პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„ვეფხისტყაოსანი“ და ფოლკლორი

„ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა” (რუსთველი 2003: 56).

ალბათ ძნელი მოსაძებნია ისეთი ადამიანი, ვისაც „ვეფხისტყაოსანი” უსწავლია და ეს სტრიქონები არ იცის ზეპირად. თუმცა ბევრი მათგანი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ სწორედ შავი ცხენი იქცა საკვანძო მომენტად და მას უკავშირდება როსტევანის ის რეაქცია, რამაც მოქმედების შემდგომი განვითარება გამოიწვია. როსტევანის დადარდიანების მიზეზს რევაზ სირაძე როსტევანის დიდბუნებოვნებით ხსნის – არაბეთში ყველა ბედნიერი უნდა იყოს და ერთი ადამიანის ტრაგედიაც კი გულს უკლავს მეფეს. რა თქმა უნდა, როსტევანის თვისებებიდან გამომდინარე, იგი შეწუხდებოდა იმით, რომ მის ქვეყანაში არის ერთი ადამიანი, რომელიც ცრემლიანია. ამიტომაც, მეფის პირველი რეაქცია არის ინტერესი, გამოარკვიოს ვინ არის უცხო, რამ შეაწუხა. როსტევანი ამბის გასარკვევად მასთან მონებს უშვებს. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ტარიელმა დაატრიალა, თავად როსტევანი გადაწყვეტს უცხოსთან მიახლოებას:

„რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა,
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა.
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა” (რუსთველი 2003: 100).

აი, სწორედ ეს მომენტი, რომ ტარიელი უკვალოდ ქრება, მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ როსტევანი უცხოს უბედურების გამომწვევ კაცად მიიჩნევდა და, თუკი მას აქამდე მხოლოდ ინტერესი ამოძრავებდა, გაეგო, ვინ იყო უცნობი, ახლა უკვე ამ უცხოს პოვნა გაარკვევს, ელის თუ არა ქვეყანას ან თავად მეფეს უბედურება. თანაც მას ბუნებრივად უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის ტარიელის შავი ცხენი, მისი წყლის პირას ყოფნა და მისი „სასწაულებრივი” მათრახი, რომლის გადაკვრამაც ამდენი ზიანი მოუტანა იმ წარმოდგენებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში არსებობდა და შავტაიჭოსანი მხედრის გამოჩენას უკავშირდებოდა. გავიხსენოთ ქართული შელოცვა:

სახელითა ღვთისათა, მამისათა და ძისა და სულისა წმინდისათა.

გამოიზავა შავი კლდე,
გამოვიდა შავი კაცი,
შავით შეკმაზილი იყო –
შავი ჯაჭვი ეცვა,
შავსა ცხენსა იჯდა,
კბილსა მოიხჭენდა,
თვალსა მოაკაკაჩებდა,
მიჭუნდრუკობდა.
შემოხვდა მიქელ-გაბრიელ
მთავარანგელოზი. ჰკითხეს:
– სით წახვალ, შავო კაცო?
რქვა მან: – რას მკითხავ?
მივალ საქრისტიანოს
კაცის ხორცის საჭმელად.
– არ გაგიშვებ, მამამან,
ძემან და სულმა წმინდამან.
ჩაგაგდებ ქვაბსა რვალთასასა.
შეგინთებ ცეცხლსა წუმწუმისასა…
გამოვიდა კაცი შავი
შავი ტყედამ,
გამოიყვანა ცხენი შავი,
შავით შეკაზმულნი.
აუდვა ლაგამი შავი,
შეჯდა.
მოდიოდა შავი წყალი,
მას მოჰქონდა შავი გველი,
ჩაყო მათრახი შავი,
ამოიღო დანა შავტარიანი…

საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ზღაპრებშიც შავით მოსილი და შავ რაშზე ამხედრებული კაცი მხედრის სიძლიერეზე მიანიშნებს და ეს სიძლიერე სხვისთვის საშიშია. წითელ ცხენზე ამხედრებული წითელი მხედარი ნაკლები საფრთხის შემცველია, ხოლო თეთრტაიჭოსანი თეთრი მხედარი სხვა ფერის სახეებთან შედარებით ყველაზე სუსტია. შელოცვებშიც იკვეთება ფერადი მხედრები, ხოლო შავით მოსილი კაცი, რომელიც შავ ცხენს ატარებს, ზიანის მომტანია და მისი გამოჩენა არაფერ კარგს არ მოასწავებს. ასეთი კაცის გამოჩენა, ბუნებრივია, შიშს გამოიწვევდა ყველგან, სადაც მსგავი ტიპის შელოცვები იქნებოდა პოპულარული. რა თქმა უნდა, დაჯერებით იმის თქმა, რომ XII საუკუნეში ზუსტად ეს შელოცვები იყო გავრცელებული, არავის შეუძლია, მაგრამ ერთი რამ უდავოა, ამ შელოცვების ფესვები უძველეს ხანაში იკარგება. ისიც შესაძლოა, რომ სხვადასხვა ფერის ცხენზე ამხედრებული კაცები რაღაცნაირად ავადმყოფობის გამომწვევ ბატონებს უკავშირდებოდნენ და ფერის გამუქება ავადმყოფობის სიმძიმის მაჩვენებელი იყო. აგრეთვე ისიც სავარაუდოა, რომ უცხო, სხვა ქვეყნიდან მოსული, უკვე საშიშია. მასთან ურთიერთობა გარკვეული ადათის დაცვით უნდა შესრულებულიყო, რათა მომხდარიყო მისი  საზოგადოებისთვის უვნებელყოფა, ასე ვთქვათ, საჭირო იყო მისი განეიტრალება. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ „ვეფხისტყაოსანში” შავტაიჭოსანი რაინდი შიშს თუ არა, შეკითხვებს მაინც აღძრავდა. შელოცვების შავი კაციც წყალთან მიდის, რათა იქიდან მათრახით შავი გველი ამოიყვანოს. თუმცა არავინ იცის, რატომ იჯდა ტარიელი წყალთან, მაგრამ მისი უკვალოდ გაქრობა უკვე ამ სახეს დაუკავშირდებოდა:

 „კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?

უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული” (რუსთველი 2003: 114).

როსტევან მეფის დაღონების მიზეზი უდავოდ მისი დიდბუნებოვნებაა, მაგრამ შემდგომ განვითარებული მოვლენები უკვე სხვა ახსნას მოითხოვს და ამის ახსნა შელოცვებში არსებული სახეებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თუმცა, შესაძლოა, ამ პასაჟზე მუშაობისას ავტორს არა მარტო ფოლკლორისთვის, არამედ ბიბლიისთვისაც მიემართა, სადაც სამყაროს აღსასრული ფერადი ცხენებისა და მხედრების სახეებითაა აღწერილი. „იოანეს გამოცხადებაში” ვხვდებით სხვადასხვა ფერის ცხენებზე შემჯდარ მხედრებს, ე.წ. აპოკალიფსის ოთხ მხედარს (იოანეს გამოცხადება 1996: 6:1-8). აპოკალიფსის ამ ოთხივე მხედარს შეესაბამება შემდეგი ცნებები: თეთრ მხედარს –  ძლევა და დაპყრობა, წითელს – ომი, შავს – შიმშილი, ხოლო ფერმკრთალ მხედარს – სიკვდილი. ჩემი მიზანი არაა იმის გარკვევა, ბიბლია დაესესხა ფოლკლორს (ფერადი მხედრების სახეები არა მარტო ქართული ფოლკლორის ნაწილია) თუ – პირიქით. ჩემი ამოცანაა, ვაჩვენო, რომ  სწორედ იმაშია რუსთველის გენია, რომ მან სხვა დანარჩენ მასალასთან ერთად ის მემკვიდრეობაც აითვისა, რაც ქართულ ფოლკლორში არსებობდა და მისი ლიტერატურული გადამუშავების გზით არაჩვეულებრივი სახეები შექმნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი