პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პირველი მსოფლიო ომი და თავისუფლების შეზღუდვა

აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება პირველი მსოფლიო ომის დროს
პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმამ მრავალი ამერიკელის პროტესტი გამოიწვია. მთავრობამ მიიჩნია, რომ ოპოზიცია ომის დროს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. მის გასაჩუმებლად მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ზღუდავდა ადამიანთა სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს. ბევრი დააპატიმრეს. ეს იყო ეროვნული კრიზისის პერიოდი, როდესაც ამერიკის კონსტიტუცია, შეიძლება ითქვას, გამოცდას აბარებდა. იყო ასეთი პოლიტიკა გამართლებული? რამდენად სამართლიანია დემოკრატიულ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც გამიზნულად ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს? ეს კითხვა დღემდე საკამათოა და მასზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება:

„კონგრესს ეკრძალება მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას, დააწესებს რელიგიას, ხელს შეუშლის თავისუფალ აღმსარებლობას ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მართოს მთავრობა”.
ამერიკის მიერ გერმანიისთვის ომის გამოცხადებამ 1917 წლის აპრილში განაპირობა კონსტიტუციის პირველ შესწორებაში ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება იყო ჯაშუშობის აქტი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა 1917 წლის 15 ივნისს მოაწერა ხელი და რომელიც ომის დროს ჯაშუშობისგან იცავდა ქვეყანას. 
1918 წლის 7 მაისს თავად ჯაშუშობის აქტშიც შევიდა ცვლილებები და დაემატა დაუმორჩილებლობის აქტი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველმა შესწორებამ სამოქალაქო თავისუფლების საკითხებში პირველი მსოფლიო ომის დროს წნეხი განიცადა. ისტორიკოსი პოლ მერფი (Paul L. Murphy) თავის წიგნში „პირველი მსოფლიო ომი და სამოქალაქო უფლებები” წერს: „მიმდინარეობდა გეგმაზომიერი ფედერალური პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ამერიკანიზაციაზე, ჰომოგენიზაციაზე, პატრიოტული მხარდაჭერის იძულებაზე და, ფაქტობრივად, ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ღალატად ითვლებოდა”.

კონგრესს აღელვებდა ქვეყნის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებიც სიმპათიას გამოხატავდნენ რუსებისა და გერმანელების მიმართ. სწორედ ამიტომ გამოსცა კონგრესმა 1917 წელს აქტი ჯაშუშობის შესახებ, რაც იმით გაამართლა, რომ მისი მიზანი იყო აშკარა თავდასხმის თავიდან აცილება ანუ უსაფრთხოება.

დაუმორჩილებლობის აქტმა 1918 წელს უფრო მეტად შეზღუდა პირველი შესწორებით უზრუნველყოფილი თავისუფლებანი.
რას გულისხმობდა ეს ცვლილებები?
პირები, რომლებიც თვითნებურად გამოიწვევდნენ დაუმორჩილებლობას, ღალატს, ამბოხებას ან უარს იტყოდნენ სამხედრო ძალებში სამსახურზე და დაარღვევდნენ ამ კანონის ნებისმიერ პუნქტს, ისჯებოდნენ 10 000 დოლარის ოდენობის ჯარიმით ან პატიმრობით 20 წლამდე.

ყველას ეკრძალებოდა გამოეცა, დაებეჭდა, დაეწერა თუ გამოექვეყნებინა არალოიალური, უხამსი, დამამცირებელი თუ შეურაცხმყოფელი ენითა და გამოთქმებით დაწერლი ტექსტი, რომელიც აღვივებდა უპატივცემულობასა და ზიზღს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის, დროშის, სამხედრო ფორმის (საზღვაო თუ სახმელეთო შეიარაღების) მიმართ.

იკრძალებოდა ადვოკატირება, სწავლება, დაცვა და მხარდაჭერის ყოველგვარი გამოვლენა ნებისმიერი ქვეყნისა, ვინც ომში იყო ჩაბმული ამერიკის წინააღმდეგ ან არ ეთანხმებოდა ამერიკის პოლიტიკას – ომში ჩაბმას.
პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების სურვილმა შედეგად დრაკონული კანონები მოიტანა, რომლებმაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, სხვა აბსურდული აკრძალვებიც დააწესა.
პირველი მსოფლიო ომის დროს:
·დაახლოებით 6000 ადამიანი დაპატიმრეს;
·დაიწყო წითელი პანიკა;
·800-ზე მეტი ადამიანი პირველივე წელს ემიგრაციაში წავიდა;
·ერთ-ერთი მოქალაქე, კლარენს ვალდრონი, დაკავებულ იქნა და სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ ბიბლიის სწავლებისას თქვა: „ქრისტიანებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ომში”. მას მიესაჯა 15-წლიანი პატიმრობა.
·პიტსბურგში აიკრძალა გერმანელი კომპოზიტორების მუსიკა. აკრძალული იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიც.
·ლოს ანჯელესის განათლების სამინისტრომ აკრძალა ყოველგვარი დისკუსია მშვიდობის შესახებ.
·ოჰაიოელი ფერმერი ჰონ უაიტი დაიჭირეს იმის გამო, რომ ერთ-ერთ შეკრებაზე ხმამაღლა განაცხადა: უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკველობა გერმანელი ჯარისკაცების მიერ არ ყოფილა იმაზე უარესი, რასაც ამერიკელი ჯარისკაცები ფილიპინებზე სჩადიოდნენო.
·მინესოტაში მამაკაცი დაიჭირეს ჯაშუშობის ბრალდებით იმის გამო, რომ მან გააკრიტიკა ამერიკის პოლიტიკა – ქალების მიერ ნაქსოვი წინდები ჯარისკაცებს: „არც ერთ ჯარისკაცს არ უნახავს ეს წინდები”. 
·27 სამხრეთდაკოტელი ფერმერები დამნაშავედ ცნეს, რადგან მათ გაუგზავნეს მთავრობას პეტიცია, რომელშიც ომი მოიხსენიეს როგორც „კაპიტალისტური ომი”.
·დებსი, ამერიკის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ხუთჯერ იყრიდან კენჭს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე, დაიჭირეს. ბრალად დასდეს, რომ აქეზებდა ხალხს ომის წინააღმდეგ. მას 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. „ეს ომი არის ბიზნესმენების ომი! ჩვენ ვერ ვხედავთ საჭიროებას, ომში ჩავერთოთ და დავიხოცოთ იმ ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც ჩვენ არაფერს გვეკითხება”. მან მილიონამდე ხმა მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში პატიმრობის დროს.
 წყარო ა
 
წარწერაზე ვკითხულობთ: 

„ამ ადამიანმა გაიმეტა საკუთარი თავი ციხისა და პატიმრობისთვის და, სავარაუდოდ, გაწირა დასახვრეტად თუ ჩამოსახრჩობად; პატიმარმა მოუწოდა მამაკაცებს, არ ემსახურათ ამერიკის არმიაში.
ის ამბობდა: „არა კაც კლა” და „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი”.

წყარო ბ 

 
ფოტოზე ვკითხულობთ: 

ბატონო პრეზიდენტო, გახსოვდეს კონსტიტუცია. „კონგრესი არ მიიღებს კანონებს… რომლებიც ზღუდავს სიტყვის, გამოხატვისა თუ პრესის თავისუფლებას…” პოლიტიკურ პატიმრებს სჯეროდათ ამ გარანტიების; დღეს კი 20-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. 

წყარო გ

ამერიკა, ნიუ იორკი, 1917 წელი; პროტესტი ჯაშუშობის აქტის მიღების გამო.
იყო თუ არა ჯაშუშობისა და დაუმორჩილებლობის აქტები სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა? იყო თუ არა გამართლებული სასამართლოს გადაწყვეტილებები? შესაძლოა, ჯონ ლოკის ეს ამონარიდი გარკვეულწილად დაგვეხმაროს პასუხის გაცემაში: „თუ ადამიანს შეუძლია, კანონსა და მის აღსასრულებლად დანიშნულ მოსამართლეს მიმართოს, მაგრამ მას ართმევენ ამ საშუალებას მართლმსაჯულების აშკარა დარღვევის ან კანონების მოურიდებელი დამახინჯების გზით რომელიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრივ ძალადობის ან ზიანის მიყენების დასაფარავად ან გასამართლებლად, ძნელი წარმოსადგენია, სხვა რა არის ომი, რადგან როდესაც ხდება ძალადობა ან ზიანის მიყენება, თუნდაც მათი გამოყენებით, ვინც მართლმსაჯულების აღსასრულებლადაა დანიშნული, ეს მაინც ძალადობად და ზიანად რჩება, თუნდაც კანონის სახელით ინიღბებოდეს” (თავი მე-3. ომის მდგომარეობის შესახებ. მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე). ეს კითხვა დღემდე ღიად რჩება და დებატები იმის შესახებ, რამდენად გამართლებული და მისაღებია ასეთი აკრძალვები თუ შეზღუდვები ომის დროს, დაუსრულებლად შეიძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი