შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ გვკურნავენ ვირტუოზი „მუსიკოსები“ (ნაწილი I)

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ჩიტების ჭიკჭიკმა გულგრილი დატოვოს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას. ის რომანტიკულ განწყობას გვიქმნის, გვამშვიდებს, განგვარიდებს ამქვეყნიური ამაოებით გამოწვეულ მძიმე ფიქრებს. აწონასწორებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს და კურნავს სულს. ზაფხულის მზიან დილას ჩიტების სიმღერის ფონზე გამოღვიძება ხომ ერთი სიამოვნებაა!
 
გაზაფხული და ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩიტების ჭიკჭიკით – ამ ეგზოტიკური მეთოდით – მკურნალობისთვის. სწორედ ამ პერიოდში იქნება სასარგებლო სკვერში ან ტყეში გასეირნება. რაც უფრო ღრმად შევალთ ტყეში, მით მეტად გავეცლებით ქალაქის ხმაურს. სუფთა ჰაერს, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკს შესანიშნავი დამამშვიდებელი, რელაქსაციური ეფექტი აქვს. ის სასწაულებს ახდენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე გვარჩენს სხვადასხვა სენისგან. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, როცა ვხედავთ, როგორ აპურებს მტრედებს მოხუცი ან როგორ ჩხუბობენ ბეღურები პურის ქერქისთვის. ფრთოსანი „თერაპევტების” სამსახურით ჯერ კიდევ რუსი იმპერატორები სარგებლობდნენ. სასახლის კარზე მიღებული იყო თავის ტკივილის მკურნალობა იადონის რაკრაკით. პეტრე პირველის დროს მომღერალი ჩიტები მოსკოვის ყველა სამიკიტნოში ჰყავდათ. თვით პეტრე საათობით უსმენდა მათ რაკრაკს. აქვე სიამოვნებით გავიხსენებდი ჰ. კ. ანდერსენის ზღაპარს, სადაც ბულბულის გალობა სიცოცხლეს უბრუნებს ჩინეთის იმპერატორს.
ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მასში ყველაფერი ჰარმონიასა და დინამიკურ წონასწორობაში უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია გაზაფხული სიცოცხლით სავსე ფრთოსანთა სიმღერის გარეშე. სწორედ ეს „ჰაერის შვილები” აცოცხლებენ ზამთარგამოვლილი ხის შიშველ ტოტებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა ეკოლოგიური აღზრდა, რადგან ჩვენი პლანეტა გამოფიტვის ზღვარზე იმყოფება. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის, რომ მოზარდ თაობას მისი მოვლა და გაფრთხილება ვასწავლოთ. პლანეტის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ მომავალი თაობის აღზრდაშია: მასწავლებლებისა და მშობლების საერთო ამოცანაა, ვასწავლოთ  ბავშვებს ყოველივე ცოცხალის სიყვარული, გავაგებინოთ, რომ სახლები, ეზოები, ქუჩები თუ სკვერები ჩვენი საერთო სახლია და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მისი სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებაზე. ამისთვის ბავშვები თანდათან უნდა შევაჩვიოთ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას. კარგი იქნებოდა მათთვის კუთხის მოწყობა ჩიტების გალიით, აკვარიუმით, ოთახის მცენარეებით – ეს ყველაფერი ბავშვებს სურვილს უღვიძებს, თანაგრძნობით აკეთონ რაიმე სასარგებლო ცოცხალი არსებებისთვის; გაზაფხულობით მოვაწყოთ „ეკოლოგიური დახმარება” დაავადებული მცენარეებისთვის – მორწყვა, გადარგვა, დაფესვიანება-გამრავლება…
ამაზე ფიქრისას გენიალური ზღაპარი – „პატარა უფლისწული” გამახსენდა, რომელსაც ბავშვებიც და დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ. აი ციტატა სენტ-ეგზიუპერის წიგნიდან: „თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, იმიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ, იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ, იზრუნო შენს ვარდზე…”
ბაღებსა და სკვერებში სეირნობისას ემოციური განწყობის ასამაღლებლად ბავშვებს ყურადღება მივაქცევინოთ ფოთლების შრიალზე, წყლის ჩუხჩუხზე, წვიმის შხაპუნზე, ჩიტების ჟღურტულზე; ვასწავლოთ ლექსები და სიმღერები ბუნებაზე, ხოლო შინ რეგულარულად მოვასმენინოთ ბუნების ხმების ჩანაწერები. 
ეკოლოგიური აღზრდისას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მუსიკას. თუ ფრთოსანი მეგობარი ჩვენს ბინაში, გალიაში ბინადრობს, უპირველესად, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი იმღეროს. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ბგერითი სტიმულატორი, მაგალითად, მოვასმენინოთ კლასიკური მუსიკისა და ჩიტების რაკრაკის ჩანაწერები. სხვათა შორის, ონკანის მოშვების დროსაც დავინახავთ, რომ ჩვენი ფრთოსანი აუცილებლად აჰყვება წყლის ჩხრიალს. ოჯახში ყოველგვარი ჯიშის ჩიტი მკურნალია: ის განწყობას გვიმაღლებს, სევდას გვიფანტავს და ტკივილებს გვიყუჩებს. მათ ძალიან უყვართ მზრუნველი პატრონები და მზრუნველობას გასაოცარი სიმღერით პასუხობენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩიტებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის – ჩიტები ხომ ძალზე აქტიურები არიან, რაც შესანიშნავად შეესაბამება ბავშვების ცნობისმოყვარე ბუნებას. როდესაც ბავშვი ენას იდგამს, მისთვის კარგი იქნება ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც მოლაპარაკე და მომღერალი ჩიტია. ფრთოსნების რაკრაკი დადებით გავლენას ახდენს პატარების მუსიკალური სმენის განვითარებაზე. გარდა ამისა, აღგზნებადი ბავშვები უფრო მშვიდები ხდებიან და ადვილადაც იძინებენ.
მოლაპარაკე ჩიტები, თუთიყუშები, შეუცვლელი კომპანიონები არიან მარტოხელა მოხუცებისთვის. ამერიკაში ორნითოლოგებმა გამყოლი თუთიყუშების სპეციალური სკოლაც კი გახსნეს უსინათლოების დასახმარებლად. აქ ჩიტებს შემდეგი სიტყვების გამოთქმას ასწავლიან: „შეჩერდი”, „წადი”, მარჯვნივ გაუხვიე”, – და ა.შ. გამყოლი ძაღლებისგან განსხვავებით, თუთიყუშებს არ ახასიათებთ დალტონიზმი, არ რეაგირებენ კატებზე და მათი მოვლაც გაცილებით ადვილია.
ჩიტების ცხოვრებაში ბგერით სიგნალს (ხმოვან ნიშანს) განსაკუთრებული ადგილი უკავია. სინამდვილეში ჩიტს ხმა თავის გადასარჩენად მიეცა. მის გარეშე ბევრი დაიღუპებოდა, რადგან ვერ შეძლებდა უცხოსგან თავისი ტერიტორიის დაცვას. ისეთი პრიმიტიული ქმნილების „ლექსიკონიც” კი, როგორიც შინაური ქათამია, ათეულობით ასეთ სიგნალს ითვლის – უბედურების, გასაჭირის, გაფრთხილების, საკვების მოპოვების, არშიყობის, შეწყვილების, აგრესიულობის, გუნდურობის გამომხატველს. ფრინველები ხმოვან სიგნალს იყენებენ დედლის მისაზიდად გამრავლების პერიოდში, ბარტყების საფრთხისგან დასაცავად და ა.შ. მაგალითად, მტაცებელი ფრინველები, ბუ და არწივი, ნისკარტის ტკაცუნით საფრთხის შესახებ გადასცემენ ინფორმაციას. ფრთოსანთა ლექსიკონი სხვადასხვა შინაარსის „გადალაპარაკება-შეძახილებს” მოიცავს: „ყურადღება!” „ფრთხილად, საშიშია!”, „ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!”, თავს გაუფრთხილდით!”, „დაიკარგე აქედან!”
ფრინველებს ძალზე ორიგინალურად მოწყობილი „მუსიკალური ინსტრუმენტი” აქვთ. ის ჰგავს კიდეც ადამიანის სახმო აპარატს და მნიშვნელოვნადაც განსხვავდება მისგან. მსგავსება შემდეგია: ადამიანისა და ჩიტის სახმო აპარატები სასულე ტიპის მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება. მათში ბგერა ჰაერის მოძრაობით წარმოიქმნება. ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი არხევს დრეკად აპკებს, ხოლო აპკები, თავის მხრივ, ბგერით ტალღებს წარმოშობს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ აპკებს, ვიბრატორებს, ხორხში განლაგებული სახმო სიმები წარმოადგენს. მესაყვირისთვის ვიბრატორის როლს ტუჩები ასრულებს, რომლებიც განსაკუთრებული წესით თავსდება სასულე მუსიკალური ინსტრუმენტის სატუჩეში. ხმის სიმაღლე სახმო იოგების კუნთოვანი დაჭიმულობის ხარისხით განისაზღვრება: რაც უფრო მეტად არის დაჭიმული სახმო სიმები, მით უფრო მაღალია ბგერა. ხოლო ხმის სიძლიერე სახმო იოგების სიმკვრივესა და ფილტვებში ჰაერის წნევის შემჭიდროებაზეა დამოკიდებული.
ადამიანისთვის მეტყველებისას ძირითად რეზონატორებს წარმოადგენს ხორხი, პირისა და ცხვირის ღრუები და ტრაქეა. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ჩიტებს სახმო აპარატი ადამიანების მსგავსად ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრთოსან მომღერლებს ერთი კი არა, ორი ხორხი ჰქონიათ: ზედა, როგორც ყველა ძუძუმწოვარს, და ქვედა. ბგერის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებს არა ზედა, არამდე სწორედ ქვედა ხორხი, რომელსაც ძალზე რთული აგებულება აქვს. ქვედა ხორხი ჩიტების ორიგინალური ევოლუციური მონაპოვარია, სხვა ცხოველებთან ის არ გვხვდება. ქვედა ხორხი მდებარეობს ტრაქეის (სასულეს) ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ტრაქეა ორ მთავარ ბრონქში განშტოვდება. ის იმით არის ორიგინალური, რომ აქვს არა ერთი ვიბრატორი – ბგერის წყარო (როგორც ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს), არამედ ორი და შესაძლოა ოთხიც კი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციობს. სხეულის მოძრაობითა და კუნთების დაჭიმვით ჩიტს შეუძლია მნიშვნელოვნად ცვალოს რეზონატორების რთული სისტემის ფორმა და ამ გზით არეგულიროს ხმის სიმაღლე და ტემბრი. ასე რომ, ჩიტის სახმო აპარატი თითქმის მინიორკესტრს (დუეტს ან კვარტეტს) წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ის ვირტუოზულ „მუსიკალურ ნაწარმოებებს” ასრულებს.
ჩიტების სახმო აპარატს ზომით სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, განსაკუთრებით – პატარა მომღერალი ჩიტებისას, ამიტომ სიმღერაში მათი მთელი ორგანიზმია ჩართული. თუ მომღერალ ნიბლიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დაჭიმულობისგან მთელი სხეული უთრთის. ყელი წაუგრძელებია, პატარა პირი ფართოდ გაუღია, გაფშეკილი ფრთები და კუდი ტრელების (ნოტის სწრაფი და მრავალჯერადი მონაცვლეობა მეზობელ ნოტთან) ტაქტში ირხევა. სიმღერა ჩიტს ემოციურად და ფიზიკურად მთლიანად იპყრობს. ბგერები ვრცელდება დაბალი ბანის ყვირილიდან (დამახასიათებელია ბატების, იხვებისა და ყვავებისთვის) მაღალ მელოდიურ სტვენამდე (რომელიც ბეღურათა ოჯახისთვის არის დამახასიათებელი).
საყურადღებოა, რომ მრავალი ჩიტის სიმღერის რიტმული მოდულაციები ადამიანის სმენისთვის მიუღწეველია. მათი სახმო აპარატის შესაძლებლობები 50-100-ჯერ აღემატება ადამიანის სმენისას, ასე რომ, ჩვენ, ადამიანებს, ჩიტების ხმები მხოლოდ ნაწილობრივ გვესმის.
ბგერების წარმოქმნისთვის ჩიტები სახმო აპარატთან ერთად სხვა „მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც” იყენებენ: ნისკარტს, ფეხებს, ფრთებს და კუდსაც კი. მაგალითად, კოდალა ბრწყინვალე მედოლეა. კარგი ჟღერადობის მისაღებად ის გამომშრალ ხეს იყენებს, რათა მისი ხმა რაც შეიძლება შორს ისმოდეს; ხანდახან – კონსერვის ქილებსა და რკინის ნაჭრებსაც კი. თეთრი ყარყატი თავის მეგობარს სასიყვარულო სერენადას ხმით კი არ უმღერის, არამედ ნისკარტის ტკაცუნით. ამ დროს იგი თავს ზურგზე გადაიგდებს, ენას უკან გასწევს და დაიგრძელებს, რითაც ბგერის გასაძლიერებლად კარგად რეზონირებულ პირის ღრუს წარმოქმნის.
სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულ ჩიტებსა და ორნითოლოგების რჩევებზე მომდევნო წერილში მოგითხრობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი