სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბიჭო გოგიაა…

-„ბიჭო გოგია”, „ბიჭო გოგია”-  ქვემოდან მეძახიან, მეც ფაცხა-ფუცხით ვდგები და  ეზოში გავრბივარ.   არც ბიჭი ვარ და არც გოგია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორედ მე მიხმობენ. 

დილის ექვსი საათია და ჩემი სოფლის  ეზოში „ბიჭო გოგიების” ოჯახი უფასო კონცერტს მიტარებს. სინამდვილეში ესენი პატარა მორუხო გრძელკუდა ჩიტუნები არიან. ორნითოლოგების ენაზე რა ქვიათ, არ ვიცი, კახეთში კი  „ბიჭო გოგიას” ეძახიან. თუ დაუკვირდები, მართლაც ამ ორი სიტყვის თქმა გამოსდით. კონცერტი კიდევ, მხოლოდ ჩემთვის ტარდება, რადგან მთელ სოფელში მარტო მე მცალია მათ მოსასმენად.

ბავშვობაში ბებია ამბობდა ხოლმე, ძმა დაკარგესო მაგათ – გოგია – და მერე ჩიტებად გადაიქცნენ, დაკარგულს მაღლიდან უკეთ დავინახავთო. ასეც დარჩნენო, ვერც გოგია იპოვეს  და მას შემდეგ დაეძებენო. მაშინ გოგიას მეც  ვეძებდი, მიხმარება მინდოდა. ახლა კი, ამ ლამაზ ზღაპარს სიამოვნებით ვიმეორებ, სევდიანი და ლამაზია, თან „გოგიებს” უხდებათ.

ჩემი ეზო ჩიტებითაა სავსე. მთელი წელი არავინაა, ხეებიც უხვადაა და, მგონი, ტყე ჰგონიათ. როცა ჩავდივარ, სულ ოდნავ მებუზღუნებიან და ეგაა, მერე შემეჩვევიან ხოლმე. გუმანით ალბათ ხვდებიან, რომ არ ვარ „ქვასროლია სესე”. დიდი-დიდი დავჯდე და მოვუსმინო. ჰოდა, მაინც ჭყიპინებენ და ბარემ მსმენელიც ჰყავდეთ. 

შორიახლოს „გაჩხიკული”  შავი ჩხიკვი დადის და დაახლოებით სამ-ოთხ წუთში ერთხელ წამოიძახებს – „იჰაა”. აქეთ-იქით ვიყურები, ვრწმუნდები, რომ არავინაა და მეც ვაჯავრებ „იჰაა”, ეტყობა ცუდად არ გამომდის, რადგან ჩხიკვი ტყუვდება და კარგად რომ დამათვალიეროს, ახლოს მოდის. ისედაც ელამი თვალები, მონდომებისგან კიდევ უფრო  უელმდება და უკვე საყვედურიანი „იჰა” ისმის – შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ შეცდომაში შეგყავარო? მე კიდევ კმაყოფილი ვარ, ახლოს მოვიტყუე და დავინახე, რომ ელამი თვალები ქონია, კი არ ვიცოდი.

მერცხლებიც მყავს. ამათთან ოდნავ რთულადაა საქმე. სახლის დერეფანში ხალხს სრულიად გადაჩვეულები მტრად აღმიქვამენ და დერეფანში ყოველი შესვლისას ლოყაში სილას მაწნიან. სილის გაწვნა იმას ნიშნავს, რომ სახესთან ჩამიფრენენ და  ჭყივილით ლოყაზე  ფრთას გამისვამენ. მე კიდევ ისე მომწონს, მაშინვე მეორე ლოყას მივუშვერ ხოლმე. თუმცა გუშინდლიდან მეგობრები ვართ. მეზობლის ჩასუქებულ კატას გადავაწყდი, მათი ბარტყების ბუდესთან ატუზულიყო და ჰიპნოზის გაკეთების მცდელობა ჰქონდა. მერცხლების ალიაქოთს ყური მოვკარი, ჩავედი და ეს სურათი დამხვდა. იქვე ცოცხს წამოვავლე ხელი და მივცხე ერთი-ორი. „მიაუო”- შემომჩხავლა (უფრო წყენისგან, ვიდრე ტკივილისგან) და გაძუნძულდა. ჰოდა, იცით რა მოხდა? მერცხლებმა ეს პატარა სიკეთე დაინახეს. 

ნეტა, ადამიანებიც ხედავდნენ ხოლმე სიკეთეს, თორემ ზოგჯერ ისეა, შენ  მავანისკენ ხარ, სულს და გულს დებ, ის კიდევ სხვისკენაა. მერე საყვედური წამოგცდება და ლამის მტრად გაგიხდეს. 

პირველი სართულის დერეფანში ნათურა კონწიალობს. ეს ჩემს მერცხლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ  და დიზაინი შეუცვლიათ, აქეთ-იქიდან ბუდეები მიუშენებიათ და ახლა მოკონწიალე სახლები აქვთ. სამაგიეროდ, შებინდებულზე დერეფანში შუქს ვეღარ ვანთებ, სინათლით არ ვაწუხებ.
კახეთში ყველას ზედმეტი სახელი აქვს, მათი ცოდნა სავალდებულოა. იქით „უა” ცხოვრობს, ბავშვობაში მეზობლებს მისტიური „უათი” აშინებდა და  უბოძეს კიდეც სახელად. აქეთ, შესახვევს თუ აუყვებით, „ჩაი დალალეს” სახლს მიადგებით. ამასაც ბავშვობიდან აქვს სახელი. ხელმოკლე ოჯახში  დაბადებულს ერთ დღესაც სახლში ჩაიც ჰქონია და შაქარიც და ეზოში მალაყებზე გადასულა, ჩაის დავლევ დალალეო. ჰოდა, ამ ერთ მალაყს დღემდე უხსენებენ. სტადიონის გადაღმა ვინმე „გარგარა” გაზს ტენის. შარშან მახსოვს ჩემი გაზის ბალონით მივადექი, მანამდე დაუღალავად ვარკვევდი „გარგარას” ნამდვილ სახელს და ხელმოცარულმა მისი სახლის კარებთან ყელი მოვიღერე: 

ბატონო გარგაარ!

 აბა მხოლოდ  „გარგარას” დაძახება მომერიდა. როცა პაპისტოლა კაცი გამოვიდა,  დავიმორცხვე და ვკითხე უკაცრავად, თქვენი ნამდვილი სახელი არ ვიცი-მეთქი.  ეგ არაფერიო, ბატონი გარგარა კარგიაო.
ჰოდა, ახლა „დაცხაანთ ავთოს” მზესუმზირებზე მოგიყვებით. უზარმაზარი პლანტაცია აქვს, ზეთს ხდის.  ავთო პაპას ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ, ისიც სულ იმას დამძახოდა, ეს ბალღი პროფესორი უნდა გამოვიდეს და ამერიკაში უნდა გათხოვდესო. პირველი სურვილი ავუსრულე, მეორესი რა მოგახსენოთ და ახლა სულ საყვედურებით მიკლებს.

ჰოდა, მზესუმზირების სანახავად თვითონვე წამიყვანა. ამას რას უზამთ-მეთქი? ზეთს დავწურავო. სელის ზეთი ჯობს-მეთქი, სელი უნდა დაგეთესათ-მეთქი.  ჰმ, რახან შენ იტყვი, პროფესოროო (ეს უკვე დაყვავებით ნათქვამი საყვედური იყო). მე კიდევ სიმართლე ვუთხარი.

მაშ ასე, რომელი ზეთი სჯობს? აქ ზეთების შესანიშნავ სამეულს გაგაცნობთ.

სელის ზეთი პირველ ადგილზეა. ის სელის თესლებისგან იწურება და მისი უპირატესობა თუნდაც იმაში ვლინდება, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 მჟავებს. ისინი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია ორმაგი C=C ბმებით ომეგა-3 პოზიციაში. ცხიმოვანმჟავებში ნახშირბად ატომების დანომრვა კარბოქსილის ჯგუფის ნახშირბადატომიდან (C1) იწყება. ზოგჯერ C2, C3 და C4  ნახშირბადატომებს შესაბამისად აღნიშნავენ α,β, γ, ხოლო ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის ბოლო, ანუ მეთილის ჯგუფის ნახშირბადატომს ω ასოთი აღნიშნავენ.  ω -3 მჟავების  ერთ-ერთი ფუნქცია სისხლძარღვების დაცვაა. თუმცა რატომ მხოლოდ სისხლძარღვების? თვალის ბადურასაც მშვენივრად მზრუნველობენ. რანაირად? ისინი ბიოლოგიური მემბრანის მატრიქსის ფორმირებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, სისხლძარღვების (და არა მხოლოდ მათი) კედლები კარგად არის დაცული. მათ არ ემუქრებათ ათეროსკლეროზი, კარგად ფართოვდებიან და იკუმშებიან. მათი პატრონი კი ჯანმრთელი და ბედნიერია.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ, სელის ზეთი ომეგა-3 მჟავების შემცველობის მიხედვით ჩემპიონია.

მეორე ადგილის მფლობელი მზესუმზირის ზეთია. გამოდის, რომ ავთო პაპას მიერ გამოხდილი ზეთიც  მეორე ადგილზე იქნება, რაც ცუდი შედეგი სულაც არ გახლავთ. 

მზესუმზირის ზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ალფა-ტოკოფეროლი, ანუ, შემახსენეთ ეს რომელი ვიტამინია? დიახ, ვიტამინი E.  მას  ზრდის და  ახალგაზრდობის ვიტამინად მოიხსენიებენ. ქიმიურ ენაზე ის ალფა-ტოკოლის ნაწარმი 5,7,8-ტრიმეთილტოკოლია. ეს უკანასკნელი კიდევ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთატომიან სპირტ ფიტოლთან (C20) დაკავშირებული ტრიმეთილჰიდროქინონი.  ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებისა და სუბუჯრედული ორგანელების მემბრანის ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში შემავალ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ზეჟანგური დაჟანგვისგან. მოკლედ, ნადირობა აქვს თავისუფალ რადიკალებზე გამოცხადებული და ამის ერთ-ერთი შედეგი  ელასტიური კანია.

  ეს ვიტამინი მხოლოდ პირველადი გამოხდის ზეთშია, ანუ იმ ზეთში, რომელიც ე.წ. ცივი გამოწურვით არის მიღებული და არა ექსტრაქციით. არა, ამ მეორე მეთოდით მიღებულ ზეთშიც არის, ოღონდ მცირე რაოდენობით.  აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ზეთი ორი მეთოდით მიიღება – გამოწურვით, დაპრესვით და და ამ ორი პროცესის ნარჩენით – ექსტრაქციით, რასაც თან ახლავს ცხელი ორთქლი, რომელიც ყველა სასურველ ნივთიერებას და მათ შორის ვიტამინის გარკვეულ რაოდენობას შლის. ამიტომ, რომელი მეთოდით მიღებული ზეთი სჯობს, თქვენი განსასჯელია. 

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანი საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ღებულობს უჯერ ცხიმოვანმჟავებს (იმავე მცენარეული ზეთის სახით), მაშინ ორგანიზმის მოთხოვნილება E ვიტამინზე მატულობს. 
მესამე ადგილზე გაოცდებით და ზეითუნის ზეთია. აქ ომეგა-3 მჟავებიცაა და ვიტამინი E-ც, ოღონდ გაცილებით მცირე რაოდენობით. სამაგიეროდ, მონო უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც  მარტივ სასარგებლო ცხიმებად ითვლებიან და სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ინსულინის მიმართ ჩვენი ქსოვილების მგრძნობელობაზე ზემოქმედებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლიდან უჯრედში გლუკოზის შეტანას უწყობენ ხელს.

 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ცხიმებზე ვისაუბრე, არადა მხოლოდ მცენარეული ზეთების შესანიშნავი სამეული მიმოვიხილე. ზეთებიც მხოლოდ ავთო პაპას მზესუმზირების შემყურეს გამახსენდა.

ეზოში დავბრუნდი, ბინდდება… ჩიტები დასაძინებლად ემზადებიან, ოღონდ ამასაც ალიაქოთით აკეთებენ და მეც მანამდე ვუსმენ, სანამ ბოლო ჭყიპინი არ მიყუჩდება. მერე რაღაც უცნაური ღამის ფრინველი მოდის ხოლმე და ზედ თავზე დამძახის – „უუუუ”. მაგისი ოდნავ მეშინია, ამიტომ სადღაც მესამე „უუუ”-ზე ჩემი დასაკეცი სავარძლიანად სახლისკენ  ვიბარგები. 

მეც დავწვები აწი… თბილისშიც  მეყოფა გვიანამდე სიფხიზლე. დავიძინებ, დილის ექვს საათზე „გოგიები”  გამაღვიძებენ… მეც ჩავალ  და ყველაფერს  თავიდან დავიწყებ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი