პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მზესუმზირამ მზეს უმზირა…

– მუსიე, ამ მზესუმზირებს თქვენ ყიდით?
– დიახ, მადმუაზელ. გნებავთ?
– ჯერ ფასი უნდა მითხრათ, – შევცინე გამყიდველს.
კვლავ დედის კისერზე ჩამოკიდებული სტუდენტი ვარ და ფულიც ცოტა მიდევს ჯიბეში. ხელოვნური მზესუმზირა კი მომწონს და უკვე წარმოდგენილიც მაქვს, როგორ დაამშვენებს ჩემი ოთახის მაგიდაზე მდგარ ლარნაკს. ჩრდილოეთ საფრანგეთში ვარ, სხვა სტუდენტებთან ერთად გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის ციხე-კოშკს  ვსტუმრობ. ცოცხალი გრაფი და გრაფინია პირველად ვნახე. ოღონდ წიგნებიდან რომ ვიცოდი, იმათ სულ არ ჰგვანან. მოკლედ, ეს დიალოგიც საფრანგეთში პატარა ქალაქ კომბურგში შედგა, სადაც მარტო სასეირნოდ  ხშირად დავიარებოდი. 
– ვერ დავაკლებ, მადმუაზელ, ისედაც არ ღირს ძვირი. სამაგიეროდ, მზესუმზირაზე ზღაპარს გიამბობთ. 
– ზღაპარს? – მეღიმება, – კარგით, აბა, მიამბეთ!
– ოღონდ თქვენი წარმოსახვის უნარი გვჭირდება, მადმუაზელ.
წარმოსახვის უნარი, იცოცხლე მაქვს. 
– რა წარმოვიდგინო? 
– პატარა ლოყაწითელა გოგო წარმოიდგინეთ, რომელიც მზეზეა შეყვარებული.
– წარმოვიდგინე…
– მზის ღვთაებასთან  მივიდა და შეევედრა, რომ სულ მზე ყოფილიყო, რადგან მის გარეშე გოგოს არ შეეძლო. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე. მერე, რაო ღვთაებამ?
– აუსრულა სურვილი… მზე აღარ ჩადიოდა, სულ ანათებდა და გოგო ბედნიერი იყო.  სამაგიეროდ, სიცხე ჩამოწვა, მიწა დასკდა, მოსავალი განადგურდა, წყალი აღარ იყო. ხალხი და ყველა სულიერი სულს ღაფავდა. დაიწყო შიმშილი, მადმუაზელ. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე და მერე?
– გოგოს შეეცოდა ხალხი და ღვთაებას კვლავ სთხოვა, ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. უთხრა, მე უმზეოდ მოვკვდები, მაგრამ ამდენი ხალხის საცოდაობას ვეღარ გავუძლებო. 
– უარი მიიღო? 
– არა,  ღვთაებამ თხოვნა კვლავ აუსრულა, ოღონდ თვითონ  მზესუმზირად გადააქცია. ჰოდა, მას შემდეგ ერთად არიან  – მზე და გოგო. საითაც მზე არის, მზესუმზირაც იქეთ იცქირება. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე…
– კიდევ გეძვირებათ?
– არაა, ვყიდულობ…  
ნავაჭრი ხელში დავიჭირე და ის-ის იყო გზას გავუყევი, რომ მკვეთრად შევტრიალდი.
– რატომ აქვს მზესუმზირას ყვითელი ფურცლები და შუაში შავი გული?
ხელოვნური ყვავილების გამყიდველმა ოდნავ თვალები მოჭუტა და კითხვა შემიბრუნა:
– თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ზღაპრის მიხედვით მაინტერესებს…
– ჰოო, გოგო ქერა იყო, წარბები კი გიშერივით შავი ჰქონდა. ეგრე იქნებოდა, რა ვიცი.
– რატომ აქვს მზესუმზირას მწვანე ფოთლები და ღერო?
– ჰმ, მადმუაზელ, მწვანე თვალები ჰქონდა გოგოს.
რატომ აქვთ ყვავილებს, ფოთლებს და საერთოდ მცენარეებს სხვადასხვა შეფერილობა? 
პიგმენტების გამო.
დღეს პიგმენტებზე ვწერ. აბა, ხომ არ იფიქრეთ  სტატიის ბოლომდე მეყვავილე მეზღაპრეზე ვისაუბრებდი? 
დღეს საგანთაშორის კავშირებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ქიმიის დიდაქტიკის წამყვანი მეცნიერები გვეუბნებიან, ეძებეთ კავშირები მეცნიერებებს შორის. ერთი შეხედვით დაკავშირება წარმოუდგენლადაც რომ მოგეჩვენოთ, არ დანებდეთ და შეხების წერტილს მიაგენითო.
ჟურნალ „მასწავლებლის” სტატიებში სწორედ ასე ვიქცევი. ჯერ იყო და ქიმია ტურიზმს დავუკავშირე, შემდეგ მუსიკას, ათასი ამბავი გავიხსენე ისტორიიდან, ბიოლოგიაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. პიგმენტები კიდევ  ისეთი თემაა, რომელსაც ისედაც რამდენიმე მეცნიერება ერთად შეისწავლის. ფიზიკური ქიმია მცენარეებიდან პიგმენტების გამოყოფას და მათ ქიმიურ აღნაგობას სწავლობს. ბიოქიმია მათი წარმოქმნის პროცესებს იკვლევს, ფიზიოლოგია კი მცენარეთა ორგანოებში მათ ლოკალიზაციას და მიგრაციას ჩაჰკირკიტებს. 
მცენარეული პიგმენტები ორგანული მოლეკულებია, რომლებსაც განსაზღვრული სიგრძის სინათლის ტალღის შთანთქმა შეუძლიათ. უმეტეს შემთხვევაში შეფერილობის გამოვლენაზე ამ მოლეკულათა გარკვეული უბნები აგებენ პასუხს და ამ უბნებს ქრომოფორები ეწოდებათ. ქრომოფორული ფრაგმენტი ატომთა ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ერთ არომატულ ჯაჭვშია გაერთიანებული და ერთმაგი და ორმაგი ბმების თანამიმდევრობისგან შედგება  (–С=С–С=С–).  რაც უფრო  ხშირად მეორდება ასეთი თანმიმდევრობა, მით უფრო ინტენსიურია ფერი. 
ახლა თვითონ პიგმენტებს გავეცნოთ.
რაო, რა თქვა ფრანგმა მეზღაპრემ? გოგოს თვალები მწვანე ჰქონდაო? ჰმ, შეიძლება ჰქონდა კიდეც, მაგრამ ყველა მცენარის სიმწვანეს პიგმენტი ქლოროფილი განაპირობებს.  თავისი აღნაგობით ძალიან წააგავს ჰემს  (რომელიც ასევე პიგმენტია, ოღონდ წითელი და ცხოველური), რკინის იონის ნაცვლად მაგნიუმის იონს შეიცავს.  მისი მეშვეობითაც ფოტოსინთეზის პროცესი ხორციელდება.  
რაო, რა თქვა ფრანგმა მეზღაპრემ? გოგოს ქერა თმები  ჰქონდაო? ჰმ, შეიძლება ჰქონდა კიდეც, ოღონდ ნებისმიერი ყვავილის ყვითელი ფურცლები ყვითელი პიგმენტების ფლავონების და ფლავინების დამსახურებაა. მოყვითალო-სტაფილოსფერი კაროტინოიდებიც აქვე შეგვიძლია მივაწეროთ. ფლავონები და ფლავინები მდგრადი ნაერთებია, თუმცა ზოგიერთი ცხელ წყალში იხსნება. შეიძლება ამიტომაც, ფლავინურ  პიგმენტებს ჩვენი წინაპრები საღებავადაც იყენებდნენ.   აღნაგობის მიხედვით  ფლავონების მსგავსი ქალკონები და აურონები არიან. მცენარეებში ისინი უფრო მეტად ყვავილის ფურცლებში შედიან.
კაროტინოიდებს რაც შეეხებათ, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი პირველად სტაფილოში აღმოაჩინეს და ამ ჯგუფში შემავალ პიგმენტებსაც მის გამო უწოდეს კაროტინოიდები. ისინი წყალში უხსნადია, თუმცა მცენარეული პლასტიდებიდან მათი გამოყოფა ორგანული გამხსნელებით შეიძლება. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის პროვიტამინია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში მცენარეულ საკვებთან ერთად მოხვედრილი ბეტა-კაროტინი წვრილი ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში A ვიტამინად გარდაიქმნება.
იასამნისფერ სპექტრს მცენარეში ანტოციანები წარმოქმნიან. ოღონდ მათზე აქ არაფერს ვიტყვი, რადგან „იისფერი ათწლეული” სწორედ ანტოციანებს მივუძღვენი.
ახლა სჯობს პიგმენტების ფუნქციაზე დავწერო. 
პიგმენტების მთავარი ფუნქცია ფოტოსინთეზია. მას ქლოროფილი ახორციელებს. თუმცა ამ საქმეში წვლილი ზოგიერთ კაროტინოიდსაც არ უნდა დავუკარგოთ. ისინი ქლოროფილის მოლეკულას ენერგიის გადაცემის შემდეგ  საწყის მდგომარეობაში აბრუნებენ და ფოტოდაჟანგვისგან იცავენ.  სხვადასხვა პიგმენტთა გამოყენებით მცენარეები ფოტოსინთეზისთვის ხილული სინათლის მთლიან სპექტრს იყენებენ. ისინივე იყენებენ ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დიაპაზონის ნაწილს. 
პიგმენტებთან დაკავშირებულია  სინათლის მიმართ მცენარეთა მდგრადობა, მეტაბოლიზმის სეზონური რეგულირება, ზრდა და ყვავილობა, თესლის გაღვივების და განვითარების რეგულირება.
  
ულტრაიისფერი სხივების შთანთქმით ფლავინური პიგმენტები ციტოპლაზმის უჯრედებს და ქლოროფილს დაშლისგან იცავენ. კაროტინოიდები, ფლავინური პიგმენტები და ანტოციანები თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაშიც მონაწილეობენ, ანუ ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებთ.  
ფლავინურ პიგმენტებს მცენარეები ზოგჯერ სოკოების და მიკრობების წინააღმდეგაც იყენებენ, ზოგჯერ კი  საკვებადაც. 
პიგმენტები კაშკაშა შეფერილობით მწერებს იზიდავენ. მწერები დამტვერვას უწყობენ ხელს. ერთი პიგმენტი ზოგჯერ მეორე პიგმენტად გარდაიქმნება   და ეს ნიადაგის pH გარემოზე, მცენარის ასაკზე და წარმოიდგინეთ გარემოს ტემპერატურაზეც კი არის დამოკიდებული. 
პიგმენტებზე ბევრის თქმა ვერ მოვასწარი. არადა,  დასაწერი უამრავია. სულ იმის ბრალია, რომ ჩემი წერილისთვის განკუთვნილი სივრცე ზღაპრის მოყოლას გადავაყოლე. ზღაპარი მზესუმზირაზე იყო… 
მზესუმზირა ადრე პატარა გოგო ყოფილა, ჰოდა მზე შეჰყვარებია… მზეს ალბათ გაეცინა, მაგრამ შორიდან სიყვარულის უფლება მიუცია. ეს სხვებს ძვირად დაჯდომიათ და მზის ღვთაებას გამოსავალი მოუძებნია… გოგო მზესუმზირად გადაუქცევია და მას შემდეგ სულ მზეს შეჰყურებს…
წარმოიდგინეთ?…
მე წარმოვიდგინე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი