სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობის თავისებურებები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე

I ნაწილი – ტექსტის სტრუქტურა და სწავლის საფეხურები

სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტექსტთან მუშაობაა. იგი უზრუნველყოფს ტექსტის ყველა დონის „წარმომავლობის” გაგებას, ხელს უწყობს საგნობრივი ცოდნისა და სხვა სასწავლო უნარების შეძენას. სხვადასხვა ტიპის დავალებებით გამოვლინდება მოსწავლის მიერ ტექსტის ათვისების ხარისხი და მასწავლებელიც ადვილად გამოძებნის კორექციის გზებს.
ტექსტთან მეთოდური მიდგომებით მუშაობა და ამ მეთოდების დემონსტრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაინახონ, რა სარგებლობა მოაქვს ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობას, რომელიც სწავლა/სწავლების უმთავრესი შედეგია. კონკრეტულად ესაა:
Øხარისხიანი ცოდნა;
Øინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენა;
Øუნარ-ჩვევების და ცოდნის ავტომატიზაცია;
Ø„აკადემიური კითხვის” დაუფლება.

ტექსტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული და შესაბამისად დავალებებიც ან რომელიმე ისტორიული სიტუაციის (რაზეც ტექსტშია საუბარი) ელემენტებს მოიცავს, ან ისტორიული დოკუმენტების მთელ ატრიბუციას (განსხვავება მხოლოდ სირთულეშია, რომელიც საფეხურების მიხედვით იცვლება).

მოსწავლეს მოეთხოვება განსაზღვროს: ა) დოკუმენტის (წყაროს, ნარატივის) ავტორი; ბ) დრო; გ) დოკუმენტის შექმნის პერიოდი; დ) ისტორიული ტერმინი; ე) ისტორიული მოღვაწის ვინაობა (რომელიც ტექსტში გვხვდება), მიზანი და ა.შ.

მოთხოვნის შესაბამისად მოსწავლემ უამრავი დავალება უნდა შეასრულოს, რაც მისგან სწავლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა მოცულობის ინფორმაციის გაცნობას მოითხოვს:

ØI საფეხურზე მოსწავლის პასუხები ძალზე მარტივი და ცალსახაა, რადგან ანალიზისთვის ერთი არგუმენტის დასახელებაც საკმარისია. ეს მხოლოდ ტექსტის გაგების ელემენტარულ უნარს მოითხოვს.
ØII საფეხურზე არგუმენტების რაოდენობაც იზრდება და იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომლითაც მან უნდა იმსჯელოს თითოეულ პუნქტზე.
ØIII საფეხურზე დავალება კიდევ უფრო რთულდება და შესაძლოა არგუმენტირებისთვის კვლევითი სამუშაოს ჩატარებაც კი გახდეს საჭირო.

განვიხილოთ მაგალითები:

I საფეხური:

რადგან ისტორიაში „წელი” ასოცირდება რაიმე მოვლენასთან, ამიტომ დროის განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს თავად ის მოვლენა, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი. ამისთვის მოსწავლემ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპები უნდა გაიაროს:

I – იპოვოს „გასაღები” სიტყვა, რასაც დაეყრდნობა, რომელიც მას „სწორ გზაზე დააყენებს”. ამის შემდეგ მოსწავლეს არცერთ ეტაპზე არ გაუჭირდება დავალების შესრულება;
II – მოპოვებული ძირითადი ელემენტით განსაზღვროს მოვლენა;
III – „ჩართოს” მეხსიერება და აღადგინოს, რომელ წელს/პერიოდს უკავშირდება ეს მოვლენა.

რადგან მოცემულ ნაწყვეტში საქმე ეხება საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას, ძირითადი ამოსავალი სიტყვა დაკავშირებულია მის მახასიათებლებთან, რომლებიც ტექსტში საკმარისადაა ხაზგასმული. მისი პოვნის შემდეგ მოსწავლე, ცხადია, უშეცდომოდ დაასახელებს – „ხალხში სიარულის” /„ხალხოსნობის” (ე.წ. ნაროდნიკობის) დაწყების დროს, ანუ მოსწავლე „მიმოიხილავს ცოდნას”, ჩაატარებს ძალიან რთულ სამუშაოს და „პასუხად მიიღებს” გასული საუკუნის 70-იანი წლებს.

პასუხის სისწორე ტექსტის არამარტო უზუსტესმა გააზრებამ, არამედ სწორმა შეფასებამ, სტრუქტურაში სწორად გარკვევამ, ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი მონაცემის ამოღებამ და ფიქსაციამ განაპირობა.

ზოგადად კითხვის ტექნიკის დაუფლებისთვის სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს, მაგრამ სწავლის ზედა საფეხურზე რთული დავალებების შესასრულებლად აუცილებელია მოსწავლემ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოს.

პირველ რიგში ესაა წიგნის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული აპარატის გაცნობა, რომელიც მოსწავლეს ტექსტების სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება (იხ. სქემა):

ამის გაკეთება უმჯობესია ასეთი თანმიმდევრობით მოხდეს:

ტექსტის ათვისება წაკითხულის შინაარსის დამახსოვრების გარდა სხვა პროცესებსაც გულისხმობს: წაკითხულის ათვისება ნიშნავს ისე სიღრმისეულად და ყურადღებით კითხვას, რომ მოცემულ საკითხზე ავტორისა და მკითხველის აზრების შეჯერება მოხდეს; ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთია მოსწავლის მიერ მოცემული თემატიკის გაცნობა, მეორეა – სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა. ცოდნის დაგროვებისა და გაფართოების პროცესს სწორედ ეს მეორე წარმოადგენს. ამიტომ როდესაც მოსწავლეს ვურჩევთ, როგორ წაიკითხოს ტექსტი სპეციალური ლიტერატურის მითითებით, დამატებით უნდა გავამახვილებინოთ ყურადღება მასალის ლოგიკურ სტრუქტურაზე.

მასალის ლოგიკური სტრუქტურის, მისი აგების სქემის გაგება არც ისე ადვილია, რადგან იგი შეიძლება შეიცვალოს როგორც ცალკეული წიგნის, ისე თავებისა და ცალკეული ფურცლების მიხედვითაც კი. ამისთვის აუცილებელია თხზულების ძირითადი აზრის ბოლომდე გააზრება. საჭიროა, წავყვეთ ავტორის „აზრთა მსვლელობას”, მისი მტკიცებულებების ლოგიკას, აღვნიშნოთ ის ძირითადი, რაც აერთიანებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს, ძირითადი ნარატივიდან გამოვყოთ ვიზუალური მასალა და მაგალითები. ეს კი უკვე მასალის უბრალოდ წაკითხვა კი არა, ტექსტის ღრმა და დეტალური ანალიზია და მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების დროსაა შესაძლებელი წარსულის გაგება და მისი ნამდვილი ათვისება.

ასეთი ანალიზის ჩატარება გაადვილდება, თუ შევეცდებით ამ ყველაფრის ფურცელზე ტექსტის სახით გადატანას, ანუ ჩავიწერთ მთვარ მომენტებს ან გრაფიკული სქემით გამოვსახავთ მათ, სადაც თვალნათლივ დავინახავთ შესასწავლ მოვლენებს შორის ლოგიკურ კავშირებს. ამ დროს წარმატებით შეიძლება ტექსტის წაკითხვის სხვა სტრატეგიების გამოყენებაც, მაგალითად:

Øმარკირება;
Ø მოვლენათა ნუმერაცია;
Ø კონსპექტის შედგენა და ა.შ.

სპეციალისტები საკმაოდ ხშირად საუბრობენ სპეციალური ლიტერატურის კრიტიკული და შემოქმედებითი გააზრების მნიშვნელობაზე. ერთიც და მეორეც შეიძლება განვიხილოთ როგორც პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც გამოცდილების დაგროვების ხარჯზე მიიღწევა. გარკვეულ პროფესიულ დონეზე შეიძლება წარმოიქმნას ესა თუ ის უთანხმოება ცალკეული ავტორების შეხედულებებში, გაჩნდეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები, მაგრამ ამით გაჩნდება საკუთარ აზრებთან სხვების დასკვნების შეპირისპირების საშუალებაც.

ცხადია, ეს ეხება შემოქმედებით მიდგომასაც – კითხვა ხომ უპირველს ყოვლისა იდეების სტიმულაციაა. ნებისმიერი ტექსტის ყურადღებით კითხვას მოსდევს საკუთარი წარმოსახვები, მოსაზრებები, ჰიპოთეზებიც კი, რომელთაც საკუთარი შეხედულებებით ვპასუხობთ. თუმცა ყველა ეს საკითხი კითხვის ტექნიკისგან დამოუკიდებლად არსებობს, ანუ იდეების გენერაციისათვის რამე განსაკუთრებული სახის რჩევებს არ საჭიროებენ (შეიძლება ტექსტის ერთმა გადაკითხვამაც იგივე მოგვცეს ამ მხრივ, რაც მისმა ყურადღებით წაკითხვამ).

თუმცა იდეები და დეტალური ანალიზი მაინც სხვადასხვა ცნებებია. ეს უკანასკნელი „მოქმედების სტრუქტურის მიხედვით”, რომელიც ყველა საჭირო მეთოდოლოგიურ მიდგომას ითვალისწინებს, განსაკუთრებული ინსტრუქტაჟის დაცვას აუცილებლად საჭიროებს (იხ. სქემა):

ყველაზე ხშირად შეცდომების მიზეზი არასწორად განსაზღვრული მიზანი, კითხვის და ჩანაწერის არარაციონალური ფორმებია. სწავლის შინაარსში აუცილებლად უნდა ჩაიდოს, რომ სამეცნიერო-ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე ახალი ცნების ათვისებასთან და რომ ეს არც ისე იოლია, რადგან ყველა წიგნი ორიგინალურია და მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას ავტორის გასაგებად; ასეთ დროს ტექსტზე მუშაობისას შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომ ტექსტი ერთდროულად გახდეს როგორც კვლევის ობიექტი, ისე დამოუკიდებელი აღმოჩენებით მიღებული სიხარულის წყარო.

ისტორიისა და ზოგადად საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის ნარატივი სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ის მოსწავლეები, რომელთაც ტექსტის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია შეუძლიათ, ყოველთვის წარმატებულები არიან ამ საგნებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი