პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო რესურსის შექმნა და ინოვაციური მეთოდის დანერგვაპრაქტიკულ კვლევაზე დაყრდნობით

ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გააკეთოს   თავისუფალი არჩევანი, შექმნას სწავლების განსხვავებული სტილი, გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, დანერგოს ინოვაციური მეთოდი, შექმნას სასწავლო რესურსი.

სწავლების დაწყებით საფეხურზე  მასწავლებლები ვიყენებთ სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს, აუდიო და ვიდეო მასალას, ამა თუ იმ საჭიროებიდან გამომდინარე ვქმნით სასწავლო რესურსებს. 

III კლასის მოსწავლეებთან გრამატიკულ მასალაზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებს უჭირდათ შინაარსის მიხედვით წინადადებების განსხვავება (1.თხრობითი; 2. კითხვითი; 3. ბრძანებითი; 4. ძახილის და 5. კითხვით-ძახილის), მათი შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმა, სასვენი  ნიშნების მართლწერა და გადავწყვიტე მათივე დახმარებით შემექმნა რესურსი – ,,წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით’’.

ვიდრე  მუშაობას დავიწყებდი, გავითვალისწინე განათლების ექსპერტთა რჩევები, რომ რესურსი უნდა იყოს „კონტექსტუალიზებული, უნარების ინტეგრირების ხელშემწყობი, სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განმავითარებელი, სიღრმისეული წვდომის ხელშემწყობი, ინტერაქციის მასტიმულირებელი, სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, ადვილად გასაგები ინსტრუქციით დასაბუთებული, მოქნილი” (მ. ბოჭორიშვილი)

აღნიშნულ რჩევებზე დაყრდნობით კიდევ უფრო დავრწმუნდი, რამდენად აქტუალურია რესურსის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს:

1.კვლევითი აქტივობების განხორციელებას;
2.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას;
3.ინოვაციური  მეთოდით გრამატიკის წესების შემუშავებას;
4.საგანთა ინტეგრირებას (ისტი და ხელოვნება);
5.პრეზენტაციის უნარების განვითარებას;
6.ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებას;
7.თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

რესურსის შექმნაში III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სამუშაო ვადა ორი კვირით განისაზღვრა. შევიძინეთ ყველა საჭირო მასალა: სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები, ხმის ჩამწერი აპარატი, ფოტოაპარატი, პროექტორი.

      გთავაზობთ რესურსის შექმნის მოკლე კოლაჟს.

პირველი დღე – გამოწვევა . შესწავლილი მასალის გამეორების მიზნით (წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით)  ჩავატარე კარნახით წერა. გამოვლინდა ტიპური შეცდომები, რომელთა გათვალისწინებით ერთად განვიხილეთ პრობლემური სიტუაცია, ,,ცნების რუკის’’ დახმარებით განვსაზღვრეთ წინადადების ტიპები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიღრმისეულად ჩავწვდომოდით პრობლემის არსს.

მეორე დღე. ერთად ვუყურეთ მულტფილმს ,,სიზმარა’’ (აღნიშნულ მულტფილმში ინტონაციით ადვილად აღიქმება  წინადადების სახეებს შორის არსებული განსხვავება). შემდეგ მოვისმინეთ მხოლოდ აუდიოვერსია. პაუზებით მოსმენას ახლდა კვლევითი აქტივობა – ინტონაციის მიხედვით შინაარსით განსხვავებული წინადადებების სწორად ჩაწერა, რომელიც წყვილებში შეცდომების გასწორებით დასრულდა. ბოლოს დისკუსიის სახით განვიხილეთ შედეგები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოსწავლეთა ინტერაქცია, როცა ისინი ასწორებენ ერთმანეთის ნაწერებს და  განმავითარებელ კომენტარს ურთავენ მას. აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ უფრო აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და საოცრად გაახალისა ისინი.

მესამე დღე . მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა ვიკიპედიაში მოიძიეს წინადადების სახეების განმარტებები, ამობეჭდეს  და დაიწყეს დასწავლა-განმტკიცება. ,,ცნების რუკის’’ გამოყენებით ჩამოაყალიბეს წესები.

მეოთხე დღე . კვლავ განვახორციელეთ კვლევითი აქტივობა- ვიდეოსაიტ youtube.com-ზე მოსწავლეებმა მოიძიეს საყვარელი მულტფილმი და ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდის (ყურება, მოსმენა, პაუზებით მოსმენა) გამოყენებით ჩაწერეს შინაარსით განსხვავებული 5 წინადადება და შესაბამისი ინტონაციით წაიკითხეს. გავასწორეთ შეცდომები, რომლებიც  პირვანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები  იყო. რამდენიმე მოსწავლეს მიეცა რჩევა-რეკომენდაცია.

მეხუთე დღე – შუალედური რეფლექსია . მოსწავლეები დავყავი 5 ჯგუფად და ვთხოვე, საყვარელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირების დახმარებით დაეხატათ კონკრეტული ეპიზოდი,  რომელიც ერთი წინადადებით გადმოსცემდა რაიმე ამბავს, კითხვას, ბრძანებას და სხვადასხვა ემოციას. ნახატზე ,,ტიტრების’’ სახით უნდა დაეწერათ წინადადება, სწორად დაესვათ სასვენი ნიშნები, ინტონაციურად გაეხმოვანებინათ. წინადადებების შინაარსიდან გამომდინარე როლურმა თამაშებმა აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა. დასასრულს  გასული დღეების შედეგები შევაჯამეთ. კვლევითი აქტივობის დროს გამოვლინდა, ვის რა პრობლემა ჰქონდა.

მეექვსე დღე .  შერჩეული ნახატების დამუშავების შემდეგ გავახმოვანეთ მოსწავლეთა მიერ შედგენილი წინადადებები და განმარტებები, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, მაგრამ მრავალგზის გამეორება ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, ინტონაციით სწორად წარმოთქმას, უკეთ აღქმას და დამახსოვრებას.

მეშვიდე – მერვე-მეცხრე დღეები . რესურსის მონტაჟის პარალელურად ჩავატარეთ საკონტროლო – კარნახით წერა, რამაც საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდი. ერთხელ კიდევ ვაკეთეთ რეფლექსია, ერთმანეთს შევადარეთ საწყის ეტაპზე და შემდეგ ჩატარებული კარნახით წერის შედეგები.

წავიკითხეთ უცნობი ტექსტები და მოვძებნეთ შინაარსის მიხედვით განსხვავებული წინადადებები. გავაკეთე განმავითარებელი შეფასება.

მეათე დღე – შექმნილი რესურსის პრეზენტაცია-შეფასება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს რესურსის შექმნის თითოეული დღის აქტივობა. გაიხსენეს, რა იყო მათთვის ყველაზე მატად დასამახსოვრებელი, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და როგორ დაძლიეს. რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა მისცა მათ რესურსზე მუშაობამ. სურთ თუ არა კიდევ შექმნან რესურსი და ა.შ.   ეკრანზე ვუჩვენეთ შექმნილი რესურსი. მოსწავლეებმა შეაფასეს თავიანთი ნაშრომი, ასევე – ერთმანეთი. რესურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეფასება გააკეთა მასწავლებელმაც.

 

შედეგი ასეთია: ინოვაციური მეთოდით შექმნილი რესურსი კონტექსტუალიზებულია, იძლევა ინტეგრირების საშუალებას ისტ-თან და ხელოვნებასთან, ეხმარება მოსწავლეებს განივითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები და სტრატეგიები, საშუალებას აძლევს მათ ჩაუღრმავდნენ საკითხს, ახდენს ინტერაქციის სტიმულირებას,  ეფუძნება სანდო წყაროებს (გრამატიკის დადგენილ წესებს), მისდევს დღეებზე გაწერილ გარკვეულ სქემას და არის თანმიმდევრული, ერთვის ნათელი, ადვილად გასაგები ინსტრუქცია.

დაბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ სწავლებაში მზა რეცეპტები არ არსებობს. ნებისმიერი პრობლემა, თუ მის არსს სიღრმისეულად ჩავწვდებით, წარმოშობს სიახლის ძიებისა და ქმნის უდიდეს რესურსს. ამ შემთხვევაში III კლასის მოსწავლეთა დახმარებით სწორედ პრობლემამ გვიბიძგა, გამოსავლის ძიების პროცესში შეგვექმნა სასწავლო რესურსი, რომელიც ჩვენ მიერ ჩატარებულ პრაქტიკულ კვლევაზე დაყრდნობით ახალი მეთოდოლოგიით განხორციელდა.

სცადეთ თქვენც! გარწმუნებთ, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ ამ მეთოდით რესურსის შექმნა!

ლელა მანგოშვილი
საერო სკოლა ,,ბინულის’’ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი