შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ოცნება“ გალაკტიონთან და „და ოცნებები არ დარჩება ნახატი ორთქლით“

”რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი, როგორც ედემი…”


ეს სტრიქონები გალაკტიონის ოცნების ერთგვარი ჰიმნია: მისთვის მიუწვდომელი და შორეულია მხოლოდ საოცნებო. ასე ქმნის იგი მერის ხატებასაც. ოცნების მორევში გადაშვებული პოეტი ქაოსების მხატვარია… და რომც ახდეს მისი ოცნება, მატერიალიზდება ქაოსებში.


როგორია გალაკტიონის ოცნების ანატომია?


ოცნება მცენარეა, ამიტომაც მას შეუძლია ”შრიალი”, რომელიც, თავის მხრივ, ედარება გაფრენილი არწივის ფრთებს:

”რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?”


”ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა…”


ოცნება ცეცხლია:

”სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწვოდა”;


”მათი მხურვალე ოცნებებით მსურს ვიამაყო”;


”რომ ოცნებებით ცეცხლი გალესო, სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო”.


ოცნება ხომალდია:

”სად ოდესმე მეოცნებე აფრებით…”;


”ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება”.


”და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები”.


ოცნება უფორმოა:


„ოცნება, ნახაზი საგანთა უარით…”


ოცნების ატრიბუტებია: ძველი ახალი, შორი, მხურვალე, გულგაპობილი, გაყინული, მოკლული, სნეული, ჭრელი, ტკბილი, მაწრე, გიჟი, ჩუმი…


”ეს ოცნება არის ჭრელი ფიქრი ბნელი ღამისა…”;


”ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?”;


”დგას გაყინული ოცნებათ კრება”;


”გაქრა გიჟი ოცნება”;


”ღირდა თუ რა სხვა სიცოცხლეზე ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი”;


”სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი”;


”ოცნებაო, ჩემო, ძველო, ვარ ღამეთა მთეველი”;


”ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან…”


”და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით”;


”გიყვრდეს მარად ოცნება ჩვენი _ გულგაპობილი”;


ოცნება განმეორებადია:

”მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება,


ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება”.


 ასეთი ოცნებების შემდეგ პოეტი უფლებამოსილია თქვას: ”ჰე, ქაოსში დაკარგულს, ქარი დამედევნება”.


 გაძევებული ოცნებები


როცა ცნობიერება ივსება აუსრულებელი ოცნებებით, მაშინ ის ამსუბუქების ნაცვლად მძიმდება და აუცილებლად უნდა ”გადაიტვირთოს”. ქართული ცნობიერება ენისა და ლიტერატურის ტექსტების მიხედვით აუსრულებელი ოცნებებითაა სავსე და მოდის ახალი თაობა, რომელიც აპროტესტებს ამაო და ფუჭ ოცნებებს, ახდენს მის ირონიზებას და ამით ამყარებს ერთგვარ წონასწორობას ცნობიერებაში. ამ მხრივ გამორჩეული ტექსტები აქვთ: გიორგი კეკელიძეს, პაატა შამუგიას და ზაზა კოშკაძეს…


”ჭირსაც წაუღია ეგ თქვენი სევდა,

წამოვა წვიმა,

იწვიმებს

და

ჭირსაც წაიღებს…

მე გავაძევე ოცნებები და სურვილები,

ავკიდე ქარებს,

ამძიმებთ ქარებს…

…კვდომის რიგში

ჩადგნენ ქარები

და

სიმშვიდეა.

ვარ მჩატე… ”(გიორგი კეკელიძე)


………………………….


”ჩემი სული წაქცეული


ქარის წისქვილია,


ვიღამ მიხედოს ობმოდებულ


ოცნების ტომრებს_


მოვლენ თაგვები და დახრავენ,


უსათუოდ მოვლენ,


დიდება თქვენდა, თაგვნო!


მე გასწავლით თქვენ ყველა


კუნჭულს,


სადაც კი მიძევს მივარდნილი


რამე ოცნება _


სულყველა კუთხეს,


რომ დაიმშეთ უფრო და უფრო


და ჩემი სულის


დაჩრჩილული კედლებიც


დახრათ _


ჩემი სული ხომ


წაქცეული ქრის წისქვილია… ” (გიორგი კეკელიძე)


………………………………………………..


პაატა შამუგია კი ასე ემიჯნება საუთარ თავს _ ფიქრს, ცრემლს და ოცნებას:


”მე ჩემი მეგობარი ვარ

და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით

და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ცრემლის მოშორებით

და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ოცნების მოშორებით…”


 


ზაზა კოშკძის ირონიზება კი ასე მძაფრად გამოიყურება:


”რა საჭიროა ოცნებები,


თუ ისინი თვალებში არ აგიყროლდება.


რა საჭიროა რელიგია,


თუ მას არ მოაქვს ფსიქოზი და მასობრივი თვითმკვლელობები…”


 


პ.ს.

იმ დღეს სტუდენტები პოეტ ნატო ინგოროყვას ლექსებს კითხულობდნენ, ერთ ფრაზას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება, რაც ამ წერილის იდეადაც გამოდგებოდა:

„და ოცნებები არ დარჩება ნახატი ორთქლით” („პოეზია”).


 


 


 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი