შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საოცნებო თამაში

მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა, თბილისის დროით 21 საათზე, პირთამდე გადატენილ ოჩამჩირის სტადიონზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, საღამოს მინდორზე სისველის ნასახიც არსად იყო და სტადიონის დირექტორი დავით გამბა სიამაყით ამბობდა, ბალახის ასე მალე აშრობა ჩვენ მიერ ამერიკაში შეძენილი ახალი საშრობი დანადგარის დამსახურებააო.
ტრიბუნაზე მსხდომი 52 ათასი კაციდან, უმეტესობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა და ამას მათი თეთრ-წითელი მაისურების ფერებიც მოწმობდა, თუმცა სტუმრად ჩამოსულ ნიდერლანდელებსაც ათასამდე ქომაგი ჩამოჰყოლოდათ და ეს უკანასკნელნი ხმის ჩახლეჩვამდე ცდილობდნენ მასპინძელთა ყვირილისა და სიმღერის გადაფარვას, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ეტაპის პირველი მატჩი ამსტერდამში 1:1 დასრულებულიყო და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ყველა ცხადლივ ხედავდა. თუმცა იმ მიზეზით, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მთავარი ბომბარდირი, “ცხინვალის” 25 წლის თავდამსხმელი, ანზორ კოკოითი აკლდა, ქომაგების გულში მაინც შიშს დაესადგურებინა. ”შეცვლის კი ახალგაზრდა გიორგი თოდუა კოკოითს?” “როგორ გადაეწყობა ჩვენი გუნდი მთავარი ბომბარდირის არყოფნაში?! – დარდობდნენ და ეჭვობდნენ გულშემატკივრები, თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი მარკუშ ფერეირა ირწმუნებოდა, აუცილებლად გავალთ და ეს თუ ასე არ მოხდება, აგი ულვაში მომპარსეთო. ეს ულვაშის მოპარსვის ამბები პორტუგალიურად თარგმნილი ქართველი მწერლის, ჯონი კაპანაძის წიგნში ამოეკითხა და ძალიანაც მოსწონებოდა – ამ ტერმინს ვახსენებ და ქართველებს გულზე მოეფონებათო – ფიქრობდა.
მატჩი ჰოლანდიელების შეტევებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების დაცვა რის ვაი-ვაგლახით უმკლავდებოდა ნიდერლანდელთა შემტევებს და რამდენჯერმე მეკარეს, სერაპიონ ხვაშიადაშვილს რომ არ ემარჯვა, გოლი გარდაუვალი მოსჩანდა. პირველი ტაიმის დასასრულს, ქართველებსაც შეექმნათ კარგი მომენტი, მაგრამ გორის ”დილადან” მადრიდის ”ატლეტიკოში” ახლადგადასულმა ცენტრალურმა მცველმა, ეუჯენიო რიჟამაძემ ბურთს ჭვინტი ისეთი ძალით ამოჰკრა, ოჩამჩირის სტადიონის სამხრეთ ტრიბუნაზე მჯდომი ონორე ცვეიბას კინაღამ ხელში დაჭერილი მტრედი მოუკლა. ცნობილ გაგრელ მემტრედეს, ბატონ ონორე ცვეიბას წესად ჰქონდა, საქართველოს ნაკრების მატჩებზე მტრედების წაყვანა და თუკი ჩვენები გოლს გაიტანდნენ, გახარებული მემტრედე თავის მტრედს ჰაერში ააფრენდა. რა ენაღვლებოდა, მტრედმა გზა კარგად იცოდა და რამდენიმე დღეში ისევ სახლში მიაკითხავდა პატრონს.
შეხვედრის 76 წუთზე ეშმაკმა უწყის როგორ გაძვრა 167 სანტიმეტრის სიმაღლის კოჭოია სიგუა სამ ახმახ ჰოლანდიელ მცველს შორის, როგორ გააპამპულა ნიდერლანდელთა კარის ვეტერანი კიპერი (რომელსაც ორი წელი საჩხერის “ჩიხურაშიც” კი ჰქონდა ნათამაშები), როგორ გადაუგდო ბურთი გოლკიპერს თავზე და სიხარულისგან სუნთქვაშეკრული, პირქვე გაიშოტა დავით გამბას მიერ შეძენილი ახალი ამერიკული დანადგარით გამომშრალ მწვანე მინდორზე.
გადაირია ხალხი, დაიქცა სტადიონი. სიხარულისგან გულწასული ქომაგების გონზე მოსაყვანად კი სტადიონის ტრიბუნებზე წინასწარ მობილიზებულმა ექიმებმა დაიწყეს სირბილი. გოლის შემდეგ ჰოლანდიელები ისევ ბევრს უტევდნენ და ისევ სასწაულებს სჩადიოდა სერაპიონ ხვაშიადაშვილი, რომელიც ამ მატჩის შემდეგ “ნაპოლიდან” საკმაოდ სარფიანად გაიყიდა ტურინის “იუვენტუსში”.
ღამით ზღვა ნამეტანი ადიდდა და ისეთი წვიმა დასცხო, სხვა დროს თავს გარეთ კაცი ვერ გამოყოფდა. მაგრამ ხალხი მთელი ღამე ზეიმობდა ოჩამჩირეშიც და მთელს საქართველოშიც. დაღვრემილი ჰოლანდიელი ფეხბურთელები კი ისხდნენ სოხუმში, სასტუმრო ”შერატონის” ნომრებში და ფანჯრიდან დაბოღმილები გაჰყურებდნენ ზღვის ტალღებს, რომლებიც ზათქით ეხეთქებოდნენ სოხუმის განათებულ სანაპიროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი