შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნუ წახვალთ ინდოეთში

თუ ჯიბე სულ მცირე 10 ათასი დოლარით მაინც არ დაგმძიმებიათ, ინდოეთში წასვლას არავის გირჩევთ. ფეხბურთი იქ არ უყვართ, კალათბურთი – მით უმეტეს და კრიკეტი კიდევ ვერაა მთლად საჩვენო ამბავი. ერთი სიტყვით, ნამეტანი მაზალო რამეა ეს ინდოეთი, მაგრამ ყოვლისმხილველ ქართველ კაცს აქ რა მოასვენებს? 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ სამიოდე წლის წინ ქალაქ ბომბეიში რაღაც გაურკვეველი გზებით ორმა ქართველმა ოცდახუთიოდე წლის ბიჭმა ამოჰყო თავი. ერთხელაც, ძალიან რომ ამოუვიდათ ყელში ინდოეთის მარად მოწყენილი გარემო, მივიდნენ ახლომდებარე სპორტულ მაღაზიაში, იყიდეს ნორმალური ფეხბურთის ბურთი და კრიკეტის მოედანთან ახლოს, სახელდახელოდ გაკეთებულ კარებში ლეგენდარული თბილისური, ფეხბურთთან ჩაძმაკაცებული თამაშით, „სტოპიატით” გართობა დაიწყეს. ჰა, როგორია? ქალაქ ბომბეის ცენტრში ორი ქართველი ჭაბუკი „სტოპიატს” თამაშობს.. 
ინდუსები ჯერ შორიდან აკვირდებოდნენ უცხოელ და უცნაურად მოთამაშე ბიჭებს, მერე ახლოს მივიდნენ, გარშემო შემოეჯარნენ და, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ კვირაში მოხდა ისე, რომ ამ თბილისელმა ყმაწვილკაცებმა ადგილობრივი თანატოლებისგან ბომბეის ერთ-ერთი უბნის გუნდი გააკეთეს და ერთი ძველსპორტული გამოთქმა რომ ვიხმარო, თავზარს სცემდნენ ყველა მოწინააღმდეგე გუნდს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მობურთალ ქართველებთან ბომბეიში ერთ-ერთი ცნობილი, ფულიანი და მუდამჟამს ჰალსტუხწაჭერილი ბიძაკაცი მივიდა, რომელსაც უნივერსიტეტი ლონდონში დაემთავრებინა და სწორედ იქ შეჰყვარებოდა ბურთის წინ და უკან გორება. 
მივიდა და თვალდაუხამხამებლად შესთავაზა, თქვენ თუ ამ გუნდს შეინარჩუნებთ, უკაპიტნ-უმწვრთვნელებთ, პლანის წევასა და მამაძაღლობებს არ დაიწყებთ, მაშინ ფულსაც გამოვალ და სხვაფრივ დახმარებაც ჩემზე იყოსო. ქართველი რის ქართველია, რომ არ დაეჭვდეს? დასხდნენ ეს ჩვენი მობურთალი თბილისელი ყმაწვილკაცები, იმსჯელეს იფიქრეს, იკამათეს.. 
ნამეტანი კაი სასმენი კი იყო იმათი კამათი და განსჯა-განხილვა, მაგრამ დასკვნა კი ძაან ცუდი გამოიტანეს – ჩვენაო.. ქართველები ვაართო.. აქ რა ოხრობა და უბედურება გვინდაო.. ეს ბიძაკაცი, რომ ფულს მოგვცემს, მერე სულ აქ მოგვიწევს დარჩენა და ფეხების ბურთზე ბრახუნიო.. მე იურისტის დიპლომი მაქვსო, ამას მხატვრობა უნდაო.. ასეა თუ ისეა, თბილისელმა მობურთალებმა უარით გაისტუმრეს ის თეთრებში გამოწკეპილი და ჯიბეებში დოლარებაჩხრიალებული ინდოელი ბიძაკაცი. 
ახლა ეს ბიჭები სხვა არაერთ თანამეინახესთან ერთად თითქმის ყოველდღე ახლადაშენებულ გლდანის სკვერ-პარკში სხედან და პატარა ბიჭებს ნაფრონტალი ბაბუებივით უყვებიან ინდოეთის სპორტული ჩაუქობის ამბებს, წუწუნ-გინებით იხსენებენ თავიანთ შეცდომას, რომ ინდოეთში ბურთის დევნა იუკადრისეს.
ხომ გეუბნებით რა.. ნუ წახვალთ ინდოეთში!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი