პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

იქ და აქ

როდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა  ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაირად კენწლავდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ  მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც მარადონა კი არა, ფეხბურთი უყვარდათ. 
  
აი, სულ ეს იყო რაც, მაშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცოდი და პაპაჩემს რამდენჯერმე თბილისის “დინამოს” თამაშზე რომ არ წავეყვანე, მეტი არც არაფერი მეცოდინებოდა. დღეს კი, თითისტოლა ბავშვს, რომ ჰკითხო პარაგვაის ნაკრების შემადგენლობა, ისე როგორ იქნება აკუნია და ფერნანდესი მაინც რომ ვერ გაიხსენოს და როგორ ფიქრობთ ვისი და რისი დამსახურებაა ახლანდელი ბავშვების ფეხბურთში ესოდენი ჩახედულობა?! პასუხი, რა თქმა უნდა, ერთია – ფეხბურთის პოპულარიზაცია და 21-ე საუკუნეში საფეხბურთო საზღვრების უკიდურესი დამოკლება. თუკი ადრე მარადონა შორეული და ლეგენდარული გმირი იყო, დღეს მესის, რონალდუს, ჯონ ტერისა და რაულს ყოველ „უიქენდზე” ჩვენი ტელევიზორები მუდმივად მასპინძლობენ და ფეხბურთის ვარსკვლავებსაც კარგი ძმაკაცებივით გავუშინაურდით.
 
დღეს ბევრს უკვირს, ჩვენი ფეხბურთელების, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი თამაშის მიუხედავად,  რატომაა საქართველოში ასეთი არნახული აჟიოტაჟი ფეხბურთის ირგვლივ და სპორტის ეს უპირველესი სახეობა რატომ გახდა ხალხში ყველაზე აქტუალურად გასარჩევი თემა. თუ ნებას მომცემთ ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ. რაც ახლა საქართველოში ხდება, სრულიად ნორმალური მოვლენაა და ჩვენი ხალხის ფეხბურთით ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართ და ადრე, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის სუნთქვა ქალაქში არ იგრძნობოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა შევარდნაძის მდარე და უსიცოცხლო ეპოქის ლოგიკური გაგრძელება. ეპოქის, როდესაც ფეხბურთზე დასახარჯ ემოციებს ხალხი პოლიტიკოსების ზიზღში ხარჯავდა. კაცმა რომ თქვას, მაშინ რა ემსოფლიოჩეპიონატებოდა კაცს, როდესაც ტელევიზიის სპორტული მიმომხილველიც კი ისე დუნედ და არაფრისმთქმელად გადმოსცემდა უმაღლესი კლასის ნაკრებების თამაშებს, თითქოს ერევნის “პიუნიკი” წნორის “მილანს” ხვდებოდა.
 
წარმოიდგინეთ, რა საზარელია, როდესაც ტელევიზიის დიქტორი, ვითომც აქ არაფერიაო, აცხადებს: “გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, სადაც გერმანელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. ახლა კი გადავიდეთ ამინდის პროგნოზზე”.  წარმოიდგინეთ რამხელა დაძაბულობა, უმაღლესი კლასის მატჩი და მსოფლიო დონის აჟიოტაჟი დგას ამ სამი სიტყვის უკან “გერმანია-საფრანგეთის მატჩი”. ალბათ იმ დროს მთელი მსოფლიო მოლოდინით ხელებს იფშვნეტდა ამ დიდი მატჩის მოლოდინში, ჩვენთან კი არაფერი, მხოლოდ 2:1 დამთავრდაო გვითხრა დიქტორმა და უმალ გადავიდა ქართულ უბადრუკ პოლიტიკურ სკანდალზე. თუ ეს საზიზღრობა არაა, მაშინ რუსეთის ნაკრების მაისური ჩამაცვით და ვირზე უკუღმა შემჯდარი მატარეთ ქალაქში..
 
ქვეყანაში საფეხბურთო აჟიოტაჟი, დიახაც, მუდმივად უნდა იყოს, და ამაზე ბევრად დიდი აჟიოტაჟიც კი, რათა ჩვენმა ხალხმა და, პირველ რიგში, ქართველმა ფეხბურთელებმა ნახონ და გაიგონ, როგორია ნამდვილი ფეხბურთი, სადაც ღირსება ყველაზე მაღლა დგას და სადაც საკუთარი ქვეყნისათვის ოფლი და ცრემლი არავის ენანება. 
ჩვენ ყველაფერი გვიკვირს, თორემ დღეს საფეხბურთო მსოფლიოში ისეთი რაღაცები ხდება, ჩვენთან, რომ მოხდეს, წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა.  

 “მანჩესტერ იუნაიტედის” მავანმა ბულგარელმა თავგადაკლულმა ქომაგმა ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ამ გუნდისათვის მიეძღვნა, რაც მოახერხა კიდეც. მივიდა საპასპორტო განყოფილებაში და საკუთარი გვარ-სახელი გადაიკეთა. ახლა ამ კაცს მანჩესტერ იუნაიტედი ჰქვია და ძმაკაცები თუკი ხუმრობით „მანჩოს” დაუძახებენ, არ უნდა ეწყინოს. წარმოიდგინეთ ჩვენთან ასეთი რამ რომ მოხდეს და მავანმა ქართველმა სახელგვარად ტყიბულის „მეშახტე” დაირქვას, ჯერ ხომ ყველა ნათესავი უგანებს და განაგდებს, მერე ჟურნალისტებსაც საქმე მიეცემათ.
უცხოეთში კი ქომაგობა (თუნდაც ზღვარგადასული) არავის უკვირს და საკუთარი კლუბებისა და ნაკრებების ჰიმნებს (ქვეყნის ეროვნულ ჰიმნზე, რომ აღარაფერი ვთქვათ) შვილებს პატარაობიდანვე ასწავლიან. ერთი სიტყვით, ქომაგობა კარგი რამაა და რა ვქნათ, თუკი ჩვენი ნაკრები ახალ ზელანდიასაც ვერ უგებს. უფულო კაცს რესტორნის მენიუს თვალიერების უფლებაც აღარ უნდა ჰქონდეს?!
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი