პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პროექტებით სწავლების ეფექტურობა ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას

რა ქმნის სირთულეს ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას? რატომ აქვთ მოსწავლეებს ნეგატიური განწყობა ისეთი ნაწარმოებების შესწავლის მიმართ, როგორებიცაა „წმ. შუშანიკის წამება”, „წმ. აბოს წამება”, „წმ. გრიგოლის ცხოვრება”? შესაძლებელია თუ არა თანამედროვე შემოქმედებითი სწავლების მეთოდებით გავამარტივოთ ეს პროცესი და საინტერესო გავხადოთ ძველი ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების კითხვა, გაგება და შესწავლა?

ძველ ქართულ ენაზე შექმნილი ტექსტის შესწავლისთვის არ არის საკმარისი შინაარსის ცოდნა, არც ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობათა დამახსოვრება, არც ტროპის სახეობათა მოძებნა. ამ ნაწარმოებების სრულფასოვნად შესწავლა ტექსტების სიღრმისეულ ანალიზსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიქრს მოითხოვს მთელი გულისყურითა და ცნებების გააზრებით. ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლას მომზადებული მკითხველი სჭირდება. არის კი თხუთმეტი წლის მოზარდი, მით უმეტეს თანამედროვე ახალგაზრდების ინტერესთა გათვალისწინებით, მზად, შევიდეს ამ საიდუმლოებით მოცულ სამყაროში და ეზიაროს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას? 

მასწავლებელი ვალდებულია, ჰაგიოგრაფიული ტექსტები კარგად „შეფუთოს”, ბრენდირება გაუკეთოს მათ. ყველა ამ ტიპის ტექსტში აღწერილია სასწაულები, რაც მას საშუალებას აძლევს, კონკრეტული ტექსტი ახსნას როგორც ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ლიტერატურული პროდუქტი (ამ შემთხვევაში მასალისადმი მოსწავლეთა ინტერესი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა გაიზრდება). თორნიკე ჭელიძე – “სასურველი (საძულველი) ჰაგიოგრაფია”.

ძველი ქართული ლიტერატურა ყოველთვის ასაკთან შეუსაბამოდ ისწავლებოდა – ადრეც (საბჭოთა სკოლაში) და ახლაც. ახალგაზრდების წიგნიერების დონის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მეათე კლასის მოსწავლე ვერ ხვდება ამ რთულ მასალას სათანადოდ მომზადებული, რაც პრობლემათა წარმოქმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ძველი ქართული ენა, რომელიც შესაძლებელია, გასაგები გახდეს მოსწავლისთვის სახელმძღვანელოში არსებული განმარტებებითა და ძველი ქართული ენის ლექსიკონის დახმარებით. თუმცა მუდმივი დაკვირვება, რას აღნიშნავს კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა ტექსტში, მათთვის მოსაბეზრებელი ხდება და მოსწავლეები ხშირად მნიშვნელობის დეტალური გააზრების გარეშე აგრძელებენ კითხვას, რაც საბოლოო გულაცრუებით სრულდება. ყველა პედაგოგი ამჩნევს, რომ პირველ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს უფრო მეტი მონდომებით და უკეთ  სწავლობენ, ვიდრე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას”, თუმცა ამ ნაწარმოებს სხვა ტიპის სირთულეებიც ახლავს თან.

ნებისმიერი  რთული მასალის უკეთ შესწავლისას ძალიან ეფექტური საშუალებაა სასწავლო პროექტი. მოსწავლეები ინტერესდებიან პროექტების მომზადებით, რადგან მათი უნარების გამოსავლენად მეტ საშუალებებს ხედავენ ამ ტიპის აქტივობაში, ვიდრე, მაგალითად, ჩვეულებრივი შემაჯამებელი სამუშაოს, სხვა წერითი დავალების შესრულებისას ან გაკვეთილის თხრობისას. პროექტის შესრულება მოიცავს შემოქმედებითი უნარების გამოვლენასაც, რაც იმ მოსწავლეებს უმაღლებს მოტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ ხატვა, მაკეტებისა თუ სხვა ტიპის პროდუქტის შექმნა, როცა ხალისით ვერ წერენ და ვერ ყვებიან გაკვეთილს. ასევე, თუ პროექტი ელექტრონულად არის მოსამზადებელი, ეს ფაქტორი იმ კატეგორიის მოსწავლეებს უქმნის კომფორტსა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას, რომლებმაც კარგად იციან კომპიუტერთან მუშაობა და ფლობენ ისტ-ის სხვადასხვა პროგრამას. პროექტის პრეზენტაციისას თავს საუკეთესო მხრიდან ავლენენ მოსწავლეები, რომლებსაც საინტერესოდ თხრობის, ნაშრომის დამაჯერებლად წარდგენის უნარი აქვთ. რომელიმე კატეგორიაში აუცილებლად მოყვება კლასის ყველა მოსწავლე, მით უმეტეს, თუ სამუშაო ჯგუფურად იქნება შესასრულებელი.
X კლასში განვახორციელე კვლევა, რომელიც ერთდროულად 2 აქტივობის ეფექტურობას ამოწმებდა:

1. რამდენად ეფექტურია ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას პროექტებზე მუშაობა;

2. რამდენად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას მასლოუს  (ან სხვა)  თეორიის პრაქტიკული გამოყენება.

გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდი. 

პროექტის დასრულების შემდეგ განხორციელდა ერთიანი ანალიზი, რომელიც გულისხმობს თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგების შეჯამებას.

კლასი დაკვირვების ობიექტი იყო 22 კალენდარული დღის განმავლობაში. ისინი მუშაობდნენ ჯგუფურად არა მხოლოდ სკოლაში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ და პედაგოგის მითითებით, არამედ სახლებში (რომელიმე ჯგუფის წევრის ოჯახში). მშობლებისთვის გასაოცარი იყო მათი შვილების მოულოდნელი გააქტიურება, ინიციატივის გამოვლენა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველა ჯგუფს ჰქონდა დამოუკიდებლად მოსამზადებელი საკუთარი დავალება. გაჩნდა შეჯიბრების განცდაც, რაც არ უნდა გადაზრდილიყო არაჯანსაღ კონკურენციაში. მოსწავლეებს მოუწიათ აბრაამ მასლოუს თეორიაზე დამოუკიდებლად მუშაობა, მისი გააზრება და მისი პრაქტიკული გამოყენება ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერსონაჟებთან მიმართებაში.

მოსწავლეებზე დაკვირვება ხორციელდებოდა სკოლაში ყოფნისას. ისინი, პროექტის ფორმისა თუ შინაარსობრივი მხარის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად მიმართავდნენ მასწავლებელს. არც ერთხელ არ მიუმართავთ ისტ-ის პროექტში გამოყენების სპეციფიკასთან დაკავშირებით, თავად შეასრულეს პროექტი საკმაოდ რთულ ფორმატში, შეარჩიეს მუსიკაც თავიანთი პროექტების პრეზენტაციისთვის. მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა გამოავლინა ხატვის უნარი, ყველა ჯგუფმა პროექტი წარმოადგინა მათი წევრების მიერ შესრულებული ნახატებით, რომლებიც საინტერესოდ ასახავდა წმინდანთა მოწამებრივ გზას და მასლოუს პირამიდის ჭრილში წარმოადგენდა მათ ცხოვრებას. პროექტმა შემოქმედებითი უნარების მქონე მოსწავლეებს განსაკუთრებული თვითრეალიზაციის საშუალება მისცა. შესაძლებელია მათ სრულყოფილად არ ისწავლეს საგაკვეთილო ტექსტები, მაგრამ ისინი ახლა შემოქმედებითი რეალიზაციისთვის აბსოლუტურად ნებაყოფლობით და სიამოვნებით წაიკითხეს.

პროექტზე მუშაობისას  დაკვირვების შედეგად გამოიკვეთნენ „ზარმაცი” მოსწავლეები, რომლებიც ცდილობდნენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. სწორედ მათ დაევალათ პროექტების პრეზენტაცია, რაც აიძულებდა მათ, ესწავლათ საპრეზენტაციო ტექსტი, მომზადებულიყვნენ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ანუ სრულფასოვნად გაეაზრებინათ ჯგუფელების ნამუშევრები, კონკრეტულად ის ნაწილი, რომლის მომზადებაშიც ისინი არ მონაწილეობდნენ. ასეთი სულ 3 მოსწავლე იყო. ამ ტიპის მოსწავლეთათვის, რა თქმა უნდა, ამ დავალების შესრულება არ იყო მარტივი. 

პრეზენტაციის დღეს ყველა ჯგუფს ჰქონდა დიდი სურვილი, ყოფილიყო საუკეთესო. მათი მიზანი იყო,  წარმოეჩინათ თავიანთი ნაშრომების ეფექტურობა, რაც აშკარად დიდი შრომის შედეგად იყო მიღწეული. 

რა კონკრეტული სურათი გამოიკვეთა თვისობრივი კვლევის ანალიზის შედეგად?

  აშკარად გამოიკვეთა  მოსწავლეების სურვილი – ესწავლათ ჰაგიოგრაფიული ტექსტები, შეესაბამებინათ პერსონაჟთა ქცევის მოტივაციები აბრაამ მასლოუს პირამიდისათვის, პროექტები ყოფილიყო საუკეთესო, დაემსახურებინათ მაღალი შეფასება შემაჯამებელ სამუშაოში.

 რა კონკრეტული სურათი გამოიკვეთა რაოდენობრივი კვლევის ანალიზის შედეგად?

მოსწავლეთა აბსოლუტური უმეტესობა გამოხატავს სურვილს, შეასრულოს ასეთი ტიპის დავალებები, იმუშაოს ჯგუფურად, გამოიყენოს ისტ-ის სხვადასხვა პროგრამა,  გამოიყენოს შემოქმედებითი უნარები.

 საგაკვეთილო პროცესის  წარმატებულობის ხარისხს მიღწეული შედეგი განსაზღვრავს: მოსწავლეები უნდა აზროვნებდნენ; უნდა ჰქონდეთ ზუსტად გაწერილი მისაღწევი მიზანი; სურდეთ, გაიგონ მეტი; განიცადონ თვითრეალიზება; დაიკმაყოფილონ ინტერესის მოთხოვნილება; შეფასდნენ ობიექტურად. ყველა ეს კომპონენტი პროექტის განხორციელებისას მიღწეულ იქნა.

არ არის მარტივი, პედაგოგმა ყველა შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენოს ეს მეთოდი, რადგან ის მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივად ყურადღების კონცენტრირებას, დამატებითი სამუშაოების შესრულებას (გაკვეთილების შემდეგ მუშაობას, დამატებითი მასალების მოსწავლეთათვის გაცნობას და სხვ.), მაგრამ წარუმატებელი მცდელობა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ის, რაც მათთვის აუცილებელია, მეტ ზიანს აყენებს მასწავლებელს, ვიდრე გათვალისწინებულზე მეტი შრომა. წარმატება ხელს უწყობს როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სტიმულირებას მომავალი საქმიანობისთვის. ეს დადასტურდა მოსწავლეთა გამოკითხვითაც: მათი სურვილი, შეასრულონ პროექტები მომდევნო თემებთან დაკავშირებითაც, სწორედ ამაზე მიუთითებს. 

პროექტების, როგორც სასწავლო მეთოდის გამოყენება დადებითად აისახება შედეგებზე პოემა „ვეფხისტყაოსნის”, „დავითიანისა” და იგავ-არაკთა კრებულის „სიბრძნე სიცრუისა” სწავლებისას, რადგან ენობრივ სირთულეებს, როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სწავლა-სწავლების პროცესში; ასევე, „ვეფხისტყაოსნის” ტექსტის სწავლება უდავოდ პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით – მოსწავლეებს ნეგატიური დამოკიდებულება ექმნებათ მოცულობითი და ღრმად გასაანალიზებელი ტექსტის მიმართ. იწყებენ პოემის შინაარსის ძებნას ინტერნეტსივრცეში, რასაც აბსურდულ მდგომარეობამდე მიჰყავს როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი. იგივე შეიძლება ითქვას „დავითიანთან” დაკავშირებითაც. აუცილებელია პროექტების, სასწავლო კვლევებისა და სხვა მოსწავლეთათვის  საინტერესო სასწავლო მეთოდის გამოყენება. შესაძლებელია პედაგოგმა განახორციელოს ექსპერიმენტიც, თავად მოიგონოს, დაგეგმოს და შეუსაბამოს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დააახლოებს მოსწავლეს ლიტერატურასთან, განუვითარებს სააზროვნო, შემოქმედებით და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.    

ასეთი დავალებები, სავარაუდოდ, პროდუქტიული იქნება მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეთათვისაც  XIX საუკუნის ლიტერატურის შესწავლის დროს.  ახალი ქართული ლიტერატურა, მართალია, ნაკლებ პრობლემებს უქმნის მოსწავლეებს ენობრივი თვალსაზრისით, თუმცა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, მწერალთა განსხვავებული სტილი და ლიტერატურულ მიმდინარეობათა სიუხვე არ არის მოსწავლეთათვის მარტივი შესასწავლი და გასააზრებელი. გაკვეთილებზე გამოყენებული მეთოდების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მასალის ათვისებას, პროდუქტიულს გახდის საგაკვეთილო პროცესს, მოსწავლეთათვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი