შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მეტაფორები და თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო

მაინც რით განსხვავდება ჩვეულებრივი სიტყვებით გამოთქმული აზრი მეტაფორებით გამოხატული აზრისგან…? სად და რაში იმალება მეტაფორების ძალა?

ბენდლერმა და გრინდერმა ერიკსონის მეთოდებზე დაკვირვების შედეგად მეტაფორების გავლენის მექანიზმზე ლინგვისტურად ორიენტირებული თეორია ჩამოაყალიბეს. ამ თეორიის თანახმად, მსმენელის მიერ მეტაფორების „მიღებისას” მნიშვნელობა გადის სამ სტადიას: 

1.მეტაფორა წარმოადგენს მნიშვნელობის ზედაპირულ სტრუქტურას, რომელიც გამოხატულია თხრობაში;

2.მნიშვნელობის ზედაპირულ სტრუქტურას მოქმედებაში მოჰყავს (აღვიძებს) მასთან ასოციაციურად დაკავშირებული მნიშვნელობის სიღრმისეული სტრუქტურები;

3.აქტიურდება დაბრუნებული სიღრმისეული სტრუქტურის მნიშვნელობა, ამ ფაზაში იწყება მსმენელში ტრანსდერივაციული ძიება, რომლის დროსაც მას მეტაფორა საკუთარ თავზე გადააქვს. თხრობის სიუჟეტური ხაზი – ეს არის უბრალოდ ხიდი მსმენელსა და თხრობაში დაფარულ გზავნილს შორის.

ფსიქოთერაპიაში მეტაფორებით ეფექტურად მკურნალობის შედეგების გაანალიზებამ მეცნიერები ფიზიოლოგიამდე მიიყვანა… დიახ, ფიზიოლოგიამდე… რა ხდება ჩვენს ტვინში მეტაფორების „მიღებისას”, როგორ ახერხებდა ერიკსონი, გაეფართოებინა ადამიანთა ცნობიერება მეტაფორების მეშვეობით?

მეტაფორების ფიზიოლოგია

თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო
უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს ინფორმაციის აღქმისას თავისი პრიორიტეტები აქვთ და განსხვავებული „სტილით” მუშაობენ. ძირითადად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, მარცხენა ნახევარსფერო – მეცნიერებისაა, ხოლო მარჯვენა – შემოქმედების. ამას გარდა:

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო არეგულირებს: ლოგიკურობას,  არგუმენტებს, ფაქტებს. ამ ნახევარსფეროს პრეროგატივაა: მათემატიკური ანალიზის უნარი, აწმყოსა და წარსულის, წესრიგის, საგნების სახელების ცოდნა; მარცხენა ნახევარსფერო ეყრდნობა რეალურობას, სტრატეგიის ფორმირებაც ამ ნახევარსფეროში მიმდინარეობს, პრაქტიკულობა-პრაგმატულობაც მარცხენა ნახევარსფეროს პროდუქტია.

მარჯვენა ნახევარსფერო მოიცავს: შემოქმედებას, ფანტაზიებს, ოცნებას, ქაოსს, გრძნობებს, წარმოდგენებს, სურათებსა და სიმბოლოებს, ფილოსოფიასა და რელიგიას, მრწამსს, ფასეულობებს. რისკის გაწევაც მისივე უნარია.
ინფორმაციის მიღებისას პირველ ინფორმაციას იღებს მარჯვენა ნახევარსფერო, ეს „მიღება” არის მთლიანი, ერთიანი, მაშინ, როდესაც მარცხენა ნახევარსფეროს „მიღება” არის დანაწევრებული… ის მიჰყვება სიტყვათა მნიშვნელობებს, ისმენს ფაქტებს, არგუმენტებს…

ინფორმაციის მიღებისას მარჯვენა ნახევარსფეროს გამოჰყავს სახეები და აფორმებს ემოციურად. შემდეგ მარცხენა ნახევარსფერო მხოლოდ ლოგიკურად ამართლებს და აძლიერებს ამ ინფორმაციას, იმის მიუხედავად, როგორია ეს ინფორმაცია სინამდვილეში.

მარცხენა ნახევარსფერო არ განსჯის… იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ნეიტრალურია, მაშინ ლოგიკა ინფორმაციის გაანალიზებას იწყებს, ხოლო თუ მარჯვენა ნახევარსფერომ ინფორმაცია ემოციურად „გააფორმა”, ლოგიკა მხოლოდ ამ ემოციის გამართლებას ეძებს!

რაც ჩვენთვის საინტერესოა, მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ მეტაფორული შეტყობინებების წარმოქმნა-დამუშავება თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს პრეროგატივაა.  
ერიკსონის მიხედვით, მეტაფორების გამოკვლევა საშუალებას მოგვცემს, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უშუალოდ თავის ენაზე ველაპარაკოთ.

მეტაფორა პირდაპირ ამყარებს კავშირს მარჯვენა ნახევარსფეროსთან და მოქმედებაში მოჰყავს პროცესები…
მეტაფორებით სწავლება
მეტაფორა – სიმბოლური ენაა, საუკუნეების მანძილზე სწავლებაში ამ ენას მიმართავდნენ: ძველი და ახალი აღთქმის იგავები, კაბალას ტექსტები, ლიტერატურული ალეგორიები, პოეტური სახეები – ყველაფერში მეტაფორაა.
მეტაფორის ამ ძალას გრძნობს ყველა მშობელი, ბებიები და ბაბუები, ამიტომ მოწყენილ ბავშვს უყვებიან ისტორიებს, ამბებს, რომელიც ბავშვს ინტუიციურად საკუთარ თავზე გადააქვს.

აღმოსავლური სიბრძნე პარადოქსული მეტაფორებით გადმოცემული, აგრეთვე დიდი ზეგავლენის მქონეა, რადგან ის აბნევს მსმენელს და აიძულებს დაფიქრდეს და თავად ეძებოს პასუხი.

 მაგალითად: ახალგაზრდა ბერი კითხულობს: „- რაშია გასხივოსნების საიდუმლო?” მასწავლებელი პასუხობს: „- როცა მშიერი ხარ, ჭამე, როცა დაღლილი ხარ, დაიძინე”.

ან:  „- რას ნიშნავს ძენი?”  მასწავლებლის პასუხი: „- ჩაასხით მდუღარე ზეთი მძვინვარე ცეცხლში”.

მეტაფორული სახეებით გადმოცემული ემოცია აღქმის დროს კონტექსტი ხდება, რაც უფრო ადექვატურს ხდის აღქმას. ამიტომ სახეებით გადმოცემული აზრი უფრო სრულია და უფრო ზუსტად შიფრავს მას ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, ხოლო მარცხენა ნახევარსფერო ამ დროს თავისი „სპეციალობით” მუშაობს. 

დღესდღეობით, მრავალი მეცნიერული გამოკვლევით დასტურდება, რომ ჩვენი შესაძლებლობები სრულად მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად მუშაობს. 

გთავაზობთ სპეციალისტების შედგენილ 7 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ინფორმაციის დამუშავებისას მარჯვენა ნახევარსფერო ყოველთვის იყოს ჩართული.
შვიდი გზა მარჯვენა ნახევარსფეროს გასააქტიურებლად
1.გამოიყენეთ ფერი –  როცა თქვენ წერას გადაწყვეტთ, მოიმარაგეთ ფერადი კალმები ან ფერადი ფურცლები; გამოიყენეთ განსხვავებული ფერები სათაურებისა და ქვესათაურებისათვის, გამოყოფილი სიტყვებისთვის, გასაღები ფრაზებისთვის, რეზიუმესთვის. ამ ხერხით მუშაობაში მარჯვენა ნახევარსფეროს ჩართავთ;
2.გამოიყენეთ სურათი – სურათები ფერებზე არანაკლებ ეფექტურია. ერთი სურათი ცვლის ათას სიტყვას. სურათები შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, მიახლოებითი. გამოიყენეთ, უბრალოდ, როგორც სიმბოლოები;
3.გამოიყენეთ მეტაფორები და ანალოგიები – ამა თუ იმ აზრის გადმოცემისას თქვენ არ უნდა უფრთხოდეთ მეტაფორების გამოყენებას. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აზრის მშრალად გადმოცემა. როდესაც თქვენ წარმოთქვამთ ისეთ ფრაზას, როგორიცაა: „დავეწიოთ და გავუსწროთ Coca-Cola-ს პოპულარობას”, – ირღვევა შაბლონური ჩარჩოები და იხსნება შემოქმედებითი აზროვნება;
4.გამოიყენეთ ემოცია – ემოციების გამოხატვაში სათაკილო არაფერია. ისინი არსებობენ და მათი გამოყენება ლოგიკურ ტექსტებში ზრდის ზეგავლენის ძალას. ემოციისა და ლოგიკის კომბინაცია აღქმისას ბარიერებს ამცირებს.
5.გამოიყენეთ ინტუიცია – ჩვენ ძალიან ხშირად ვინტერესდებით ფაქტებით და ყურადღებას არ ვაქცევთ წინათგრძნობას. ფაქტები – ეს არის სუფთა ლოგიკა. ინტუიცია კი დაკავშირებულია მარჯვენა, შემოქმედებით ნახევარსფეროსთან. ლოგიკისა და ინტუიციის ერთიანობას დიდი ძალა აქვს. ადამიანი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ორივე ნახევარსფეროს მონაწილეობით იღებს; 
6.გამოიყენეთ არა მარტო ფაქტები, არამედ  ამბები –  „ფაქტები თავისთავად მეტყველებენ” – ეს გამონათქვამი არასწორია. ამ ფრაზას ხშირად მიმართავენ ისინი, ვისაც თანამოსაუბრის დარწმუნება უჭირს. ფაქტები რომ თავისთავად მეტყველებდნენ, მაშინ კამათი არ იარსებებდა. ამიტომ ფაქტების წარმოდგენისას გამოიყენეთ სხვადასხვა ამბავი, ისტორია, ანეკდოტი, რომელიც შეაფასებს და კონტექსტს შეუქმნის ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, ფაქტი  მსმენელისათვის აზრს იძენს. ერთი ისტორია, ამბავი, ანეკდოტი შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი წყება ფაქტებისა.
7.გამოიყენეთ არა მხოლოდ პროფესიული ლექსიკა, არამედ – სახეები – პროფესიული სლენგის დიდი ნაწილი დაკავშირებულია თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთან. ეს არის ერთგვარად ფორმულათა კრებული. პროფესიული სლენგი, რა თქმა უნდა, უნდა მონაწილეობდეს ჩვენს მეტყველებაში, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. თუ თქვენ გსურთ სიღრმით გადმოსცეთ აზრი, აუცილებლად მიმართეთ სახეებს, რომლებიც სათქმელს მსმენელამდე ზუსტად მიიტანენ.
გისურვებთ წარმატებებს და ორივე ნახევარსფეროს ჰარმონიულ მუშაობას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი