ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერილები ბიძას

მამა ადრე გარდამეცვალა. ეს აქამდეც მითქვამს და ახლა, მკითხველი რომ არ გავაღიზიანო, მამა ვის არ მოჰკვდომია, რა გული გაგვიწყალა ამაზე წერითო, მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოვყვები.
იმხანად ერთი პატარა, უსუსური გოგო ვიყავი, აი, ისეთი, ჭექა-ქუხილის რომ ეშინიათ და სიბნელეში ჭინკები ელანდებათ. მამას მეგობარი ჰყავდა, დათო ბიძია. ამბობდა, მე და მამაშენი სისხლით არ ვყოფილვართ ძმები, თორემ ისე ძმებივით ვიყავითო. ქეთუნიეს მეძახდა და სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ძლიერი და სასახელო ქალი უნდა გამოვსულიყავი – ჩვენ ხომ გვინდა, მამას „იქ” გული არ ეტკინოსო. მამას გულისტკენა, მით უმეტეს – „იქ”, არ მინდოდა, ამიტომ თავს ვუქნევდი, ზუსტად ასეთი გამოვალ-მეთქი.
დათო ბიძიას ისეთი სამსახური ჰქონდა, ხშირად ვერ იცლიდა, ამიტომ დამავალა – ამ საფოსტო მისამართზე ყოველკვირა მომწერე წერილი და მთელი კვირის სასკოლო წარმატებებისა თუ მარცხის შესახებ მიამბეო. მეც კვირის ბოლოს დავჯდებოდი და სულ ენაშემოკეცილი ვწერდი წერილებს:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით. დღეს ქართული ენის გაკვეთილზე ყველას ჩვენი საყვარელი ლექსი უნდა გვეთქვა. მე „მესაფლავე” ვთქვი. მასწავლებელი უცნაურად მიყურებდა და მერე შენიშვნა მომცა, ეს ლექსი შენისთანა პატარა გოგოსთვის ჯერ ადრეაო. საღამოს, დედას რომ ვუამბე, ასე მითხრა, შენს გულს რაც ესიამოვნება, ის ლექსები უნდა თქვა, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეც” ხომ იცი და ის გეთქვაო. მე გავჯიუტდი, ეგ – ხო, მაგრამ, აი, ფისოებზე და კურდღლებზე ლექსებს არ ვიტყვი-მეთქი. დედამ მითხრა, კარგი, არ თქვაო”.
ხშირად წერილები უკანვე მიბრუნდებოდა და თან დათო ბიძიას შენიშვნები ახლდა: ამ აბზაცში სიტყვათა წყობა არ მომეწონა, აქ სასვენი ნიშანი აკლია, აქ კიდევ აზრი გაქვს აბურდულ-დაბურდული, დაწერე იგივე წერილი ხელახლა და გამომიგზავნეო. ზოგჯერ გულიც მომდიოდა, მაგრამ უხმოდ ვჯდებოდი და ვწერდი. თან ახალიც ხომ დასაწერი მქონდა…
ერთხელ, სკოლიდან გამოსულს, დათო ბიძია დამხვდა მანქანით. ქეთუნიეო, ხელი დამიქნია და მეც ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი. აქეთ ვიყავი და ვიფიქრე, ახლა ხომ გაკვეთილები უმთავრდება, დაველოდები და სახლამდე მივიყვანო. მანქანაში ჩამჯდარი, ღვედით „დამაბა” და იქვე, მანქანის წინა სათავსიდან, წითელყდიანი წიგნი ამოაცოცა – ეს შენთვისააო. დავხედე და წავიკითხე: „ალფრედ ნობელი – მითი და სინამდვილე”.
ავტორს დაწვრილებით აღეწერა ნობელის გამდიდრების, დინამიტის, ქარხნების ამბები (მათ შორის – აფეთქებული ქარხნისაც). ნახსენები იყო ნიტროგლიცერინიც. ეს წამალი ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ხუმრობით ორი სახელი ჰქონდა: „მკვლელი და მკურნალი”. ერთ ფიზიოლოგს ვიცნობდი, ასაკოვანი კაცი იყო. სულ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ თავის თავს „გოლას” ეძახდა და სხვებისგანაც ითხოვდა, ასე დამიძახეთო. ამბობდა, ჩემს მშობლებს რა ვუთხარი, თორემ ვაჟკაცი რომ შეგეძინება, შეიძლება, გოლა არ დაარქვაო?! ძალიან რთული ვარცხნილობა ჰქონდა. თმა კეფაზეღა შემორჩენოდა. არ იჭრიდა და მთელ თავზე მრგვლად შემოიხვევდა ხოლმე. ძალიან საინტერესო შესახედავი იყო. მეც თვალი მისი თავისკენ გამირბოდა, მაგრამ დედასგან ვიცოდი, რომ უფროსებს არ უნდა მივშტერებოდი და ისე, ოდნავ თუ გავაპარებდი ხოლმე თვალს. მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახდნენ, მაგრამ რაღაცნაირი დაბნეული იყო. ზოგჯერ ჩანთით დიდ ქვებს დაატარებდა, ამბობდა, ქოთნის ყვავილებისთვის მჭირდებაო.
ჰოდა, ამ ფიზიოლოგს ჯიბით მუდამ ნიტროგლიცერინი დაჰქონდა – გული აწუხებდა და ამბობდა, ამით მიდგას სულიო, მაგრამ მკურნალი ხომ არის და იმავდროულად მკვლელიც შეიძლება იყოსო.
თუმცა, მოდი, ყველაფერს თავიდან მოვყვები.
დენთი ვიცით, ხომ, რაც არის? მისი სამშობლო ჩინეთია.
როჯერ ბეკონმა დენთის შესწავლა გადაწყვიტა. არა, როჯერი საეკლესიო პირი გახლდათ და არაფრის აფეთქებას არ აპირებდა. უბრალოდ, ალქიმიკოსობდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აღწერდა, იქნებ ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლო ამოვხსნაო. მოგვიანებით ბრალი დასდეს, ოქროს კეთება იცი და არ გვიმხელო. სასჯელად თხუთმეტი წელი საეკლესიო ციხეში გაატარებინეს. მეზობელ კამერაში ბეკონის წიგნები იხდიდნენ სასჯელს, ასევე თხუთმეტი წლით.
1845 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსი ქრისტიან შენბაინი სახლში მოწყობილ ლაბორატორიაში ქიმიურ ცდებს ატარებდა. იმ დროისთვის სახელი უკვე გაეთქვა ოზონის აღმოჩენით. შემთხვევით აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევი დაეღვარა. მაშინვე ბამბის წინსაფრით შეამშრალა და გასაშრობად დაკიდა. წინსაფარი როგორც კი გაშრა, მაშინვე აფეთქდა. შენბაინმა წინსაფარში შემავალი ცელულოზა უნებურად ნიტროცელულოზად გარდაქმნა. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნიტროცელულოზის საფუძველზე უკვამლო დენთის შექმნა იყო შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ 1891 წელს მიიღეს უსაფრთხო ნარევი და მას კორდიტი უწოდეს.
ნიტროცელულოზა გაკვეთილზეც შეიძლება მივიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად და მასწავლებლის ყველა მითითების დაცვით. იღებენ აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევს. ჩვეულებრივ ბამბას, რომელიც ცელულოზაა, კარგად ასველებენ ნარევში, შემდეგ გაჟღენთილს რამდენჯერმე ჩარეცხავენ წყლით და ფილტრის ქაღალდით გაამშრალებენ. შედეგად ვიღებთ მზა ნიტროცელულოზას და შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იწვის ის ჩვეულებრივ ცელულოზასთან შედარებით, ამიტომ კვლავ ავიღებთ ჩვეულებრივ ბამბას (ანუ ცელულოზას) და ჩვენ მიერ დამზადებულ ნიტროცელულოზას. ორივეს ცეცხლს მოვუკიდებთ. ბამბა დიდხანს განაგრძობს წვას, ნიტროცელულოზა კი სწრაფად, მცირე აფეთქებით დაიწვება.
ზემოთ კორდიტი ვახსენე, რომლის შემადგენლობაშიც ნიტროცელულოზასთან ერთად ნიტროგლიცერინიც შედიოდა. ნიტროგლიცერინი სამატომიან სპირტ გლიცეროლისა და მასში ჩანაცვლებული ნიტროჯგუფებისგან შედგება.
გლიცეროლი 1779 წელს კარლ შეელემ ზეითუნის ზეთისა და ტყვიის ოქსიდის გაცხელებით მიიღო. ნივთიერება მოტკბო გემოსი აღმოჩნდა და გლიცერინი (გლიცეროლი) უწოდეს.
 
1846 წელს იტალიაში ალბერ სობრერომ ამ რეაქციით მოტკბო გემოს ზეთოვანი სითხე ნიტროგლიცერინი მიიღო. მიღების პროცესში შენობა ორჯერ აუფეთქდა, ამიტომ ექსპერიმენტები შეწყვიტა, თუმცა თავისი აღმოჩენა მაინც გამოაქვეყნა.
1865 წელს კი ნობელმა სობრეროს აღმოჩენა დააპატენტა და ნიტროგლიცერინის მისაღებად შვედეთში ქარხანა ააშენა. მანამდე   დენთის შესახებ როჯერ ბეკონის ნაშრომიც შეესწავლა. ნობელს ჯერ ერთი ქარხანა აუფეთქდა, მერე – მეორე. მეორე აფეთქებისას მისი ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ მიხვდა, რომ ტექნოლოგია უნდა შეეცვალა.
ნიტროგლიცერინისა და სპეციალური შემავსებლის გამოყენებით ნობელმა დინამიტი შექმნა და ზღაპრულად გამდიდრდა. მას „დინამიტის მეფესაც” უწოდებენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ექიმმა, რომელიც ნიტროგლიცერინის საწარმოში მუშაობდა, შეამჩნია, რომ მუშებზე მისი ორთქლი რამდენიმე ხნის განმავლობაში კარგად მოქმედებდა. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად შეიქმნა წამალი, რომელიც მკვლელიც არის და მკურნალიც.
წეღან სამუშაო მაგიდას ვალაგებდი და დათო ბიძიასთვის მიწერილი წერილის ფურცელი მომხვდა ხელში. ეტყობა, ეს წერილი უკან დამიბრუნდა მითითებით, შეცდომები გამესწორებინა. ჰოდა, მოგონებები ამეშალა და ნობელის, დენთისა და დინამიტის ამბებიც გამახსენდა.
ჩემი სტუდენტების უმეტესობას წერა უჭირს. ერთ-ერთ შუალედურად თხზულებას ვაწერინებ ხოლმე ქიმიის რომელიმე საკითხზე. წინასწარ მებოდიშებიან ნაწერის, პუნქტუაციის, აზრის შესაძლო გაუმართაობის გამო და მეც ვპირდები, რომ მხოლოდ შინაარსის ქიმიურ მხარეს მივაქცევ ყურადღებას, დანარჩენ შეცდომებს კი გულისტკივილით ვუყურებ.
იქნებ ბავშვობიდან „იძულებითმა” წერამ მოზარდებს წერა ასწავლოს, წერის კულტურა ჩამოუყალიბოს? აი, თუნდაც საყვარელ ზღაპრის გმირებს რომ სწერონ წერილები, მერე, ოდნავ წარმოზრდილებმა – უკვე სათავგადასავლო რომანების გმირებს… ოღონდ ეს ნაწერები უნდა შემოწმდეს და თუ აუცილებელი იქნება, თავიდან დაიწეროს.
დღეს ჩემს წერილებზე მეღიმება და ხუმრობით ასე ვიხსენიებ: „წერილები ბიძას”. დიახ, სწორედ ბიძას და არა ბიძიას, რადგან თვითონვე ამბობდა, ფაქტობრივად ბიძაშენი ვარო. ბიძას კი წერილები უნდა სწეროო. მეც ვწერდი, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად და ერთ დღესაც აღარ მიმიწერია… გავიზარდე…
მანამდე კი სკოლაში მომხდარ ყველა ამბავს ფოტოგრაფიული სიზუსტით აღვწერდი:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით? იცით, დღეს სკოლაში რა მოხდა?..”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი