შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რჩევები ევროპაში წამსვლელთათვის

ამას წინათ გერმანიაში ერთმა ჭკვიანმა კაცმა გამოსცა წიგნ-ბროშურა, სადაც გერმანელი გულშემატკივრებისათვის ერთგვარი რჩევებია ჩამოწიკწიკებული, ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მათი გუნდი ევროტურნირებზე უცხოურ კლუბებს შეხვდება და საყვარელ კლუბს გასვლით მატჩზე გაყვებიან. ამ ბროშურაში ნახავთ, რომ ფრანგი გულშემატკივრები თურმე მატჩის შემდეგ ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ, რის გამოც ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ ემოციები დაიოკონ და მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მოიგიჟიანონ თავი. “ტოტენჰემის” ფანებთან” ურთიერთობისას ლონდონის სხვა არც ერთი კლუბი არ უნდა ახსენო, თორემ ცუდად წაგივა საქმე. მადრიდში ჩასულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ “რეალის” ქომაგებთან მხოლოდ ღიმილი და  გაშინაურება ჭრის, “ატლეტიკოს” ინჩასებთან კი სიჩუმეს გვირჩევენ. მოკლედ, ძალიან საჭირო წიგნი დაუწერია იმ გერმანელს და არ იქნებოდა ურიგო, ასეთი რამე ჩვენთანაც, ქართველ ქომაგებზე მორგებულად რომ გამოცემულიყო.

მაგალითად, თუკი ქართული რომელიმე კლუბი ან ჩვენი ნაკრები გერმანიის ნაკრებს გასვლაზე ხვდება, გუნდის გამყოლ ქომაგებს პირველ რიგში უნდა ვურჩიოთ, რომ მაღაზიებში მხოლოდ რაიმეს საყიდლად შევიდნენ და არა მოსაპარად, თორემ გერმანელებმა უკვე კარგად აუღეს ალღო ჩვენებურებს და თუ დაგიჭირეს მარტო საკუთარ თავს კი არა, ჩვენს ფეხბურთსაც შეარცხვენ. 

თუკი ჩვენს გუნდებს თურქეთში გავყვებით, პირველ ყოვლისა იქაური ქომაგების სიგიჟე უნდა გაითვალისწინოთ და ტრიბუნაზე და სტადიონის გარეთაც ნაკლებად უნდა გამოიდოთ თავი, თორემ თურქ ფანებს შეიძლება კაი გვარიანი მიბეგვა გამოსტყუოთ და იქაურმა პოლიციელებმა სიმონ მეფესავით ალამუტის ციხეში აქეთ თქვენ ჩაგსვან.

ესპანეთში ან პორტუგალიაში წასვლის შემთხვევაში, დიდად არ უნდა გაიოცოთ, თუკი ქუჩაში იმდენ ქართველს აღმოაჩენთ, რომ შეიძლება თავი სამშობლოში იგრძნოთ. თავი სამშობლოში შეიძლება მაშინაც კი იგრძნოთ, როდესაც თქვენ მიერ ნანახი უცნობი ქართველები “ძმაო, ერთი ათი ევრო მაჩუქეო” – გეტყვიან.

ინგლისში წასვლის წინ, გირჩევთ ქართული კერძებით კარგად დანაყრდეთ, თორემ ინგლისში იმდენი რბილად რომ ვთქვათ უგემური რამის ჭამა მოგიწვეთ, შეიძლება ცხოვრებაზე აიღოთ ხელი. ინგლისელ ფანებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა თურქებისგან განსხვავებით ბრიტანელებს პოლიციის მეტი შიში აქვთ და თან ტრიბუნაზე ყვირილს ინგლისელი არავის უშლის. თამაშის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე ნამდვილად აღარ ვიცი…

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი საყვარელი ქართული კლუბები ან ნაკრებები სკანდინავიაში გაემგზავრებიან და თან გაყოლას გადაწყვეტთ, ბლომად ფული თუ არ გექნებათ ჯიბეში, შეიძლება მშიერი დარჩეთ, რადგან სკანდინავიაში არსებული სიძვირე მთელს მსოფლიოში ლეგენდადაა ქცეული. მშიერი კაცის ქომაგობა კი აბა სად გაგონილა?

თუკი ცხვრის ხორცი არ გიყვართ, შუა აზიის ქვეყნებში წასვლას აზრი არ აქვს. ამხელა გზაზე წახვიდე, დაბალი ხარისხის ფეხბურთს უყურო და ცხვრის ქაბაბიც აღარ ჭამო? ეგრე სადაა?!…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი