მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება

თანამედროვე განათლების წინაშე დგას ამოცანა – გაითვალისწინოს საზოგადოების მულტიკულტურული მახასიათებლები და ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ჯგუფს შორის მშვიდობიან თანაარსებობას და პოზიტიურ ინტერაქციას. 

ცნებები მულტიკულტურული განათლება და ინტერკულტურული განათლება საჭიროებს დაზუსტებასა და განმარტებას. ამ ტერმინებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მათ განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ, ისევე როგორც თანამედროვე  განათლების ცნებებს. ექსპერტები გვთავაზობენ კამილერისეულ განმარტებას, როგორც ყველაზე გასაგებსა და მკაფიოს: მულტიკულტურული არის აღწერითი ტერმინი, რომელიც მხოლოდ აფიქსირებს პლურალიზმის არსებობას და სხვადასხვა კულტურის მატარებელი ხალხის ფაქტობრივ თანაცხოვრებას, ხოლო ტერმინი ინტერკულტურული ასახავს არსებულ ინტერაქციას განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებს შორის.

მულტიკულტურული განათლება ემსახურება სწავლებას სხვადასხვა კულტურის შესახებ, რათა მიღწეულ იქნას მიმღებლობა ან, სულ მცირე, ტოლერანტობა განსხვავებული კულტურის მიმართ; მაშინ, როცა ინტერკულტურული განათლების მიზანი სცილდება სხვადასხვა კულტურათა პასიური თანაცხოვრების ამოცანას და მიზნად ისახავს შექმნას მდგრადი საფუძველი, რომ მულტიკულტურული საზოგადოების  თანაცხოვრება დაეფუძნოს ურთიერთგაგებას, პატივისცემისა და სოლიდარობის პრინციპებს.

კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, მულტიკულტურული განათლება გულისხმობს ფაქტობრივი სიტუაციის გადმოცემას, აღწერას, მრავალი კულტურული ჯგუფისაგან შემდგარი საზოგადოების რეალური სურათის ასახვას.  
არის თუ არა მრავალფეროვნება კლასსა თუ სკოლაში ის რესურსი, რომლის წარმატებით გამოყენება პედაგოგსა და სკოლას გაუადვილებს ამ მიმართებით სასურველ შედეგზე გასვლას? რა თქმა უნდა, ეს სერიოზული რესურსია და, როგორც მკვლევრები ადასტურებენ, ასეთ გარემოში ინტერკულტურული განათლების ელემენტების ამოქმედება მოსწავლეში ავითარებს მრავალმხრივ ხედვას, კონფლიქტების თავიდან არიდების უნარს, საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემას.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ  გამოცემული ,,ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე”   საკვლევ თემასთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ინფორმაციასა და ანალიზს გვთავაზობს. 

ანგარიშში ვკითხულობთ: ,,…ინტერვიუებმა ცალსახად დაადასტურა, რომ მასწავლებლებს ან საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, რა არის მულტიკულტურული განათლება და მისი მიზანი ან ძალიან შეზღუდულად იაზრებენ მას”. არადა ინტერკულტურული განათლების პროცესის ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მაღალი ინტერკულტურული მგრძნობელობის მქონე, შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი მასწავლებელი მიიჩნევა. კვლევა ეხება ამ მიმართებით ცოდნისა და უნარების დეფიციტის მიზეზებსაც. პედაგოგთა უმრავლესობას თავის დროზე შესაბამისი განათლება არ მიუღია, ან ეს განათლება ვეღარ პასუხობს თანამედროვე მიდგომებს, ზოგიერთისთვის კი თეორიული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებული პრაქტიკისათვის.

საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი ეთნიკურად არაქართველია და უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ეს მრავალფეროვნება მატულობს. ამის გათვალისწინებით, მულტიკულტურული განათლება მხოლოდ სამომავლო საჭიროება კი არა, დღევანდელი აუცილებლობაცაა.  ზოგადად, მრავალფეროვანი, გლობალური გარემოს გამოწვევებისათვის მომზადება უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი მოსწავლე კონკურენტუნარიან მოქალაქედ ჩამოყალიბდეს.

კვლევაში მოცემულ  მასალებზე დაყრდნობით, შემოგთავაზებთ საკითხის მოკლე მიმოხილვას.

კულტურის უამრავი განმარტება არსებობს და თავ-თავის კონტექსტში ყველა მეტ-ნაკლებად მართებულია. საერთო, რაც ყველა განმარტებას შორის იძებნება, არის ის, რომ  კულტურა ადამიანთა ჯგუფის  შრომისა და ფიქრის შედეგად  შექმნილი გარემოა. კულტურას ადარებენ აისბერგს, რომლის ხილულ ნაწილს ბევრად აღემატება მისი უხილავი (წყალქვეშა) ნაწილი. კულტურის ამ უხილავ ნაწილს სუბიექტურს უწოდებენ და მასში მოიაზრება დამოკიდებულებები, ღირებულებები, ქცევის წესები და ასე შემდეგ. უმეტესად, სწორედ კულტურის სუბიექტური ასპექტები წარმოშობს გაუგებრობებს და მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლების სამიზნედ სწორედ ეს მხარე უნდა იქცეს.

რაც შეეხება კულტურის ობიექტურ კომპონენტებს, ის მოიცავს ენას, ტრადიციებსა და რიტუალებს, ტანსაცმელს, საკვებს… ერთი სიტყვით, ყველაფერ ხილულს, რომელსაც გულისხმობენ კულტურულ განსხვავებებზე საუბრისას. 
მაინც რა იგულისხმება მულტიკულტურულ განათლებაში?

ამ დარგის  მეცნიერთა განმარტებით: მულტიკულტურული განათლების მთავარ მიზანს არ წარმოადგენს  ადამიანური ურთიერთობების, სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეთა და სტუდენტთა თანაცხოვრების ხელშეწყობა, უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთათვის მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს მულტიკულტურული განათლების შედეგი. მულტიკულტურული განათლების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ყველა მოსწავლის განათლებასა და აკადემიურ მიღწევებს, პირადად მისივე პოტენციალიდან გამომდინარე.

ჯეიმს ბენქსი, ამ დარგის სპეციალისტი, გამოყოფს სწავლების პროცესში მულტიკულტურული განათლების ასახვის 4 განსხვავებულ მიდგომას: კონტრიბუციულს, დამატებითს, ტრანსფორმაციულსა და სოციალური ქმედების;

კონტრიბუციულ  მიდგომას  გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. ეს მიდგომა სასწავლო გეგმაში მულტიკულტურული განათლების ინტეგრაციის საწყისი დონეა, რომელიც ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მარტივად, ზედმეტი სირთულისა და ცვლილებების გარეშე, სასწავლო გეგმაში ჩართულია უმცირესობათა  დღესასწაულების, მათი გმირების ისტორიები. ამით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, განსხვავებული კულტურის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ ეს ხდება ფრაგმენტულად, სასწავლო გეგმაში თანმიმდევრული და გააზრებული ცვლილების გარეშე. არც მანამდე და არც ამ საკითხების გავლის შემდეგ პროგრამაში არაფერი იცვლება. სიმარტივის გამო, ამ მიდგომას ხშირად მიმართავენ. იქმნება ზედაპირული შთაბეჭდილება, რომ მრავალფეროვნება ასახულია, მაგრამ  ხელშეუხებელი რჩება მულტიკულტურული განათლების ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა.

დამატებითი მიდგომა სასწავლო პროცესში მულტიკულტურული განათლების ასახვის მეორე დონეა. აქაც პირველის მსგავსად, შინაარსზე გარკვეული ინფორმაციის დამატება ხდება, მაგრამ შეზღუდულად. მაგალითისათვის: მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მეცხრამეტე საუკუნეში თბილისის მოსახლეობის მრავალეთნიკური შემადგენლობის შესახებ, მაგრამ არაფერია ნათქვამი ამ ჯგუფების მიერ შეტანილ წვლილზე თბილისური ან ქართული კულტურის ფორმირებაში. 

ტრანსფორმაციული მიდგომა განსხვავებულია წინა ორი მიდგომისგან. მის პირობებში მოსწავლეს საშუალება ეძლევა საკითხს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან შეხედოს. მეტი სიცხადისათვის  მაგალითად გეოგრაფიული აღმოჩენების სწავლების საკითხს განიხილავენ. გეოგრაფიული აღმოჩენების სწავლების დროს ძირითადად გამოიყენება დასავლური მოძრაობის პოზიტიური კონტექსტი, თუ როგორ მოხდა კულტურული ექსპანსია და ამ მიწების ,,გაკულტურება” და არაფერია ნათქვამი იმაზე, რა გავლენა იქონია ამ პროცესმა აბორიგენ მოსახლეობაზე, როგორ გაჩნდა რეზერვაციები და ასე შემდეგ. ტრანსფორმაციული მიდგომის შემთხვევაში, მოსწავლეს მიეწოდება ყველანაირი ინფორმაცია, რაც ამ მოძრაობას ახლდა – პოზიტიურიცა და ნეგატიურიც. მოსწავლე ინფორმირებულია და შეუძლია გააანალიზოს ყველაზე ტაბუდადებული ფაქტებიც კი და თავისი ანალიზისა და განსჯის საფუძველზე ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი პოზიცია. ამ მიდგომის მთავარი გამოწვევა სასწავლო პროცესის მთლიანი ტრანსფორმირებაა. ეს ეხება მასწავლებლის პოზიციის ტრანსფორმირებასაც. მიუხედავად ამა თუ იმ საკითხზე მასწავლებლის ჩამოყალიბებული პოზიციისა, სასწავლო პროცესში ხდება ამ პოზიციის ტრანსფორმირება. ამ მიდგომაში მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ საკუთარი ცოდნის დეკონსტრუქცია და საკითხის  მრავალმხრივი ანალიზი, მათ შორის,  სხვა კულტურული პერსპექტივიდან გამომდინარე.

გადაწყვეტილების მიღების და სოციალური ქმედების მიდგომა  ბენქსის მიხედვით, ეს ბოლო საფეხურია სასწავლო პროცესში მულტიკულტურული განათლების კომპონენტთა ინტეგრაციისთვის. აღნიშნული მიდგომა მოიცავს ტრანსფორმაციული მიდგომის ყველა კომპონენტს და დამატებით გულისხმობს მოსწავლის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამის მოქმედებას. მაგალითად, მოსწავლე არამარტო იღებს და აანალიზებს ინფორმაციას დისკრიმინაციის ან სოციალური უსამართლობის შესახებ, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამგვარი უსამართლობის აღმოსაფხვრელად.  მოსწავლე მზად არის დაიცვას განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანის უფლებები. ამ მიდგომის მთავარი მიზანია, მოსწავლეს განუვითაროს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი და ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქის ფორმირებას.
დასახელებული კვლევა სწორედ ამ მიდგომების კონტექსტში განიხილავს ჩვენს სკოლებში მასწავლებელთა მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს და ამ არეალში არსებულ პრობლემებს. თქვენს ყურადღებას კვლევაში გამოკვეთილ მართებულ ტენდენციებზე შევაჩერებთ.

როგორც ირკვევა, პედაგოგები ხშირად მიმართავენ კონტრიბუციულ მიდგომას: ინტერვიუებში ყვებიან, როგორ შეისწავლეს და წარმოადგინეს ბავშვებმა ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ახალ წელს. როგორ აღმოაჩინეს რომ შშ მქონე მოსწავლეს, რომელსაც წერა-კითხვა არ შეეძლო, შეეძლო ხატვა და მას გამოფენა მოუწყვეს და ჯილდოთიც წაახალისეს. ასეთი მაგალითები ინტერვიუებში მრავლადაა, რაც მეტყველებს სწავლებაში ამ მიდგომის  გავრცელების სიხშირეზე. 

კვლევაში ასევე წარმოდგენილია დამატებითი მიდგომის გამოყენების მაგალითები, როცა პედაგოგები სასწავლო გეგმაზე, სახელმძღვანელოში მოცემულ მასალაზე დამატებით ინფორმაციას იყენებენ, ,,მყავდა ებრაელი მოსწავლე… ამ ბავშვთან მუშაობის დროს მთელ კლასს გავაცანი ებრაული კულტურა.” „ბავშვებს ვთხოვე, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები გამხდარიყვნენ. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები და საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა”.  კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ მიდგომას მასწავლებლები  ხშირად იყენებენ და მათი სტრატეგიები მრავალფეროვანი, საინტერესო და ორიგინალურია.

რაც შეეხება ტრანსფორმაციული მიდგომის მაგალითებს, პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ისინი იყენებენ ამ მიდგომას, თუ თავად სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ თავს არიდებენ საკითხში ჩაღრმავებას და ინიციატივების გამოჩენას. 

პედაგოგები ინტერვიუებში ვერ ასახელებენ სოციალური ქმედებების კონკრეტულ მაგალითებს. ეს შეიძლება, დაბალი ასაკობრივი ჯგუფითაც ავხსნათ. ზოგიერთი პედაგოგი მულტიკულტურულ განათლებას და ინტერკულტურული მგრძნობელობის განვითარებას განიხილავს, როგორც სასწავლო პროცესისაგან გამოყოფილ ცალკე აქტივობას და არა – როგორც სასწავლო პროცესის ნაწილს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ესგ-თან.

კომენტარები

comments