პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ სამართლიანად. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი. ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის.

თუმცა ასეთი მგონი მე ვარ მხოლოდ. ან შეიძლება ერთი ორი თანამოაზრეც გამომიჩნდეს. უმეტესობა კი თამამად ირუჯება და, მათი აზრით, რაც მეტად გაირუჯებიან, მით უკეთესია.  ეს მათი გადასაწყვეტია და დღეს რუჯის წარმოქმნის ქიმიურ მექანიზმზე აქ წერას არ ვაპირებ.  ერთხელ, შარშან,  დავწერე  და საკმარისია.

დღეს  სანაპიროზე, გარუჯვის პროცესში მირთმეულ ალკოჰოლზე მინდა დავწერო.  რა მოხდება, თუ მზეს მიფიცხებულები ერთ ჭიქა ლუდს, ღვინოს ან კოქტეილს მივირთმევთ?  არაფერიც არ მოხდებაო მიპასუხებთ და მეც დაგეთანხმებით. თუმცა, თუ ეს განმეორებადი  და ხშირი იქნება,  სულ 20%-ს დავიტოვებ იმის სათქმელად, რომ სწორედ ამ შემთხვევაში (იმ ადამიანებში, ვისაც მელანომისადმი აქვს მიდრეკილება) მელანომის წარმოქმნის ან პროგრესირების რისკი გაიზრდება. გაიზრდება სწორედ იმ 20%-ით, რაც მე წეღან მარაგად მოვიტოვე. ისიც უნდა ითქვას, რომ რისკის ზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესი აუცილებლად „ჩაირთვება”. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროცესის „ჩართვისთვის”  კარგი წინაპირობა იქმნება.

მელანომა კანის სიმსივნური წარმონაქმნია და პიგმენტური უჯრედებისგან – მელანოციტებისგან ვითარდება. ისინი კანის სპეციალური უჯრედებია, რომლებიც პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებენ.
მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი…  რა არის ალკოჰოლი?

სპირტები ნაჯერ ნახშირწყალბადთა ნაერთებია, სადაც  წყალბადის ერთი ან რამდენიმე ატომი ჩანაცვლებულია ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფით.

 
სპირტები ჰიდროქსილის ჯგუფის რაოდენობის მიხედვით ერთატომიან და მრავალატომიან სპირტებად იყოფიან.
სუფთა სპირტის მიღება არაბებმა VI-VII საუკუნეებიდან დაიწყეს და მას „ალ-კოჰოლი” (გამაბრუებელი) უწოდეს. სპირტს ღებულობდნენ გამოსახდელ აპარატში, რომელიც სპილენძის დიდ ჩაიდანს მოგვაგონებდა. გამოხდა რამდენჯერმე მეორდებოდა, სანამ სუსტი ალკოჰოლური სასმელი სიმაგრეს არ შეიძენდა.

ალკოჰოლური სასმელებისთვის შემდეგი ნედლეული გამოიყენება: 

ბოსტნეული – რომი, შნაპსი, ტეკილა;
ხორბალი- ვისკი, არაყი, ჯინი;
ხილი-ბრენდი, კირშა, კალვადოსი;

კონიაკი კი პირველად საფრანგეთის ქალაქ კონიაკში გამოჩნდა.  საინტერესოა მექსიკის ნაციონალური სპირტიანი სასმელი მესკალი, რომელსაც ტრადიციის მიხედვით ჭიაყელებთან ერთად მიირთმევენ.

სპირტების ჰომოლოგიურ რიგში აირადი ნივთიერებები არ გვხვდება. C1-C11 სითხეებია, C12-დან კი მყარი ნივთიერებები იწყება. 

ნახშირწყალბადის რადიკალის  მოლეკულური მასის გაზრდით სპირტების ხსნადობა მცირდება. მეთანოლი, ეთანოლი, პროპანოლი წყალში ხსნადი სპირტებია, ბუტანოლი ნაწილობრივ იხსნება.
სპირტი იჟანგება.

სინჯარაში ჩაასხით  6 მლ ქრომის ნარევი და 2 მლ სპირტი. ქრომის ნარევის ნარინჯისფერი შეფერილობა მწვანე ფერში გადადის. მიიღება ძმრის ალდეჰიდი, რომელსაც დამახასიათებელი სუნი აქვს.
ქრომის ნარევს იოლად მიიღებთ. 100მლ 30%-იან გოგირდმჟავაში ჩაყარეთ კალიუმის ბიქრომატის ფხვნილი და მოამზადეთ ნაჯერი ხსნარი.

დაჟანგვის რეაქციებში ერთდროულად მონაწილეობს, როგორც ჰიდროქსილის, ასევე ჰიდროქსილიანი ნახშირბადატომის წყალბადი.

ალკოჰოლის მიღებისას იგივე დაჟანგვის რეაქცია მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმშიც. აქაც წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი, რომლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

ეთანოლის კვალი   (EtOH)   ხილშიც  შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუმცა  ალკოჰოლურ სასმელებში ის, ბუნებრივია, მაღალი კონცენტრაციითაა. სასმელში ეთანოლის შემცველობა მოცულობით პროცენტებში გამოისახება. ეთანოლის გამოყენებას და სისხლში მის კონცენტრაციას კი გრამებში აღნიშნავენ (ეთანოლის სიმკვრივეა 0,79კგ/ლ). მაგ. ერთი  ბოთლი ლუდი (0,5ლ, 4% EtOH) შეიცავს 20მლ=16გ ეთანოლს.  ერთი ბოთლი ღვინო (0,7ლ, 12% EtOH) შეიცავს 84მლ=66გ ეთანოლს.

მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი. შემდეგ რა ხდება?

დიფუზიის გზით ეთანოლი ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას  დალევიდან 60-90 წუთის შემდეგ  მიაღწევს. შეწოვის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგ. ცარიელი კუჭი,  სასმელის მაღალი ტემპერატურა,  შაქრის და ნახშირორჟანგის შემცველობა (მაგ. შამპანიური, ან ცქრიალა  ღვინოები), ულტრაიისფერი გამოსხივება-ეთანოლის შეწოვას აუმჯობესებს. ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ეთანოლი სწრაფად ნაწილდება, მისი მაქსიმალური რაოდენობა ცენტრალური ნერვული სისტემისკენ   და კუნთებისკენ მიდის. ერთი ბოთლი ლუდის მირთმევის შემდეგ, თუ სპირტი მთლიანად და სწრაფად შეიწოვება, მასში არსებული 16 გრამი ეთანოლი 70 კგ-იანი  ორგანიზმის სისხლში   დაახლოებით 0,33 პრომილე კონცენტრაციით იქნება. ლეტალური კონცენტრაცია 3,5 პრომილეა.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის  დაჟანგვა ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტის  ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰიდამდე იჟანგება. ეს უკანასკნელი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით იჟანგება.  წარმოიქმნება ძმარმჟავა.  ძმარმჟავაც იშლება  ნახშირორჟანგისა  და წყლის  გამოყოფით.

 
ღვიძლში ეთანოლის დაჟანგვის სიჩქარე  ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას (მიაქციეთ ყურადღება, რომ ფერმენტების სახელწოდება   ყოველთვის ბოლოსართ -აზა-თი მთავრდება) აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუმცა ერთ-ერთ მალიმიტირებელ ფაქტორად ალდეჰიდდეჰიდროგენაზაც განიხილება. მისი აქტიურობა კი შესაძლებელია სწორედ ულტრაიისფერი დასხივებით შენელდეს. ეს ნიშნავს, რომ დაგროვდება აცეტალდეჰიდის მაღალი კონცენტრაცია.

ულტრაიისფერი დასხივება კი ზღვის ნაპირზე გასარუჯად მყოფ ადამიანს უხვად ექნება.   ეთანოლის დაჟანგვით წარმოქმნილი აცეტალდეჰიდის გავლენით ადამიანის კანი ფაქტობრივად დაუცველი ხდება ულტრაიისფერი დასხივების მიმართ. ეს 20%-ით ზრდის  მელანომის პროგრესირებას.

ისიც უნდა დავწერო, რომ  ალკოჰოლი იმ  მავნე ნივთიერებების კარგი გამხსნელია, რომლებსაც   თამბაქოს კვამლი შეიცავს.  სხვათა შორის, თამბაქოს კვამლი აცეტალდეჰიდსაც შეიცავს.

აცეტალდეჰიდი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე სითხეა, რომელიც წყალში კარგად იხსნება.  ქიმიური თვისებების მიხედვით, ტიპიური ალიფატური ალდეჰიდია. მისი რეაქციის უნარიანობა ორი ფაქტორით განისაზღვრება: კარბონილის ჯგუფის აქტიურობით და მეთილის ჯგუფის წყალბად ატომების ძვრადობით. ძირითადად ძმარმჟავასა და ალდეჰიდური პოლიმერების მისაღებად იყენებენ. 

რაც ზემოთ მცხუნვარე სანაპიროზე, ალკოჰოლზე და მელანომის პროგრესირების რისკზე დავწერე, მსოფლიოს სხვა მეცნიერებთან ერთად მილანის ფარმაკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმაც გამოიკვლიეს. მიღებული შედეგების ანალიზით  დაადგინეს, რომ  თაკარა მზის ქვეშ ნახევარი ლიტრი ლუდის ან ორი ფუჟერი ღვინის მირთმევა მელანომის პროგრესირების რისკს 10%-ით ზრდის. თუ დოზას გავაორმაგებთ, რისკი 18% იქნება. აი, თუ ავდგებით და ხუთჯერ მეტად დავლევთ, რისკი  55%-მდე გაიზრდება.

არ იფიქროთ, რომ ამ წერილის მიზანი ვინმეს შეშინებაა.

მეცნიერების დასკვნას გადავაწყდი და შემდეგ ეს ყველაფერი თქვენთვის ქიმიური სიზუსტით, მარტივად  აღვწერე.  ალბათ წაიკითხავთ… აი, მერე რას გააკეთებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

გარუჯვა არ მიყვარს. ჩემნაირი კიდევ 2% თუ იქნება. დანარჩენებს კი გირჩევთ, შესაბამისი დამცავი მალამოები გამოიყენეთ. ოღონდ მალამოს უნდა ეწეროს PPD, რაც ნიშნავს, რომ ის კანს სიმსივნის წარმოქმნისგან დაიცავს და SPF +50-ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას შეარბილებს. 

ოღონდ… ასეთი მალამოს გამოყენების შემთხვევაშიც კი ალკოჰოლი მცხუნვარე სანაპიროზე მავნებელია.
ზღვა მიყვარს, ოღონდ ჩემებურად, თავისებურად.  ნაპირზე ვზივარ  და სივრცეს  გავცქერი ხოლმე.  იქ იმდენ რამეს დაინახავთ… უბრალოდ ოდნავ მეტად უნდა დააკვირდეთ.  ზოგჯერ ფიქრი არ მიყვარს, ზოგჯერ დაუსრულებლად ვფიქრობ.  

ამ დროს კი ზღვა…
”… არ ბობოქრობს, 
ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურად,
ის ფიქრობს, ფიქრობს…”
(გალაკტიონი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი