ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი შავტუხა ბიჭები

თუ უცნაური ამბავი მოხდა და სადმე ჩვენს ქვეყანაში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარს გადააწყდით, იქავ ახსენეთ ჩემი სახელი და მსწრაფლივ მანდ გავჩნდები, რამეთუ ჭეშმარიტად მჯერა, რომ თუკი კაცს ნიგერიის ნაკრები უყვარს, მას ნაღდი ფეხბურთიცა ჰყვარებია და ნაღდი კაციც ისა ყოფილა. აგერ უკვე რამდენი ხანია თვალმოუშორებლად ვაკვირდებით აფრიკულ საფეხბურთო ოღრო-ჩოღრო პროგრესს და კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მარადიული კითხვა: ოდესმე დასტაბილურდებიან აფრიკული გუნდები? არადა მომწონს აფრიკელების სწორედ ასეთი წარმოუდგენელი თავისუფლება, ცოტა თავქარიანობა და პრაგმატიზმის სრული იგნორირება. შეიძლება აქვე ვთქვათ, რომ ვისურვებდით ბევრი საჭირო თვისებები შავი კონტინენტის ბიჭებსაც ჰქონოდათ, მაგრამ როგორც ბათუმური ხინკალი ვერ ამაღლდება ხევსურულამდე და როგორც თბილისში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური ვერასოდეს აჯობებს ბათუმურს – ისე აფრიკელი ქურციკივით ბიჭები ვერ შეეგუებიან ათასგვარი ნახაზებით გადაძეძგილ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს.

მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამ აფრიკელთა შორისაც არიან გამორჩეულნი და განსაკუთრებულნი. ესენი ნიგერიელები არიან. თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნიგერიელები ცოტა განსხვავებული აფრიკელები არიან და მათი ფეხბურთიც რაღაცნაირად ტკბილად თავქარიანულია. იყო დრო, როდესაც “სუპერარწივებად” სახელდებული ნიგერიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო მთელ აფრიკაში, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე თაობა შეიცვალა, ჯიგარი გახმა და მრავალი ცუდი ამბავიც მოხდა, რამაც ნიგერიელთა დამცრობა გამოიწვია. მაგრამ სიალალე ამ შავტუხა მხნე ბიჭებს ძველებურად შერჩათ. 

ავიღოთ თუნდაც ნიგერიის ახლანდელი ნაკრები. რა გუნდი ესაა? ვიღაც ბოსტვანებთან და ზაირებთან ჭიდილშიც კი ძალიან უჭირთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. აფრიკის თასზე კი იმდენი ხანი ვერაფერი მოიგეს, ვინ დაითვლის ამ მჟავე და ცუდ წლებს. მაგრამ, როდესაც აფრიკის გუნდები თამაშობენ, გული ყოველთვის ნიგერიის თამაშის საცქერლად მიმიწევს და არც ერთხელ არ მახსოვს რომ ჩემი ნიგერიული არჩევანი მენანოს.

”აბუბიანაჰ ბეგნოლ ბუხრენ შიიი, ემენიკეეე, ონაზი ხერდეშ ბუ მუსაა”, – მთელი ხმით ღრიალებს ნიგერიელი სპორტული კომენტატორი და მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ მხოლოდ ფეხბურთელის გვარს თუ გამოარჩევ მისი საუბრიდან, მაინც ჩაუჯდები თუნდაც ისეთ ერთობ უცნაურ მატჩს, როგორიც ეთიოპიისა და ნიგერიის ნაკრებთა შეხვედრაა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურის შესაძენად. 

უტევს ეს მუხლმადლიანი ემენეკე და ლამისაა შუაზე გადასკდეს ჩვენი ტკბილი კომენტატორიც. ყვირის, ჩურჩულებს, აქა-იქ წამოტირებაც სცადა, მოკლედ ძალიან  მაგარი კაცია! ძალიანაც რომ გინდოდეს ვეღარ მოწყდები ამ ამბებს… აგერ ბურთი ნიგერიელთა მცველს ეშიეჟილეს უჭირავს და შტერივით იხედება აქეთ-იქით. მართლაც კაი ბოთე ვინმეა ეს ეშიეჟილე, საფრანგეთის ჩემპიონატიდან მახსოვს, კაი მსუყე შეცდომებს უშვებდა ხოლმე დაცვაში. მგონი ახლაც საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა, უჭირავს ეშიეჟილეს ბურთი, დგას და ვერ გაურკვევია, რა უნდა ქნას. ამასობაში გარს სამი ეთიოპიელი შემტევი შემოერტყა ზუსტად ისე, ლომების ოაჯხი რომ უკვე გამოჭერილ და სირბილით დაღლილ ქურციკს უვლის გარშემო. ნიგერიელი ქომაგები ჩაჩუმდნენ, ეთიოპიელები ახმაურდნენ და ამ დროს ამ ჩვენმა ნაგიჟარმა კომენტატორმა არც მეტი, არც ნაკლები, სიმღერა დაიწყო. აბა იმ სიმღერის შინაარსს მე რას გავიგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც სარიტუალო სიმღერას მღეროდა და ზეცასა ვფიცავ, თვალწინ დამიდგა გრძელწვერა აფრიკელი შამანი, რომელსაც ხელში პალმის რტო უჭირავს, დიდ თიხის ჯამში ქვიშას ყრის და სარიტუალო ლოცვას კითხულობს. ეთიოპიელები ძალიან ბოთე ვინმეები გამოდგნენ და ეს მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენეს (მცველს ბურთი კი აართვეს, მაგრამ არაზუსტად დაჰკრეს კარისკენ) ამოვისუნთქე მეც და გაიხარა იმ დალოცვილმა კომენტატორმაც. ამ მატჩში ნიგერიამ იმარჯვა და ბრაზილიისაკენ მიმავალი გზაც გაიკაფა. ამით მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინი კიდევ უფრო გამიმწვავდა. მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ალალი, გულიანი და თავქარიანი ნიგერიელი ბიჭები დაბრუნდნენ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი