პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფეხბურთი მაგიდაზე

დავუშვათ, საქმით გადაიღალე და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენება, გართობა გსურს. „ვითამაშებ რამეს”, – იტყვი. კომპიუტერზე არ გირჩევ – მონიტორის ცქერა სამსახურში არ გეყოფა?! თანაც რას აღარ ამბობენ ეკრანის არამარტო თვალებისთვის მავნე გამოსხივებაზე… ბანქო, დომინო თუ ნარდი თავშესაქცევი და სასარგებლო, გონების გამავარჯიშებელი თამაშებია, მაგრამ მაინც მოსაწყენი.
აბა, რას იტყვი, იცი ასეთი თამაში?
საქართველოში სპორტის სახეობას, სახელად სუბუტეოს, თითქმის არავინ იცნობს. არადა, ეს ჩვეულებრივი სამაგიდო ფეხბურთია, რომლის მსგავსსაც სკოლის მერხზე დახაზულ მოედანზე დაგორგოლავებული ქაღალდის ბურთით ვთამაშობდით და წკიპურტით გაგვქონდა გოლები. იყო სამაგიდო ფეხბურთის სხვა, საკმაოდ პოპულარული ნაირსახეობაც – ერთგვარი სათამაშო (ასეთი ჰოკეიც არსებობდა), რომელზეც მოთამაშეს ლითონის ფეხბურთელი სპეციალური ზამბარებითა და ღერძებით მოჰყავდა მოძრაობაში და პლასტმასის ბურთს მანამდე აგორავებდა აქეთ-იქით, სანამ მეტოქის კარში არ შეაგდებდა.
ასეა თუ ისე, სამაგიდო ფეხბურთს ჩვენთვის მხოლოდ მოწაფეობისას ჰქონდა ხიბლი, თუმცა იყვნენ და არიან ზრდასრული ადამიანებიც, ვისთვისაც ეს გასართობი არაფრით ჩამოუვარდება სპორტის სხვა, „სერიოზულ” სახეობებს და არანაკლები ეშხით გამოხატავენ წარმატებით მოგვრილ სიხარულს, ვიდრე ოლიმპიელები – ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოპოვებისას.
ყველაფერი შორეულ 1929 წელს ლივერპულში დაიწყო. საერთოდ, ინგლისის ამ ქალაქის მცხოვრებლებს მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი იდეა თუ აღმოჩენა მიეწერებათ. ჰოდა, ერთ დღესაც ერთმა ფანტაზიამოჭარბებულმა ლივერპულელმა, ვინმე უილიამ კილინგმა, საბავშვო თამაში გამოიგონა, რომელსაც New Footy უწოდა.
კილინგის სამაგიდო ფეხბურთის კომპლექტი თერთმეტი მოთამაშისგან შემდგარ ორ გუნდს შეიცავდა. ფანერის ფეხბურთელთა ფიგურები ხის ნახევარსფეროებზე იყო დამაგრებული და მოძრაობისას ცელულოიდის ბურთს აგორებდა. თამაშის პრინციპი კი მარტივი იყო – ფიგურაზე თითის შეხებით მეტოქის კარში ბურთი უნდა შეგეგდო.
1947 წლამდე ამ გამოგონებას განსაკუთრებული წარმატება არ რგებია წილად, სანამ მეორე ბრიტანელმა, პიტერ ადოლფმა, არ წარმოადგინა ანალოგიური თამაში, სახელად Subbuteo.
ალბათ დაგაინტერესათ – საიდან ასეთი უცნაური სახელწოდება?
მისტერ ადოლფს თამაშისთვის თავდაპირველად „ჰობი” დაურქმევია, მაგრამ ამ სახელით მისი რეგისტრირება თურმე ვერ შეძლო.
Subbuteo კი ლათინური სახელწოდებაა მტაცებელი ფრინველის ერთ-ერთი სახეობისა, რომელსაც ინგლისელები „ჰობის” უწოდებენ. რა კავშირი აქვს მას მაგიდის ფეხბურთთან, თავად განსაჯეთ. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ უცნაური სახელწოდების დამსახურება იყოს, რომ თამაშმა ომის შემდგომ ბრიტანეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და უმალვე იქცა პოპულარულ გასართობად.
საგულისხმოა, რომ ადოლფს არც არაფერი შეუმატებია კილინგის გამოგონებისთვის, გარდა სახელისა და ბადეებისა. თავდაპირველად სათამაშოდ სპეციალური მოედანი არც იყო საჭირო – სუბუტეოს ერთნაირი აზარტით თამაშობდნენ ხის იატაკზეც და ნოხზეც.
თამაში სწრაფად ვითარდებოდა. 1960 წელს მოთამაშეთა ფიგურები პლასტმასისგან ჩამოასხეს. თამაშისთვის მეტი ხიბლის მისაცემად დაიწყეს დამატებითი აქსესუარების დამზადება – პატარა ტრიბუნებისა, განათებისა და სატელევიზიო კოშკურებისაც კი. 1970 წლიდან ადოლფის ფირმამ სათამაშო კომპლექტს ახალი ფიგურები – კუთხურის მიმწოდებელი და დამრტყმელი ფეხბურთელები შემატა. დაამზადა პატარა მოედანიც მთელი თავისი აღჭურვილობით. ყოველივე ამან სუბუტეო მილიონობით ადამიანის საყვარელ გასართობად აქცია. 80-იანი წლების დამლევს კი თამაშში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ სამაგიდო ფებურთი კიდევ უფრო დაამსგავსა ნამდვილს.
დღეს ეს თამაში, ისევე როგორც „დიდი ფეხბურთი”, წარმოუდგენელია თავისი ფედერაციის, კვალიფიციურ მსაჯთა კომიტეტის, თამაშის დახვეწილი წესებისა და სხვა ნიუანსების გარეშე. იმართება ოფიციალური ტურნირები, მსოფლიო ჩემპიონატები. ის კი არა, რამდენიმე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეხვედრების რეგულარული ტელეტრანსლაციაც კი ხდება.
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, თითო „გუნდს” თითო მოთამაშე მართავს. ბურთის დარტყმა, ფეხბურთელების გადაადგილება განსაზღვრული წესების დაცვით, წკიპურტებითა და თითის კვრით შეიძლება. თამაში ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთივე „მოკრძალებული” ანგარიშით მთავრდება, როგორითაც ნამდვილ ფეხბურთში – გოლის გატანა ძნელი და მნიშვნელოვანი საქმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი