შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სამი მიზეზი ჩაისთვის…


ასე თხლად ჩაცმული რომ მოვდიოდი, თავი მაინც ვინ მეგონა?  მოსაცმელიც კი არაფერი მაქვს, ყველაფერი ჩემოდანშია  ჩალაგებული.

ჰოდა, ახლა თვითმფრინავში ვზივარ და საკუთარ თავს ყურს ვუგდებ. ცხვირი სველი მაქვს, ყელი მფხაჭნის, თავიც მიგუგუნებს.  შემდეგი სტადია უკვე ჟრუანტელი და ძვლებში მტვრევის შეგრძნება იქნება. ოღონდაც ეს არა! ჩემი მოგზაურობა ამჯერად ხუთდღიანია და ყოველი დღე დილიდან საღამომდე დაკავებული მაქვს. აქედან ორ შეხვედრაზე მოხსენებით ვარ გამოსასვლელი და არ მინდა არც გაციება და არც სიცხე. 

აეროპორტში მომდევნო გადაჯდომამდე ოთხი საათი მაქვს და სულ ამაოდ ვცდილობ ვენტილაციისგან დაცული ადგილის პოვნას. ჟრუანტელიც მეწყება… თავის შესაქცევად სოციალურ ქსელში ვწერ,  დილიდან ვფიქრობ, გავცივდე თუ არა-მეთქი. ამას საკუთარი თავის გასამხიარულებლად ვაკეთებ. თუმცა ახალი ამბები ვირტუალური ქსელიდან რეალურ სამყაროში სინათლის სიჩქარით ვრცელდება და სტატუსის დაწერიდან ასე ხუთიოდე წუთში სახლიდან ზარია… 

გაცივდი ხო? სიცხე გაქვს? ცხვირით კიდევ სუნთქავ?

ოჰ, რატომ უყვართ ადამიანებს სხვის საქმეებში ჩარევა? 

კი ბატონო, ცხვირით ჯერ კიდევ ვსუნთქავ, თუმცა პირსაც ვიშველიებ და სანამ მთლიანად საავარიო სუნთქვაზე არ გადავსულვარ, სასწრაფოდ ჩაი უნდა დავლიო. უკვეთავ ყველაზე დიდი ჭიქით და ერთი მთლიანი ლიმონის დაჭრას ვითხოვ. ლიმონს ცალკე მივაყოლებ, ჩემს მდგომარეობაში ვიტამინ C-ს პაწაწინა ნაწილიც კი გასაფრთხილებელია და მდუღარე წყალს ვერ დავაშლევინებ.

– რომელი ჩაი მოგართვათ? – მეკითხება ოფიციანტი;

– რამდენნაირი გაქვთ? – კითხვას უბრუნებ;

– ხუთნაირი.

– ყველას გავსინჯავ ერთმანეთის მიყოლებით, – ვუღიმი ოფიციანტს. ისიც მიღიმის, ფიქრობს, ვეხუმრები. მე კიდევ სახუმაროდ საქმე არ მაქვს.

ჩაის ჭიქა ლამაზადაა გაფორმებული და ზედ ვიღაც უცნაურად მორთული კაცი  ხატია. თან ვსვამ თან ვათვალიერებ. ჩინეთის იმპერატორი შენ ნანგი ყოფილა. ჩინეთს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში მართავდა. სანადიროდ წაბრძანებულა და ჩემსავით გაციებულა, კოცონი დაუნთიათ და ზედ წყალი შემოუდგამთ. ნიავი ყოფილა და მდუღარე წყალში ჩაის ფოთლები ჩაყრილა, რომლებიც ნიავს იქვე მდგარი ჩაის ბუჩქიდან მოუტაცია. იმპერატორს ცხელი სასმელი მოსწონებია და უთქვამს, არ ვიცი მე არაფერი, ამის შემდეგ ცხელ წყალს ამ ფოთლებიანად ვსვამო. 

მე კიდევ სხვა ამბავი ვიცოდი ერთ ინდოელზე, რომელმაც შეამჩნია, რომ მისი თხები და ცხვრები სხვანაირად გახალისებულნი დარბოდნენ. აღმოაჩინა, რომ რაღაც ბუჩქიდან ფოთლებს წიწკნიდნენ. მერე, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ლეგენდებში ხდება ხოლმე, მოწყვიტა ფოთლები, ჯერ ალბათ გემო გაუსინჯა, მერე იფიქრა, აბა ცხელ წყალს დავასხამ და დავლევო და მოეწონა. ალბათ მეზობელს ურჩია, იმან მეორეს და აგერ ამ ლეგენდის ამბავმა ჩემს ყურამდეც მოაღწია. 

სოციალურ ქსელში დაწერილი ამბავი სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ამიტომ ჩაის დალევისთვის მხოლოდ  სამ მიზეზს დავწერ და ვნახოთ „ფეისბუქ-ნიავი” რა სიჩქარით გაავრცელებს მას.

მიზეზი #1

ჩაი შეიცავს კატექოლამინებს, რომლებსაც ანტისიმსივნური მოქმედება ახასიათებთ. ისინი ბუნებით ანტიოქსიდანტები არიან და თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. თუმცა, თუ სადმე სიმსივნურ უჯრედს წააწყდებიან, მასშიც სიამოვნებით  შეაღწევენ და, პირიქით, მჟანგავის  თვისებებს იძენენ და შიგნიდან ანადგურებენ მას.

მიზეზი #2

ჩაი გვიცავს ზედმეტი წონისგან. ამას კვლავ კატექოლამინები აკეთებენ, რადგან ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ და ერთი ჭიქა ჩაის დალევის შემდეგ  40-50კკალ-ით მეტი იწვება.  

მიზეზი #3

ძვლოვანი ქსოვილი რომ გვაქვს, ეს ვიცით. ახლა ისიც ვიცოდეთ, რომ უჯრედები, სახელად ოსტეოკლასტები,  ძვლოვან ქსოვილს შლიან. სხვა უჯრედები, სახელად ოსტეობლასტები კი აღადგენენ. კატექოლამინები ოსტეობლასტებს ააქტიურებენ, ოსტეოკლასტებს კი თრგუნავენ. ანუ ძვლოვან ქსოვილს დაზიანებისგან იცავენ. 

დღეში 4 ჭიქა ჩაია  საჭირო. თუმცა ჩაი წყალს არ ცვლის. პირიქით, შარდმდენია და ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის. 

წყალზე გამახსენდა, საქართველოში წყლის ქლორირებას ახდენენ (ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ონკანის წყალი ქლორს ნამდვილად შეიცავს), რითაც მის დეზინფექცია ხორციელდება. თუ ასეთ ქლორირებულ წყალს მრავალჯერ აადუღებთ, დიოქსინი წარმოიქმნება, რაც ორგანიზმში მოხვედრისას კიბოს პროვოცირებას იწვევს. დიოქსინი ქსენობიოტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ის ნივთიერებაა, რომელიც მეტაბოლიზმში ჩაერთვება. ასე რომ, წყალი ჩაისთვის ყოველთვის ხელახლა უნდა ავიღოთ ონკანიდან.

კიდევ რას შეიცავს ჩაი? მთრთილავ ნივთიერებებს – ფოთოლში 15-30%-ია. მათგან აღსანიშნავია ტანინი. სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩაის ფერი (თუმცა, ფერს ასევე მასში შემავალი პიგმენტებიც განაპირობებენ), სურნელი, სიმაგრე. ტანინი სისხლძარღვების კედლების სიმაგრეს ასტიმულირებს. 

აიღეთ სხვადასხვა სახეობის ჩაი, თითოეული მათგანი მოათავსეთ ქიმიურ ჭიქაში და წვეთობით დაუმატეთ რკინის (III) ქლორიდის კონცენტრირებული ხსნარი. ქიმიურ ჭიქაში არსებული ხსნარი გამუქდება და ლურჯ შეფერილობას მიიღებს. ეს ტანინთან ლურჯი ფერის კომპლექსნაერთი წარმოიქმნება. ფერის ინტენსივობის მიხედვით, შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომელი ჯიშის ჩაი შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით ტანინს. 

ჩაი ალკალოიდ კოფეინსაც შეიცავს და ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ყავის პრეროგატივაა. თუმცა, ჩაიში შემავალი კოფეინი ორგანიზმში არ გროვდება და მალევე გამოიყოფა. ამიტომ, ჩაი ყავასთან შედარებით დიდი რაოდენობით შეიძლება დავლიოთ. 

ჩაი ნახშირწყლებსაც შეიცავს, თან ერთდროულად ორ ტიპს: უხსნადს – სახამებელი, ცელულოზა და ხსნადს – საქაროზა, ფრუქტოზა, გლუკოზა.

ბუნებრივია, აქ ვიტამინებიც მოიპოვება. გახსოვთ, ზემოთ დავწერე, ლიმონი ცალკე მივირთვი, რომ ცხელ წყალში ვიტამინი C არ დაშლილიყო–მეთქი. ჩაის ფოთლებში ეს ვიტამინი ოთხჯერ მეტია ლიმონთან შედარებით. თუმცა, ცხელი წყალი მასზეც მოქმედებს.  გარდა ამისა, ჩაის ფოთლებში აღმოაჩენთ PP, B1, B2, B12, K ვიტამინებს. 
ნებისმიერი სახის ჩაი აიღეთ (მწვანე ჩაი განსაკუთრებით გამოგადგებათ) და ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ. დაამატეთ გამოხდილი ან ონკანის წყალი და ჩაასხით 10 მლ კონცენტრირებული მარილმჟავა, შემდეგ თუთიის ფირფიტები ჩაყარეთ. ხსნარი თანდათან გავარდისფრდება, შემდეგ კი გაუფერულდება. ამ ცდით ჩაიში რიბოფლავინს ანუ ვიტამინ B2-ს აღმოვაჩენთ. 

რა ხდება ამ დროს ქიმიურ დონეზე?  ჰენრი კავენდიშის ცნობილი ისტორიული ცდა მიმდინარეობს, თუთია მარილმჟავასთან შედის რეაქციაში, შედეგად წყალბადი გამოიყოფა. ეს უკანასკნელი კიდევ რიბოფლავინს აღადგენს. შედეგად ჯერ წითელი ფერის როდოფლავინი წარმოიქმნება (ფერი რიბოფლავინის რაოდენობაზეა დამოკიდებული და სინჯი ძირითადად ვარდისფერ შეფერილობას იძენს ხოლმე რიბოფლავინის სიმცირის გამო), შემდეგ კი უფერო ლეიკოფლავინი.

გაუფერულებული ხსნარის შენჯღრევისას ლეიკონაერთი კვლავ იჟანგება ჰაერის ჟანგბადით და ისევ რიბოფლავინი წარმოიქმნება.

მწვანე ჩაის წყალი დაასხით და მცირე ხნით დატოვეთ. შემდეგ დაუმატეთ მეთილენის ლურჯის 0,01%-იანი სპირტხსნარის 1მლ და კარგად მოურიეთ. ჰაერის ჟანგბადთან შეხებისგან დაცვის მიზნით, მოარგეთ საცობი. ჭურჭელი შედგით თერმოსტატში (37-40 გრადუსი). დროის განმავლობაში სინჯარაში არსებული სითხე გაუფერულდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მეთილენის ლურჯი აღდგება უფერო ლეიკოფორმად და წარმოიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავა. როგორც კი ჭურჭელს საცობს მოხდით, ჰაერის ჟანგბადთან შეხების შედეგად, ხსნარი კვლავ ლურჯად შეიფერება. 

ჩაის „სულს” ეთერზეთები განსაზღვრავენ. სულ რაღაც 0,08% შემცველობით არიან, თუმცა ვარდის, ვანილის, თაფლის, იასამნის, ციტრუსების სურნელს ჩაის სხვადასხვა ჯიშს სწორედ მასში შემავალი ეთერზეთი აძლევს. უფრო დიდი რაოდენობით, ე.წ. წითელი ჯიშის ჩაიშია. 

თითქოს ცხვირით სუნთქვა დავიწყე, თავიც წეღანდელივით აღარ გუგუნებს. ხელში ჩაის ჭიქა მიჭირავს და უზარმაზარი მინიდან სივრცეს შევყურებ. 

თენდება უკვე, გარეთ…

„ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი ხიდან ჩამოფრენილი,
და სტიროდა მიდამო, იძვრებოდა ტყეები
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები…” (გალაკტიონი)
.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი