პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თოვლი პოეზიაში (სემანტიკური ნიუანსები)

სემიოტიკაში მნიშვნელოვანია ნიშნის პრობლემა, ხოლო ნიშნის კვლევისას სიტყვის სემანტიკის განსაზღვრა უმთავრესია. ლექსემის მნიშვნელობა შეიძლება გამოვიკვლიოთ ენის (როგორც სისტემის) ფარგლებში და მეტყველების ფარგლებში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს სალექსიკონო მნიშვნელობასთან, ხოლო მეორე შემთხვევა სიტყვის სემანტიკის დასადგენად უფრო რთულია, რადგან მნიშვნელობას შევისწავლით ენის გამოყენებისას სხვადასხვა დისკურსის ფარგლებში (ოფიციალურ-საქმიანი, საგაზეთო-პუბლიცისტური, სამეცნიერო, სასაუბრო, მხატვრული და სხვა). შესაბამისად, სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება რომელიმე მეტყველებაში ამავე სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობის ასიმეტრიულიც კი იყოს ან გაუჩნდეს უამრავი კონოტაციური მნიშვნელობა. პოეტური დისკურსი ამ მხრივ ყველაზე უფრო რთული და მრავალგანზომილებიანი სივრცეა, რამდენადაც ენა თავის შესაძლებლობებს ყველაზე მეტად პოეზიაში ავლენს. ვინაიდან ენა აზრის გაფორმების საშუალებაა, ნებისმიერი ენობრივი ერთეული (სიტყვა, ფრაზა, გამონათქვამი…) განხილულ უნდა იქნეს კონტექსტში. ჩვენი კვლევის მიზანია, გამოვავლინოთ აქტუალიზებული ენობრივი ერთეულები (რომლებსაც ამავე დროს აქვთ უნივერსალური ხასიათი) პოეტურ მეტყველებაში და დავადგინოთ მათი სემანტიკური საზღვრები. ამ შემთხვევაში კონცეპტის ბირთვი იქნება სალექსიკონო მნიშვნელობა და შემდეგ – ყველა ის კონოტაციური მნიშვნელობა, – მათ შორის – გადატანითიც, – რომელსაც აჩენს ესა თუ ის ლექსემა განსაზღვრულ კონტექსტში. ამ მეთოდით ენის აღწერა გამოავლენს ქართული ენის პოტენციალსა და სიღრმეებს და, ამავე დროს, სხვა ენების შესაბამის მასალასთან შედარება საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ უნივერსალური და სპეციფიკური სახე-სიმბოლოები პოეტურ მეტყველებაში.

თოვლისმეტყველება

რას აღნიშნავს პოეზიაში ბუნების ესა თუ ის მოვლენა? პოეტის რომელი და როგორი განცდის მეტაფორაა? ამ მხრივ ქართული პოეზია მდიდარ მასალას იძლევა. მირზა გელოვანის ლექსში „თოვლი” ეს სიტყვა მრავალგვარ კონტექსტშია წარმოდგენილი და სემანტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 


თოვლი

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში, 
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი,
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის –
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის,
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა,
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა,
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა, რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი, 
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, 
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის – 
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი, 
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის, 
თოვლი, თოვლი, თოვლი.
(მირზა გელოვანი, 1944 წელი, ფრონტი)

პირველ სტროფში გვაქვს ასეთი ოპოზიცია: თეთრი თოვლი – სხვანაირი თოვლი. სხვანაირი თოვლი მითითებაა არა ფერზე, არამედ შინაარსზე. მომდევნო სტრიქონში კი ამგვარი სინტაგმაა: თოვლის სპეტაკი კუბო, რომელიც სატრფომ უნდა მიუტანოს პოეტს. ეს მეტაფორა ერთდროულად აღნიშნავს სიცივისა და სისპეტაკის განცდას.

მეორე სტროფში არის პოეტის მოწოდება: „დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში…” ავტორი აქვე განმარტავს, რატომ თოვლში – „რადგან მომბეზრდა მიწა ბოროტი”. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მიწა ბოროტია, თოვლი – კეთილი. ესეც – პოეტური თოვლის კიდევ ერთი სემანტიკური ნიუანსი. ამავე სტროფშია სინტაგმა: „თოვლივით წავშლი”. პოეტი სატრფოს მიმართავს: „იჩქარე, თორემ თოვლივით წავშლი შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს” (დამდნარი თოვლი უკვალოდ ქრება).

მესამე სტროფში სატრფო შედარებულია „დამწვარი თოვლის მსუბუქ ბოლთან”, რადგან სატრფო არის შორს, რადგან პოეტი ფრონტზეა (სადაც ყველაფერი იწვის, მათ შორის – თოვლიც…), ხოლო ბოლი სინაზისა და უმწეობის სიმბოლოა. თოვლთან დაკავშირებული შემდეგი სახეა გზა, რომელიც ისევე მიდის პოეტისკენ, როგორც თოვლი, ამიტომ სატრფოს ამ გზისკენ მიანიშნებს.

მეოთხე სტროფში სტრიქონი: „მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა”, – უნდა გავიაზროთ პირდაპირი მნიშვნელობით. ხოლო მომდევნო სტროფში გამოთქმული განცდა: „დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი”, – იმ რეალობის აღნიშვნაა, რომ პოეტისთვის უცხო მხარეში მზე და თოვლი იგივე არ არის, რაც მშობლიურ მხარეში… მით უმეტეს, რომ ის ომშია და ყოველდღე სიკვდილს ელოდება… სწორედ ამიტომ ის „თოვლზე უფრო ნამტირალევია” (ანუ თოვლი ტირის, როცა დნება…). განცდათა ზღვარზე თოვლის კიდევ ერთი მშვენიერი მეტაფორა დაიბადა.

როდესაც თოვლის სახე-სიმბოლოებსა და სემანტიკურ ნიუანსებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, გალაკტიონის „იისფერი თოვლი” არ გავიხსენოთ. როგორც ზემოგანხილულ ლექსში, აქაც თოვლი სატრფოს სახეს უკავშირდება. თოვლთან იისფერის დაკავშირება უფრო მისტიკურს ხდის ნარატივს. თოვა შედარებულია ქალწულების „ხიდიდან ფენასთან” (რაც სიწმინდის ასოციაციას აჩენს). თოვლის სახეს უკავშირდება აგრეთვე „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის” და, რაც მთავარია, ამ სტრიქონებით მეტაფორიზებულია პოეტის შინაგანი განცდა – „სიყვარულის მოთმენა”.

ავტორის სევდიანი განცდის გამოხატულებაა „ძვირფასო, სული მევსება თოვლით”. სევდას ერთვის სისპეტაკის, სინაზისა და დინამიკურობის განცდაც.

გალაკტიონისთვის „თოვლივით მკრთალია” სატრფოს ხელებიც, რომლებიც უღონოდ დახრილა „თოვლთა დაფნაში”. თოვა, პოეტის თქმით, ეს არის „მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის” (ანუ ისევ დინამიკასთან, მოძრაობასთან დაკავშირება).

თოვლი „ლურჯი და დაღალული სიზმარიცაა”:

„თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი 
და დაღალული სიზმრით დამთოვა, 
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა…”

ასეთია გალაკტიონის ერთი ლექსის თოვლისმეტყველება. ამავე პათოსის გაგრძელებაა და სატრფო თოვლთანაა დაკავშირებული ირაკლი აბაშიძის ლექსში „პირველი თოვლის სიმღერა”. ასეთივეა ოთარ ჭილაძის „მარინას თოვლი”:

მარინას თოვლი

„თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი. 
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი. 
დედოფალივით სუფთას და მოვლილს, 
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.
მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს, 
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით. 
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს… 
თუმცა რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.
მარინა, თოვლი შენი სულია! 
და განგებაა გამოგზავნილი, 
რომ ამირიოს გზები სრულიად 
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.
ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად 
კი არ მივდივარ, შენ გელოდები 
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს, 
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.
და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს, 
თავზე მევლება ქალური თრთოლვით, 
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი, 
გარემოცულიც ამხელა თოვლით.

წარმოდგენილი კონტექსტები არ არის სრული, მაგრამ შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ პოეზიაში თოვლი (თოვა) უმთავრესად სატრფოს სახეს უკავშირდება.

თოვლი არის: სატრფო, დედოფალი, სული, ქალი, განგება, ბედისწერა…

თოვლთან დაკავშირებულია მსაზღვრელები: შორეული, იდუმალი, მონატრებული, თეთრი, სუფთა, სპეტაკი, კეთილი…

თოვლი ქმნის სინტაგმებს: თოვლივით წაშლა, იისფერი თოვლი, თოვლში დამარხვა, სხვანაირი თოვლი, თოვლის სპეტაკი კუბო, დამწვარი თოვლი, თოვლნარევი დღე, თოვლზე უფრო ნამტირალევი, სულის თოვლით ავსება და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი