ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მწვანე ქვის საიდუმლო

ბავშვობაში საიდუმლო მიყვარდა. თუ რამე იდუმალებით იყო მოცული, ეს ნიშნავდა, რომ კარგი უნდა ყოფილიყო. საიდუმლო კი მიყვარდა, მაგრამ მისი ფასიც ვიცოდი, არ ვამხელდი. მე და ბებოს ქათმები ყოველთვის ვმეგობრობდით. მართალია, იძულებით მათი მირთმევაც მიხდებოდა, მაგრამ უფრო მათთან თამაში მომწონდა. ჩემი ხელიდან ათას ნუგბარს შეექცეოდნენ და ეს ჩვენი საიდუმლო იყო (ბებია ფიქრობდა, რომ ქათამს ქათამივით უნდა ეჭამა და არა ადამიანივით). ეზოს ქვედა ნაწილში რომ დიდი მორი ეგდო და მის ქვეშ ჭიაყელები გროვდებოდნენ, ესეც მხოლოდ მე და ქათმებმა ვიცოდით და ორ-სამ დღეში ერთხელ ჩავუვლიდით ხოლმე. დიდი გაჭირვებით გადავაგორებდი მორს და აღტაცებული შევყურებდი, როგორ იტკბარუნებდნენ პირს ჩემი მეგობრები ცოცხალი პროტეინებით.

მოკლედ, საიდუმლოს შენახვა უნდოდა. 

დღეს კი ტრადიციას ვღალატობ და მწვანე ქვის საიდუმლო საჯაროდ გამომაქვს. მწვანე ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. კიდევ, თვალებიც მწვანე მაქვს და სულიც. მწვანე სული როგორიაო, ან ფერს როგორ ატყობო, მკითხავთ. არ ვიცი, ფერს შიგნიდან ვგრძნობ – რანაირია და ჩემი სულისნაირი… იმასაც გეტყვით, რომ მწვანე სულის ადამიანებს შორიდანვე ვცნობ და მათ მიმართ განსაკუთრებული სითბოთი ვივსები.

პარიზიდან მოშორებით შამპანის საგრაფო იყო. 1042 წელს აქ ედ დე შატილიონ დე ლაჟერი დაიბადა. ეს სრულიად არაფრისმთქმელი სახელი და გვარი ასეთებადვე დარჩებოდა, მათი პატრონი მომავალში რომის პაპი ურბან მეორე რომ არ გამხდარიყო. ეს პაპიც ჩვეულებრივი იქნებოდა, 1095 წელს კლერმონის ტაძარში ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება რომ არ გამოეცხადებინა. ლაშქრობის ოფიციალური ვერსია იერუსალიმის გათავისუფლება იყო, ამასთან, მის მონაწილეებს ყველა ცოდვა მიეტევებოდათ. სინამდვილეში ეს ლაშქარი ძარცვის მეტს არაფერს აკეთებდა და, როგორც წყაროები მოგვითხრობენ, მის პირველ ნადავლში ოქროსფერ-მომწვანო ქვა ქრიზოლითი ჭარბობდა. სწორედ ამ ქვით იყო შემკული მაშინდელ საეკლესიო პირთა სამკაულები. ტაძრის საიდუმლო საცავებში კი ამ ქვის ხელისგულისოდენა ნიმუშები ინახებოდაო, ამბობდნენ, თუმცა ისინი არავის უნახავს. აი, ლონდონის გეოლოგიურ მუზეუმში თუ შეივლით, იქ 146-კარატიან ქრიზოლითს ნახავთ.

ქრიზოლითი, იგივე ოლივინი, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ყოფილა ცნობილი. საზოგადოებაში ის თურმე ურთიერთსაპირისპირო რეპუტაციით სარგებლობდა – ერთნი უძვირფასესად მიიჩნევდნენ, მეორენი კი იმ ფრანგულ ანდაზას ემხრობოდნენ, რომელიც ამბობდა: „თუ ორი ქრიზოლითი გაქვს, ერთი ზედმეტიაო”.

ქრიზოლითი სილიკატების წარმომადგენელია ასეთი ქიმიური შემადგენლობით: (Mg,Fe)2[SiO4] – და  რომბისებრი ფორმის ატომური კრისტალური მესერი აქვს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძველი ეკბატანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ქრიზოლითი, რომელსაც ასევე ატომური კრისტალური მესერი ჰქონდა, ოღონდ სწორხაზოვანი, სიმწვანეც უფრო მკვეთრი დაჰკრავდა და მას პიროქსენიტი უწოდეს.

…სპარსეთის ბაზარზე მწვანე ქვა იყიდებოდა. თუ იმ ქვას შეიძენდი, თურმე ნებისმიერი ლამაზმანის გულს მოინადირებდი. ყოველ შემთხვევაში, გულისკენ ერთი-ორი ნაბიჯით მაინც წაიწევდი წინ. სპარსულად – „ზამოროდი”, ბერძნულად – „სმარაგდოსი”, ლათინურად კი „სმარაგდუსი” ერქვა. ქართულად რა ჰქვია, ჯერ არ გეტყვით… ისტორიაში სად აღარ არის მისი კვალი მიმობნეული: კოლუმბთან, ამერიკა რომ აღმოაჩინა, კლეოპატრასთან, რომელიც ყელიდან არ იშორებდა, კორტესთან, რომელიც დაპყრობილი მექსიკიდან ამ ქვისგან შექმნილ თევზის ფიგურებს სუვენირებად არიგებდა. ჰმ, სუვენირებად… სადღეისოდ მეტისმეტად ძვირფასი სუვენირები კი იქნებოდა… თუმცა იმხანად სწამდათ, რომ ასეთი ქვის მფლობელს დემონი ვერ გაეკარებოდა, თავად მფლობელი კი ძლიერი და წარმატებული იქნებოდა, დიდების მწვერვალებისკენ მიმავალ ბილიკებს გაუყვებოდა. ეს არც უკვირდათ, რადგან ქვა თითქოსდა ცისარტყელას მწვანე სპექტრისგან იყო შექმნილი და წარმატებასთან ერთად ჯანმრთელობაც მოჰქონდა – ყველა სნეულებას კურნავდა; გარდა ამისა, თუ ამ ქვისგან სპირტხსნარს დააყენებდით და დღეში ერთხელ მიიღებდით, ვერავითარი შხამი ვერ მოგერეოდათ. ის კი არა, ქიმიკოსები ამ სპირტხსნარს მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის შემდეგ ორგანიზმის დასაცავად სვამდნენ. რა საინტერესოა… მე კი ლაბორატორიიდან გამოსვლის შემდეგ ისევ რძეს ვსვამ… თქვენც იმავეს გირჩევთ – გამოცდილია.

სიმართლე გითხრათ, უარს არ ვიტყოდი, მწვანე ქვა, სახელად „ზამოროდი” ან „სმარაგდოსი”, ან სულაც „სმარაგდუსი” ყელზე ან ყურზე რომ ჩამომეკონწიალებინა ან სულაც თითზე წამომეცვა და დიდებისკენ დამეწყო სვლა, თუმცა ეჭვი მეპარება, შრომისა და გარჯის გარეშე, „სმარაგდუსის” იმედად დარჩენილს, რამე გამომსვლოდა. 
მოკლედ, მითებს თავი დავანებოთ და ქვის ქართული სახელი გამოვიცნოთ.

ქიმიური შემადგენლობა: ВеО — 14,1%, А12О3 — 19,0%, SiO2 — 66,9%, თუმცა ხშირად თან ახლავს Na, К, Li, Rb, Cs, Sc, Cr, Fe. ბერილიუმის ოქსიდის დანახვისას, წესით, ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს… რა თქმა უნდა, ზურმუხტზე გესაუბრებით… სხვათა შორის, კაშკაშა მწვანე შეფერილობაც სწორედ ბერილიუმის დამსახურებაა, თუმცა აქ ქრომი და რკინაც ამბობენ თავიანთ სიტყვას და ზურმუხტს ზოგჯერ მოყვითალო-მოცისფრო გადაჰკრავს. 

ზურმუხტის სიმწვანე ქრომის პროცენტულ შემცველობაზეა დამოკიდებული:

მუქი მწვანე ქვა შეიცავს 0,29-1% ქრომს; 
საშუალოდ მუქი მწვანე – 0,27-0,29%-ს;
საშუალოდ მწვანე – 0,17-0,27%-ს;
საშუალოდ ბაცი მწვანე – 0,06-0,17%-ს;
ბაცი მწვანე – 0,01-0,06%-ს;
ბაცი მწვანე ბერილიუმი კი (ის უკვე ზურმუხტად არ ითვლება) 0,01% ქრომს შეიცავს.

კიდევ ერთი მწვანე ქვა არსებობს, რომლის შემადგენლობაშიც სპილენძი შედის (Cu2(OH)2CO3). მას მალაქიტს უწოდებენ და მისგან ძალიან ლამაზ სამკაულებს ამზადებენ.

თუ ლაბორატორიაში მალაქიტის ფხვნილი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ დაშალოთ:
 
აიღეთ ყელიანი სინჯარა და მასში ცოტაოდენი მალაქიტის ფხვნილი მოათავსეთ. სინჯარას საცობი მოარგეთ (ნახშირორჟანგი რომ არ „გაიქცეს”) და ყელზე რეზინის მილი გაუკეთეთ. მილი წყლიან ჭიქაში ჩაუშვით (წყალში რამდენიმე წვეთი ინდიკატორი ლაკმუსი ჩააწვეთეთ) და დაიწყეთ სპირტქურის ალზე სინჯარის გაცხელება. მალე მწვანე ფხვნილი გაშავდება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ), სინჯარის კედლები წვეთებით დაიფარება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ), ხოლო წყლიანი ჭიქა, რომელშიც რეზინის მილია ჩაშვებული, სასაცილოდ აბუყბუყდება და ლაკმუსიანი წყალი ოდნავ გაწითლდება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ).
 
როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ეგვიპტე დაიპყრო, იქ მმართველად თავისი ერთგული მეგობარი, მთავარსარდალი პტოლემეოსი დასვა. პტოლემეოსმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და უამრავ სხვა წვრილმანთან ერთად იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ ეგვიპტელები საბრძოლო იარაღის ბასრ ბუნიკს ძალიან მაგარი და უცნაური მუქი მწვანე ქვისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით იმავე მინერალს ხელჩართული ბრძოლისთვის იყენებდნენ ევროპაში, ამერიკაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაშიც კი. აქ ისე შორს წავიდნენ, რომ მწვანე ქვისგან ჩაქუჩისა და ცულის პირების დამზადებაც კი დაიწყეს. ეს ქვა ნეფრიტი გახლდათ. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: Ca2Mg5(OH)2(Si4O11)2, – თუმცა მინარევის სახით შეიძლება Cr-ის, Ni-ის, Co-ის, V-ის იონებსაც შეიცავდეს და ეს მის ფერზეც ახდენს გავლენას. ანუ ნეფრიტი მხოლოდ მწვანე არ არის, თუმცა ყველაზე სუფთა ქვად სწორედ მწვანეა მიჩნეული.

ჩინეთში ნეფრიტის მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 1176 წელს ნეფრიტის შესახებ ვრცელი ნაშრომი გამოქვეყნდა. ეს ნაშრომი 100 წიგნსა და 700 ილუსტრაციას მოიცავდა. ჩინელი მწერალი ჰიუ-ჩინი კი ამბობდა, „იუ” (ანუ ნეფრიტი) ქვებს შორის ყველაზე აღმატებულია, ელვარე, კამკამა და უდრეკიო. ჩინეთში ნეფრიტისგან დამზადებული ფირფიტები თავიანთ ენაზე წკრიალებდნენ და ადამიანებს, რომლებსაც მოსმენა შეეძლოთ, საიდუმლოს ჩასჩურჩულებდნენ. ისინი იმახსოვრებდნენ და სხვებს გადასცემდნენ, ისინი – კიდევ სხვებს, ეს სხვები კი სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ და ასე ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ის, რის თქმასაც ნეფრიტის ფირფიტები ცდილობდნენ.

21-ე საუკუნის ადამიანებო, შეიძლება, ნეფრიტის ფირფიტების საიდუმლო დანაბარები გადმოგცეთ? 

არ იჩქაროთ და ფუჭად არ იღელვოთ.

ასე თუ მოიქცევით, თურმე ყველაფერი გამოგივათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი