ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასჯელი “ბარსელონასათვის”

სკანდალი თუ გინდა ესაა – კატალონიის “ბარსელონას” 2 წლის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს და გვარიანი ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ”ბარსელონა”, რა თქმა უნდა, უბედური ქართული საფეხბურთო კლუბი არაა, აღნიშნული ჯარიმის გადახდას რომ შეეწიროს და არც ორწლიანი უტრანსფერობა დააქცევს, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კატალონიური კლუბის დაჯარიმება პირველ ყოვლისა იმის დასტური იყო, რომ ფეხბურთში მანკიერებების არსებობა პირინეაზეც აღიარეს და ეს – როგორც ზოგიერთი ფიქრობდა – მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ბოსების ახირება არ იყო.

მჯერა, რომ ესპანური ფეხბურთის მესაჭენი არ მოიქცევიან ისე სულელურად, როგორც მათი იტალიელი კოლეგები მოიქცნენ და საფეხბურთო სკანდალების გამუდმებულ კვლევა–ძიებას არ გადააყოლებენ ფეხბურთს, მაგრამ მანკიერებები რომ უნდა აღმოიფხვრას – ამაზე ყველანი ვთანხმდებით და ჩვენს აზრზე შესაძლებელია ”ბარსელონას” ობიექტური ინჩასებიც კი იყვნენ.

”ბარსელონას” გარშემო ატეხილი სკანდალი, როგორც იცით, არასრულწლოვან ფეხბურთელებთან არასწორად გაფორმებულ კონტრაქტებს უკავშირდება. ეს თემა კარგა ხანი იდგა საფეხბურთო ევროპის წინაშე, მაგრამ ყურს ბევრი არ იბარტყუნებდა. მიზეზი მარტივია – არავის სურდა ზედმეტად თავის შეწუხება და ზედმეტი პრობლემების შექმნა მაშინ, როდესაც ისედაც ბლომად ფულს იჯიბავდნენ და სად ეცალათ გადაცდომების გამოსასწორებლად?! 

არადა არასრულწლოვანთა დასაქმების პრინციპები გაეროსა და ევროკავშირის ინტერესის საგანს წარმოადგენს და ეს ორგანიზაციები გამადიდებელი ლუპის ქვეშ აკვირდებიან ყველაფერს, რაც არასრულწლოვანთა შრომას უკავშირდება. გასაგებია, რომ კატალონიის “ბარსელონა” აფრიკის მაღარო არაა, სადაც ბავშვებს შრომით ტყავს აძრობენ და ეს ხშირად უბედური მოზარდების დაღუპვის მიზეზიც კი ხდება, მაგრამ ლეგენდარულ კლუბს ნამდვილად არ ეგების ასეთ ფაქიზ საკითხს რუსული კლუბივით მიუდგეს და სულ არ გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დაცვის ის პრინციპები, რაზეც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რამდენიმე ველური სახელმწიფოს გარდა, მთელი გონიერი კაცობრიობა თანხმდება.

ჯერ კიდევ ბოსმანის წესებში (რომელმაც თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა და სკანდალი გამოიწვია) ნათლად იყო გაწერილი მოზარდების ფეხბურთში დასაქმების წესები და მკაცრად იზღუდებოდა არასრულწლოვანთათვის სრულფასოვანი კონტრაქტების დადება. თუმცა შემდეგ ბობოლა ევროპული კლუბების ზეწოლით ამ წესებშიც შეიტანეს ცვლილებები და სწორედ ამის შედეგია ის, რომ არგენტინასა და ბრაზილიაში საკმარისია ბავშვმა ბურთს ფეხი ორჯერ გადაატაროს, რომ ეგრევე ევროპაში მიჰყავთ – ახალი მესი და ნეიმარი გაიზრდებაო. ახალ გარემოსთან შეგუება და შორ მანძილებზე წანწალი ბავშვის ფსიქიკაზე კარგ გავლენას რომ არ ახდენს, ეს ბევრს არავის ადარდებს. აღარაფერს ვამბობ მათთვის დაწესებული ანაზღაურების ყოვლად ბუნდოვან და გაუმართავ პრინციპებზე.

ეს ტექსტი რომ ევროპელებმა წაიკითხონ, ალბათ იტყვიან, თქვენ რაღა გადარდებთ, თქვენ მაინც ხომ არ დგახართ ახალგაზრდა ფეხბურთელთა დიდი მიგრაციის საფრთხის წინაშეო. მაგრამ ვინც ამას იტყვის, ალბათ არ ეცოდინება ის, რომ მიუხედავად ქართული ფეხბურთის დაცემისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო აკადემიებში უამრავი ჩვენებური მოზარდი ვარჯიშობს და სწორედ ეს ბავშვები გვაძლევენ იმედს, რომ მომავალში მაინც შეიძლება დაადგეს საშველი საქართველოს ნაკრებს.

ჰოდა, ჯერ ერთი, ამ ბავშვების ბედი ალბათ ყველას უნდა გვაღელვებდეს და, მეორეც, თუკი კაცს ფეხბურთი გიყვარს და გაინტერესებს, მაშინ იმ არგენტინელი თუ ბრაზილიელი ყმაწვილების ბედიც უნდა გაფიქრებდეს, რომლებიც ხშირად ორი ლუკმა სარჩოს საზღაურად ჩამოჰყავთ ევროპულ კლუბებს და მათი დიდი ნაწილი შემდგომში საერთოდ ვეღარ ახერხებს დიდი ფეხბურთის თამაშს. როგორც დიდმა გარინჩამ თქვა: ”ფეხბურთი ყველასია და როდესაც ეს ასე არ იქნება, ის დღე შეგვიძლია ფეხბურთის დასასრულად ჩავთვალოთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი