შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნისლის გზა და პოეტიკა

შემომხედეთ, მე მზე ვარ და
გადავწიე ნისლის ფარდა,
ახალ გაზაფხულად მოველ,
რომ ვახარო უფლის ყანა.

ჯალალ ედ-დინ რუმი

პოეტურ ლექსიკაში შეიძლება გამოვყოთ იმგვარი სახე-სიმბოლოები, რომლებიც უფრო მეტად ატარებენ „მისტიკურობის” და „მაგიურობის” სემანტიკას. ერთი ასეთი სიტყვა-კონცეპტია ნისლი, რომელსაც სულხან საბა ასე განმარტავს: “მზის სიმხურვალე წყალთა ქვეყანათა ნოტიოთაგან ორთქლსა აჰკრეფს და შეიქმნების ნისლი, უკეთუ მრავალი აღიღო მისგან, იქმნების წვიმანი და თუცა მცირედი აღიღო, მანანად შეიქმნების, ხოლო ნისლი ცა ესრეთ განიყოფებიან: მცირესა და თხელსა ნისლსა ეწოდების ფოშფოში, ხმელსა და მტვრის მსგავსსა ნისლსა – ბორიაყი, ხოლო ნოტიოსა ნისლსა ბორი და ნისლსა მონათოვსა ბუერი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბების მთათა ზედა არმური”.

ნისლი – სიმბოლოა „ნაცრისფერი ზონისა” რელურსა და არარეალურს შორის. ძველი კელტური მითის მიხედვით, ის ფარავს დედამიწის ჩრდილო-დასავლეთს ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს საზღვარზე, ის არის აგრეთვე სიმბოლო ადამიანისთვის მიუწვდომელი სფეროებისა…
აღმოსავლურ-აზიურ ლირიკაში ნისლი არის უმთავრესად შემოდგომის და აფორიაქებული განცდების სიმბოლო, აგრეთვე – ავი სულებისა… ევროპულ ზღაპრებში ნისლი სიმბოლოა ხშირად ადამიანისათვის მომავლის და იმქვეყნიურის ჩაკეტილობისა, რაც მხოლოდ სინათლით შეიძლება გაიხსნას. 

მხატვრულ ლიტერატურაში ნისლი აქტუალიზებული სახე-სიმბოლოა, რომელიც განსხვავებულ კონტექსტებში განსხვავებულ სემანტიკურ და ემოციურ კონოტაციებს აჩენს. ნისლი ბინდში ხვევს საგნებს და მოვლენებს, აფერხებს მოძრაობას, ბადებს გაურკვევლობის შეგრძნებას… შესაბამისად, გზაზე მიმავალი მგზავრი ჩერდება, ფერხდება…. ან გზას აგრძელებს და იკარგება… ნისლი ქაოსის მდგომარეობაა, რომლიდანაც შემოქმედი (მწერალი) ქმნის „ახალ წესრიგს”… ნისლიფერის ცვალების წინა ეტაპია, მასში იბადებიან მონსტრები, დემონები, ურჩხულები და ნისლიდან იბადება ანგელოზი, ღვთისმშობელი…. მისტიკური რელიგიები ნისლის სიმბოლიზმს მიმართავენ ინიციაციის დროს. სულმა უნდა გაიაროს სიბნელისა და ნისლის მდგომარეობა და გასხივოსნდეს, გავიდეს სიცხადეში. საინტერესოა ქართულ ენაში არსებული ისეთი ფრაზეოლოგიზმები, როგორებიცაა: თვალებზე ნისლი გადამეკრა, გონება დამებინდა, ნისლში წავედი, ნისლი გადამეფარა… და სხვა, რომლებიც ცნობიერების ჩვეულებრივი მდგომარეობის დაკარგვას აღნიშნავენ, როდესაც ადამიანი შორდება რეალობას და დროებით „იკარგება”.

ორი უკიდურესობის კარგ ნიმუშს გვაძლევს ამერიკელი მწერალი ფანტასტიკისა და მისტიკის ჟანრში: სტივენ კინგი (იგივე რიჩარდ ბახმანი) პროზაულ ნაწარმოებში: ნისლი (The Mist) და ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო რომანში: რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი (By the River Piedra I Sat Down and Wept).
ერთ შემთხვევაში პატარა, პროვინციულ ქალაქში თითქოს არსაიდან მოსული ნისლი იპყრობს ქუჩებს და სახლებს, ნისლიდან იბადება მრავალსახოვანი სიკვდილი, რომელიც ნთქავს და ანადგურებს ადამიანებს… ხოლო პაულო კოელიოს ნაწარმოებში ნისლიდან იბადება, გამოდის ქალღმერთი…  „ჩვენ გარშემო  ნისლი  თითქოს  გამოცოცხლდა,  შეიძინა თავისი საკუთარი ყოფიერება, გარდაიქმნა ერთგვარ წმინდა  სუბსტანციად…”  (“რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”).

ნისლის საინტერესო, ამბივალენტური სემანტიკაა ფრანგი მწერლის ბორის ვიანის მოთხრობაში „სიყვარული ბრმაა”  (l'amour est aveugle).  სქელ ნისლში თანდათან ჩაძირულ ქალაქში ადამიანები ვეღარ ხედავენ ერთმანეთს, ამიტომ თავსუფლებას აძლევენ, რომ მიძინებულ ვნებებს გასაქანი მისცენ, რის შედეგადაც ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. „შესაძლებლის საზღვრები ფართოვდება, როცა არ გეშინია, რომ სინათლე აინთება”. და აი, რადიო აცხადებს, რომ ნისლი იფანტება და ქალაქის მოსახლეობამაც გამოსავალი მონახა: ყველამ დაითხარა თვალები, რათა გაეგრძელებინათ ბედნიერად ცხოვრება.

ქართული პროზიდანაც არაერთი ნიმუშის დამოწმება შეიძლება. მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილიდან”: „…ნისლი  თავს  დასხმია  ქალაქს, მთელი ქუჩები ნისლით დაგუბულა.  იხრჩობა  ქალაქი  ენის  ფასცინაციური  (მაგიური) ფუნქცია და ნისლის სემიოტიკა ნისლის წარღვნაში.  ნისლი  დგას  კარებთან,  ნისლი კედლებთან ატუზულა და კანკალებს…

… თალხი ლანდები დალასლასებენ ნისლში ჩაძირულ ქალაქის ქუჩებში…

…ზაფხული მომკვდარა და ეს უშველებელი, ადამიანების ლანდების პროცესია თავჩაქინდრული მიჰყვება უკან ამ საარაკო ყეენობას…

…ნისლი ამდგარა ყინულოვან ოკეანიდან, ნისლი ამდგარა ზღვების ფსკერებიდან და ამბოხებულა…

…ჩრდილოეთიდან მოსულა ქურდულად, ფეხაკრეფით, ზამთრის სუნთქვა
და ჩემი გული იკუმშება ვარამისაგან…

…მე მარად მინდა ვიყიალო ამ ქვეყანაზე, თუ ჩემს სულს გათოშავს ჩრდილოეთის ნისლი,საქართველოში კი ბევრია მზე და ცის ნაჭერი…”

ამგვარი მაგალითები მსოფლიო ლიტერატურაში მრავლადაა და ნიშანდობლივია, რომ ნისლი ერთსა და იმავე დროს არის სიკვდილისა და სიცოცხლის, კეთილისა და ბოროტის, დადებითისა და უარყოფითის აღმნიშვნელი. ის არის კონცეპტი, რომელიც მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ნისლი დაბრკოლებაა, გაურკვევლობაა:
მთაო, გადმიშვი, მაღალო,
რას ნისლი მოგიხვევია,
მთას იქით ჩემი ლამაზი
სხვას ვისმეს ჩაუხვევია.
(ხალხური)

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?
(აკაკი წერეთელი, აღმართ-აღმართ)
დღემ მოიტანა ალაზანამდე,
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა;
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე,
თუ დაღამდები, არ გაგათენა.
(ტიციან ტაბიძე, ალავერდობა)

თითქოს ნისლია, არაფერს ვხედავ და თითქოს მქონდა შავი ნიღაბი.

(ტერენტი გრანელი, სიზმარი)

ნისლი ადამიანივით სულიერია, ამიტომ პოეტი მიმართავს მას, როგორც თავისი სულის თანაზიარს, ან, უფრო სწორად, იდენტიფიკაციას ცირა ბარბაქაძე ახდენს მასთან, როგორც ვაჟა-ფშაველა, როდესაც ამბობს: „ნისლი ფიქრია მთებისა” ანუ სვამს საკუთარი თავისთვის დასასმელ კითხვებს:

რას ფიქრობ, ნისლო, ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?
(არჩილ კიტოშვილი, ნისლი)

გაბრიელ ჯაბუშანური კი პირდაპირ ამბობს:
მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია.
ზოგჯერ კი ნისლი სატრფოა:
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ…

ან:
ნისლაურო, ნისლი ხარო,
გამიქრები: მზისი ხარო…
მე არაგვზე დავრჩებოდი,
მაგრამ, რა ვქნა, სხვისი ხარო…
(ანა კალანდაძე)

სხვაგან კი ანა წერს, რომ უნდა ისე განუყოფელი იყოს სატრფოსგან, როგორც ნისლი და მთები:

მოვედით სამადლოს ხევთან…
ნისლებში დანთქმულა ისიც…
მე მინდა, სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!

ტარიელ ჭანტურიას ლირიკული გმირები ლექსში: „გოლგოთა, ზღვის დონიდან 7500 მეტრის სიმაღლეზე”, შეყვარებულები, თოკით გადაბმულები, მიიწევენ ნისლში მწვერვალისკენ, რაც მეტაფორულად იესოს გზას გამოხატავს:

შეკრულებს ერთი თოკით და რწმენით-
ორივეს ბნელი უფსკრული გვიმზერს…
აქ არ არსებობს სანდო და ძველი
გზა….  ნისლებს ნისლი უსხლტებათ ქიმზე.
……………………………………………………………………….
ბედია:  ზოგი აღწევს ღრუბლებთან…
და უფსკრულების წერაა ზოგი!
მე არ გემდური…  გქონდა უფლება,
რომ გადაგეჭრა სიკვდილის თოკი….

პოეტ გუჩა კვარაცხელიას ლირიკული გმირისთვის სიყვარული

სატრფოსგან შექმნილი ნისლი და ბურუსია:
მე შენით შექმნილ ბურუსში ვცხოვრობდი.
ჩვენ ამას სიყვარულს ვეძახდით.  თუმცა
არასოდეს გითქვამს, რას გრძნობდი,
როცა ჩემი ნესტოების სუნთქვა გესმოდა.
ჩემს წერტილს ვეძებდი შენს კოორდინატთა სისტემაში…….
(გუჩა კვარაცხელია, ნუ დაყნოსავ ყაყაჩორას)

ნისლის საინტერესო სახეს გვთავაზობს აგრეთვე პოეტი რატი ამაღლობელი, როცა მას სატრფოს თვალებთან და ფერისცვალებასთან აკავშირებს:

თვალები შენი, ჩემი თვალების ნისლი,
შენი თვალების ნისლი,
ფერისცვალება მთვარის,
ფერისცვალება სიზმრის…..

სხვა შემთხვევაში პოეტი თეთრი ნისლით საგანთა ჭეშმარიტ ბუნებას სწვდება:
თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით
დაიფარა ყველაფერი.
თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით
გამოვლინდა ფერი მისი.
(რატი ამაღლობელი, თეთრეული)

ნისლიდან იბადებიან გალაკტიონის უსასრულობისაკენ და შეუცნობლისაკენ მსწრაფი „ლურჯა ცხენები”, რომელზეც ანა კალანდაძე დაწერს:
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს –
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია”,
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ…

მანამდე კი თავად გალაკტიონი აღიარებს, რომ „ლურჯა ცხენები” მხოლოდ „ნისლის თარეშში” დაჰქრიან:
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

და რადგან ნისლი შეუცნობლის მეტაფორაცაა, ის ყველა „მოგზაურის” თანამდევია და ქროლვა უსასრულობისკენ, დაუსაბამობისკენ, შეუცნობლისკენ და, საბოლოოდ, უფლისკენ – ნისლში მოგზაურობაა. ნიკო სამადაშვილი სლექსში: „დაუსაბამობის ხილვა”- პერსონაჟი ნისლშია გახვეული…

მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო,
ცხედარზე უფრო დაუზარებლივ…
და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ
ცადაკარგული ხშირი ზარები.
სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,
მონასტრის ზემოთ ვხედავდი შავად
სივრცეში გაკრულად ადამიანებს.
ნისლის სვეტები იდგნენ გარშემო,
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა.
გული იწვოდა და ლურჯი კვამლი
მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან…
……………………………………………………………………
„ნისლის გზა” რჩეულთა გზაა, ამიტომ პოეტები „ავად არიან” ნისლით, როგორც „მსოფლიო სევდით”. ეს აზრი კარგად აქვს გამოხატული ნიკოლაი გუმილიოვს ლექსში „ნისლი”:

я верно болен на сердце туман
тумана нет на сердце я не болен
нет я не болен и тумана нет
ни в сердце нет ни даже в атмосфере
тумана нет и облачности нет
всё ясно значит ты наверно болен
неизлечимо на сердце туман

ტერენტი გრანელის ლექსში „ექსკურსია ცისკენ” „ნისლიანი უსაზღვრო სივრცე” აგრეთვე შეუცნობლის სიმბოლოა:

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე…

ნისლისა და მგზავრის სემანტიკაა დაკავშირებული ნიკო სამადაშვილის
ამ სტრიქონებში:

საღამო მოდის, ნისლი  ზედაშეს
სვამენ და დაისს მთები კენკავენ.
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.
რა ვუყოთ მერე,  ვიღაცა  მგზავრი
გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,
და შეადარებს გაკმენდილ ზარებს
მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

ალექსანდრე აბაშელი კი სიკვდილის წინდა წერილ ლექსში ერთგვარად აჯამებს განვლილ „ნისლიან გზას” და აფასებს, როგორც მოგზაური, რომელიც ამაოდ დაშვრა:

ხანდახან ფიქრი დამბურავს,
ვწევარ და არ მეძინება.
ვიტყვი ცხოვრების სამდურავს
და ცრემლი დამედინება.
გზას რომ გავხედავ ნისლიანს,
ჩავქრები, ჩავიშრიტები:
გზაზე რომ ყრია, ვისია,
ფრთამოტეხილი ჩიტები?
………………………………………………..
ვერაფერს გავხდი მზისაკენ
მუდამ ხელების აშვერით,
რაც გულს უნდოდა, ისა ვქმენ,
მაგრამ ამაოდ დავშვერი!

როგორც ვხედავთ, ქართულ პოეზიაშიც ნისლს თავისი გზა აქვს, თავისი პოეტიკა და თავისი უღრმესი სემიოტიკა. ის ქმნის საკუთარ ზღაპარს და საკუთარ სიუჟეტს. ნისლი დამოგზაურობს პოეტიდან პოეტში, სტრიქონიდან სტრიქონში, ტექსტიდან ტექსტში… ის გაივლის შემოქმედ გულებს და სულებს… ანდა, სამუდამოდ რჩება მათში. ნისლი თვითონ წყვეტს, საით წავიდეს და ეს თვისება მას დააქვს პოეზიაშიც. ის არ არის ყველა პოეტის სტუმარი, ყველას არ წყალობს, მხოლოდ რჩეულებს და რჩეულთაგან მხოლოდ ერთეულები აღწევენ თავს და, აი, სწორედ მაშინ დგება სულის მისტიკური გასხივოსნება – ინიციაცია…

ნისლის არსი და იდეა კარგად აქვს გახსნილი ერთ თანამედროვე ავტორს, ნიკა ჯორჯანელს, ლექსში „მგზავრობა ნისლში”, რომლის სრულ ვარიანტსაც აქვე გთავაზობთ:

„ნაღვლიანი სივრცე ღია./ ბარდნის. დაზრნენ ეკალ-ბარდნი./ 
ძველი დროის თეთრი დღეა./ ძველი დროის ციდან ბარდნის./ 
თვალი ნისლში ლამის გადნეს,/ვეღარაფრის მჭვრეტი. თვითონ/ 
ნისლი ველზე ზანტად გადის./ ეშინიათ ღრუბლებს ციდან/ უცნაური ჩამოვარდნის./ 
წინათ თეთრზე რბოდა შავი./ ახლა უკვე თეთრის რონინს/ ვხედავ შავზე, გაიშალა/ 
უსაგნობის მთქმელი ფონი./ წაიშალნენ მიდამონი./ გაქრნენ კვამლნი, საკვამურნი./ 
გათანაბრდა ყველა დონე./ ალალბედად გაკვალულმა/ 
გზამ, რომელიც მართმევს ღონეს,/ ვეღარასგზით მოარიდა/ 
თავი ნისლს და გაქრა ისევ./ ყველაფერი მომხდარიდან/ ერთი რაღაც რჩება – ნისლი./ 
მაგრამ მაინც, მაგრამ ვისი/ ანდა რისი ბოლო არის/ ის? რა ცხადის დასაწყისი?/ 
ვინ წერს ამ, ვთქვათ, მემუარებს?/ ნება რისი ასახვისა/ აღარაფრად აგდებს ფიქრს და/
აიგივებს სივრცეს ამგვარ/ ლანდთან, ჯვარს კი, ღმერთო, – იქსთან?/ 
უცებ „მე თუ მეძებ, აქ ვარ”/მესმის ხვალის. მესმის, მაგრამ/ ის არ უნდა ყოფილიყო/ 
აქ. ვჭვრეტ მასში ჭმუნვის საგანს:/ გაცრეცილი პროფილიღა/ დამრჩენია სახისაგან./ 
ნისლს შიგნით ვარ. ჩემ შიგნით კი/ ნისლის მსგავსი არის რაღაც./
სინამდვილევ, შემირიგდი,/ მინახულე ზოგჯერ აქაც./ 
შენს კედელზე ფერმკრთალ ლაქას/ წარმოვადგენ ხვალის შუქზე./ 
ნუ იფიქრებ, რომ დრო გამყავს./ ნუ იფიქრებ, რადგან უკვე/  
ხვალ არაფერს ნამდვილს არ ჰგავს/ დღე, რომელშიც ვსუნთქავ ჯერაც./ 
იმდენად ხარ სინამდვილე,/ რამდენადაც ჩემი გჯერა./ ნახავ: ნისლში ვინადირებ/ 
კურდღლის მსგავსად მხტომ და მცირე/გასასვლელზე გარეთ – შენში./
მაგრამ ვიცი, ავაცილებ/ ყველა ტყვიას და შენ შეგშლის/ ჩემი სროლა სასაცილო,/ 
ჩემი ხვალის სველი ცეცხლი./ …ხვალეში ვარ. ის კი თითქოს/
ვერ გებულობს, რად ვიქეცი,/ მოხვედრილი მასში. მიდგას,/
ფიქრობს სული და აღმითქვამს/ თავისსავე ბოლოს კეთილს./ 
მეათასედ მისვამს კითხვას, თუ რა გარსი გავიკეთე./ მიღიმის და პასუხს ითხოვს…/ 
გზები, გზები, გამირბიან./ ერთადერთის გაყოლებით/ ორივ მხარეს ხრამებია./
 ნელა-ნელა,  დაღონებით,/ შეფერხებით, დაყოვნებით,/ უხალისხოდ,  არა ნებით/
 მსრესენ ნისლის ვაგონები…/ ვმადლობ ხვალეს, თუ იქნება/ და ცოცხალი ვეგონები.”

ამ სტრიქონებში მთავრი პერსონაჟი ნისლია, ავტორი კი ნისლს შერთული ხმაა, რომლის ნებელობა გადაფარული და დაკარგულია… ყველაფერი წაშლილია, გათანაბრებული… არეულია დროც… ავტორი „ხვალე”-დან მოთქვამს, იქ არის… თუმცა ის ხვალეც არაფერს ნამდვილს არ ჰგავს… დახატულია ქაოსი, დაახლოებით „ჩანასახის” მდგომარეობა, რომლიდანაც წუთი წუთზე უნდა მოხდეს დაბადება… დაბადება ახალ გარსში, ახალ ცნობიერებაში… რა დაიბადება ამ ქაოსიდან? ახალი ნისლი და გაურკვევლობა, თუ სიცხადე და სინამდვილე…. ეს ჯერ არ ჩანს, თუმცა გარკვეული მინიშნებები ისმის „ჩანასახის” ხმაში: „ფიქრობს სული და აღმითქვამს თავისსავე ბოლოს კეთილს”.

წარმოდგენილი კვლევიდან შეგვიძლია ქართულ პოეტურ დისკუსიაში ნისლის ერთ-ერთი სემიოტიკური მოდელი გამოვიყვანოთ სიუჟეტის სახით:

მოქმედების ადგილი: ნისლი
მოქმედების დრო: გაურკვეველია
მოქმედების მიზანი:
სწრაფვა სრულყოფილებისკენ, უფლისკენ
მოქმედი პირი: მოგზაური
მთავარი გზა: სიყვარულისა და ჰარმონიის
ნისლის გზა: უგზობა

სხვა პერსონაჟები: შიში, მარტოობა, ნისლის ურჩხულები, ნისლის „ლურჯა ცხენები”… სულები…

მეტაფორა მნიშვნელოვანი მოვლენაა სამყაროს შემეცნების პროცესში. ახალი ცოდნის პარადიგმის კონტექსტში მეტაფორა განიხილება, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანესი სააზროვნო მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიმართებას სინამდვილესთან. სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ჩვენთვის ბუნების მოვლენათა კონცეპტების მეტაფორული გააზრების რეპრეზენტაციული ვარიანტები ენობრივი ცნობიერების სტრუქტურებში და ამ შემთხვევაში ქართული პოეტური დისკურსის მასალების მიხედვით.

ბუნების მოვლენების კონცეპტებიდან ნისლი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალიზებული სემანტემაა, რომელიც პოეტურ დისკურსში გამოირჩევა მეტაფორიზაციის მაღალი ხარისხით. ქართულ პოეზიაში ნისლი ქმნის საინტერესო პოეტიკას, რაც გამოიხატება არამხოლოდ მეტაფორულ და სიმბოლურ სემანტიკაში, არამედ ემოციური მნიშვენლობების მრავალფეროვნებაშიც. ნისლი ერთსა და იმავე დროს არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების აღმნიშვნელი, თუმცა საკვლევ მასალაში პროცენტულად დადებითი ემოციების სიჭარბე აღინიშნა. ნისლი პოეტების „მსოფლიო სევდის” სიმბოლოცაა, რომლითაც პოეტები „ავად არიან” და რომლიდანაც მათ არ უნდათ გამოსვლა… ნისლით გამოწვეული გაურკვევლობა ასოცირებულია იდუმალებასთან, იდუმალება კი ღვთაებრივის ნიშანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი