ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მუსიკალურ თეატრში მოგზაურობა (III ნაწილი)

კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აშშ-ის მუსიკალურ კულტურაზე, გახლავთ რიჩარდ ჩარლ როჯერსი. მან შექმნა 40 მიუზიკლი, რომელთაგან საუკეთესოებია „ოკლაჰომა” (1943), „წყნარი ოკეანის სამხრეთით” (1949), „მუსიკის ჰანგები” (1959).

ახალი ჟანრის დაბადების ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 1943 წლის მარტი, როდესაც ბროდვეიზე „ოკლაჰომას” პრემიერა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით შტატმა ოკლაჰომამ სიმღერა ამ სპექტაკლიდან თავის ოფიციალურ ჰიმნად აღიარა. 1955 წელს მიუზიკლის მიხედვით გადაღებულ იქნა ფილმი „ოკლაჰომა”, რომელიც დაჯილდოებულია ორი „ოსკარით”.

მიუზიკლის მეორე გაბრწყინება 32 წლის შემდეგ, 1971 წელს მოხდა, როდესაც კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ ვებერმა და პოეტმა ტიმ რაისმა ახლებურად გაიაზრეს პოპულარული სიუჟეტი ქრისტეს ცხოვრების შესახებ და შექმნეს როკ-ოპერა „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”. მან კარდინალურად შეცვალა მიუზიკლის ცხოვრება. როკ-ოპერის სიუჟეტი ეფუძნება სახარებისეულ გადმოცემას ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეების – იერუსალიმში დიდებით შებრძანებისა და გოლგოთაზე ჯვარცმის შესახებ. სპექტაკლმა გვერდი ვერ აუარა მარიამ მაგდალინელის მგრძნობიარე და ნაზ სიყვარულს ქრისტეს მიმართ, რაც შესანიშნავ არიასა და დუეტში აისახა.

* მიუზიკლისგან განსხვავებით, როკოპერის ესთეტიკა ეყრდნობა ბიბლიურ და ისტორიულ სიუჟეტებს, სადაც სულიერი და ფილოსოფიური საკითხების გააზრება მიმდინარეობს. ვოკალისა და პლასტიკის მაღალი დონის მიუხედავად, როკოპერა პრინციპულად უნდა განსხვავდებოდეს კლასიკური მუსიკალური ჟანრებისგან: ხმები არ უნდა ჟღერდეს ოპერის მსგავსად, ცეკვა კი არ უნდა ჰგავდეს ბალეტს.

დიდ ბრიტანეთში მიუზიკლის ჟანრის განვითარება სწორედ ენდრიუ ლოიდ ვებერის სახელს უკავშირდება. გთავაზობთ ვებერის ერთ-ერთ წარმატებულ მიუზიკლს „ოპერის აჩრდილი”, რომელიც დაიდგა 25 ქვეყნის 149 ქალაქში და 100 მილიონამდე მაყურებელმა ნახა.

როგორც ვიცით, 1957 წლამდე მიუზიკლს გასართობ და თავშესაქცევ ჟანრად მიიჩნევდნენ, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან კი მიუზიკლების ფაბულა უფრო სერიოზული გახდა. ამ ჟანრს სერიოზულობა შესძინა ამერიკელმა კომპოზიტორმა, პიანისტმა და დირიჟორმა ლეონარდ ბერნსტაინმა ცნობილი მიუზიკლით „ვესტსაიდური ისტორია”. სპექტაკლს საფუძვლად უდევს შექსპირის ტრაგედია „რომეო და ჯულიეტა”, თუმცა მოქმედება თანამედროვე ნიუ-იორკში ხდება. ცეკვების ექსპრესიულობამ ქორეოგრაფიის მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითა.

 
მიუზიკლები მხოლოდ ინგლისსა და ამერიკაში არ იქმნებოდა. მაგალითად, საფრანგეთში პირველ მიუზიკლად ითვლება სპექტაკლი „კაცი ლამანჩიდან” ჟაკ ბრელის მონაწილეობით (1968). 

აქ მიუზიკლის აყვავება 80-იან წლებზე მოდის, როდესაც პირველად იქნა წარმოდგენილი კლოდ-მიშელ შონბერგისა და ალენ ბუბლილის სპექტაკლი „საბრალონი” (ვ. ჰიუგოს მიხედვით). ის 15 ენაზე, მსოფლიოს 17 ქვეყნის 42 თეატრში დაიდგა, 1987 წელს კი სპექტაკლმა ბროდვეის მაყურებელი აღაფრთოვანა 100 მსახიობით, 400 კოსტიუმითა და ნატურალური ზომის ბარიკადებით. რევოლუციონერების სიმღერა 2000 წელს აჟღერდა სიდნეის ოლიმპიადის გახსნაზე, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები მონაწილეობდა, ხოლო მეორე სიმღერა, „One day more”, ჰიმნად იქცა 1992 წელს, ბილ კლინტონის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს.

კომპოზიტორ რიკარდო კოჩანტესა და ლიბრეტისტ ლიუკ პლამონდონის შემოქმედებითმა ტანდემმა 1998 წელს ჯერ საფრანგეთი, მერე კი მთელი მსოფლიო გააოცა მიუზიკლით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (ვ. ჰიუგოს მიხედვით).

ბოლო წლებში საფრანგეთმა კოსტიუმებისა და დეკორაციების თვალსაზრისით საკმაოდ ხატოვანი მიუზიკლები წარმოადგინა: „რომეო და ჯულიეტა”, „ქარწაღებულნი”, „მეფე-მზე”, „მოცარტი. როკ-ოპერა”.

ფრანგულ მიუზიკლებს დიდი წარმატება მოუტანა ვოკალურმა ფორმებმა და ქორეოგრაფიულმა სტილმა. მე-20 საუკუნის ბოლოსთვის მათ მთელი მსოფლიო დაიპყრეს.
ვინაიდან მსოფლიო პრესაში ბროდვეის სპექტაკლებს განსაკუთრებით ფართო გამოხმაურება მოჰყვებოდა, ყოველი ინგლისური „ვესტენდური” მიუზიკლი ნიუ-იორკში ცდილობდა ხელახლა დაბადებას. თავის მხრივ, ბროდვეის თეატრებსაც სიამოვნებით გადაჰქონდათ სპექტაკლები ლონდონის პრესტიჟულ სცენებზე. პრაქტიკულად, მიუზიკლის მთელი ისტორია ვესტ-ენდისა და ბროდვეის ბრძოლაა მიუზიკლის გვირგვინის მოსაპოვებლად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ამ ჟანრს მსოფლიო დიდება ბროდვეის მიუზიკლებმა მოუტანა.

სწორედ ბროდვეიმ, როგორც მსოფლიოს მიუზიკლებისთვის ტონის მიმცემმა, წარმოადგინა 50-იან წლებში კომპოზიტორ ფრედერიკ ლოუს მიუზიკლი „ჩემი მშვენიერი ლედი” (ბერნარდ შოუს პიესა „პიგმალიონის” მიხედვით, ჯული ენდრიუსის მონაწილეობით). 1964 წელს კი შეიქმნა იმავე სახელწოდების კომედია, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებდა. სამი წლის შემდეგ, 1967 წელს, ეს მუსიკალური სპექტაკლი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრშიც დაიდგა (რეჟისორი – შოთა მესხი).

1964 წელს ბროდვეიმ მსოფლიოს აჩუქა მიუზიკლი „სასაცილო გოგონა” (კომპოზიტორი – ჟიულ სტაინი) 22 წლის ბარბრა სტრეიზანდის მონაწილეობით, ხოლო 1968 წელს ჰოლივუდში გადაღებულმა იმავე სახელწოდების ფილმმა ბარბრა ვარსკვლავად აქცია. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იგი „ოსკარით” დაჯილდოვდა. ამავე წლებში დაიდგა მუსიკალური სპექტაკლი „კაბარე”(კომპოზიტორი – ჯონ კანდერი). ძნელია, გულგრილად აუარო გვერდი ამ სპექტაკლის მიხედვით შექმნილ ბობ ფოსის კინოშედევრს შესანიშნავი ლაიზა მინელის მონაწილეობით.

 

1969 წელს გადაღებული მელ ბრუკსის ფილმი „პროდიუსერები” 2001 წელს ამავე სახელწოდებით ბროდვეიზე გამოჩნდა. აქ ბრუკსი არა მხოლოდ რეჟისორად, არამედ დრამატურგად და კომპოზიტორადაც გვევლინება.

სპექტაკლში მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევს ბროდვეის შაბლონური აზროვნების პაროდირება და შოუბიზნესის გამასხარავება. „პროდიუსერებმა” აჩვენა, რომ დღეს მუსიკალური კომედია მოთხოვნადია როგორც არასდროს. მიუზიკლს მიღებული აქვს 12 თეატრალური პრემია „ტონი”.
რუსეთში, ისევე როგორც ამერიკაში, პირველი მიუზიკლები უკავშირდება ჯაზს. ეს გავლენა აისახა რეჟისორ გ. ალექსანდროვისა და კომპოზიტორ მ. დუნაევსკის ფილმებში, განსაკუთრებით – პირველ საბჭოთა ხმოვან კინოკომედიაში „მხიარული ახალგაზრდობა” (1934 წ.), სადაც ლეონიდ უტიოსოვი თავის ჯაზბენდთან ერთად მონაწილეობს.

საბჭოთა კავშირში სწორედ უტიოსოვმა შემოიტანა ჯაზური კულტურა. ამ მრავალმხრივმა პიროვნებამ – კომიკოსმა, პაროდისტმა, ფელეტონისტმა, ლექსების ავტორმა, მომღერალმა, დირიჟორმა, ბრწყინვალე მთხრობელმა და ორგანიზატორმა – ხელოვნების დარგებს შორის გაუთავებელი „შემოქმედებითი ხეტიალის” შემდეგ საფრანგეთში იმოგზაურა (1928 წ.). პარიზში იგი განაცვიფრა ტედ ლუისის ამერიკულმა თეატრალიზებულმა ჯაზორკესტრმა. მან იხილა მუსიკა და თეატრი ერთად, რომელიც ერთხელ ნაპოვნ ფორმებს არ სჯერდებოდა. მუსიცირების თავისუფალი მანერა ყოველ მონაწილეს საშუალებას აძლევდა, ემოქმედა საკუთარი ფანტაზიით. სწორედ ეს სჭირდებოდა უტიოსოვის მისწრაფებებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან ლენინგრადში დააარსა ეგრეთ წოდებული „თეა-ჯაზი” (თეატრალიზებული ჯაზი).

შესაძლოა, ფილმ „მხიარულ ახალგაზრდებს” დღის სინათლე ვერც კი ეხილა, საქმეში რომ არ ჩარეულიყო უტიოსოვის ნიჭიერებისადმი კეთილად განწყობილი იოსებ სტალინი. მეორე მსოფლიო ომის დროს უტიოსოვის ჯაზორკესტრმა 500 კონცერტი გამართა. იქ მიღებული შემოსავლით აშენდა 3 თვითმფრინავი და სტალინის ნებართვით ამ თვითმფრინავებს „მხიარული ახალგაზრდები” დაერქვა. 
გ. ალექსანდროვის მუსიკალური კომედიური ფილმებიდან ასევე აღსანიშნავია „ცირკი” და „ვოლგა-ვოლგა”. 
ქართულ კინოში მიუზიკლის ჟანრი 70-იან წლებში იკიდებს ფეხს. პირველი ქართული მიუზიკლი, რომელიც მაყურებელმა კინოეკრანებზე იხილა, იყო რეჟისორ გიორგი შენგელაიასა და კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის შესანიშნავი მუსიკალური ფილმი „ვერის უბნის მელოდიები” (1973 წ.). ფილმმა 1977 წელს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

2012 წელს ამ მიუზიკლის თანამედროვე თეატრალური ვერსია დადგა ფრანგმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა რედა ბენტიფორიმ, ხოლო ორიგინალური საორკესტრო ვერსიები შექმნა სპექტაკლის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა.

ყურადღებას იმსახურებს ლანა ღოღობერიძის მიუზიკლი „აურზაური სალხინეთში”, რომელზეც 1975 წელს რეჟისორმა და კომპოზიტორმა ნოდარ გაბუნიამ ერთობლივად იმუშავეს.

ერთ დროს (1948 წ.) ფილმად გადაღებული ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს” თანამედროვე ვერსია 3D ეფექტის შექმნის მცდელობით განახორციელეს დავით დოიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა მიუზიკლ „ქეთო და კოტეში” (2011 წ.)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი