ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რამდენიმე სასწავლო აქტივობა, მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად

ახალი სასწავლო წელი. მოლოდინები არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. ყველანი ვთანხმდებით, რომ წლევანდელი სასწავლო წლის ყველაზე დიდი სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული ,,მითიური” საფარველიდან, თუმცა მისი ოფიციალურად გამოქვეყნება დღე დღეზეა უნდა მოხდეს. სამაგიეროდ ვიცით ძირითადი პრინციპი – მასწავლებლის მეთოდურად გამართული ყველა აქტივობა კრედიტქულებად შეფასდება. განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალიც აგრეთვე ცნობილია. თუმცა მასწავლებლებისთვის შეთავაზებული საქმიანობები მათი აბსოლუტური უმრავლესობისათვის სულაც არ გახლავთ თანაბრად მოსახერხებელი და კომფორტული. ხოლო ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად შეუძლებელიცაა. მაგალითად, კრედიტების დაგროვების ზოგიერთი გზა (კონფერენციები, სემინარები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობა და ა.შ.) მასწავლებლების უმეტესობისათვის სხვადასხვა მიზეზის გამო მიუწვდომელია და სავარაუდოდ ვითარება კარდინალურად არც მომავალში შეიცვლება. ამას თავისი ობიექტური (სუბიექტურს რომ თავი დავანებოთ) მიზეზები აქვს. მაგ: სასწავლო წლის განმავლობაში სულ ათიოდე რესპუბლიკური კონფერენცია და სემინარი ტარდება, სადაც მონაწილეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სემინარებსა და კონფერენციებში მასწავლებელთა საერთო რაოდენობის ძალზე მცირე ნაწილი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მით უმეტეს სახელმძღვანელოს ან სასწავლო რესურსის ავტორობას, ამისათვის განსაკუთრებული ცოდნა, უნარი, უამრავი დრო, ენერგია და მნიშვნელოვანი ფინანსებია საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებს შორის ასეთი საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ მოახერხებს კრედიტების დაგროვებას. სავარაუდოდ, მასწავლებლებმა კრედიტების უმეტესი ნაწილი ისევ საგაკვეთილო პროცესში უნდა მოაგროვონ (მეორე ყველაზე ,,შემოსავლიანი” საქმიანობა ალბათ ტრენინგები იქნება). ასე რომ, სქემის ამოქმედების შემდეგ ორიგინალური, შემოქმედებითი და სააზროვნო საგაკვეთილო აქტივობების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი, ასეთი აქტივობები საინტერესოს და მიმზიდველს ხდის სასწავლო პროცესს (ამ თემას ამჯერად შეგნებულად აღარ განვავრცობთ). მეორე, მეთოდურად გამართული აქტივობები მასწავლებლის ფინანსურად მომგებიანი ვალდებულება ხდება.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო – კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია.

მოცემული აქტივობები აგრეთვე მიზნად ისახავს ორ კონკრეტულ ამოცანას :

.ა) ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.

ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ, რომელთა საქციელსაც თავის დროზე მიუღებლად, მკრეხელურად, შეურაცხმყოფელადაც კი თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ისტორიამ სრულად მოახდინა ზოგიერთი მათგანის ,,რეაბილიტაცია”, მათი საქმეები კი მომდევნო თაობებმა აიტაცეს და ნორმად აქციეს. თუმცა არსებობენ ისტორიული პიროვნებები, რომელთა საქმიანობას თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგები არც თავის დროზე აკლდა და არც ახლა განიცდის მათ სიმცირეს. ამ პიროვნებების თაობაზე დღემდე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუ არჩეული პერსონა ქალბატონი იქნება, აქტივობის დევიზად მისი ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან გამომდინარე შესაძლოა ცნობილი ისტორიკოსის, ლაურელ ტეტჩერ ულრიხის გამონათქვამიც გამოგვადგეს: ,,კარგად აღზრდილი ქალბატონები ისტორიას იშვიათად ქმნიან”.

სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.

თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერით აქტივობაში) გამოიყენებენ. აქტივობები მიმართულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ, მაგრამ ამასთანავე ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტზე, მომხდარ სოციალურ ცვლილებებზე, ისტორიული პიროვნებების საზოგადოებასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე.

მასწავლებლის მომზადება

ა) მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს. საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ (ეს არის მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება).

ბ) აწვდის მოსწავლეებს ტექსტებს. თუ ტექსტი მცირე ზომისაა, სურათების პრეზენტაციასთან ერთად, შესაძლოა მისი ხმამაღლა წაკითხვაც მოხერხდეს. სასურველია ყველა მოსწავლეს თავისი ეგზემპლიარი ჰქონდეს.

გ) მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.

თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.

ფოტოალბომი კომენტარებით
ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. რასაკვირველია, ეს აქტივობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიულ პიროვნების შესახებ ასეთი რესურსი არსებობს. სასურველია ფოტოსურათზე ან ნახატზე სხვა პიროვნებებიც იყვნენ გამოსახულნი, ამასთანავე მოპოვებული სურათი (ნახატი) ისტორიული ხასიათის ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ამ დავალებას პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით.

წარმოსახვითი ინტერვიუ

მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად ან ტრიადებად დავყოთ და ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა (ვთქვათ 5 კითხვა) და მათზე ისეთი პასუხები გასცენ, როგორსაც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გასცემდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხების გაცემაა, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, გაიხსენონ ისტორია და დავალება ისე შეასრულონ. მოსწავლეების პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ მათ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული კი ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად.

აი, რამდენიმე მარტივი შეკითხვა, რომელიც ინტერვიუში შეიძლება გამოვიყენოთ :

ა) რას მოელიან ადამიანები თქვენგან?
ბ) რა იყო თქვენი უდიდესი მიღწევა? რატომ ამაყობთ მისით?
გ) როგორ დაახასიათებდით თქვენს პიროვნებას?
ე) ხასიათის რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში?
ვთხოვოთ მოსწავლეებს, ამ სიას სხვა კითხვებიც დაუმატონ.
ბოლო ორი დავალება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას ისტორიული პიროვნების ხასიათის თვისებებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე აკეთებს. ორივე აქტივობა ამოწმებს მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.

ხასიათის სოციოგრამა

ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ.

კონცეპტუალური წრე

ეს წერითი დავალება მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი – გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.

დაბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი მსჯელობისას მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა, რომლის მიზეზიც მეტისმეტი მონდომებაა. ასეთ დროს მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. და კიდევ ერთი, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობის უნართან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ლოგიკურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ადეკვატურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი