სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ გვკურნავენ ვირტუოზი „მუსიკოსები“ (ნაწილი III)

წარმოუდგენელია, ფრინველებზე ვსაუბრობდეთ და არ გაგვახსენდეს ფრანგი კომპოზიტორი (ორგანისტი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი) და ორნითოლოგი ოლივიე მესიანი (1908-1992). როგორც ვიცით, მე-20 საუკუნის შუა წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ავანგარდის მეორე ტალღა თავისი ძიებებითა და აღმოჩენებით, რომლის სათავეებთან იდგა სწორედ ოლივიე მესიანი. მიუხედავად კომპოზიციურ-ტექნიკური იდეების სიუხვისა, რომელიც ახასიათებდა მე-20 საუკუნის მუსიკალურ ავანგარდს, მესიანი პრინციპულად ინარჩუნებდა და მიჰყვებოდა საკუთარი ორიგინალური ხელოვნების იმანენტურ კანონზომიერებებს, ცდილობდა, განეახლებინა მუსიკალური ენა.

„მძიმე ფიქრთა მოძალების ჟამს, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძნობ საკუთარი არსებობის უაზრობას, როდესაც ყოველგვარი მუსიკა უმწეო მეჩვენება, ვიხსენებ მუსიკის ჭეშმარიტ სახეს, დავიწყებულს ტყეებში, მინდვრებში, მთებში ან ზღვის სანაპიროებზე – ფრთოსანთა სიმღერას. ჩემთვის სწორედ ეს არის მუსიკა.
ბუნება სასწაულებრივად დამამშვიდებელია. ორნითოლოგიით გატაცება ჩემთვის არა მხოლოდ ესთეტიკური მუსიკალური ძიებების კუთხით აღმოჩნდა აუცილებელი, არამედ როგორც გამაჯანსაღებელი პროცესიც. ცხოვრებისეული სირთულეები მან დამაძლევინა. – ამბობს მესიანი. – რა თქმა უნდა, პირველი არ ვარ, ვინც ბუნებით დაინტერესდა. ჩემამდე იყვნენ ბერლიოზი, ვაგნერი – მთების მოყვარულნი – და დებიუსი – წყალსა და ქარზე შეყვარებული. აი, წყლისა და ქარის ხმები კი წარმოუდგენლად რთული აღსაწერია. მათ მუსიკალურად სწორედ ეს კომპოზიტორები – ბერლიოზი, ვაგნერი და განსაკუთრებით დებიუსი – ასახავდნენ. მაგრამ მეჩვენება, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ამ ურთულეს ხმებში ბოლომდე ჩაწვდომა და ვგრძნობ, თავადაც სრულიად უუნარო ვარ, გადმოვცე ისინი. თუმცა, ჩემი აზრით, ჩიტების სიმღერა მაინც ყველაზე მუსიკალური, ახლობელი და ადვილად აღსაქმელია. პირველი კომპოზიტორი აღმოვჩნდი, ვინც ჩიტების სიმღერით სერიოზულად დაინტერესდა. ჩემამდე იყვნენ კუპერენი, დაკენი და ბეთჰოვენი, რომლებიც საკუთარ ნაწარმოებებში ინსტრუმენტების საშუალებით ფრინველების ხმათა იმიტაციას ახდენდნენ, მაგრამ ჩიტების ნამღერი მეცნიერულად ერთადერთმა ჩავწერე და, იმედი მაქვს, აბსოლუტურად ზუსტად.

არასოდეს მისარგებლია მაგნიტოფონით; დავდივარ ტყეში და უბრალოდ ვიწერ ჩიტების ხმებს, როგორც სოლფეჯიოს კარნახს სანოტო ფურცელზე. მომღერალი ჩიტის ამოსაცნობად ჭოგრიტს ვიყენებ. ორჭოფობის შემთხვევაში სახეობის დასადგენად თან დამაქვს სახელმძღვანელო სურათებითა და რუკებით”.
 

ცხადია, მესიანი მცირე ასაკიდანვე იღებდა გაკვეთილებს „ბუნების პატარა მასწავლებლებისგან” (ფრინველთა ხმებს ის 40 წლის განმავლობაში იწერდა). პირველი ჩანაწერი მან 14 წლისამ გააკეთა. მომდევნო წლებში მან გამოცდილ ორნითოლოგებთან ჟაკ დელამენსა და ჟაკ პენოსთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში. ვინაიდან ყოველი ჩიტის სიმღერას განსაკუთრებული ბგერითი მახასიათებლები აქვს: მელოდიური კონტურები, რიტმული ინტონაციები, იმპროვიზაციის ინდივიდუალური ტექნიკა, – ორნითოლოგების დახმარებით მესიანმა შეძლო, სისტემაში მოეყვანა თავისი დაკვირვებები და მოეხდინა ჩიტების კლასიფიკაცია მათი მუსიკალური მონაცემების მიხედვით.

„ჩიტების კატალოგი”, IV
კომპოზიტორის დაკვირვებით, ჩიტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი, სასიკეთო პერიოდი გაზაფხულია – სიყვარულის დრო, ანუ აპრილი, მაისი და ივნისი, ხოლო დღე-ღამის საუკეთესო მონაკვეთი – მზის ამოსვლა და ჩასვლა.

სიცხეში და ღამით ყველა ჩიტი დუმს. ზაფხულში ისინი მშობლის მოვალეობის შესრულებით – საკვების მოპოვებით არიან დაკავებულნი. ეს მძიმე შრომაა, ვინაიდან ბარტყებს სულ შიათ და ნისკარტები მუდამ ღია აქვთ. მამრები სიმღერისთვის ვეღარ იცლიან: მატერიალური საზრუნავი დევნის ხელოვნებას. დგება ზამთარი. ზოგს მკაცრ პირობებთან უწევს შეგუება, ზოგს – გარდაუვალ სიკვდილთან. ზოგისთვის ეს რთული დრო მიგრაციას – ათასობითკილომეტრიან  გადაფრენებს ნიშნავს. ბუნებრივია, ამ პერიოდშიც არც ერთი ჩიტი არ მღერის. აი, შემოდგომაზე, თუმცაღა იშვიათად, ზოგიერთი ჩიტი კვლავ იწყებს სიმღერას.

საინტერესოა, რომ ფრინველებს სამმაგი მხედველობის უნარი აქვთ (მონოკულარული მხედველობა მარჯვნივ და მარცხნივ და ბინოკულარული პირდაპირი). ეს მათ საშუალებას აძლევს, ერთსა და იმავე დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით ათვალიერონ გარემო და დაიცვან მოპოვებული ნადავლი.

ჩიტების სიმღერას სამი მნიშვნელოვანი იმპულსი აქვს: ტერიტორიების დაცვა, სასიყვარულო ურთიერთობები, დაბოლოს, ყოველგვარი სოციალური ფუნქციისგან თავისუფალი, სრულიად უანგაროდ შესრულებული სიმღერა დღესთან შეხვედრისას და მისი გაცილებისას.

მესიანი მიიჩნევს, რომ ფრინველთა სიმღერა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მათ სახეობასა და ადგილმდებარეობაზე. დაახლოებით 12 000 სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს საკუთარი, სპეციფიკური ხელწერა აქვს. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მესიანს დაუფიქრებლად შეეძლო ფრინველის 550-მდე სახეობის ამოცნობა ხმით. კომპოზიტორი იმედოვნებდა, რომ ინტერესისა და მონდომების შემთხვევაში არც მსმენელს გაუჭირდებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა, ისევე როგორც კლასიკური მუსიკის მოსმენისას ვცნობთ ავტორს.

მესიანის მუსიკის მკვლევართა უმრავლესობა კომპოზიტორის შემოქმედებით გზას 4 ეტაპად ყოფს. პერიოდიზაცია, რომელიც მესიანის კომპოზიციურ-ტექნიკური მეთოდებისა და სტილისტიკის ტრანსფორმაციის ეტაპებს ასახავს, ასეა ჩამოყალიბებული: პირველი მანერა, სერიული ან ექსპერიმენტული, ჩიტები და მიქსი.

კომპოზიტორ-ორნითოლოგის ხელოვნება მოკლებულია ჟანრობრიობას, დრამატიზმს, ლირიზმს, ჰეროიკულ პათოსს. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები ღვთიურ სიყვარულზე, იდეალურ-ადამიანურ სიყვარულზე მოგვითხრობს; ბუნებას იგი ჩიტების სიმღერის საშუალებით ღმერთთან აიგივებს. მესიანი ამბობს, რომ ფრინველები სიმღერით ღმერთს ადიდებენ, ამიტომ მუსიკის საშუალებით მათი ხმების განმეორება ნიშნავს შეუერთდე უსასრულო სახოტბო ჰიმნს.

მესიანი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ფიგურაა ფრანგულ მუსიკაში. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა სიმბოლიზმის ესთეტიკამ რელიგიური ეგზალტაციით, ქრისტეს კულტმა. მესიანის ნაწარმოებები განმსჭვალულია თეოლოგიურ-მისტიკური იდეებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოკლებულია საეკლესიო მისტიციზმს და ბუნებისადმი მიძღვნილ ჰიმნებად გარდაიქმნება.

მესიანის შემოქმედების რელიგიური და ეგზოტიკური სფერო პანთეიზმის პერიოდის (50-იანი წლები) წინამორბედია. ამ პერიოდში იგი მნიშვნელოვან ნაწარმოებებს ქმნის. ფრანგულ მუსიკაში იშვიათობა არ ყოფილა არც რელიგიური თემატიკა (ფრანკი, დიუპრე, პულენკი), არც ეგზოტიკური მოტივები (მიიო, ჟოლივე, ლუშერი), მაგრამ ბუნების გამოსახვა ისეთი უჩვეულო ბგერებით, როგორიც ჩიტების სიმღერაა, პირველმა მესიანმა სცადა. მან თავისი ამოუწურავიფანტაზიით გულუხვად გადმოგვცა ფრთოსანთა საკვირველი და იდუმალი ბგერითი სამყარო.
„შავი შაშვი” ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, „ჩიტების გამოღვიძება” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, 13 საფორტეპიანო პიესისგან შემდგარი ციკლი „ფრინველების კატალოგი” (თითოეულ პიესას სხვადასხვა ჩიტის სახელი ჰქვია), „ეგზოტიკური ფრინველები” ფორტეპიანოსა და 18 საკრავისთვის და სხვა ნაწარმოებები ავითარებს ფრანგული მუსიკის ტრადიციებს, რომლებიც მომდინარეობს ლ. კ. დაკენის („გუგული” და „მერცხალი”), ჟ. ფ. რამოს („ქათამი”
 და „ჩიტების გადაძახილი”), ფ. კუპერენის („ბულბული”), მ. რაველის („სევდიანი ფრინველები”) მუსიკალური ნაწარმოებებიდან. ამიტომ „ჩიტების” ოპუსები შეიძლება ისტორიულად მომზადებულად იქნეს მიჩნეული, მაგრამ მესიანის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი, მისეული გააზრება ხარისხობრივადაც განსხვავებულია და ბუნების ესთეტიკური ათვისების ახალ ეტაპს წარმოადგენს.

მესიანის შემოქმედებაში ჩიტების სიმღერის სტილის ფორმირება თანდათანობით ხდება და ორგანულად იბადება წინამორბედებისგან. „ჩიტების თემატიკის” გამოყენების პირველი მაგალითია „კვარტეტი ჟამთა დასასრულზე”. ამ ნაწარმოების პირველი ნაწილი გამსჭვალულია შავი შაშვისა და ბულბულის (ვიოლინო და კლარნეტი) სიმღერის ინტონაციებით. მუსიკალური მასალის განვითარება ძირითადად ერთი და იმავე მელოდიური ფიგურების გამეორებით ხდება. აქ ჯერ კიდევ არ არის დიფერენცირებული ჩიტების ხმა. 

„კვარტეტი ჟამთა დასასრულზე”
„კვარტეტი ჟამთა დასასრულზე” გახლავთ მესიანის მუსიკალური აზროვნების ერთ-ერთი ეთიკურად ყველაზე ამაღლებული, შინაარსობრივად მრავალმნიშვნელოვანი, მხატვრულად სრულყოფილი და პოპულარული ნაწარმოები. შეიქმნა და პირველად შესრულდა 1941 წლის 15 იანვარს უპრეცედენტო პირობებში – ტყვეებისა და მათი გერმანელი ზედამხედველების თანდასწრებით ქალაქ გიორლიცას მახლობლად მდებარე ბანაკში. მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიები და შემზარავი აპოკალიფსური კატასტროფები უწყვეტად გადაიხლართა კომპოზიტორის შემოქმედებით ფანტაზიაში.

მესიანის წინაშე დადგა აზროვნებისა და წერის ტექნიკის განახლების ამოცანა. ჩიტების მეშვეობით მან ბრწყინვალე ინდივიდუალური სტილისტური მახასიათებლები გამოიმუშავა, რომლებმაც თავი იჩინა მომდევნო ნაწარმოებებში: „ქრონოქრომია”, „ზეციური სეტყვის ფერები”, „7 ჰაიკუ” (ეს უკანასკნელი დაწერილია იაპონის ჩიტების „ენაზე” და ეძღვნება ამ ქვეყნის ყველა ჩიტს).

თუ „ჩიტების გამოღვიძებაში” კომპოზიტორი ასახავს ჩიტების სიმღერას გამთენიისას, „ეგზოტიკურ ჩიტებში” სიუჟეტური მხარე უფრო მოკრძალებულ ადგილს იკავებს; ის მოიცავს თითქმის მთელ მსოფლიოში შეკრებილ ჩიტების ხმებს. აქ მეზობლობენ ჩიტები ჩინეთიდან, მალაიზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ინდოეთიდან. „ეგზოტიკურ ჩიტებში” იგრძნობა მესიანის მისწრაფება, ერთმანეთში გადახლართოს მისთვის საყვარელი სფეროები – ჩიტების სიმღერა და ეგზოტიკა. ბუნებრივია, ამერიკის ან ინდოეთის ჩიტები განსხვავდებიან ევროპულებისგან სიმღერის ხასიათით – რიტმით, მელოდიკით, დინამიკით. სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ერთი და იმავე სახეობის ფრინველებიც კი სხვადასხვა „დიალექტზე” მღერიან. 

„ეგზოტიკური ჩიტები”
მუსიკალურ ოპუსში „ჩიტების გამოღვიძება” გადმოცემულია ჩიტების მთელი „კონცერტი”, რომელიც შუაღამიდან შუადღემდე მიმდინარეობს. ეს არის ტყის ფრთოსან მკვიდრთა ხანგრძლივი და ხმაურიანი გამოღვიძების სურათი. პარტიტურას წინ უძღვის ვრცელი პროგრამა და მასში წარმოდგენილია საფრანგეთის 38 ჩიტი.

საინტერესოა, რომ ჩიტები არასდროს მღერიან ანსამბლურად. თითოეული მათგანი დაკავებულია საკუთარი იმპროვიზაციით და მათი ჟივილ-ხივილი სრულიადაც არ ნიშნავს ორგანიზებულ ქმედებას.
***
მესიანი გატაცებული იყო ანტიკური ლიტერატურითა და თანამედროვე პოეზიით, ეგზოტიკური ქვეყნების კულტურით, ფრინველთა ხმებით, უძველესი საეკლესიო გალობით. მისი მოწაფეები არიან ცნობილი მუსიკოსები: პიერ ბულეზი, ჟერარ გრიზე, იანის ქსენაკისი, ივონა ლორიო (მეუღლე), კარლჰაინც შტოჰაუზენი და სხვები.

ბუნების გულწრფელი თაყვანისმცემელი მესიანი ღიმილითა და გაკვირვებით აღნიშნავდა, რომ მისი ორნითოლოგიური საქმიანობა მოწაფეებს მანიაკურ გატაცებად მიაჩნდათ და დასძენდა, რომ ჩიტების სიმღერის სილამაზესა და მათი პოეზიის სიღრმეს ისინი, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ.
P.S.
ბუნების მოვლენებით დაინტერესებულ მესიანის წინამორბედთა შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია იტალიელი კომპოზიტორი ოტორინო რესპიგი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მიეძღვნა რომის სამ სიმბოლოს: „რომის შადრევნებს”, „რომის ფიჭვებს” და „რომის დღესასწაულებს”. „რომის ფიჭვებში” აღწერილია ღამის სურათი, სადაც სიჩუმეში ჟღერს ნოკტიურნი და ბულბულის სიმღერა.

ო. რესპიგი. ჩიტების ფონოგრამა „Pini di Roma”-ში

https://www.cornel1801.com/disney/Fantasia-2000/2/Pines-of-Rome-Respighi.html

„Pines of Rome” – მულტიპლიკაციური ფილმი ბავშვებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი