პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ორიენტირებული კითხვა. მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და მოიცავს კითხვის სამივე ფაზას: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.

პირველ ფაზაში მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. ამ ფაზაში მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისთვის საჭირო უნარებს. კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების მეშვეობით, მოსწავლეები ცდილობენ გააკონტროლონ გაგების პროცესი. ამ ფაზაში ისინი მიმართავენ გაგებისთვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა წაკითხულის შეჯამება, დასკვნის გამოტანა, კითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და ა.შ. ასევე, ცდილობენ გაარკვიონ, რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა.

წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას, რომელიც მოცემული ტექსტის წაკითხვის თავდაპირველ მიზანზეა ფოკუსირებული.

ორიენტირებული კითხვის მეთოდი შემდეგი ძირითადი საფეხურების გავლას გულისხმობს:


1.        


შესავალი:

 

რა იცით ამ საკითხის შესახებ?

 

ვარაუდების გამოთქმა:

 

 

რას გეუბნებათ სათაური?

 

 

რას შეეხება ეს ტექსტი?

 

 

რატომ გგონიათ ასე?

 

რას გეუბნებათ ტექსტში მოცემული ილუსტრაციები?

 

რას მოგვითხრობს ეს ტექსტი? რატომ მიგაჩნიათ ასე?

 

ვარაუდის დასაბუთება ან მოდიფიცირება:

 

 

ახლა რას ფიქრობთ?

 

 

რას გრძნობთ და რატომ გაგიჩნდათ ეს განცდა?

 

შეგიძლიათ თუ არა, დაასაბუთოთ თქვენი ვარაუდი?

 

ხომ არ შეცვლით ვარაუდს?

 

რა მოხდება ამის შემდეგ? რატომ გგონიათ ასე?

 

გააზრება, რეფლექსია:

 

 

თქვენი ვარაუდის დასააბუთებლად რომელ ადგილს მოიშველიებთ
ტექსტიდან?

 

 

ორიენტირებული კითხვის მეთოდი ეხმარება როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელსაც: მასწავლებელს ის საშუალებას აძლევს, ყველა დონის მოსწავლეს გაააზრებინოს და დაამუშავებინოს თუნდაც რთული ტექსტი; მოსწავლე გაკვეთილის ბოლომდე გატაცებულ მკითხველად რჩება.

ორიენტირებული კითხვა ხელს უწყობს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას – ისინი სწავლობენ კითხვის დასმას, ვარაუდის გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს მეთოდი გამოიყენება როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.

მაგალითად ავიღოთ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი”.

მასწავლებელმა ტექსტი წინასწარ რამდენიმე ნაწილად უნდა დაყოს. მნიშვნელოვანია, ტექსტი გაწყდეს საკვანძო საკითხთან, რათა მოსწავლეებმა ივარაუდონ, რა მოხდება მომდევნო მონაკვეთში.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აკეთებს მოკლე მიმოხილვას ავტორის შესახებ (ეთმობა არა უმეტეს 5 წუთისა).

ამის შემდეგ მოსწავლეთა გამოწვევის მიზნით მან შეიძლება გამოიყენოს აქტივობა „ლექსიკური ერთეულებით ამბის შედგენა”: ტექსტიდან არჩევს 4-5 სიტყვას, რომლებიც ამოკრებილია შეძლებისდაგვარად ზუსტი ვარაუდების მისანიშნებლად, მაგრამ, ამავე დროს, არ ამჟღავნებს ნაწარმოების საიდუმლოს; ჩამოწერს ამ სიტყვებს დაფაზე (მაგ.: შვლის ნუკრი, ლეგა ფრინველი, ტყე, მონადირე, სისხლი) და სთხოვს მოსწავლეებს, 5 წუთის განმავლობაში შეთხზან პატარა ამბავი და შეურჩიონ სათაური. დავალება სრულდება ინდივიდუალურად ან წყვილებში. დრო რომ ამოიწურება, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სურვილისამებრ, წაუკითხონ თავიანთი ნამუშევარი თანაკლასელებს. შეიძლება რამდენიმე ნამუშევრის წაკითხვაც (ეთმობა 7-10 წუთი). ამის შემდეგ მასწავლებელი ამცნობს მოსწავლეებს, რომ დღეს გამოიყენებენ „ვარაუდების სქემას”. სქემა დაფაზეა გაკრული და მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ის რვეულში გადაიხაზონ.

მეთოდის პრინციპის შესახებ მოსწავლეები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და იციან, რას მოიცავს თითოეული ფაზა, რას ნიშნავს „ვარაუდების სქემა” და როგორ უნდა იმუშაონ მასზე.

შემდეგ მასწავლებელი უკითხავს სათაურს: „შვლის ნუკრის ნაამბობი”, – და სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რაზე იქნება საუბარი ამ მოთხრობაში. მოსწავლეები ეტაპობრივად კითხულობენ ტექსტის თითოეულ მონაკვეთს და ავსებენ სქემას.

შეიძლება, მათ ასეთი მარტივი სქემაც შევთავაზოთ:

მონაკვეთები

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

რატომ გგონიათ ასე?

სინამდვილეში რა მოხდა?

სათაური

I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

III მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

IV მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

ორიენტირებული კითხვის მეთოდი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნები და შედეგები, კერძოდ:

* მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს;
* გადმოსცემს მათ შინაარსს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ;
* თხზავს და წერილობით გადმოსცემს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს;
* კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას;
* ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.

მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის”. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012)
2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2008.
3. ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი