შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მხატვრული ტექსტის გააზრების ზოგიერთი ასპექტი

 წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება სწავლა-სწავლების ყველა ეტაპზე თანაბრად აქტუალურია. მასწავლებელთა უმეტესობა კარგად იცნობს კითხვის სწავლების მეთოდიკას, ფლობს საკმაო თეორიულ ცოდნას, რომელსაც წარმატებით იყენებს პრაქტიკაში. მხატვრული ტექსტების დამუშავება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს სწავლების დამამთავრებელ ეტაპზე, როდესაც შესასწავლი ტექსტების კორპუსი სულ უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება. ის მოიცავს სხვადასხვა ეპოქის, მიმდინარეობისა და ჟანრის ნაწარმოებებს, რომელთა თემატიკაც და იდეური მხარეც ღრმა და კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია მხატვრული ტექსტების გააზრების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება,  ჩვენი აზრით, გარკვეულ დახმარებას გაუწევს საბაზო და საშუალო საფეხურების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

ცნობილია, რომ ტექსტის გააზრება ხდება ორ დონეზე. პირველ დონეზე მკითხველს უყალიბდება პირადი დამოკიდებულება წაკითხული ტექსტის მიმართ, აკეთებს ემოციურ შეფასებებს და პრობლემებს აანალიზებს საკუთარ ღირებულებათა ჭრილიდან.  

როგორც ცნობილია, ტექსტი, როგორც თავისთავადი ღირებულება, არ არსებობს _ მას აზრს და მნიშვნელობას მკითხველი ანიჭებს. მკითხველი არის ის, ვინც დიალოგს ამყარებს იმ იდეებთან, თემებთან, ფასეულობებთან და შეხედულებებთან, რომლებსაც ტექსტში ამოიკითხავს. თითოეული ადამიანი კითხვისას ეყრდნობა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებათა სისტემას და ცოდნას. რამდენადაც უნიკალურია თითოეული ადამიანი თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და შეხედულებებით, იმდენად განსხვავებულია მისი აღქმა და დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტებზე მუშაობისას მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ, თუ რას გრძნობენ, რა ემოცია გამოიწვია მათში წაკითხულმა. 

მკითხველი ტექსტთან ურთიერთობის უფრო მაღალ დონეზე ინაცვლებს, როდესაც იგი წაკითხული ტექსტის კრიტიკულად და ანალიტიკურად გააზრებას იწყებს. ამ დროს მკითხველი საკუთარი დასკვნებისა და მოსაზრებების გასამყარებლად ცდილობს დაეყრდნოს თავად ტექსტს, მოიყვანოს შესაბამისი ციტატები, მოიხმოს კონკრეტული ეპიზოდები, ასევე გააანალიზოს ტექსტის ენობრივი ქსოვილი – დააკვირდეს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, მხატვრულ ხერხებს, ავტორის ენას და ა.შ.

კრიტიკული ანალიზი არის მკითხველის ინტერაქცია ტექსტის იდეურ მხარესთან, მის მთავარ სათქმელთან და არა მასში გადმოცემულ ინფორმაციასთან. 

წაკითხულის გააზრების მაღალ დონეს წარმოადგენს ასევე ტექსტის მთავარი იდეის, მასში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების განზოგადების უნარიც. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექსტში წამოჭრილი საკითხები და პრობლემები არა მხოლოდ ავტორისათვის ან რომელიმე მკითხველისათვის, არამედ, ზოგადად, ადამიანებისათვის, და რატომ. მათ უნდა გააანალიზონ, რა ნიშნით არის ამა თუ იმ ნაწარმოების თემა უნივერსალური, რა თვალსაზრისით ასახავს იგი საზოგადო პრობლემებს და რამდენად ეხმიანება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

იგულისხმება, რომ სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე მოსწავლეები იმდენად ჩამოყალიბებული მკითხველები არიან, რომ შეუძლიათ სიღრმისეულად გაიაზრონ სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის, სიუჟეტურად მრავალპლანიანი ტექსტები, რომელთაც სთავაზობს სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები. ამისათვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტექსტების კონტექსტში გაანალიზების, ასევე ინტერტექსტუალური კავშირების ამოცნობისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ტექსტი და კონტექსტი

წაკითხულის გააზრების პროცესში ტექსტი და კონტექსტი განუყოფელია ერთმანეთისაგან და ისინი დამოუკიდებლად არ არსებობენ. მხოლოდ ტექსტისა და კონტექსტის კავშირის საფუძველზე შეუძლია მკითხველს გამოიტანოს აზრი წაკითხულიდან.

ბუნებრივია, ტექსტები არ იქმნება ვაკუუმში და ისინი თავისთვის, განყენებულად არ არსებობენ. მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას იმაზე, თუ რატომ და როგორ წერს ავტორი კონკრეტულ ტექსტს. თუკი მკითხველი არ ითვალისწინებს ამ ფაქტორებს, ცხადია, იგი სრულყოფილად ვერასდროს გაიგებს და გაიაზრებს მას. საჭირო ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში კი, პირიქით, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს მთლიანი სურათი და აღიქვას ტექსტი, როგორც ორგანული ნაწილი ამ მთლიანობისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკითხველი ტექსტს კონტექსტში აღიქვამს. მოსწავლემ ტექსტი უნდა გაიაზროს მოცემული ისტორიული ეპოქის, სოციალურ-კულტურული თავისებურებების, ასევე ლიტერატურული პერიოდის გათვალისწინებით.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეს, გაიაზროს ტექსტი კონტექსტში, კითხვის პროცესში ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ: რა კავშირია ავტორის ცხოვრებასა და ტექსტში ასახულ მოვლენებს შორის; რა ადგილი უკავია ამ ტექსტს ავტორის შემოქმედებაში; რამდენად ასახავს ტექსტი იმ ისტორიულ პერიოდს და/ან გეოგრაფიულ ადგილს, რომელშიც ის შეიქმნა; წარმოადგენს თუ არა იგი თავისი ჟანრის, ლიტერატურული მიმდინარეობის ან იმდროინდელ მწერლობაში გავრცელებული სტილის ტიპურ ნიმუშს; როგორ აისახება იმ დროის ან ლოკაციის შესაფერისი ენა ტექსტში და სხვ.

ზოგჯერ მხოლოდ მშრალი ისტორიული ფაქტების მოძიება არ არის საკმარისი. საჭიროა ინფორმაციის მოპოვება ეპოქის იმ იდეოლოგიური თუ რელიგიური ფონის, სოციალური და ეთიკური პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეეძლო შთაეგონებინა იმდროინდელი ავტორები ან გავლენა მოეხდინა მათ შემოქმედებაზე. თუმცა ისიც ცხადია, რომ თავად ლიტერატურულ ნაწარმოებსაც შეუძლია გვითხრას ბევრი რამ იმ დროის საზოგადოებრივი ცხოვრების, შეხედულებებისა და პრობლემების შესახებ, დაგვანახოს ისეთი ნიუანსები, რომლებსაც ვერც ერთი ისტორიული წყაროდან ან საენციკლოპედიო სტატიიდან ვერ ამოვიკითხავთ.
ტექსტი და ინტერტექსტი

სწავლების საშუალო საფეხურზე შედარებით რთულ, მრავალპლანიან, პოლიჟანრულ ტექსტებზე მუშაობა გარკვეული კულტურული და სოციალური კომპეტენციების გამოყენებასა და კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ინტერტექსტუალური ანალიზისა და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარების საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

რა არის ინტერტექსტუალიზმი? ფართო გაგებით, ინტერტექსტუალიზმი არის ტექსტის (მხატვრული, არამხატვრული, სოციალური) მოხმობა ან გამოყენება სხვა ტექსტში. ინტერტექსტუალიზმი თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა. მხატვრულ ლიტერატურაში ინტერტექსტუალობა გულისხმობს იმგვარ კავშირს ნაწარმოებებს შორის, როცა ერთი მათგანი ეხმიანება სხვა ნაწარმოებს სათაურით, პერსონაჟ(ებ)ით, მოქმედების დროითა და ადგილით ან სიუჟეტით. ინტერეტექსტუალიზმის ფორმებია: ციტირება, პაროდია, ალუზია, პოპური და ა.შ.   

ავტორმა შესაძლოა გამოიყენოს რომელიმე ჟანრის ან ლიტერატურული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმულები, სახე-სიმბოლოები. მაგალითად, ქართული სასულიერო მწერლობა, კერძოდ კი, ჰაგიოგრაფიული თხზულებები, გაჯერებულია სახარებისეული კლიშეებითა და სახე-სიმბოლოებით. ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ აღმოსავლური პოეზიის გავლენა ქართულ ე.წ. „აღორძინების ხანისა” და ადრეული რომანტიზმის პერიოდის პოეზიაზე, მაგალითად, ვარდისა და ბულბულის, პეპლისა და სანთლის („შამფარვანიანი”), შირაზის ვარდის მეტაფორული სახეები და ა.შ. ზოგჯერ მწერალი ენობრივ რესურსად მიზანმიმართულად იყენებს სხვა ავტორის ენას.

მკითხველისთვის ნაცნობი ენობრივი ვარიაციების, გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით ავტორმა შესაძლოა მკითხველში გამოიწვიოს იმ კონკრეტული ეპოქის, სოციალური ფენის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ასოციაცია, სადაც ასეთი ენით და ენობრივი ფორმებით მეტყველებენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ა. მორჩილაძის „გადაფრენა მადათოვზე და უკან”, სადაც ავტორი იყენებს მე-20 საუკუნის თბილისურ მეტყველებას ეპოქის გასაცოცხლებლად. ამავე ნაწარმოებში ინტერტექსტუალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლასტია ავტორის მიერ იმდროინდელი პუბლიცისტიკის ენის გამოყენება. შეგვიძლია გავიხსენოთ, აგრეთვე, გ. ერისთავის „გაყრა” ან მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები”, რომელთა პერსონაჟების მეტყველება ზუსტად მიანიშნებს მკითხველს მათ ეთნიკურ წარმომავლობასა და სოციალურ წრეზე.

არსებობს ექსპლიციტური (პირდაპირი) და იმპლიციტური (შეფარული) ინტერტექსტუალური კავშირები ტექსტსა და სხვა, მანამდე შექმნილ და/ან მის თანამედროვე ტექსტებს შორის. 

ქართულ ლიტერატურაში ექსპლიციტური ინტერტექსტუალიზმის საუკეთესო ნიმუშია ჰაგიოგრაფიის უმჭიდროესი კავშირი წმინდა წერილთან (პასაჟების ჩართვა, ციტირება, ალუზიები, ენობრივი ფორმულები, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები). პირდაპირი ინტერტექსტუალური კავშირია, მაგალითად, გ. დოჩანაშვილის „თავფარავნელ ჭაბუკსა” და ამავე სახელწოდების ქართულ ხალხურ ბალადას შორის. 

ნაკლებად ექსპლიციტურია ინტერტექსტუალური კავშირი გ. დოჩანაშვილის რომანს „სამოსელი პირველი” და სახარებისეულ იგავს შორის („ძე შეცთომილი”). ამის მაგალითებია: ინტერტექსტუალური კავშირი გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარესა” და ნიკოლოზ ბარათაშვილის და აკაკი წერეთლის ლექსებს („შემოღამება მთაწმინდაზედ” და „განთიადი”) შორის, აგრეთვე, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანსა” და ხალხურ ბალადა „მუხრანულს” შორის. ავტორი შესაძლებელია შეფარულად ეყრდნობოდეს გავრცელებულ, აღიარებულ შეხედულებებს, იდეებსა და წარმოდგენებს, რომლებიც ხშირად არც კი საჭიროებს კონკრეტული ტექსტის მოხმობას ან ციტირებას. მაგ., ტექსტის მიზანი შეიძლება იყოს ადამიანთა მიმართ შემწყნარებლობის, მოყვასის სიყვარულის, როგორც ღირებულების, წარმოჩენა ისე, რომ მასში საერთოდ არ იყოს ნახსენები არც ახალი აღთქმა და არც რომელიმე ქვეყნის კონსტიტუცია.

ინტერტექსტუალიზმის გავრცელებული ფორმებია, როდესაც:

·ავტორი იყენებს სხვა ტექსტის ან წიგნის სათაურს (მაგ., აკა მორჩილაძის მოთხრობა „ამბავი ნურადინ ფრიდონისა”, ან თომას მანის რომანის სათაური „იოსები და მისი ძმები”, რომელიც პირდაპირ არის აღებული ძველი აღთქმიდან); 

·ავტორს პირდაპირ გადმოჰყავს მთავარი პერსონაჟი სხვა ნაწარმოებიდან, ან იყენებს მის სახელს ან ხასიათის ზოგიერთ ნიშანს. მაგ., აკა მორჩილაძის მოთხრობების კრებულში „წიგნი” ვხვდებით არაერთ პერსონაჟს ქართული და უცხოური ლიტერატურიდან: ლუარსაბ თათქარიძეს, ვარსქენ პიტიახშს, დოქტორ უოტსონს და ა.შ. ამ შემთხვევაში ავტორი არ იმეორებს  სიუჟეტებს და იგი ამ პერსონაჟებს იყენებს ახალი ტექსტის შესაქმნელად;

·ავტორი სხვა ტექსტიდან იღებს და საკუთარი მხატვრული ინტერპრეტაციით იმეორებს რომელიმე ცნობილ ეპიზოდს. მაგ., კ. გამსახურდიას  „დიდოსტატის მარჯვენაში”  მოხმობილი აქვს  ბიბლიური იაკობის ღმერთთან შებრძოლების ეპიზოდი „დაბადების” წიგნიდან. 

·ავტორი მთლიანად იღებს სხვა ნაწარმოების სიუჟეტს ან გადმოაქვს რომელიმე ვრცელი პასაჟი. ასეთი ინტერტექსტუალური კავშირის მაგალითად გამოდგება ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, რომლის ძირითადი სიუჟეტური ხაზი ეყრდნობა არგონავტების მითს. უცხოურ ლიტერატურაში ამგვარი ინტერტექსტუალობის შესანიშნავი ნიმუშია ჯეიმს ჯოისის „ულისეს” კავშირი ჰომეროსის „ოდისეასთან”.

სწავლების პროცესში სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ტექსტებზე მუშაობისას ინტერტექსტუალური ანალიზის მნიშვნელობა დიდია. მას მრავალი დანიშნულება აქვს, კერძოდ:

Øმოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს (ან გაიხსენოს) კონკრეტულ ტექსტში მოხმობილ ან გამოყენებულ სხვა ტექსტს;

Øმოსწავლეს საშუალება აქვს გააანალიზოს, გაამთლიანოს, შეაფასოს და შეადაროს ტექსტი და ინტერტექსტი, მოსაზრებები და იდეები;

Øმოსწავლეს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად ადკვატურად იყენებს ავტორი მოხმობილ ტექსტს მხატვრული მიზნის მისაღწევად;

Øმოსწავლეს შეუძლია თავიდან გაიაზროს როგორც ძირითადი ტექსტი, ისე ინტერტექსტი, შეაფასოს, რითი ავსებს ან ეწინააღმდეგება ისინი ერთმანეთს. ინტერტექსტუალიზმი ზოგჯერ მთლიანად ანგრევს მკითხველის წარმოდგენას ადრე წაკითხულ ტექსტზე, რომელიც შესაძლოა სრულიად მოულოდნელ კონტექსტში და/ან განსხვავებული ინტერპრეტაციით შეხვდეს ინტერტექსტში. შესაძლებელია, პირიქით, მოსწავლემ ახალი რამ აღმოაჩინოს ამ ტექსტში და შეძლოს მისი უკეთ გააზრება;

Øინტერტექსტუალური ანალიზი ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიტურ უნარებს. ამ დროს მკითხველი ცდილობს შეაფასოს, თუ რამდენად ადეკვატურად გაიგო მან ადრე წაკითხული ტექსტი, რამდენად შეიცვალა მისი წარმოდგენა ამ ტექსტზე და რატომ, რა ახალი დეტალებით შეივსო მისი ცოდნა და ა.შ.

ინტერტექსტუალური ანალიზის დროს მთავარია არა ის, თუ რომელ ტექსტს ეხმიანება ავტორი, არამედ ის, თუ როგორ, რისთვის იყენებს იგი მას და, რაც მთავარია, როგორ პოზიციონირებას აკეთებს ამ ტექსტებთან, როგორც მწერალი, ამასთანავე, რამდენად კარგად ახერხებს საკუთარი სათქმელის გადმოცემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი