრო ტანსაცმელი, დადგა ეგრე, “კლეჩატი” ნიფხავის ამარა და ოსებს ეუბნება: “აბა ჰა, ჩქარა გამაიყვათ თქვენი კაცი, ბიძაჩემს გამოვეპარე და მომკლავს, მალე რომ არ დავბრუნდეო”. გამოიყვანეს ორმეტრიანი სოსირა. კაცი კი არა, დევი იყო. უყურებს ეს გენადა და უყურებს ისიცა. ზომავენ ერთმანეთს თვალით. ბოლოს, დაეძგერნენ ერთმანეთს. ხელები ერთმანეთის მხრებზე აქვთ შემოჭერილი და ისე ტრიალებენ, სულ აამტვერეს იქაობა. აჯობა გენადამ. დაუყუინცა თავი, სოსირას ეგონა, წელში შევარდნას მიპირებსო და უკან გახტა. გენადასაც ეგ უნდოდა. მოკიდა თავისი გრძელი ხელები წელზე და იმხელაზე მოისროლა, წელი ვერ აითრია უბედურმა სოსირამ. ახლა ჩვენ ავტეხეთ ჟრიამული და ერთი ამბავი. გენადამ კიდევ, ვითომც აქ არაფერიო – გადახტა მდინარეში, ერთი-ორი გაიბანავა, მერე ჩაიცვა თავისი დახეული შარვალი და წავიდა ყანაში. გამოვიდა, რომ ორმა ჩვენმა და ორმა იმათმა გაიმარჯვეს. სულ ბოლოს მე გავედი. იმათ დიდთავა კოსტას ყოველთვის ვჯობნიდი და არც მაშინ გამჭირვებია. ისევ ჩვენ დავრჩით გამარჯვებულები. ეს ძალიან ეწყინათ ოსებს და გაბრაზებულ გულზე ჩხუბი აგვიტეხეს. ისეთი ჩხუბი მოხდა, თავპირდაუსისხლიანებელი არავინ დავრჩენილვართ. განსაკუთრებით, ვინც გავიმარჯვეთ, იმას გვირტყამდნენ. იმათაც მაგრად მოხვდათ.


ბოლოს რა? ბოლოს მაინც სუფრა გაიშალა. ცხვრებიც ერთად დავკალით და სადღეგრძელოებიც კარგები ვთქვით. ყველას გვინდოდა იმ დღეს საკვირაო ბაზარში გასვლა, მაგრამ ასე თავპირდადსისხლიანებულები აბა სად გავიდოდით? გვიან ღამემდე ვიჯექით იქვე მდინარის პირას და ვქეიფობდით. რა წყენა? რის მტრობა? მეორე დღეს ვის გვახსოვდა ჩხუბი?! ახლა რა, განა კაი დღეში არიან ისინი. აგე, ხო ხედავ, შვილო, დგანან ჩვენს შუა რუსები და რო კითხო, მშვიდობისათვის დგანან. მაგათი დამყარებული მშვიდობა არ გაიშვას არსად. ხალხისგან სულ დაიცალა იმათი სოფლებიც. სადაც ვჭიდაობდით ხოლმე, ის ბებერი წაბლის ხეები ისევ დგას, მაგრამ იქამდე რუსები აღარ გვიშვებენ. ვუყურებ ახლა ჩვენს ჭალას და გული მიკვდება. იქნებ ოდესმე ჩვენც დაგვადგეს საშველი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი