ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დიდი რაგბის დასაწყისი

თბილისში, დიდი დიღმის დასაწყისში, იქ, სადაც ახლა “გუდვილის” ჰიპერმარკეტია, მე-20 საუკუნის მიწურულს თბილისის ამ გარეუბნისთვის დამახასიათებელი ტრიალი მინდორი იყო. იმ პერიოდში ქართული რაგბი მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო და გუნდების უმრავლესობას ასფალტზე უწევდა ვარჯიში. სარაგბო კლუბ “ლელოს” ხელმძღვანელობამ ამ ვაკე ადგილის გამოყენება გადაწყვიტა. მიზეზი მარტივია. გუნდს საკუთარი სავარჯიშო ტერიტორია კი ჰქონდა, მაგრამ ქალაქის მეორე ბოლოში – ვარკეთილში, და რადგან ამ კლუბში უმეტესად დიდდიღმელი ბავშვები ვარჯიშობდნენ, მათ, უტრანსპორტობის პირობებში, დღეში ორჯერ ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ და ეს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

ერთ მზიან დღეს, ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ამ აუთვისებელი ადგილის ბალახისგან გაწმენდა დაიწყეს. ბიჭებს ოვალური ბურთი ისე უყვარდათ, შრომის დროს საყვედური არავის დასცდენია. მომავალი მორაგბეები მინდვრის გასასუფთავებლად მწვრთნელთან ერთად შრომობდნენ და  ნელ-ნელა ტერიტორია ბალახისგან გასუფთავდა. მერე გამოჩნდა, რომ ერთი შეხედვით ვაკე ადგილი სულაც არ იყო ისეთი სწორი, როგორიც თავიდან ეგონათ. ვაკე ბორცვებით იყო დაფარული, მაგრამ აბა ამას ვინ დაეძებდა, როცა როგორც იქნა გამოჩნდა ადგილი, თანაც სახლთან ახლოს, სადაც საყვარელი საქმის კეთება შეიძლებოდა. 

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დიდ დიღომში, მას საკუთარ თავზეც ექნება გამოცდილი ამ უბნის სუსხიანი ქარები. ყველაზე კარგ ამინდშიც კი, დიღომში მცირე ქარი მაინც უბერავს და ზამთარში, თებერვლის ქარების დროს, თუნდაც ორი წუთით გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ბავშვებს სავარჯიშო ფორმის გამოსაცვლელად პირობები და შესაბამისი შენობა სჭირდებოდათ.  კეთილი ადამიანიც გამოჩნდა, რომელმაც კლუბს მატარებლის ძველი ვაგონი უსახსოვრა და “კომფორტული” გასახდელიც გაჩნდა. წვიმასა და თოვლში ვარჯიშით, ბავშვებმა საკუთარი მხრებით მოასწორეს ბორცვები და “ლელომაც” იმ პერიოდისთვის ბავშვთა სარაგბო კლუბებს შორის, ერთ-ერთი “საუკეთესო” სავარჯიშო მოედანი მიიღო. ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დიდ დიღომში მიმავალი ყველა ადამიანი ხედავდა 40-50 ახალგაზრდას, რომლებიც მიუხედავად კლიმატური პირობებისა, თავდაუზოგავად, დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობდნენ და თანაუბნელ თანატოლებსაც მათთან შეერთების სურვილს უჩენდნენ. 

თუმცა ყველა როდი იყო დიდი ენთუზიასტი… ასეთმა პირობებმა ბევრ ახალგაზრდას ვარჯიშის სურვილი გაუქრო და ვინ იცის რაგბიმ რამდენი მომავალი ვარსკვლავი დაკარგა. მაგრამ ვინც გაუძლო, ისინი მკაცრმა პირობებმა ისე გამოაწრთო, რომ უმრავლესობამ საერთაშორისო დონეზეც მოიხვეჭა სახელი. 

ეს ის პერიოდია, როდესაც 1997 წლიდან ქართულ რაგბიში კონსულტანტად მომუშავე ფრანგი კლოდ სორელი, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაწინაურდა და ფრანგული ხაზიც გაიჭრა. კლოდმა ბიჭებს რაგბის ანი-ბანი რომ ასწავლა, მერე გამოჩენილ მორაგბეებს დახმარება გაუწია მოწყობილიყვნენ ფრანგულ კლუბებში და ეს ყველაფერი “ბორჯღალოსანთა” შედეგებზეც აისახა.

მორაგბისთვის სირბილთან ერთად ძალოსნობის ვარჯიშიც უდავოდ აუცილებელია. ამიტომ ბევრმა დიდი დიღმის ერთ-ერთ სარდაფში გახსნილ “დარბაზს” მიაკითხა. უშუქობის პერიოდში რამდენიმე კიბე მიწისქვეშ ჩადიოდა, კედელზე მიმაგრებული ერთადერთი სანთელი ოთახს ოდნავ ანათებდა და იქ ავარჯიშებდნენ იმ კუნთებს, რომლებმაც მოგვიანებით ევროპისა და მსოფლიოს სტადიონები შეაზანზარა. წარმოიდგინეთ, 17 წლის ახალგაზრდა დღეში ოთხჯერ ვარჯიშობდა – ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, რაგბიში და კალათბურთში. ის სახლში თითქმის ენერგიაგამოცლილი მიდიოდა და დედა როდესაც ბიჭის ჩანთიდან სპორტულ ინვენტარს იღებდა, სპორტული ჩანთის ფსკერზე რამდენიმე სანტიმეტრზე ოფლი გროვდებოდა. აი ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ იქმნებოდა დიდი რაგბი საქართველოში!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი