სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სარკის მეტაფორა ანუ ნუ გაექცევით სარკეს და ნურც „სარკეში ჩარჩებით“

თქვენ სარკე ხართ

წარმოიდგინეთ, რომ სარკე ხართ… სულ… სულ სარკე… დადიხართ, როგორც სარკე, იღვიძებთ და იძინებთ, როგორც სარკე, მეგობარს ესაუბრებით, როგორც სარკე, ჩაის მიირთმევთ, როგორც სარკე…. წარმოიდგინეთ?.. სარკეში კი არ იყურებით – თავად ხართ სარკე… ანუ სხვები იყურებიან თქვენში, როგორც სარკეში… აირეკლავთ: ქუჩებს, სახლებს, პეიზაჟებს, ადამიანებს – მხიარულებს, მოწყენილებს, მოტირალებს, მოცინარებს… ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: სარკე კი ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ სად ხართ და რომელი? გამოდით, გამოდით, დაგინახეთ!.. თუმცა, ვერააა… ვერ დაგინახეთ, მაგრამ თქვენ ხომ ხართ და დადიხართ, როგორც სარკე… და საკუთარ თავსაც აირეკლავთ…

ვხედავ, ქუჩაში ვიღაც გაჩერებთ… მან არ იცის, რომ სარკე ხართ, ის დიდხანს გექაქანათ, გიყურათ (უყურა თავის თავს…), მერე რაღაცაზე გაბრაზდა და გაიქცა… თქვენ სარკე იყავით და რა უნდა გექნათ, ხომ ვერ გამოეკიდებოდით?.. ახლა მეორე… გიცინათ, გეფერათ, ბოლოს გაკოცათ და ბედნიერი დაგშორდათ… გაწვიმდა და თქვენ წვიმა აირეკლეთ… მერე წვიმა მზემ შთანთქა, გაგამშრალათ და ახლა მზე აენთო თქვენში. ჰო… ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა სარკე ხარ… ის ხდები, ვინც და რაც შენში იყურება… მიდის და მორჩა, მთავრდება… შენ სარკე ხარ და იმის ანარეკლს აღარ ინახავ, ვინც უკვე წავიდა, უკვე ჩაიარა… და რა იცვლება სარკისთვის?.. – რა ვიცი, მგონი, არც არაფერი… უბრალოდ, ყველაფერს აკვირდება… ყველაფრის მოწმეა და რჩება ისეთივე ნეიტრალური, როგორიც ეკრანი, რომელზეც ფილმი გადის…

სარკე ყოველთვის არის „აქ და ახლა” და იგი მხოლოდ იმას აირეკლავს, რაც მის წინაა… არასდროს არაფერზე რეაგირებს… არ აფასებს… ამ შემთხვევაში სარკე ნამდვილად არის ბრძენის მეტაფორა… მას არ აქვს არც წარსული, არც მომავალი… მას არ აქვს არჩევანი, რადგან არჩევანის მიღმაა… სიყვარულისა და სიძულვილის მიღმა, სიცილისა და ტირილის მიღმა… ის არ ბრაზობს, როცა მასში მკვლელი იხედება… ვერც პოეტს და კახპას განასხვავებს ერთმანეთისგან…

შეგიმჩნევიათ ალბათ, როცა წყლის ზედაპირი სარკისებურად ირეკლავს გარემოს – მზეს, ღრუბლებს, ადამიანებს, პეიზაჟს… ზოგჯერ გეჩვენება, რომ წყალია ასეთი კამკამა და სუფთა, როცა ლურჯი ცა აირეკლება…. ან მღვრიეა წყალი, როცა შავი ღრუბელია ცაზე… სინამდვილეში „სარკე – ეკრანი” უცვლელია, მხოლოდ ის იცვლება, რაც მასში „იხედება” და არავითარი კავშირი ბუნების ცვლილებას არ აქვს წყალთან…

ასეთივე ილუზიების წყაროდ შეიძლება იქცეს ჩვენი ეგო… ეგოს ემოციებს, რომლებიც ჩვენივე სულის სარკეში აირეკლება, არავითარი კავშირი არ აქვს სულთან… სული – ეკრანია, რომელიც მხოლოდ „აჩვენებს”, ის ყოველთვის ნეიტრალურია ემოციების მიმართ… ამიტომ არის ბრძენი ეგოს ემოციების მიღმა… სარკე – მასში არეკლილის მიღმა…
სილვია პლათის „სარკე”

სილვია პლათის „სარკე” ავტორის გაორებული ფსიქიკის ანარეკლია… ლექსის პირველ ნაწილში სარკე ღმერთის ოთხკუთხა და სამართლიანი თვალია, რომელიც, უბრალოდ, სიცარიელეა თავისთავად, თავისუფალი ყოველგვარი წინასწარი ზრახვებისაგან, მოტივებისაგან… ამიტომაც ის ყველაფერს ზუსტად აირეკლავს, გრძნობებს არ ამატებს: არც სიყვარულს, არც სიძულვილს… და მოულოდნელად „ღმერთის თვალს”, იმის გამო, რომ მოპირდაპირე კედელს დიდხანს უყურებდა, ეწყება მასთან იდენტიფიკაცია და საკუთარ ნაწილად განიცდის… თითქოს სარკეს ნელ-ნელა იპყრობენ საგნები და ის გარემო, რომელშიც არის…

შეიძლება ვთქვათ, რომ სარკე თავიდან პოეტის სულიერი მეა, რომელიც თანდათანობით მძიმდება… ივსება სიბნელით, სირთულეებით და სიმძიმით, როცა ქალის ეგო მას „დაისაკუთრებს”…
მე ვერცხლის ვარ და ზუსტი. არ მაქვს არავითარი წინასწარ აკვიატებული შეხედულება. ყველაფერს, რასაც ვხედავ, დაუყოვნებლივ ვყლაპავ
ისევე – სიყვარულით ან სიძულვილით დაუნისლავს.
მე არ ვარ სასტიკი; მხოლოდ სამართლიანი – 
თვალი პატარა ღმერთის, ოთხკუთხა.
დროის დიდ ნაწილს საპირისპირო კედელზე ფიქრში ვატარებ.
ის ვარდისფერია, დაწინწკლული. მას ისე დიდხანს ვუცქერდი,
რომ ვფიქრობ – ჩემი გულის ნაწილია, ოღონდ ციმციმებს.
სახეები და წყვიადი უფრო და უფრო გვაშორებენ ერთმანეთს.
ქალის ნარცისული დამოკიდებულება სარკის მიმართ ძლიერდება და იზრდება ცრემლების ტბა… სარკე კვლავ „სპიკერია” და აგრძელებს მონოლოგს… ახლა ის ღმერთის თვალი კი არა, დასაზღვრული „ჩარჩოა”, რომლის ზედაპირზე ქალი იხრჩობა… წარმავლობის ნისლმა ქალში გოგონა ჩაკლა და ახლა მორევივით ითრევს მოხუცი – საზარელი თევზი…

კრიტიკოსი ჯო ჰილი სილვია პლათის ამ ლექსზე წერდა: „სარკე ფაქტობრივად დომინირებს და აყალიბებს ქალის სამყაროს… ის არა მარტო აირეკლავს, რასაც ხედავს, არამედ ჩვენი გაგებისთვის შესაფერის სახეებს ქმნის…. მეორე სტროფი მნიშვნელოვანია, აქ ვლინდება ქალის მოთხოვნილება სარკეზე… საბოლოოდ, ლექსი ძალიან სევდიანია და, შეიძლება ითქვას, მწარეც…”
ახლა მე ტბა ვარ. ქალი იხრება ჩემს თავზე,
ეძებს ჩემს საზღვრებში იმას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
შემდეგ უბრუნდება იმ მატყუარებს – სანთლებს ან მთვარეს.
მე ვხედავ მის ზურგს და ზუსტად ვირეკლავ.
ის მაჯადოებს ცრემლებით და ხელების მღელვარებით.
მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ის მოდის და მტოვებს.
ყოველი დილა მისი სახეა, რომელიც სიბნელეს ენაცვლება.
მან ჩემში გოგონა ჩაახრჩო და მოხუცი 
დღითი დღე მისკენ მიიწევს, როგორც საზარელი თევზი.
(თარგმნა ქეთი გზირიშვილმა)
სარკე – ცნობიერება, ეგო

მხოლოდ ბრძენის მეტაფორა არ არის სარკე, რა თქმა უნდა… ეს მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. სარკე შეიძლება იყოს ნარცისის მეტაფორაც, თუ გავიხსენებთ ბერძნული მითის ყველაზე პოპულარულ ვერსიას: ჭაბუკმა ნარცისმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც იგი ღმერთებმა დასაჯეს – ისე შეაყვარეს საკუთარი თავი წყლის სარკეში, რომ თვალი ვეღარ მოსწყვიტა მას და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალევე მოკვდა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. ამიტომ „ნარცისი” გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულ ადამიანს ნიშნავს.

ბათუ დანელიას ერთ ლექსში – „პოეტი და სარკე” – ავტორი სწორედ პოეტური ნარცისიზმის საშიშროებაზე გველაპარაკება. ის აფრთხილებს პოეტებს, ნუ ჩაიხედავენ სარკეში, რადგან სარკეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: სარკემ აირეკლოს ილუზიები, თავად პოეტი კი შეუცნობლის ნისლში დატოვოს… როგორც ჩანს, პოეტმა „სარკეში ჩაიხედა”, რაკი ამ ამბებს გვიყვება… ამ შემთხვევაში ლექსი ლირიკული ავტორისა და ავტორის დიალოგი უფროა… ლირიკული ავტორი არაცნობიერიდან გველაპარაკება, მან ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს… ის არ არის სარკე, ის გვესაუბრება სარკის საფრთხეზე, ამ დროს ის თავადაც ნაწილობრივ სარკეა…
პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ,
რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში 
შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს
თავად კი – არ გამოჩნდეს,
ღრუბლით დაფარული…
სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ
და წინ ლამაზი ქალი კი არა –
ყივჩაღი შემოგხვდეთ.
სარკეში შეიძლება ნერონმა
თავისი ლექსები წაგაკითხოთ
და თქვენს ხელნაწერებს ხანძარი გაუჩნდეს…
სარკეში შეიძლება გადაყვარებული
ქალი აყვავდეს
და მისი ყვავილების სურნელი შემოგეფრქვათ.
სარკეში შეიძლება…
მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ,
პოეტად თუ ხართ დაბადებული…
ლირიკული სუბიექტი წერს, რომ, ერთი მხრივ, პოეტმა სარკეში არ უნდა ჩაიხედოს და, მეორე მხრივ, „ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ, პოეტად თუ ხართ დაბადებული”.

ერთი შეხედვით, სრულიად საპირისპირო მოსაზრებებია… თუმცა, სტრიქონების პათოსს თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ პოეტი-სარკე ლაპარაკობს სარკის ცრუ ეფექტებზეც და იმაზეც, რომ ყველაფერი, რაც სარკეში ხდება, პოეტის ფანტაზიის ნაყოფია და ვინც ასე ვერ ხედავს, ვინც პოეტად არ არის დაბადებული და პოეტობს, სარკეში მხოლოდ საკუთარ ეგოს დაინახავს… ამ შემთხვევაში კი, ის, უბრალოდ, ნარცისია და პოეზიასაც და სარკესაც უნდა შეეშვას…
მაგრამ პოეტად თუ არა ხართ დაბადებული,
სარკეში ყოველთვის გამოჩნდებით თქვენ,
საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი,
პირს გაიპარსავთ,
თმას დაივარცხნით,
ჰალსტუხს გაიკეთებთ და…
ერთი სიტყვით, სარკეში თქვენი თავის გარდა
არავის და არაფერს დაინახავთ,
რაც იმას ნიშნავს,
რომ პოეტად არ გაჩენილხართ,
და თუ ამის გაგება არ გსურთ, –
სარკეში ნუ ჩაიხედავთ!..
როგორც ბათუ დანელიას ამ ლექსიდან ჩანს, სარკე პოეტისთვის საფრთხის შემცველია, ის რეალობას ანახვებს ავტორს და ამიტომ აფრთხილებს: უმჯობესია, თუ არ ჩაიხედავენ სარკეში პოეტები – რა იცი, იქ რას გადაეყრებიან – ფანტაზიების ქარავანს თუ საკუთარ „ჰალსტუხიან” თავს…

ამ ლექსის კონტექსტზე თუ შევთანხმდებით, რომ სარკე ცნობიერებაა და მასში ჩახედვა – საკუთარ თავთან შეხვედრა (ასეთი ან ისეთი), პოეტის, ერთი შეხედვით, ბრაზმორეული რჩევა: „სარკეში ნუ ჩაიხედავთ!” – მაინცდამაინც იმპერატიულად არ უნდა მიიღოს მკითხველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი