ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქიმიური დოსიე. რომელი საათია?

„ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია,
ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია?.. რომელი საათია?..”
ამას უძილობით გატანჯული გალაკტიონი კითხულობდა. მომიტევოს მისმა სულმა, თუ ჩემი სტატიების გასალამაზებლად ხშირად მოვიხმობ სტრიქონებს მისი ლექსებიდან – რა ვქნა, ბავშვობიდან დატყვევებული ვყავარ და, სიმართლე გითხრათ, ამ ტყვეობიდან თავის დახსნის არავითარი სურვილი არ მაქვს.
რატომ არ ეძინა, ვერ გეტყვით. ქვეყნის ბედთან ერთად ალბათ თავისი შეუმდგარი სიყვარულიც არ ასვენებდა. იქნებ სულაც მთაწმინდის მთვარესა და ლურჯა ცხენებზე ფიქრობდა. ის კი ვიცი, რომ ადამიანებს ხშირად არ ეძინებათ და საამისოდ თითქოს მიზეზიც არ აქვთ. თუმცა მიზეზი არსებობს და ის ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ საათში იმალება.
დღეს ბიოლოგიურ საათსა და ბიორიტმებზე გესაუბრებით, ოღონდ ეს ყველაფერი ქიმიკოსის თვალით იქნება დანახული.
მოკლედ, ღამის სამ საათზე გალაკტიონს არ ეძინა. არადა, ეს ის დროა, როდესაც უნდა გვეძინოს და ჩვენი ორგანიზმი თვითაღდგენით იყოს დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში აღწევს პიკს „ღამის დირიჟორის”, ჰორმონ მელატონინის სინთეზი.
ქიმიური დოსიე

სახელწოდება: მელატონინი; N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინი
ფორმულა: C13H16N2O2 
მოლური მასა: 232,278გ/მოლი
 
ძირითადი ფუნქციები: 1. არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას, სისხლის წნევას, ძილის პროცესს; 2. ანელებს დაბერების პროცესს; 3. აძლიერებს იმუნურ სისტემას; 4. აქვს ანტიმჟანგავი თვისებები; 5. მოგზაურობის დროს დროის ცვლილებასთან ადაპტირების საშუალებას გვაძლევს; 6. მონაწილეობს თავის ტვინის უჯრედების მუშაობაში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობაში, წნევის რეგულირებაში.
სინთეზირდება ამინმჟავა ტრიპტოფანისგან, რომელიც თავდაპირველად ნეირომედიატორ სეროტონინს წარმოქმნის, ეს უკანასკნელი კი მერე მელატონინად გარდაიქმნება, ოღონდ ამისთვის ფერმენტი აცეტილტრანსფერაზაა საჭირო. მელატონინი სეროტონინის ინდოლწარმოებულია და ხსენებული ფერმენტის მეშვეობით ღამით სინთეზირდება. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამის განმავლობაში 30 მკგ მელატონინს გამოიმუშავებს და სისხლში მისი კონცენტრაცია სწორედ ღამის სამ საათზე აღწევს პიკს. ხუთი წუთით სინათლის ანთება და ჰორმონი დაშლას იწყებს ან ფუნქციობას წყვეტს, ამიტომ საძინებელში ღამით სიბნელე უნდა იყოს და მთვარის შუქიც კი არ იპარებოდეს.
მელატონინი სისხლის პლაზმის ცილა ალბუმინის მეშვეობით ტრანსპორტირდება და მისგან ჩამოცილების შემდეგ სამიზნე უჯრედების ბიომემბრანაზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება. მელატონინი ღვიძლში იშლება და მისი მეტაბოლიტი 6-ჰიდროქსიმელატონინ-სულფატია.
ჰორმონი სტრესისა და ნაადრევი სიბერისგან იცავს ადამიანს, იცავს მის იმუნიტეტს, არეგულირებს ბიორიტმებს და დღე-ღამის მონაცვლეობასთან შეგუებაში გვეხმარება. გამთენიისას მისი სინთეზი საგრძნობლად მცირდება.
რა თქმა უნდა, სახალისო გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ჩემი ძირითადი რეჟიმი რუტინაა.

დღის განმავლობაში ლექციები მაქვს, ან პროექტის საქმეები, ან ტრენინგები და რა ვიცი კიდევ, რა აღარ. მერე სახლში ვბრუნდები და აქ მეორე ნაწილი იწყება. პროფესია მაქვს ისეთი (ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს, ვინც სტუდენტებთან ან მოსწავლეებთან მუშაობს), რომ შინაც უნდა ვიმუშაო. ვზივარ გვიანობამდე კომპიუტერთან და… პარალელურად სოციალური ქსელით ვირთობ თავს. ასე ვარ მოწყობილი – უნდა ვიხუმრო, ვისაუბრო და თან საქმე ვაკეთო. ბოლოს ვგრძნობ, რომ ადგომისა და ძილის დროა. უკანასკნელ რეპლიკებს ვუცვლი ფეისბუქში ამოჩემებულ მეგობრებს და ვიძინებ. ძილის სურვილს მელატონინი აღმიძრავს. დამძიმებული ქუთუთოები იხუჭება და ვითიშები. სამაგიეროდ, მელატონინი იწყებს თავის საქმეს. აღმადგენს, „მარემონტებს”, მამაგრებს. ანადგურებს ყველა იმ თავისუფალ რადიკალს, რომელთა დაგროვებაც დღის განმავლობაში მოვახერხე.

ჰორმონს ეპიფიზი გამოიმუშავებს და თუ მას ბიოლოგიურ საათს შევადარებთ, მაშინ მელატონინი ქანქარად ჩავთვალოთ. რაც უფრო მცირეა ქანქარას ამპლიტუდა, მით მალე გაჩერდება საათის მექანიზმი. ასაკთან ერთად მელატონინის სინთეზი მცირდება და ეს ორგანიზმისთვის ნიშანია, რომ სიბერე ეპარება – ნელა, ფეხაკრეფით. არ გეგონოთ, ვამტკიცებდე, რომ ადამიანის დაბერების ერთადერთი ფაქტორი მელატონინია; არა, მხოლოდ ერთ-ერთი.

2009 წელს კანადაში, ვანკუვერში გავემგზავრე სამეცნიერო კონფერენციაზე. ისე მოხდა, რომ კონფერენციის პირველსავე დღეს მოხსენება უნდა წამეკითხა. ეს ჩემთვის სულაც არ იყო კარგი – 17-საათიანი ფრენის შემდეგ, როცა საღამოს შვიდ საათზე ცოცხალ-მკვდარი მივედი სასტუმროში (ამ დროს თბილისში თენდებოდა), უნდა დამესვენა კიდეც, დროში სხვაობასაც შევგუებოდი, მოხსენებაც გამემეორებინა და მეორე დილის 11 საათზე (თბილისში უკვე ღამე იქნებოდა) ღირსეულად წარმომეჩინა თავი. ყოჩაღ ჩემს მელატონინს, ყველაფერი გავაკეთე, თუმცა ასე 25 წლის შემდეგ დაუხმარებლად იმავეს გამეორება გამიჭირდება. დახმარებით კვლავ მელატონინი დამეხმარება, ოღონდ უკვე გარედან, აბის სახით მიღებული.

მსოფლიო აბლაბუდის ხლართებში ერთ ტესტს გადავაწყდი. ბიოლოგიურ საათს ეხებოდა და მთავაზობდა გამეგო, რა მდგომარეობაში იყო ჩემი ბიორიტმები. ბევრი არ მიფიქრია, შევავსე.

1. დილით რომელ საათზე იღვიძებთ მაღვიძარის გარეშე? ჩემი პასუხია: 6-8 საათი.
2. რომელ საათზე ადგებოდით, ძილის საშუალება რომ გქონდეთ? ჩემი პასუხია: 9 საათის შემდეგ.
3.დაიძინებდით თუ არა დღისით? ჩემი პასუხია: დიახ.
4. ცუდად გრძნობთ თუ არა თავს, როდესაც უცბად გაღვიძებენ? ჩემი პასუხია: არა (ვინც გამაღვიძებს, ვუსაყვედურებ და ძილს გავაგრძელებ).
5. მადიანად თუ საუზმობთ? ჩემი პასუხია: დიახ (რა ვქნა, მადა ყოველთვის კარგი მაქვს).
6. დღის განმავლობაში რომელ საათებში გრძნობთ დაღლას? ჩემი პასუხია: 16-17 სთ.
7. გიყვართ თუ არა საღამოს გატარება სახლის გარეთ? ჩემი პასუხია: დიახ;
8. იქნებ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გირჩევნიათ? ჩემი პასუხი აქაც „დიახ” არის – რა პრობლემაა, იყოს კომპიუტერი.
9. ან იქნებ ადრე გსურთ დაძინება? ჩემი პასუხი კატეგორიული „არაა”.
10. საღამოს რომელ საათზე გრძნობთ დაღლას? ჩემი პასუხია: 23 საათის შემდეგ (ისე, სიმართლე თუ გინდათ, 23 საათის შემდეგ მე ვარჯიშს ვიწყებ. უბრალოდ, კითხვარში დროის ეს მონაკვეთი ბოლო ვერსია იყო).
11. გვიან იძინებთ? ჩემი პასუხია: დიახ.

შედეგად არითმიკი აღმოვჩნდი, ანუ შერეული ტიპის ადამიანი, რომელიც ყველაფერს იოლად ეგუება. ეს ნიშნავს, რომ მელატონინი ჯერ ბევრი მაქვს და მუშაობს.

მეცნიერები ადამიანებს აფრთხილებენ, იცხოვრონ თავიანთი ბიოლოგიური საათის მიხედვით და ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა გარანტირებული ექნებათ. ბიოლოგიური საათის ზოგადი სახე ასეთია:

▪ დილით, 6-დან 7 საათამდე, არაჩვეულებრივი დროა ნებისმიერი ინფორმაციის დასამახსოვრებლად. ჩემი მხრივ, ჩემს სტუდენტებს ვეტყოდი: გაიმეორეთ ქიმია სწორედ ამ დროს.
▪ 8-დან 9 საათამდე ლოგიკური აზროვნებისთვის ყოფილა კარგი.
▪ 9-დან 10 საათამდე, თუ რაიმე მათემატიკური საკითხი გაქვთ გადასაჭრელი, მიხედეთ.
▪ 11-დან 12 საათამდე თურმე ვიღლებით და ან მუსიკას უნდა მოვუსმინოთ, ან ყავა დავლიოთ. აი, მე კი ამ დროს ყოველთვის ლექცია მაქვს.
▪ 12-დან 14 საათამდე საუკეთესო დროა სადილისთვის. ამ დროს ორგანიზმი საკვებიდან თურმე მხოლოდ სასარგებლოს ითვისებს.
▪ 14-დან 19-მდე სამუშაო საათები ყოფილა – იმუშავეთ, რამდენიც გენებოთო.
▪ 20-დან 23 საათამდე ტვინმა უნდა დაისვენოსო. ჰმ, ვინ აცდის…
▪ 1-დან 3 საათამდე მელატონინი სინთეზირდება და პიკს აღწევს. ამ დროს უნდა გვეძინოს!

არ ვიცი, მელატონინის მეორე სახელს მიაქციეთ თუ არა ყურადღება – N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინი. ეს ნიშნავს, რომ ის ბიოგენური ამინიც არის და, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ღამით წარმოიქმნება. ყოველგვარი სინათლე, მთვარის მეტისმეტად კაშკაშა შუქიც კი, მელატონინის წარმოქმნას ხელს უშლის. მისი სინთეზის პიკი კი – ესეც გითხარით – ღამის სამ საათზე მოდის.

ნახეთ, რა გამოდის: სწორედ ღამის იმ დროს, როდესაც მელატონინს თავისი საქმე უნდა ეკეთებინა, გალაკტიონს არ ეძინა. ფიქრი არ აძინებდა და, როგორც ჩანს, სინანულით იყო აღსავსე…

„ეხლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანია,
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი