პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წყლის რიგში გაცნობილი ფუტკრები

კახეთში ერთი სოფელია. სოფელს ვაზისუბანი ჰქვია. ამ სოფელმა ერთხელ, წლების წინ,  დიდი სირცხვილი იგემა, ქვრივ-ობლად დარჩენილი დედა-შვილი ყაჩაღებმა ჯერ აბუჩად აიგდეს და მერე მოკლეს. სოფელმა მაშინ სირცხვილი ჩამოირეცხა, ყაჩაღები ორ დიდ ცაცხვზე ჩამოკიდეს და ცოცხლებს დანით ნება-ნება ხორცი აათალეს, თან ზედ მარილს აყრიდნენ. ვერავინ ჩაერია, პოლიციაც კი. ხალხმა კი ყველას აჩვენა, როგორ უნდა გაუსწორდე მათ, ვინც საბრალო ქვრივ-ობოლს დასცინებს. ეს ორი ცაცხვი სოფელში დღესაც დგას. ბევრმა უკვე აღარც იცის მათი ამბავი ან ჩემსავით გადმოცემით გაუგია. სამაგიეროდ ცაცხვებს ახსოვთ, ოღონდ დუმან.

დღეს ამ სოფელში  წყალი არ არის. რა სირცხვილია 21-ე  საუკუნეში. კიდევ უფრო დიდი სირცხვილი იმ ხალხის გულგრილობაა, ვისაც წყლის მოვლა ევალება. ამაზე მეტი სირცხვილი რაღა უნდა იყოს, ვიდრე სოფელში უშუალოდ წყლის მოვლაზე პასუხისმგებელი კაცის, მეტსახელად „რევიას” პასუხი, რომელიც ამბობს, რომ აუზს, საიდანაც წყალი მოდის მიკაკუნება სჭირდება. დიახ, აი დაუკაკუნებ და აუზიც წყალს მოგცემს. კაკუნი გეზარება? ჰოდა, იყავი მაშინ უწყლოდ. ლეგენდებში წამიკითხავს, რომ სხვადასხვა ღვთაებები წყლებს მართავდნენ. მდინარეს, ზღვას, ჩანჩქერს, მოკლედ ყველაფერს თავისი ღვთაება ჰყავდა. ოღონდ აუზს რომ კაკუნის ღვთაება ჰყოლია, ეს პირველად „რევიასგან”  გავიგე.

ჰოდა თაკარა მზეში მოხუცები, ბავშვები, ქალები წყალს დაეძებენ. აბა, სოფელს დამკაკუნებლის შტატი არ აქვს და შესაბამისად – არც წყალი. რა სირცხვილია წყლის ქვეყანაში და 21-ე საუკუნეში სოფელი კაკუნზე რომ არის დამოკიდებული.  

მეც მათ რიგში ვარ, მეც წყალს დავეძებ. ქუჩის გადაღმა ერთი ოჯახია. წლების წინ იზრუნეს და მთიდან წყალი გამოიყვანეს. მათ წყალს მთის ღვთაება პატრონობს და კაკუნი არ სჭირდება. ამ ოჯახმა იცის, სოფელში რომ კაკუნის პრობლემაა და მათი კარი ყველასთვის ღიაა. ნებისმიერ დროს შეგიძლია შეხვიდე და მთის წყალი აიღო. 

კარებს მორიდებით ვაღებ, მაინც სხვისი ოჯახია. ეზოში არავინაა, მაგრამ წყალთან ცოცხალი რიგი მხვდება. რიგს ვერ ვიტან. თუ სადმე ოთხ ადამიანს მაინც დავინახავ, არ აქვს მნიშვნელობა რას ყიდიან ან რა საქმეზეა რიგი, იქიდან უკანმოუხედავად გავრბივარ. ოღონდ ამ რიგში სიამოვნებით ვდგები.

წარმოიდგინეთ ნახევრად გაპრტყვნილი მამლაყინწა, როგორც სოფელში იტყვიან ნახევრად ტიტლიკანა (ე.წ. კიტაიას ჯიშის). ოღონდ საოცრად გაბღენძილი და, ჩემი აზრით, ლამაზიც. დგას და აუღელვებლად მიირთმევს  წყალს. უკან მისი ხუთივე ცოლი ჩამწკრივებულა. ერთი თავისნაირი ჰყავს, ანუ ისიც გაპრტყვნილი, დანარჩენები ჩაცმულები გახლავან, ერთს შლიაპაც კი აქვს მორგებული თავზე. ჩემს დანახვაზე შეშფოთებას გამოთქვამენ, ოღონდ მე მათი ყურადღების ცენტრში ყოფნა მსიამოვნებს კიდეც და მთელ ოჯახს ქათინაურებით  ვავსებ. ჩაწითლებულ ტიტველ კისერზეც  მივეფერებოდი, მაგრამ ვინ მიგიშვებს. ბოლო ქალბატონის უკან ვდგები, რიგი რიგია… ოღონდ რიგი აურზაურის მოყვარულთა გარეშე გინახავთ? წინ წასვლა რომ უნდათ მუდმივად. ასეთები აქაც არიან, ჩასუქებული და  მოზუზუნე ფუტკრები. წყალი იმათაც უნდათ და სულაც არ ანაღვლებთ, რიგში მათზე წინ რომ ხარ, უბოდიშოდ გიხტებიან  და მთლიანად ბანაობენ მთის ღვთაების მიერ გამოშვებულ წყალში.  

მწერები არ მიყვარს. კარგი იქნებოდა, საერთოდაც რომ არ იყვნენ. ჰო, ვიცი მცენარეების დამტვერვას უწყობენ ხელს და ა.შ.  მაგრამ მათ მიმართ ამრეზით  ვარ განწყობილი. გამონაკლისს ეს ბუთქუნა მუდამ უკმაყოფილო ბზუილით მფრინავი ფუტკარი წარმოადგენს.  სუფთები და ჭკვიანები არიან, თან თაფლს ამზადებენ და მართალია თვითონ  გამასპინძლებით თავს არ იკლავენ, მაგრამ არც ჩვენ, ადამიანები, ვიჩაგრავთ თავს და მათ ნახელავს მათგან დაუპატიჟებლად მივირთმევთ.

ეს ფუტკრები ლაზარიაშვილების ოჯახიდანაა, გამოდის, რომ თვითონაც ლაზარიაშვილები არიან.  მათი თაფლი გასინჯული მაქვს. თაფლი ძალიან მიყვარს, არც ალერგიული გახლავარ და მშვენივრადაც გეახლები.

თაფლით ჩაის დატკბობა მიყვარს. თქვენ იცით, როგორ უნდა დაატკბოთ თაფლით ჩაი?  ადრე ერთ სტატიაში დავწერე კიდეც, მაგრამ ახლა იმ გამონათქვამს ამოვეფარები, გამეორება რომ ცოდნის დედაა და კვლავ დავწერ.
ადუღებთ წყალს, აყენებთ ფერს (ან ერთჯერად პაკეტს იყენებთ) და ქაფქაფა ჩაიში ხსნით თაფლს.  ყველაფერი სწორია, ოღონდ უნდა იცოდეთ: თაფლი კი გახსენით, მაგრამ სულ სხვა ნივთიერება მიიღეთ – ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი! პროცესი ასე მიმდინარეობს: საქაროზა → მონოსაქარიდები (ფრუქტოზა, გლუკოზა) → შაქრის ანჰიდრიდი → ჰიდროოქსიმეთილფურფუროლი.

ფრუქტოზისთვის ეს გარდაქმნა გლუკოზაზე ორჯერ მეტადაა დამახასიათებელი, თაფლი კი სწორედ ფრუქტოზას შეიცავს.

ასე რომ, თაფლიან კი არა, ჰიდროოქსიმეთილფურფუროლიან ჩაის სვამთ. ეს ნივთიერება ფურანოლების ჯგუფს ეკუთვნის და ორგანიზმში დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, შესაძლოა კუნთების პარალიზება გამოიწვიოს. მცირე დოზები კი ნერვულ სისტემას თრგუნავს. 

მაშ, როგორ გავხსნათ ჩაიში თაფლი?

ზემოთ ნახსენები საშიში ნივთიერება 60-70C-ზე ზევით წარმოიქმნება, ამიტომ  ჩაის შეგრილება უნდა ვაცადოთ და მერეღა გავხსნათ მასში თაფლი ან ისე მივაყოლოთ.

საქაროზას ხსენებით უკვე გასაგებია, რომ თაფლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები ნახშირწყლებია. თაფლში ფრუქტოზა გლუკოზასთან შედარებით გაცილებით მეტია. გლუკოზაც და ფრუქტოზაც ფერმენტ ინვერტაზას მეშვეობით  დისაქარიდ საქაროზას დაშლით წარმოიქმნება და ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება.

თაფლი ცილებსაც შეიცავს, ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ საკმარისს იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთოს. მათი საქმე კიდევ პროცესების დაჩქარებაა. ანუ ესენი უბრალო ცილები კი არა ცილა-ფერმენტები არიან. მცენარეული წარმოშობის ცილები თაფლში ყვავილის მტვერთან ერთად ხვდება. ცხოველური წარმოშობის კი ფუტკრის ნერწყვთან ერთად. სულ 15 ფერმენტი შედის, მათ შორის უკვე ნაცნობი ინვერტაზა, დიასტაზა, გლუკოზოოქსიდაზა, კატალაზა და ფოსფატაზა. ოღონდ აქ მთავარი მაინც ინვერტაზაა, რადგან ნექტრიდან თაფლს სწორედ ის წარმოქმნის.

დიასტაზა უზრუნველყოფს სახამებლის და დექსტრინების დაშლას. რაც უფრო მეტ დიასტაზას შეიცავს თაფლი, მით უფრო მეტად იზრდება მისი სამკურნალო თვისებები. ასეთი მაჩვენებელიც არსებობს – დიასტაზური რიცხვი. დიასტაზური რიცხვი შეესაბამება 1%-იანი სახამებლის იმ მილილიტრების რაოდენობას, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დიასტაზათი დაიშლება. დიასტაზას რაოდენობა თაფლში იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მცენარეების ნექტარი შეაგროვეს ფუტკრებმა; როგორ ნიადაგში ხარობდნენ ეს მცენარეები; როგორი ამინდი იყო იმ დღეს, როცა აგროვებდნენ, და ა.შ.  კარგ თაფლს დიასტაზური რიცვხი 7 ერთეულზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს. თეთრი აკაციის თაფლს აქვს მხოლოდ 5 ერთეული.

დიასტაზა ჩვენც გვაქვს, ძირითადად ნერწყვში და ამილაზასთან ერთადაა ბმული. თუ პურს დიდი ხნის განმავლობაში დავღეჭავთ, მის მოტკბო გემოს შევიგრძნობთ, რადგან დიასტაზას მეშვეობით სახამებელი შაქრად დაიშლება.

ფერმენტი გლუკოზოოქსიდაზა ადამიანის ორგანიზმში გლუკოზის ნაწილს ჟანგავს და გლუკონმჟავად გარდაქმნის. ეს მჟავა თაფლისთვისაც  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაზეა პასუხისმგებელი. თვით ფერმენტი კი მცენარეული წარმოშობისაა და თაფლში ყვავილების მტვერთან  და ნექტართან ერთად ხვდება. ფერმენტი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, ამიტომ თაფლი ბნელ ადგილას უნდა შევინახოთ.

თაფლში 27 ამინმჟავაა აღმოჩენილი, მათ შორის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა შეუცვლელი ამინმჟავა, ანუ ისინი, რომელთა სინთეზი თავად არ შეგვიძლია და მხოლოდ საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ (შეგახსენებთ, ბუნებაში 300-ზე მეტი ამინმჟავაა გავრცელებული. ჩვენ, ადამიანებს კი 20 პროტეინგენური ამინმჟავა გვჭირდება, რადგან ჩვენი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ცილების სინთეზში სწორედ ეს ოცეული მონაწილეობს).

თაფლი ალკალოიდებსაც შეიცავს. მცენარეში ალკალოიდები  ძირითადად მარილების სახითაა. ალკალოიდთა უმრავლესობა ძლიერი შხამია, თუმცა შესაბამისი ფორმით და დოზირებით მედიცინაში წამლად გამოიყენება. არ გამორიცხავენ, რომ თაფლის სამკურნალო თვისებებიც შეიძლება რაღაც დოზით ალკალოიდების დამსახურება იყოს. თუმცა თაფლში ალკალოიდების წილს გააჩნია. არსებობს ე.წ. „მთვრალი თაფლი”, რომელიც ამ ტიპის ნივთიერებებს ზომაზე მეტად შეიცავს. უბრალოდ, ფუტკრებმა ალკალოიდებით სავსე მცენარეები მიირთვეს. ასეთი თაფლის ჭამის შემდეგ ადამიანს თავბრუსხვევის შეგრძნება ეუფლება,  სუნთქვა უნელდება, დუნდება  და საათების განმავლობაში გადაბმულად ეძინება.  ღრმა ბავშვობაში სწორედ მსგავსი რამ შემემთხვა. ბებიასთან სოფელში ყოფნისას (იმ სოფელში, რომელსაც ეხლა მიკაკუნება სჭირდება) თაფლი ვჭამე, მერე დავიძინე და როცა გავიღვიძე სახლი მეზობლებით იყო სავსე, თავზე ფონენდოსკოპით ბუთო ექიმი (სოფლის ექიმის მეტსახელი) მედგა, ბებია კი ბოლო ხმაზე მოთქვამდა. ჩემი გაღვიძებით ყველა კმაყოფილი დარჩა, მათ შორის მეც…

ალკალოიდები გაცხელებით იშლება, ამიტომ ასეთ „მთვრალ თაფლს” სპეციალურ რეზერვუარში  45 გრადუსამდე აცხელებენ.

თაფლი ქიმიური ნივთიერებების საბადოა. კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა, იოდი, კობალტი, სპილენძი, ფთორი, თუთია – თაფლში  ყველა მათგანს შეხვდებით. ოღონდ მათი რაოდენობა ისევ და ისევ ფუტკრების მენიუზე და იმ ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული, სადაც მცენარეები იზრდებიან. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია თაფლში მძიმე მეტალებიც მოხვდნენ, რაც მის ყველანაირ ღირსებას გადაუსვამს ხაზს.

თაფლი ვიტამინებსაც შეიცავს, ოღონდ მხოლოდ ზოგიერთს. აქ სურვილის სახით დავწერ – რა მოხდება, ყველამ იცოდეს ვიტამინების სრული დასახელება? წყლის რიგიდან გამოსულს, მეზობელი შემხვდა, რომელმაც შემომჩივლა, აფთიაქში აი, ეს კოლოფი მომცესო, C ვიტამინიაო და ამას კიდევო ასკორბინის მჟავა აწერიაო და ასე უნდა გავემეტებინეო? დავამშვიდე და უთხარი, რომ ეს სწორედ C ვიტამინი იყო. ამიტომ ახლა თაფლში შემავალ ვიტამინებს ჩამოვთვლი, ოღონდ მათი მეორე სახელწოდებით – თიამინი (B1), რიბოფლავი (B2), ნიკოტინის მჟავა (PP),  პირიდოქსინი (B6), პანტოთენის მჟავა (B3),  ფოლის მჟავა (B9), ბიოტინი (H) და ასკორბინის მჟავა (C). შეიცავს ასევე პროვიტამინებსაც, ანუ ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას (ძირითადად წვრილი ნაწლავის ეპითელიუმში) ვიტამინებად გარდაიქმნებიან. ასეთი აქ ბეტაკაროტინია, რომელიც რეტინოლად, ანუ A ვიტამინად გარდაიქმნება. 

თაფლი ორგანულ მჟავებს, კარბონმჟავებსაც შეიცავს. გლუკონმჟავა, ლიმონჟავა, რძემჟავა, მჟაუნმჟავა – თაფლის შემადგენელი კომპონენტებია.

აი, ასე, წყლის რიგში გაცნობილმა ფუტკარმა, რომელიც  „როგორც აფთიაქარი ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს”, თაფლზე ამიშალა ფიქრები.  წამით თითქოს სოფლის პრობლემაც გადამავიწყდა.

კახეთში სოფელი „ვაზისუბანია”, ლამაზი სახელით და გულიანი ხალხით. ხალხს წყალი ენატრება. სოფელი წყლით სპეციალური აუზიდან მარაგდება. აუზის უფროსი ვინმე „რევიაა”, ოღონდ კაკუნის ღვთაების გარეშე არაფერი შეუძლია. ღვთაებას კიდევ მოხმობა სჭირდება. მოხმობა დაკაკუნებით შეიძლება, ოღონდ სოფელში დამკაკუნებლის შტატი არ არის. ჰოდა, აუზს ვერავინ უკაკუნებს, ამიტომ ღვთაება გარეთ ხალხის დასახმარებლად ვერ გამოდის. მის გარეშე კი „რევია” უძლურია. ჰოდა, სოფელს თაკარა სიცხეში წყალი არა აქვს. 
რა სირცხვილია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი