პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დროის მეტაფორები

აუცილებელია შევიტანოთ დრო აზროვნებაში, რათა გამოვიტანოთ აზროვნება დროიდან.
დელეზი
To gaze at a river made of time and water
And remember Time is another river.
To know we stray like a river
and our faces vanish like water.
ბორხესი
„იმ წრეში, სადაც ახლა ვდგავართ, მომავალი არ იმყოფება… მთქნარების წრეში”.
ბესიკ ხარანაული
დრო კულტურის განსაკუთრებული მაჩვენებელია. მასთან არის დაკავშირებული ეპოქის სული, ადამიანთა ქცევა, მათი ცნობიერება, ცხოვრების რიტმი და საგნებისადმი მიმართება.
დროის საიდუმლოს წვდომა მხოლოდ ენის მეშვეობით მიიღწევა.

დროის ენობრივი რეპრეზენტაცია ხორციელდება მეტაფორათა მეშვეობით (ამ სიტყვის ფართო გაგებით). თანამედროვე თეორიებით, მეტაფორა განიხილება როგორც მენტალური ოპერაცია, როგორც შემეცნების, სამყაროს სტრუქტურირებისა და აღქმის საშუალება.

კოგნიტიური მეცნიერების პოზიციიდან, მეტაფორიზაცია ეფუძნება ცოდნის ორ სტრუქტურას: „საწყისის” (source domain) და „მიზნის” (target domain) კოგნიტიურ სტრუქტურებს.

მეტაფორის მამოდელირებელი ფუნქცია იმით გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ წარმოდგენას კი არ აყალიბებს ობიექტზე, არამედ მის შესახებ აზროვნების სტილსაც განსაზღვრავს.

„მეტაფორა გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ, მიღებული დასახელების წყალობით, ჩვენი აზრი სხვათათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ; იგი თავად ჩვენ გვჭირდება, რათა ობიექტი ჩვენი აზრისთვის მისაწვდომი გახდეს” (ხოსე ორტეგა ი გასეტი).

კონცეპტი „დრო” მჭიდროდ არის დაკავშირებული ერის კულტურასა და ენასთან. ენა აირეკლავს კულტურას, ცვლილებებს კულტურაში, ენა რეაგირებს ამ ცვლილებებზე „დროის” ბაზისური მეტაფორული მოდელების ცვლით.

კონცეპტუალური მეტაფორების ძალა მათი გაუცნობიერებელი გამოყენებით განისაზღვრება. ლაკოფის მიხედვით, მეტაფორათა თვისებაა, რომ ისინი კი არ ქრებიან, არამედ რჩებიან ადამიანთა ცნობიერებაში, მათი მოქმედების ლოგიკური შედეგები კი ჩვენ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებებში ვლინდება.

სამყაროში ალბათ არ არსებობს საგანი, რომელშიც დროის მეტაფორული გადატანა არ მოხერხდება. კულტურებს ახასიათებთ როგორც უნივერსალური, ასევე ინდივიდუალური „დროის გადატანა”. ბორხესი „ლაბირინთებში” ასე ახასიათებს დროის ფენომენს: „დრო არის სუბსტანცია, რომლისგანაც მე ვარ შექმნილი, დრო მდინარეა, რომელმაც წამიღო, მაგრამ ეს მდინარე მე ვარ, დრო ცეცხლია, რომელიც მწვავს, მაგრამ ეს ცეცხლი – მე ვარ….”
დრო – მოძრაობა
დროის უნივერსალური კონცეპტუალური მიმართებაა დრო – მოძრაობა. ეს მოძრაობა კი სხვადასხვანაირად რეალიზდება. დროის მეტაფორაა მდინარე – ყველაფერი სწორედ იმიტომ მიედინება, რომ დროში არსებობს. მეტაფორული გადატანისას ერთი საგნის ან მოვლენის აღწერა ხდება მეორე საგნის ნიშნებით და თვისებებით. რა საერთო მახასიათებლები უჩნდება დროს და მდინარეს?

წყლის (მდინარის) დროსთან კავშირი უნივერსალური მეტაფორაა. ამ ანალოგიით ენასა და კულტურაში მრავალი ახალი მეტაფორა იბადება – სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა სინტაქსით, მაგრამ საერთო იდეით, რაც ადასტურებს კაცობრიობის ფსიქიკურ და მენტალურ ერთიანობას და, ამავე დროს, გამოხატვის ინდივიდუალურობას. ყველაფერი, რაც არსებობს, დროს მიაქვს… თუმცა ზოგს ინახავს დრო, ზოგს კი – სწრაფად აქრობს და ივიწყებს.

„მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა”, – იტყვის ქართულ ენაზე მოლაპარაკე და „მრავალ წყალში”, ბუნებრივია, დროს იგულისხმებს, ანუ – ბევრი დრო გავიდა… შესაბამისად, ფრაზეოლოგიაში არსებობს სინტაგმა: ცხოვრების დინება (ისევე, როგორც დროის დინება). რაკი დრო მდინარეა, ხოლო ცხოვრება – დროით განსაზღვრული, მაშასადამე, ცხოვრებაც მდინარეა, ანუ დინება, რომელსაც ზოგი მიჰყვება, ზოგს მიათრევს, ხოლო ზოგს ითრევს. აქედან – კიდევ ერთი ფრაზეოლოგიური სინტაგმა: ცხოვრების მორევი….

დრო-მდინარის მეტაფორული გადატანის შედეგია შემდეგი ფრაზეოლოგიზმებიც: დრომ წაიღო, დრომ წამოატივტივა, დრომ ჩაძირა…

რაკი დრო მოძრაობაა, ის მეტაფორიზდება გზის კონცეპტითაც. როგორც მდინარის, ასევე გზის მეტაფორიზების შემთხვევაში დრო წრფივია… შესაბამისად, დრო მიდის, ჩერდება, მირბის, მიგორავს, მიფრინავს, მიიზლაზნება… ამ შემთხვევაში დროს, რომელმაც გზა უნდა გაიაროს, აქვს დასაწყისი და ორიენტაცია (მიმართულება). აღნიშნული მოდელი უდევს საფუძვლად დროის ქრისტიანულ გააზრებას. დრო – ღმერთის საჩუქარია… უფლის მიერ ადამიანის შექმნიდან დრო იწყება და მიემართება განსასჯელისკენ, საიდანაც მას ორი გზა აქვს: სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს არის ადამიანის ცხოვრების რელიგიური გააზრების საფუძველი. თუ ადამიანი გზიდან გადაუხვევს და დაიკარგება (როგორც უძღები შვილი), იტყვიან, რომ ადამიანი „გზას საცდა”. შემდეგ ხდება გზასაცდენილის დაბრუნება სწორ გზაზე (შესაბამისად, სწორ დროში).

დრო მოძრაობს წრფივად (ქრისტიანული დროის მოდელი) და აგრეთვე მოძრაობს წრეზე (ასტრონომიული, მითოლოგიური). სწორედ დროის წრეზე მოძრაობის გამომხატველია ქართულში ფრაზეოლოგიზმი დროის ბრუნვა.
„ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა” (შოთა რუსთაველი).
„დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!” (ვაჟა-ფშაველა)
„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი…” (გალაკტიონი)
დრო – ფულია

დრო უფლის საჩუქრიდან იქცა რესურსად, რომელსაც გონივრული გამოყენება სჭირდება. დრო აჯილდოებს მას, ვინც სასარგებლოდ იყენებს. ამ პრაგმატული მიმართების გამომხატველი უნივერსალური კონცეპტუალური მეტაფორაა დრო – ფულია!

აღნიშნულ მეტაფორებს კარგად განიხილავენ ჯონსონი და ლაკოფი ნაშრომში: „მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ”.

თანამედროვე ინგლისურ ენაში ისინი აღნიშნული მეტაფორული მიმართების შემდეგ ფრაზეოლოგიზმებს გამოყოფენ (ლაკოფი, ჯონსონი 1990:387):

Time is money – დრო ფულია
You are wasting my time – დროს მართმევთ
This gadget will save you hours – ეს საშუალება ბევრ დროს დაგიზოგავთ
I don't have the time to give you – დრო არ მაქვს, რომ დაგითმოთ
How do you spend your time these days? – როგორ ხარჯავთ დროს ამ დღეებში?
That flat tire cost me an hour – ამ ჩაფუშულმა საბურავმა ერთი საათი გამაფლანგვინა
I've invested a lot of time in her – უამრავი დრო დავახარჯე მას
I don't have enough time to spare for that – არ მაქვს ამის სამყოფი დრო
You're running out of time – თქვენ ამოწურეთ დროის რეზერვი
You need to budget your time – თქვენ უნდა გათვალოთ თქვენი დრო
Put aside some time for ping pong – გამოყავით დრო პინგ-პონგისთვის
Is that worth your while? – ღირს დროის დაკარგვად?
Do you have much time left? – ბევრი დრო დაგრჩათ?
Не is living on borrowed time – ის ცხოვრობს სხვისი დროის ხარჯზე
You don't use your time profitably – თქვენ დროს სასარგებლოდ არ ხარჯავთ
I lost a lot of time when I got sick – ბევრი დრო დავკარგე ავადმყოფობისას
Thank you for your time – გმადლობთ დახარჯული დროისთვის

წარმოდგენილი ფრაზეოლოგიზმები თითქმის უნივერსალური ხასიათისაა. შესატყვისები მათ ქართულ ენაშიც დაეძებნება. რაკი დრო ფულია, დროს იგივე ემართება, რაც ფულს: იკარგება, ნაწილდება, იწურება, იხარჯება, ინახება, იზოგება, იდება (საქმეში), იგეგმება და სხვა.

დრო იზომება (როგორც სივრცე) – აქვს სიმაღლე, სიგანე, სიღრმე, ფსკერი და უფსკეროცაა (დროის სიმაღლე, დროის ფსკერი, დროის უფსკრული).

ფრანგი ლინგვისტი გუსტავ გიიომი თავის ნაშრომში „დრო და ზმნა” (1929) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დრო აგებულია სივრცის მსგავსად, ამიტომ მას აქვს: სიმაღლე, სიღრმე, სიგანე… გიიომის აზრით, დროის წარმოდგენა სივრცის გარეშე შეუძლებელია. იგი წერს, რომ დროის უნივერსუმები გამოიხატება ზმნებით, ხოლო სივრცისა – სახელებით.

დრო, როგორც ისტორია, წარმოგვიდგება წრფივად – ეს შეიძლება იყოს დროის ისარი ან დროის სპირალი, მაგრამ აუცილებლად შეუქცევადობის ეფექტით (გიიომი).

დროს აქვს ორიენტაცია, მიმართულება: წარსული (უკან დარჩენილი დრო), მომავალი (წინ), აწმყო (აქ).

აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა ადამიანს სთხოვ, წარსულის მოვლენები გაიხსენოს ან მომავალი წარმოიდგინოს, მისი სხეული ქვეცნობიერად ასახიერებს მეტაფორებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, დროის მდინარების წარმოსახვისას ვიყენებთ.

როცა ექსპერიმენტის მონაწილეები წარსულ წლებზე ფიქრობდნენ, ისინი ოდნავ უკან იხრებოდნენ, მომავლის წარმოსახვის დროს კი – წინ.

„როცა დროის შესახებ ვლაპარაკობთ, ხშირად სივრცით მეტაფორებს ვიყენებთ, მაგალითად, I'm looking forward to seeing you [„მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას”. სიტყვასიტყვით: „შენი ნახვისაკენ წინ ვიყურები”] ან I'm reflecting back on the past [„წარსულზე ვფიქრობ”. სიტყვასიტყვით: „ფიქრები მაქვს უკან, წარსულზე”], – ამბობს ლინდენ მაილსი, რომელმაც აღნიშნული კვლევა ლუიზ ნაინდთან და ნილ მაკრეისთან ერთად ჩაატარა, – სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ შესაძლებელია, სხეულის მოძრაობით გამოხატო ისეთი აბსტრაქტული ცნება, როგორიცაა დრო”.
მეტაფორა: წუთისოფელი
დროსთან არის დაკავშირებული ქართულ ენაში ისეთი ენობრივი მეტაფორა, როგორიცაა წუთისოფელი, რომელიც მხოლოდ ცხოვრებას კი არ აღნიშნავს, არამედ ამ ცნებისადმი ერის შეფასებით დამოკიდებულებასაც გამოხატავს: „წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი…” (ხალხური)

დროს შეუძლია ჩიტივით გაფრენა ქართულ ფოლკლორში:

„ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება”.
„წუთია წუთისოფელი,
დახამხამება თვალისა”;
„სოფელო მიეთ-მოეთო,
საბრუნავისა მახეო,
ზოგსა ცათამდის აიყვან,
ზოგსა უკუღმა დაჰხეო…”
მეტაფორა – მ ზ ე
დროის უნივერსალური მეტაფორაა მ ზ ე. ეს მეტაფორა არც არის გასაკვირი – მზის საათით ხომ დროის აღრიცხვა ხდება. ამიტომ იქცა მზე დროის (სიცოცხლის) მეტაფორად.

„მზის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დროის აღნიშვნაა… მეტაფორულად მზე საათია, ამქვეყნად ყველაფერი დროში და დროით ცხოვრობს… ყველაფერს თავისი დრო აქვს… თითოეულ ადამიანს ცხოვრების გარკვეული, თავისი წილი, თავისი საათი, პოეტების თქმით კი, თავისი მზე აქვს… ის დრო, რომელიც მზით აღირიცხება, არის სიცოცხლე, ამიტომ ამ შემთხვევაში მზე დროა და ეს უდრის სიცოცხლეს. სწორედ ეს სემანტიკა ჩანს ფიცის ფორმულაში: „შენს მზეს ვფიცავ…” რაც ნიშნავს: შენს სიცოცხლეს ვფიცავ…

არა მარტო ადამიანს აქვს თავისი დრო, ანუ მზე… არამედ ყველა დღეს, თვეს, ფაქტებსა და მოვლენებს, აწმყოს, წარსულსა და მომავალს… ყველაფერს აქვს თავისი მზე (დრო, ანუ სიცოცხლე), თავისი „საკუთარი” მზე აქვს აგრეთვე ადგილსაც… მზე ერთია, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, მაგრამ იგი სხვადასხვა მხარეში სრულიად განსხვავებულად განიცდება და აღიქმება, მით  უმეტეს – პოეტების მიერ. ამიტომ ერთი მზე შეიძლება ბევრიც იყოს, გააჩნია, რას გულისხმობს პოეტი. მაგალითად, გალაკტიონი წერს: „მაგრამ თვალმა დათვალა ბევრი მზე და ცხრათვალა… ოჰ, მზით გადანაცხარო, ცხრა მუხა და ცხრა წყარო!” (ც. ბარბაქაძე, 2003:149).

„ყმაწვილქალობამ წაიღო
მზეები, ოქრომფინარნი,
ნეტა კი ვინმე მომგონდეს,
რომ უმისობა ვინანო” (ანა კალანდაძე).

„გარინდებულხარ აპრილის მზეზე…”
„ოქტომბრის მზეში
აშოლტილი ვერხვების რიგის
და ღვთაებრივი ასკილის ხატი
დგას გულსა შიგან…”
„ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა,
დაუნდობელი სურვილი ლომის
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის” (გალაკტიონი).

„მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით…”
„მზეო, თიბათვისა, მზეო, თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი
გრაალს შევედრები…”
„ო, ყოველდღე მზეები ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების მძიმედ მიემართება”
„თუ გაზაფხულის მზითა ვარ მთვრალი…” (ოთარ ჭილაძე)

„იცინის გოგო და მიაბიჯებს საკუთარ მზეში,
საკუთარ მზეში და პურის მტვერში”;
„ჩემი წილი მტკვარი დაშრა,
ჩემი წილი მზე ჩავიდა…”;
„მამამ ცეცხლი დამაბარა,
ვარ ჩემი მზის ანაბარა…” (ჯანსუღ ჩარკვიანი)

„თურმე გარბოდნენ ლამაზი წლები,
ჩვენ რომ გვეგონა, გავრბოდით მზისკენ”.
„ჩვენ ისევ ზევით მივდივართ
შენი მზის მოსაგონებლად…”;
„მზე აქაური მიდუღს მე სისხლში” (მუხრან მაჭავარიანი).

„რა შეედრება ამ ჩვენს მხარესა?!
ამ ჩვენს მზესა და ამ ჩვენს მთვარესა?!”
„ხვალ დილით სხვა მზე ამოვა…” (ლადო ასათიანი)

„შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, –
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე…” (მურმან ლებანიძე)

წარმოდგენილ ნიმუშებში კარგად ჩანს აგრეთვე დრო-სივრცის განუყოფლობა. კონკრეტული დრო ყოველთვის კონკრეტულ სივრცეს არის „მიბმული”. მზე – დროა, დაკავშირებული ადგილთან (სივრცესთან). დრო განფენილია ყველაფერში, როგორც მზე. ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია, ატარებს დროის ნიშანს, რომელიც ზოგჯერ კონკრეტულია, ზოგჯერ – აბსტრაქტული და ზოგჯერ, უბრალოდ, ელიფსისია (გამოტოვებული), მაგრამ ყოველთვის არსებობს. დროის ასეთი აღქმა-გაგება დროის წრფივი აღქმის პარადიგმაში ჯდება. ბუნებრივია, ენასა და კულტურაში პარალელურად არსებობს დროის სხვაგვარი აღქმებიც: დროის მარადიულობის პარადიგმა, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია მითოლოგიური შინაარსებისათვის, პოეზიის ენაშიც არსებობს. „მითი არის დროის განადგურების მანქანა” (ლევი-სტროსი). აწმყო-მარადი სწორედ დროის ამგვარ აღქმად შეიძლება გავიგოთ. ისეც შეიძლება, კონკრეტული ტექსტი ატარებდეს როგორც დროის წრფივ, ასევე წრიულ გაგებასაც, ერთდროულად აღნიშნავდეს დროს და უდროობას.

ქართულ ფრაზეოლოგიასა და იდიომატიკაში გავრცელებულია დროის შემდეგი მეტაფორული გამონათქვამები და სინტაგმები: დროის მოკვლა, დროის გაცოცხლება, დროის ნაკვალევი, დროის ფასი, დროის ეკონომია, დროის მარაგი, დროის გამოცდა, დროის მანქანა, დროს გაუსწრო, დროს ჩამორჩა, დროს დაეწია, დროს შეჰყურებს, დრო გაუვიდა, დრო მოჭამა, დრონი მეფობენ, დრო იხელთა, დრო გაატარა, დრო დაკარგა, დროის ბრუნვა, დროში დაბრუნება, დროით ისარგებლა, დრო ყველაფრის მკურნალია…

აგრეთვე ზმნიზედები: ერთ დროს, უდროო დროს, ბოლო დროს, დროით, დროდადრო, დროზე…

კომპოზიტები: დრომოჭმული, დროგადასული, დროგამოშვებით, დროგაცვეთილი და სხვა.

ზემოჩამოთვლილი სინტაგმებისა და ფარაზეოლოგიზმების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გადატანა (მეტაფორიზება) ხდება სხვადასხვა ნიშნით, დრო არის: სულიერი, მოძრავი, როცა მიდის, კვალს ტოვებს, არის რესურსი და სხვ. მეტაფორიზებული მნიშვნელობები არის როგორც ნეიტრალური, ისე დადებითი და უმეტესად – უარყოფითი ემოციური შინაარსის მატარებელი.

განსაკუთრებით საინტერესოა დროის აღქმა-გააზრება თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რაც ცალკე კვლევის საგანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი