პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მეტაფორები საიქიოსთვის

გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენებისა” და რილკეს ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესის” შედარებითი მიმოხილვა

ეს სტატია ანამ შთამაგონა. ანა ერთ-ერთი იმათგანია, ვის გამოც მასწავლებელს უღირს ყველა წაკითხული წიგნი, მეცადინეობაში გატარებული ღამე და ყველა წუთი, რომელიც სამყაროს არსსა და რაობაზე ფიქრში გაატარა. იმიტომ კი არა, რომ მერე ეს ყველაფერი ანას ასწავლოს, არამედ უბრალოდ, იმიტომ, რომ შეძლოს,  თანასწორივით ესაუბროს მას. 

ანას პრეზენტაცია დოსტოევსკისა და ლუკინო ვისკონტის შემოქმედების მსგავსებას ეხებოდა და ლაიტმოტივად გასდევდა ფრაზა ,,ეშმაკნიდან”: ,,თუ ღმერთი არ არსებობს, ესე იგი, ყველაფერი დასაშვებია”. როცა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ანამ მომმართა, მქონდა თუ არა მასთან კითხვები, მე ვუპასუხე, რომ მასთან არა, მაგრამ ზოგადად უამრავი კითხვა და საფიქრალი გამიჩინა მისმა  ნაშრომმა.

ალბათ, ღმერთის არსებობა ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, ორი რამის იმედს უჩენს: რომ ამქვეყნად გარკვეული სისტემურობა და კანონზომიერება არსებობს, სიკეთისთვის სიკეთე მიეზღვებათ და ბოროტებისთვის დაისჯებიან; და რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, სადაც ადამიანს (თუ ადამიანის სულს) ასევე სიკეთისთვის სიკეთე მიეზღვება და ბოროტებისთვის დაისჯება. ამიტომ ის წარმოდგენები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურაში აისახება საიქიო ცხოვრების შესახებ, ბევრს მეტყველებს ამ ერის ცნობიერების თავისებურებაზე.

ქართულ ლიტერატურაში აღწერილი საიქიო ძირითადად თანხვდება იმქვეყნიური სამყაროს შესახებ ქრისტიანულ წარმოდგენებს, გავიხსენოთ ,,ბაში-აჩუკი” ან ,,ბახტრიონი”, ორივე ამ ნაწარმოებში სამოთხე აღწერილია, როგორც ყვავილებით მოფენილი მწვანე მინდორი, შესაბამისად, ჯოჯოხეთის ერთპიროვნული რეცეფცია, რომელიც ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში გვხვდება, ადუღებული კუპრი და ცეცხლის ენებია.

თუმცა ქართულ ლიტერატურაში გვხვდება საიქიოს იმგვარი აღქმაც, რომელიც არ არის განპირობებული ქრისტიანული მსოფლმხედველობით და არ განიცდის მის ზეგავლენას. გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსი ,,ლურჯა ცხენები”, რომელიც უფროსი კლასების პროგრამაშია შეტანილი, იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ არსებულ ანტიკურ ესთეტიკას ემყარება. ვინაიდან ჩვენს პრაქტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრდა ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებითი მიმოხილვა, მსურს, პარალელი გავავლო საიქიოს იმ სურათს შორის, რომელიც გვხვდება ,,ლურჯა ცხენებსა” და ცნობილი ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს ლექს ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესში” (აქვე ვიტყვი, რომ გერმანული ენის არცოდნის გამო მთლიანად ვეყრდნობი და ვენდობი ლექსის ვახუშტი კოტეტიშვილისეულ თარგმანს).

სხვადასხვა რელიგიების მიერ წარმოსახული საიქიოთაგან განსხვავებით ჰადესი ულანდშაფტობით გამოირჩევა, უფრო სწორად გარკვეული ლანდშაფტი, გარემო არსებობს, მაგრამ მას არათუ რაიმე ესთეტიკური დანიშნულება არ აქვს, პირიქით, მაქსიმალურად უსახური და მინიმალისტურია. როგორც გალაკტიონის, ისე რილკეს, ლექსში მის აღწერას სულ რამდენიმე შტრიხი ეთმობა. საერთო სინაცრისფრეში ორივეგან მოჩანს ერთადერთი წითელი  ნიუანსი, სისხლის, როგორც საიქიოსთან მჭიდროდ დაკავშირებული არქეტიპის, ფერი:

,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში…” 
(გალაკტიონ ტაბიძე ,,ლურჯა ცხენები”)
,,…ფესვებს შორის ჟონავდა სისხლი
აქეთ ხალხისკენ მომდინარე და იმ წყვდიადში
ის პორფირივით მძიმე ჩანდა.
სხვა არრა იყო იქ წითელი”.
(რაინერ მარია რილკე ,,ორფევსი. ევრიდიკე. ჰერმესი.)

როგორც ჩვეულებრივ, გარემო ამჯერადაც ფონია ძირითადი არსის წარმოსაჩენად. რას ასახავს ამ ლექსებში აღწერილი საიქიო? შეიძლება ითქვას, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არარსებობის რწმენას. როგორია ,,საოცრების მხარეში” გამგზავრებული სული ,,ლურჯა ცხენების” მიხედვით? იგი ფაქტობრივად არანაირი არ არის. დაცლილია როგორც ყველა იმ ნიშნისგან, რომელსაც  ჩვენ დადებითის სტატუსს ვანიჭებთ, თანაგრძნობის, სიხარულის, სიცოცხლის წყურვილისაგან, ასევე ყველა უარყოფითი შეგრძნებისაგან (ვინაიდან ეს არც ჯოჯოხეთია): 

,,გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება…”

,,სამუდამო მხარეში” არ არსებობს დრო და აქედან გამომდინარე, არ არსებობს მისწრაფებები. ამ ლექსში სიკვდილი წარმოდგენილია არარსებობის სახით, როცა სხეული ცივ სამარეში წევს, ხოლო სული კი მარადიული ნეტარების ან მარადიული ტანჯვის ნაცვლად სრულიად არაფერს განიცდის, მაშასადამე, ქრება.

 თუ ორფეოსისა და ევრიდიკეს ძველბერძნული მითის დედააზრი სიკვდილზე სიცოცხლის ანუ სიყვარულის გამარჯვებაა, რილკეს ინტერპრეტაცია, პირიქით, სიცოცხლეზე (ანუ სიყვარულზე) სიკვდილის გამარჯვებას გულისხმობს. ევრიდიკესთვის სიკვდილის მერე სულერთია ორფეოსიც, მისი თავდადებაცა და მისდამი სიყვარულიც:

,,ის, ვით ფეხმძიმე, თავის არსში იყო ჩაფლული
და არ ფიქრობდა არც იმაზე, ვინც წინ უძღვოდა
და არც ამ ზემოთ, სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე.
ის თავისსავე არსში იყო. თავის სიკვდილით
დასრულებული და აღსავსე.
როგორც ნაყოფი, სიტკბოთი და სიბნელით მწიფე,
იგი აღივსო თავისივე დიდი სიკვდილით,
რომელიც იყო ახალი და შეუცნობელი…”

ლიტერატურის გაკვეთილი პესიმისტურ ნოტაზე არ უნდა მთავრდებოდეს. დავასრულებთ იმით, რომ გალაკტიონი გვთავაზობს გამოსავალს, რომ როდესაც ყველა და ყველაფერი მტვრად იქცევა და არარაობას  შეუერთდება, დარჩება პოეზია, (შეგვიძლია განვაზოგადოთ, დარჩება ხელოვნება), რომელიც უკვდავია და უკვდავებად აქცევს მის შემოქმედს – გალაკტიონსა თუ რილკეს…

ეს არის პასუხი ყველასთვის. ხოლო თუკი ანა მაინც მკითხავს, რა აიძულებთ ადამიანებს, რომელთაც სამოთხის არსებობის არ სჯერათ, აკეთონ სიკეთე, მე ვეტყვი, რომ ზოგჯერ სიკეთე შეიძლება უბრალოდ სიკეთის გამოც აკეთო, რომ სიკეთე სამოთხის მეტაფორაა ან, პირიქით, სამოთხეა სიკეთის მეტაფორა. მე ვეტყვი და ანა დამიჯერებს თუ არა, მისი საქმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი