ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსანი“ და ფოლკლორი – მეორე ნაწილი

ერთხელ ვლადიმერ პროპის არაჩვეულებრივი წიგნის – „ჯადოსნური ზღაპრის მორფოლოგიის” – მთარგმნელმა მარიამ კარბელაშვილმა მითხრა, ეს წიგნი რუსთაველმა მათარგმნინაო.   მართლაც, „ვეფხისტყაოსანი” რომ ზღაპრული ელემენტებითაა დატვირთული, ეს არაერთ მკვლევარს შეუნიშნავს. მეც არა ვარ გამონაკლისი და ერთი დაკვირვების შესახებ უნდა მოგითხროთ. სამი წლის მანძილზე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების არქივის ბაზაზე ჩემს კოლეგებთან ერთად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში ვმონაწილეობდი, რაც ქართული ხალხური პროზის 22 ტომის შედგენას ითვალისწინებდა. მე ჯადოსნური ზღაპრების რამდენიმე ტომი შევადგინე და, შესაბამისად, უამრავი ზღაპარი (გამოქვეყნებულიც და გამოუქვეყნებელიც) წავიკითხე, რომელთა კლასიფიცირების შედეგად ორ ტომს პირობითად „ვაშლით გაჩენილები” ვუწოდე. ვაშლით გაჩენილების ზღაპრების წაკითხვისას ჩემთვის დასაფიქრებელი ერთი რამ აღმოჩნდა.  მაგრამ, სანამ ამის შესახებ მოვყვები, ზღაპარს შეგახსენებთ (აქვე შევნიშნავ, რომ ამ ტიპის ყველა ზღაპარი ძირითად ელემენტებს იმეორებს, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, აქ რომელს მოვიტან მაგალითად): 

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ-ქმარი. შვილი არა ჰყავდათ. ერთხელ წავიდა კაცი ტყეში, შეხვდა ეშმაკი და უთხრა: წამალს მე გასწავლი, რომ შვილი შეგეძინოსო. მხოლოდ ორი ვაჟიდან ერთი შენი უნდა იყოს და ერთიც ჩემიო. კაცი დათანხმდა. ეშმაკმა მისცა ერთი ვაშლი. გაჭრა სამ ნაწილად და უთხრა: როცა მოგწყურდეთ, ერთი ნაწილი შეჭამეთო, როცა მოგშივდეთ – მეორე ნაწილი და საღამოს ძილის წინ – მესამეო. ასეც მოიქცნენ. ცხრა თვის შემდეგ შეეძინათ ტყუპი ვაჟი. დაჰყვათ ოქროს თმები. დაიზარდნენ ბავშვები. მოვიდა ეშმაკი და ეუბნება კაცს, პირობას რატომ არ ასრულებო. ენანება დედას შვილის დათმობა, მაგრამ სხვა რა გზა აქვს? იცოდა, ეშმაკი არც ერთს არ შეარჩენდა და ერთი შვილი გააგზავნა ეშმაკის სახლში. მივიდა ბიჭი და არ დაუხვდა ეშმაკი სახლში. დაიწყო სახლის თვალიერება. სახლში სამი ოთახი იყო, სამივეს კლიტე ედო. გატეხა ბიჭმა საკეტი და ხედავს, ერთი ოთახი სულ თივითაა სავსე, მეორე ოთახში ადამიანების ჩონჩხებია და მესამეში სამი ძალიან კარგი ცხენი დგას, ერთი ლურჯი, ერთი წითელი და ერთიც თეთრი. ამ ცხენებმა თხოვეს, ძალიან გვშია, თივა გვაჭამე და სადაც გვინატრებ, იქ გავჩნდებითო. ბიჭმა გამოუტანა პირველი ოთახიდან თივა და აჭამა ცხენებს, ძლივს დააძღო, მერე გაუშვა და თვითონაც არ გაჩერდა, წავიდა. იარა, იარა და მიადგა ერთ მეფეს. – მოსამსახურე არ გინდათო? – როგორ არა, მებატეს ვეძებთო. დადგა კიბის ქვეშ და იქ დაიწყო ცხოვრება. ამ მეფეს ორი ქალიშვილი გათხოვილი ჰყავდა, ერთიც გასათხოვარი. ერთხელ ამ გოგომ ოქროსფერი თმა დაუნახა მებატეს და შეუყვარდა. გავიდა ხანი. მეფემ გადაწყვიტა, მესამე ქალიშვილიც გაათხოვოს. მოიწვია სასიძოები, უნდა, რომ აარჩიოს, მაგრამ ამ გოგოს არავინ არ მოსწონს. მეფემ იფიქრა, ნეტა, ვინ აკლიაო და გაახსენდა მებატე. ალბათ ეგ გიყვარსო. გოგომაც არ დაუმალა და მამამ მიათხოვა თავისი მესამე ქალიშვილი მებატეს, ოღონდ სასახლეში ცხოვრება დაუშალა და იმათაც კიბის ქვეშ დაიწყეს ერთად ცხოვრება. იყვნენ სიამტკბილობაში, მაგრამ უეცრად მეფე გახდა ავად. მოიხმო უფროსი სიძეები, უკვდავების წყალი უნდა მიშოვოთო. წავიდნენ უფროსი სიძეები. მებატემ რომ გაიგო, თქვა, ერთი ჯაგლაგი მეც მომეცით, იქნებ მეც რამე ვიშოვოო. მისცეს ერთი კოჭლი ცხენი. შეაჯდა ბიჭი, გაიარა ორასი მეტრი, ამოიღო ლურჯას ბეწვი, ახსენა მისი სახელი. ცხენიც იმავე წუთს იქ გაჩნდა თავისი იარაღით. გადაჯდა ლურჯაზე და გააქანა. მივიდა უკვდავების წყალთან. ამ წყალს გველეშაპი sდარაჯობს. მოკლა და წყალი წამოიღო. გზაში ქვისლები შეხვდნენ. – საიდან მოდიხარ? – უკვდავების წყალი მაქვს და ვყიდი. – მოგვყიდე, რამდენს თხოულობ? – თქვენი არც არაფერი მინდა. მარტო ერთი ჩემს ცხენს ბეჭებზე ნალი დაარტყმევინეთო. დაიხადეს ქვისლებმა წელზემოთ რაც ეცვათ და ცხენს ორივე ტყუპი ფეხი ბეჭებზე დაარტყმევინეს. წამოვიდნენ სახლში და თან უკვდავების წყალიც წამოიღეს. მაგრამ ვერც ამ წყალმა უშველა მეფეს. აიტეხა, უკვდავების ვაშლი მომარჩენსო. წავიდნენ სიძეები ვაშლის მოსატანად, წავიდა მებატეც თავისი ჯაგლაგი ცხენით. გაიარა თუ არა ორასი მეტრი, ამოიღო წითელი ცხენის ბეწვი და ისიც იქ გაჩნდა თავისი იარაღით. ბაღს, სადაც ის ხე იდგა, რომელიც უკვდავების ვაშლს ისხამდა, ვეშაპი ჰქონდა ღობედ შემორტყმული, ხოლო ხეებს შორის სულ გველები იყვნენ. მოკლა მებატემ ვეშაპიც და გველებიც. მოკრიფა უკვდავების ვაშლი და წამოიღო. გზაზე ქვისლები შემოხვდნენ. – საიდან მოდიხარ? – უკვდავების ვაშლი მაქვს და ვყიდიო. – მოგვყიდე, რას აფასებ? – არა, ვერ მოგყიდით, სანამ ყურის ბიბილოებს არ დამაჭრევინებთ. დათანხმდნენ ქვისლები, დააჭრევინეს ყურის ბიბილოები, წამოიღეს ვაშლი, მაგრამ ვერც ამან უშველა საწყალ მეფეს. ამიტომ ახლა უკვდავების ყურძენი მოინდომა. ეს ყურძენი მტევნად ვაზს ება, ვაზი ვენახში კი ხარობდა, მაგრამ სარად გველი ჰქონდა. წავიდა მებატე, ამოიღო ცხენის ბეწვი, მოუხმო თეთრ ცხენს, ისიც მასთან უმალ გაჩნდა, ძველებურად მოიპოვეს ყურძენი და დაბრუნდნენ უკან. გზაში ისევ ქვისლები შეხვდნენ. – ოღონდ ყურძენი მოგვეცი და სიცოცხლესაც კი დაგითმობთო. – რად მინდა თქვენი სიცოცხლე, ნეკა თითები დამაჭრევინეთ და წაიღეთ ყურძენი, თქვენი იყოსო. დააჭრევინეს ქვისლებმა ნეკა თითები, მიუტანეს მეფეს ყურძენი და მოარჩინეს. გამოხდა ხანი. სხვა ქვეყნის მეფემ ომი გამოუცხადა. დაიბარა მეფემ სიძეები და გაამზადა საომრად. მებატეც წავიდა ომში და თავისი ცხენებით თავგამოდებით იბრძოდა. ხელშიც დაიჭრა და ჭრილობის შესახვევად ცხვირსახოცი თავად მეფემ მიაწოდა. მას თავზე ქუდი არ ეხურა, ოქროსფერი ქოჩორი უწეწავდა თმას და ვერავინ ვერ იცნო. გაიმარჯვეს. როცა დაბრუნდნენ, მეფე მებატეს ეკითხება: – შენ სად იყავიო? – სად და ომში, აი, დავიჭერიო. მეფემ რომ თავისი ცხვირსახოცი დაუნახა, გაიკვირვა. მაშინ მებატე ეკითხება, უკვდავების წყალი ვინ მოგიტანაო – ვინ და უფროსმა სიძეებმაო. – მაგათ კი არა, მე გიშოვეო. გაბრაზდა მეფე, არ დაუჯერა. მაშინ მებატე კიდევ შეეკითხა: – მაშ, უკვდავების ვაშლი და ყურძენი ვიღამ მოგიტანაო? – რა თქმა უნდა, უფროსმა სიძეებმა, შენ კი ტყუილისთვის და სხვისი გამარჯვების მითვისებისთვის, სასტიკად დაგსჯიო. სხვა გზა არ დაუტოვეს მებატეს და სიძეებს ჯერ წელზევით გახდა და ბეჭების გაშიშვლება, მერე კი ქუდის მოხდა და ყურის ბიბილოების და ნეკა თითების ჩვენება მოსთხოვა. რას იზამდნენ უფროსი სიძეები, ბეჭებიც გაიშიშვლეს და ყველას აჩვენეს ცხენის ტყუპად მორტყმული ნალები, აღარც ბიბილოები ჰქონდათ და აღარც ნეკები. როცა ყველა დარწმუნდა მებატის ვაჟკაცობასა და სიმართლეში, მეფემ ტახტი მას გადაულოცა, უფროსი სიძეები კი მებატედ და მწყემსად დააყენა. გამეფებულმა ბიჭმა კი თავისი ტყუპი ძმა და დედ-მამაც ჩამოიყვანა და ყველანი ბედნიერად ცხოვრობდნენ” (ეს ზღაპარი ხელნაწერის სახით დაცულია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების არქივში). 

     ამდაგვარი უამრავი ზღაპარი არის ჩაწერილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბუნებრივია, რომ ვარიანტებში ზოგიერთი ელემენტი განსხვავებული სახით წარმოგვიდგება, მაგრამ ძირითადი ხაზი ამ ზღაპრებში საერთოა და უმთავრესი დატვირთვა ამოსაცნობი ნიშნის დადებას ენიჭება. ამ ტიპის ზღაპრებსა და „ვეფხისტყაოსანს” შორის, ერთი შეხედვით, არანაირი მსგავსება არ არის. ბევრად უფრო მეტი ნიმუში მოიძებნება ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, რომელიც სიუჟეტით, მოტივებითა თუ სხვადასხვა ელემენტებით მოგვაგონებს რუსთველის პოემას. მაგრამ ზემოთ მოტანილ ზღაპარში არის ერთი ელემენტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ზღაპრის კეთილი ფინალისთვის. ესაა ომში პროტაგონისტის დაჭრა და მეფის ხელით ნახვევის დადება. იგივე ელემენტი ფიგურირებს „ვეფხისტყაოსანშიც”, მხოლოდ მას არანაირი გადამწყვეტი როლი არ აკისრია სიუჟეტში. მაგრამ, მე მივიჩნევ, რომ ტექსტში ამ ელემენტის რეცეფცია ხდება ავტორის მიერ, რაც, ბუნებრივია, ისეა გადამუშავებული, რომ ზღაპრულობის ნიშანს თითქმის სრულიად კარგავს. გავიხსენოთ, რა ფორმით აისახება ეს მოტივი პოემაში: ხატაელებთან ბრძოლაში ტარიელი ხელსა ხრმლითა დაეკოდება (რუსთველი 2003: 458), ხოლო ინდოეთში დაბრუნებულს: „ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია” (რუსთველი 2003: 471). ეს ჭრილობა და მით უმეტეს მეფის ხელით ნახვევის დადება აღარავის ახსენდება. არადა ზღაპარში ეს არის უმთავრესი ამოსაცნობი თუ განმასხვავებელი ნიშანი ცრუ და ჭეშმარიტ სიძეს შორის. ის, ვინც ჭეშმარიტი სიძეა, მას დადებითი ნიშანიც უნდა ჰქონდეს, თორემ თავდაპირველად ქალიშვილის მამა ყოველთვის ცდება და ვერ ამოიცნობს ცრუ სიძეს. ჭეშმარიტი სიძე ახლოსაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ნიშანი ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, რომ სიუჟეტი პროტაგონისტისთვის კეთილად დასრულდეს. ზღაპრის ეს ცნობილი სიუჟეტი „ვეფხისტყაოსანშიც” ვითარდება, ფარსადანსაც ზღაპრის მეფეთა მსგავსად თავისთან ახლოს ჰყავს ტარიელი, მაგრამ ვერ ხვდება, რომ იგია მისი ჭეშმარიტი სასიძო და ფუჭად კარგავს დროს ცრუ სიძეების ძებნასა და არჩევაში. „ვეფხისტყაოსანი”, მიუხედავად იმისა, რომ იყენებს ზღაპრის მრავალ ელემენტს, არაა ზღაპარი და ამიტომაც მასში ყველაფერი ისე ვერ განვითარდება, როგორც ეს ზღაპრებში ხდება. ანუ ავტორი იყენებს ზღაპრის ელემენტებს, მაგრამ სიუჟეტის განვითარების ხაზს ცვლის და ლიტერატურული დამუშავების ამ პროცესში ზოგიერთ ელემენტს თავდაპირველი ფუნქცია საგრძნობლად ეცვლება, ხოლო ფუნქციაგამოცლილი აბსოლუტურად განსხვავებულ დატვირთვას ატარებს. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ამ არგუმენტს მოწინააღმდეგეც ჰყავდეს და ფარსადანის მიერ ნახვევის დადება არ მიიჩნიოს პოემაში ზღაპრიდან შესულ ელემენტად. მაგრამ ჩემი მოსაზრების გასამყარებლად ასეთ ლოგიკას მოვიშველიებ: განა „ვეფხისტყაოსნის” რომელიმე მამაკაცი პერსონაჟი რამენაირად ჰგავს იმ გმირს, რომლის დაჭრაც ასე ადვილია? არც ქაჯეთში იჭრება არცერთი მათგანი, არც მეკობრეებთან ბრძოლისას, არც ფრიდონის დახმარების დროს და ეს სრულიად გასაგებია, ისინი ხომ ზეადამიანური თვისებებით არიან დაჯილდოებულები. გაუგებარი და უცნაური ის უფრო არის, როგორ უნდა დაჭრილიყო ტარიელი, გმირი, რომელსაც უკვე ხუთი წლის ასაკში არაფრად უჩნდა ლომებისა და ვეფხვებისთვის მუსრის გავლება; ანდა ვის ხმალს უნდა შეძლებოდა ტარიელის დაიარება; მაშინ ხომ ან მისი სახელი უნდა ვიცოდეთ, ან უფრო დეტალურ ინფორმაციას მაინც უნდა ვფლობდეთ ამ შეტაკებაზე, თუნდაც ჭრილობა შემთხვევითობის შედეგი ყოფილიყო. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტარიელის ხელში დაჭრა ზღაპრიდან შესული ელემენტის გაჩენის წინაპირობაა, თუმც ამ ელემენტს აშკარა განვითარება არ უწერია; ის მხოლოდ მინიშნებას გვაძლევს ფარსადანის  გონების დროებითი დაბინდვის შესახებ, რომელსაც არ ძალუძს ჭეშმარიტი სიძის დროულად ამოცნობა და მას ცრუ სიძეს ანაცვალებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი