პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როცა საგნები ლაპარაკობენ

რომელ ჟანრში ცხოვრობთ…?

კითხვა _ რომელ ჟანრში ცხოვრობთ? _ უკვე მეტაფორაა… სანამ ამ ნაწერს ჩაათავებთ, თქვენ შეგიძლიათ, ამ კითხვაზე იფიქროთ და ბოლოს მითხრათ…

თანამედროვე ადამიანი ინფორმაციას უმეტესად ვიზუალურად იღებს… ვერბალურ კომუნიკაციაზე სწარაფად ვიზუალური აღიქმება და რაკი ცხოვრება ასე აჩქარდა და, რაკი ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყველას სადღაც ეჩქარება, ვიზუალურის პრიორიტეტს ვერაფერს მოვუხერხებთ. ასეთ შემთხვევაში, სიტყვა კიდევ უფრო იწნეხება, უფრო კონდენსირებული და ეკონომიური ხდება (თუ, რა თქმა უნდა, ფუჭსიტყვაობასთან არ გვაქვს საქმე). სხარტად თქმა _ ხელოვნებაა, მით უფრო, როდესაც სათქმელი მხოლოდ სიტყვებით არ გადმოიცემა… საუბარი მაქვს თეატრის ენაზე და, კერძოდ, რეჟისორ გაგა გოშაძის მიერ ილიაუნის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლზე _ „ანტიგონე”. 

აქვე მოგახსენებთ, რომ ამ სპექტაკლზე საუბრისას ვიქნები სრულიად სუბიექტური და მიმოხილვაც იქნება მხოლოდ  ინტერპრეტაციის ფარგლებში.

მოკლედ, იქიდან დავიწყებ, რომ თანამედროვე სპექტაკლი რომ მოსაწყენი არ იყოს, რეჟისორს უწევს ტექსტის შეკუმშვა. შეკუმშვაში არ ვგულისხმობ აზრის შეცლას, არამედ მხოლოდ გამოსახვის სხვა საშუალებების გამოყენებით სიტყვათა (სახეთა…) ეკონომიას, რაც გაგა გოშაძემ ნამდვილად მოახერხა… კარგ სპექტალს ყველა თავისებურად განსაზღვრავს:  ზოგს ეკლები აყრის, ზოგს ჭიანჭველები დაუდის… ზოგს _ თვალი უთამშებს და ასე შემდეგ… ისიც მინახავს, ყოვლად უნიჭო ტექსტზე ან სპექტაკლზე რომ მავანს აკანკალებდა, ან „ჭიანჭველები დაუდიოდა”… ამიტომ, მაინცდამაინც, ნუ ენდობით სხვათა ფიზიოლოგიურ რეაქციებს გარკვეულ ემოციებზე… ჩემი ტესტი კი ასეთი იყო: სპექტაკლის დროს დამავიწყდა ყველაფერი, სცენის გარდა და მსახიობთა კარგი თამაშისა და ემოციების წყალობით სრულიად ჩართული აღმოვჩნდი ამბავში… 

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, „ანტიგონეს” პრობლემატიკა თუ კიდევ საინტერესო აღმოჩნდებოდა ჩემთვის… ერთი სიტყვით, ამ ტრაგედიამ  ისევ მაღვრევინა ცრემლები. მორიგეობით: ხან _ კრეონის მესმოდა და ხან _ ანტიგონესი და ასევე მორიგეობით: ხან კრეონის არ მესმოდა და ხან _ანტიგონესი… „ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო: ვინც უნდა მომკვდარიყო, მოკვდა…. და კრეონიც სიკვდილისთვის მოემზადება”. ავტორის ამ ფინალური ფრაზის შემდეგ იმაზე დავფიქრდი, რომ, ჩვენ, ადამიანები, იმთავითვე ვირჩევთ ჩვენს ჟანრს და მერე ამ ჟარის კანონებით ვცხოვრობთ, რომელშიც უკვე ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… ისიც საკითხავია, აქვს კი ადამიანს ამ ჟანრის არჩევის არჩევანი…? იქნებ ეს არის წინასწარგანსაზღვრულობა და ბედისწერა… მაშინ სად არის თავისუფლება… ?
„ცხოვრება სპექტაკლია?”

აღქმა ყოველთვის სუბიექტურია, მაგრამ ჩვენ ხომ გვაინტერესებს, როგორ აღიქვამენ სხვები…?  ან როგორ აღგვიქვამს სხვა… სულაც, არა სპექტაკლში, არამედ _ ცხოვრებაში… შემთხვევითი არ არის მეტაფორა, რომ „ცხოვრება სპექტაკლია”. 

ცნობიერებას არა აქვს საზღვრები… სარტრის  მიხედვით, ადამიანი   შეიცნობს თავის თავს  მხოლოდ  მეორე პირის მეშვეობით: „მე ვარსებობ, რამდენადაც მე ჩემს თავს გავცემ”. ბახტინის დიალოგური აზროვნების და ფილოსოფიის მიხედვით კი,  ზოგადად, „ყოფნა ნიშნავს იყო სხვისთვის და სხვისი მეშვეობით საკუთარი თავისთვის. ადამიანს არა აქვს შინაგანი სუვერენული ტერიტორია, ის ყველგან და ყოველთვის ზღვარზეა… როცა თავის თავში იხედება, ის უყურებს თვალებში სხვას, ან იმზირება სხვისი თვალებით.”

 სწორედ ამიტომ, სპექტაკლი მხოლოდ მსახიობთა თამაში და სცენა არ არის, ის არის მაყურებელთა დარბაზიც, ანუ: მაყურებელიც… ამას ჩემი ლექტორობის 25-წლიანი გამოცდილებაც მალაპარაკებს. ლექციაც რაღაცნაირად ჰგავს სპექტაკლს… და დამეთანხმებიან კოლეგები, როდის გამოდის კარგი ლექცია და რომ ეს უცილობლად დამოკიდებულია იმ ინტერესზე, იმ მზერაზე, იმ ენერგიაზე, რომელიც აუდიტორიიდან მოდის… ამ დროს მეტყველებაც განსაკუთრებულად შემოქმედებითი ხდება და ისეთი შემთხვევაც მქონია, შუა ლექციის დროს დასმული კითხვის გამო ლექცია რომ შემიწყვეტია. ეს ის სიტუაციაა, რასაც სემიოტიკაში ეწოდება ნიშნის დამოკიდებულება მომხმარებელთან. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება და იდეა განსხვავეული ხარისხით წარმოჩინდება, როცა იცვლება აღმქმელი, მაყურებელი, მეორე ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი…

წარმოდგენა ერთიანობაა… დარბაზში არსებული ყველა სივრცის და ამ სივრცეში არსებული ყველა ნიშნის თანამყოფობა და თანაკვეთა… ამიტომ თეატრის მისტიკურ სამყაროში ყველა დეტალი „ლაპარაკობს”, თუმცა მინდა ის საიდუმლოც გაგიმხილოთ, რომ ყველას ენა განსხვავებულია და გაგების ერთადერთი წინაპირობა _ მოსმენაა…

„ანტიგონეში”, ილიაუნის თეატრის სცენაზე, „მოლაპარაკე საგნებსაც” აღმოაჩენთ… ჩამომსხდარან მეტაფორები და გველაპარაკებიან… მაგალითად, აიწონა-დაიწონა (საქანელა), სისხლიანი პერანგები საკიდებზე, ჩაის ჭიქები, დათუნია, საბეჭდი მანქანა, საპნის ბუშტები… აკვარიუმი ოქროს თევზით და სხვა… 

ასეთ დროს საგნების მოსმენაც შესაძლებელია… და სულაც არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც, „ანტიგონეს” ტექსტს გაჰყვეთ… ისე, თავისთავად და დამოუკიდებლად… დარწმუნებული ვარ, შინაარსს თუ დაივიწყებთ, იდეას არაცნობიერად მაინც გაჰყვებით… ნებისმიერ ტექსტში ხომ ამბები მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გაგვიყვანინ ამბებს მიღმა… სიტყვებმა _ სიტყვებს მიღმა… ნიშანმა _ ნიშნის მიღმა… სპექტაკლმა _ სპექტაკლს მიღმა,  ფორმამ _ უფორმობისკენ და უსასრულობისკენ…
აიწონა_დაიწონა

საგნებზე როცა ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება ერთი ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი, ფრანსის პონჟი და  მისი ძალიან საინტერესო წიგნი „საგნებს მიღმა”, ამ პოეტურ-პროზაულ ტექსტებში პონჟი ალაპარაკებს საგნებს თავის თავზე… როცა „ანტიგონეს” ვუყურებდი და მეტაფორებით სავსე სცენას… მე ამ საგანთა ხმაც მესმოდა… 

აიწონა-დაიწონა (საქანელა) _ რომელიც სულ ტრიალებს, სულ ცენტრშია, თითქოს ყველაფერი მის გარშემო ხდება… ის ყველასთან დიალოგშია… მაგრამ მას არავინ უსმენს…  როცა კრეონი საქანელას ერთ მხარეს მუშტს დასცხებს… საქანელა შეკრთება და წაილაპარაკებს: _ ნელა, კრეონ, დამშვიდდი, რა მოგივიდა? მაგრამ კრეონს არაფერი ესმის, არავისი ესმის… კანონი… კანონი… სახელმწიფო… კანონი… მერე ანტიგონე დააბზრიალებს საქანელას, დახტის ხან ერთ და ხან მეორე მხარეს… საქანელა ეკითხება: _ რა გინდა, ანტიგონე, რას წონი…? და თუ წონი, გაჩერდი, შენს მხარეს გაჩერდი… რისთვის კვდები, ანტიგონე? 

მერე კრეონს მიუბრუნდება და აი, იმ ფრაზაზე: ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს ეს საქმე… საქანელა პასუხობს: _ ვიღაცამ უნდა აკეთოს, კრეონ… ეს ვიღაც შეიძლება შენც იყო… შეიძლება, არც იყო… კრეონს მაინც არაფერი ესმის… მას არ უნდა ესმოდეს (ჟანრის კანონები კარნახობს), არც მაშინ ესმის, როცა სცენაზე ავტორი, ჟან ანუი დასდევს: _ ნუ მოკლავ, ანტიგონეს, კრეონ….

„მე მზად ვარ, ვაღიარო, რომ საგნები ფლობენ საკუთარ ნებას, საკუთარ განცდებს…” _ წერს ერთგან ბოდრიარი… ეს ფრაზაც მაშინ გამახსენდა, საქანელამ რომ ლაპარაკი დაიწყო…
სამწუხაროდ, პერსონაჟებს მხოლოდ ცალმხრივი დიალოგი აქვთ საქანელასთან… ის კი ტრიალებს… გადაიხრება_გადმოიხრება… გადასწონის_გადმოსწონის… ეს არის მისი წონასწორობა, გამუდმებულად ირყეოდეს, ტრიალებდეს…  აქ არ არის გამოსავალი…
სიბრძნე, ყველაფერს რომ აღემატება
მსახიობები სულაც რომ გაჩუმდნენ… ყველაფერს ისედაც გაიგებთ… ან კრეონს (გია როინიშვილს) რომ უხმო როლი ჰქონდეს, სხეულის ენით მაინც უნაკლოდ გამოხატავდა 
თავის სათქმელს… მის როლს ცალკე, მონოსპექტაკლივით აღვიქვამ… ასეთ დროს მგონია, რომ მსახიობი, იდეის ნიშანია, თავისებური იეროგლიფი, ჟესტ(ებ)ი და თუ ის მსახიობი ოსტატია, თამაშის დროს მთლიანად ერწყმის იდეას და ამ დროს, როგორც უკვე გითხარით: ყველაფერი ლაპარაკობს: ხმა, მოძრაობა, სხეულის ყველა კუნთი… ყველაფერი… ასეთია გია როინიშვილის კრეონიც… განსაკუთრებული იეროგლიფი… საინტერესოდ  წასაკითხი…
ანტიგონეს კოცონად აღვიქვამ… აი, სულ ტკაცა-ტკუცით რომ იწვის… ნაპერწკლებს ხან სად გაჰყრის და ხან _ სად… მისი ცეცხლი გადამდებია… ის იწვის ამ ცეცხლში მეტი და მეტი აზარტით… (ესეც ჟანრის კანონებს მიჰყვება…). ბოლოს, ჩაიწვება და ჩაიფერფლება… ფორმიდან იდეაში ტრანსფორმირდება…

სოფოკლეს „ანტიგონეს” ფინალი სპექტაკლის იდეის გახსნაში დაგეხმარებათ:

„სიბრძნეა, ყველაფერს რომ აღემატება
არავის უღირსად არ უნდა მოვექცეთ
დიდებულ ღმერთთაგან…
ზვიადი სიტყვა კი
კაცს, მისით მზვაობარს,
დარტყმებით პასუხობს და სიბრძნეს ასწავლის,
ასწავლის, თუმცაღა უკვე მოხუცს….”
P.S. თქვენ თუ უკვე გაქვთ პასუხი კითხვაზე: რომელ ჟანრში ცხოვრობთ..? და, შესაბამისად, ჟანრის კანონებიც იცით და ისიც, როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება ამბავი… და თუ ეს ჟანრი არ მოგწონთ… ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ადვილად შეგიძლიათ, ჟანრიდან ჟანრში იმოგზაუროთ, ან სულაც: შექმნათ ახალი ჟანრი და სცენარიც თქვენვე დაწეროთ… და ნუ დაასრულებთ სცენარს, არ იცით, როდის მოგიწევთ მისი შეცვალა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი